Digest Logo

„მკვდარი ეგონა და მისი ტანსაცმელი დამარხა, რათა დედას შვილის საფლავი ჰქონოდა... “ - თამო კეშელავას ემოციური წერილი

1641623544
თამო კეშელავა

ჟურნალისტი თამო კეშელავა, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელი და საინტერესო პოსტებით გამოირჩევა, კიდევ ერთ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, წლების წინ დაკარგულ ბიძას ეძებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

„მეც მაქვს ჩემი საშობაო ნატვრა, რომელსაც დღეს ხმამაღლა ვიტყვი.

კიდევ ერთხელ უნდა ვითხოვო და იქნებ მომეცეს, უფალი ხომ უმეტესად ადამიანების ხელით გვეხმარება, ამიტომ უფლის შობის დღეს, ადამიანებსაც უნდა გთხოვოთ დახმარება.

ცოტა შორიდან უნდა მოვყვე და ბოდიში.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩემი ბაბუა ტყვედ ჩავარდა. გამოიპარა ტყვეობიდან და დაიჭირეს ისევ, გაქცევის მცდელობისთვის გერმანელებმა დახვრეტა მიუსაჯეს. რაკი დილით მაინც უნდა მოეკლათ, დასაკარგი აღარაფერი იყო და მეორედ სცადა გაქცევა.

მიხოხავდა და უცებ ჯარისკაცის ჩექმა დაინახა ცხვირწინ, თავი ასწია და გერმანელი გუშაგის თვალებს შეეფეთა... ეგონა, რომ იმ წამს დასრულდებოდა ცხოვრება, მაგრამ რამდენიმე წამი უყურა გერმანელმა და ზურგი შეაქცია. ზურგი შეაქცია და შემოვლა განაგრძო, თითქოს არაფერიაო.

იქნებ შეეცოდა, იქნებ დაეზარა, იქნებ ვინმეს მიამსგავსა, იქნებ მანამდე არავინ მოეკლა... იქნებ, მერე თავად ჩავარდა ტყვედ და თბილისში გერმანელი ტყვეების მიერ აშენებული შენობებიდან ერთი მისი აშენებულიცაა. ვინ იცის...

მოკლედ, დღე იმალებოდნენ გამოქცეულები და ღამით აგრძელებდნენ გზას. ერთხელ ვკითხე, რას ჭამდით გზაში -მეთქი და არ მომაყოლოო მთხოვა, მაგრამ როცა მაღაზიიდან ათეულობით კილო შაქარი, ფქვილი, კარაქი, თაფლი, ყველი მოჰქონდა და ასაწყობებდა, ვგრძნობდი, რომ იმ დღეებზე ფიქრობდა, შიმშილობით და შიშით სავსე დღეებზე.

მივიდა, როგორც იქნა თავის ნაწილამდე და... დაიჭირეს, დაიჭირეს და 12 წელი მაღაროში ამუშავეს, ოღონდ, გაგიკვირდებათ და ხელფასს იქაც კი უხდიდნენ, ხელფასს უხდიდნენ და ვერსად ხარჯავდა, 12 წელი წერილის გამოგზავნის უფლება არ ჰქონდა ოჯახისთვის, რომელსაც მკვდარი ეგონა და მისი ტანსაცმელი დამარხა, რათა დედას შვილის საფლავი ჰქონოდა.

ცოტა ხნის წინ ვნახე ინტერნეტში ბაბუას რეაბილიტაციის საბუთი. მას არ აუღია, არც პარტიაში შესულა, არც 9 მაისის ზეიმებზე უვლია არასოდეს, არც საზეიმო კოსტიუმი ჰქონდა... უცნაური ღიმილით უყურებდა სოფლის კლუბში მედლებით მიმავალ ადამიანებს..

მოკლედ, სანამ გადასახლებაში იყო, შვილი შეეძინა, რობერტი დაარქვა.

ერთხელ ვკითხე, როგორი იყო ის ქალი, მისი პირველი შვილის დედა და მითხრა, რომ იმ ქალმა სიკვდილს გადაარჩინა.

მხოლოდ ეს მითხრა, რადგან მასზე კარგად ვინ იცოდა სიცოცხლის ფასი, დახმარების ხელის გაწვდენის ფასი.
საქართველოში იმ ქალთან და შვილთან ერთად დაბრუნდა.

ვერ იცხოვრა ქალმა, რომელმაც ტყვეობაში მყოფი ბაბუა გადამირჩინა სიკვდილს, საქართველოში... რა უცნაური რამეა სამშობლო, არა? თავის სამშობლოში ყველასგან მოძულებული, დატყვევებული კაცი შეიყვარა, მაგრამ მერე იმ კაცის სამშობლოში ვერ იცხოვრა.

როგორც ჩანს, შვილს მამაზე კარგ ამბებს უამბობდა, რადგან, რობერტი ჩამოდიოდა ჩოხატაურში ჩვენ სანახავად, ბიძების სანახავადაც ჩადიოდა ბათუმში.

ბოლოს რომ იყო ჩამოსული, ან 1987 წელი იყო, ან 1988 წელი, რუსეთში ერთ-ერთი ქარხნის დირექტორი იყო, თუ არ ვცდები ასტრახანში და ჩვენ გვარს ატარებდა, ორი შვილი ჰყავდა. ამბობდა, რომ გერმანიაში გადადიოდა საცხოვრებლად, ალბათ წავიდა კიდეც გერმანიაში.

მერე დრო აირია, ხაზის ტელეფონები, რომელზედაც რეკავდა ხოლმე, გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან. მერე ბაბუა გარდაიცვალა, მერე შიმშილის, სიცივის, სიბნელის წლები დადგა.

მერე მამაც გარდაიცვალა, ბაბუას ძმებიც დაიღუპნენ.

ყველა, ვისაც ბიძაჩემის ძველი მისამართი ან ნომერი ექნებოდა - გარდაიცვალა.

ბაბუას მზერა რომ დაუდარდიანდებოდა და გაუქვავდებოდა, ვფიქრობდი, რომ იმ ცხოვრებაზე ფიქრობდა, სხვა ცხოვრებაზე და მასზე.

ბაბუა რომ გარდაიცვალა ნელ-ნელა მეც შევწყვიტე რობერტზე ფიქრი.

მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის მერე, როცა მამის დანატოვარი საათიც დავკარგე, ისევ თავიდან მოვიდა დარდი ბიძაზე, რომელიც მყავს და თან არ მყავს, ბიძაზე, რომელიც მახსოვს, რომ ნანახი მყავს და არ მახსოვს როგორ გამოიყურება...

ვცადე მისი პოვნა, არ გამომივიდა, ბევრი ადამიანი დამპირდა დახმარებას და არაფერი ჯერ.

თავიდან მეგონა, მისი პოვნა იმიტომ მინდოდა, რომ მას ბაბუას და მამის სუნი ექნებოდა. ახლა ვთვლი, რომ უნდა ვიპოვო და მოვუყვე, რა მითხრა ბაბუამ დედამისზე, უნდა მოვუყვე, როგორ დაიღუპა მამა .. უნდა იცოდეს, რომ მამამისმა დედამიწაზე დატოვა გოგო, რომელშიც მისთვის გადასაცემი სიყვარული შეინახა... მასაც ბევრი ექნება, ალბათ, მოსაყოლი.

რობერტ ილიას ძე კეშელავა, დაბადებული დაახლოებით 1945-1950 წლებში, სავარაუდოდ, ცხოვრობდა ასტრახანში და მერე, ასევე სავარაუდოდ გერმანიაში.

მეტი არაფერი ვიცი, სამწუხაროდ და შობა დღეც უკვე სრულდება, მაგრამ მე მაინც მაქვს სასწაულის და ადამიანების იმედი.

ბაბუა არ აღიარებდა, რომ სასწაულების იმედი ჰქონდა, იგი გაბრაზებული იყო სასწაულებზე, იმდენად დიდხანს იყო მარტო, იმდენად დიდხანს იყო უიმედოდ...

და მაინც, როცა გაბრაზებული ხმით ეტყოდა - ღმერთო, თუ არსებობ... და ბოლოს გაბრაზებული ხმით დააყოლებდა - ამინ.

ვგრძნობდი, როგორ უყვარდა...

შობას გილოცავთ, ადამიანებო“, - წერს თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ელექტრომომარაგება შეიზღუდება - ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

🔵საბერძნეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გარდაიცვალა

🔵„დედამ მომწერა, მე ვეღარ ვიცოცხლებ და შენი იმედი მაქვს, სანამ შეგიძლია, ჩემი შვილები ერთმანეთს არ დააშოროო“ - ალექსანდრე ზაზარაშვილის დედის ემოციური ამბავი