ექიმი იაგო ფრანგიშვილი გერმანიაში აუცრელი მოქალაქეებისთვის ანტისხეულების ტესტის შეთავაზების სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს სწორი მიდგომაა.
მისი განმარტებით, ყველა ქვეყანაში არსებობს მოსახლეობის ნაწილი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე კატეგორიულ უარს ამბობს და ამას ვერაფერი შეცვლის.
ექიმის თქმით, ამ მიზეზის გამო, მნიშვნელოვანია სახელმწიფოებმა ვაქცინაციის სტიმულირებისთვის იძულების გზა, სხვა უფრო მეტად ლოიალური გზებით შეცვალონ.
„ან 4 ან 11 ოქტომბრიდან, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი, გერმანია ყველას, ვინც არაა აცრილი, შესთავაზებს ანტისხეულის ტესტირებას. ეს არის და იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი. გერმანიაში ასაცრელი მოქალაქეების 25%-ზე მეტი აცრის არ მსურველია. ასე ცხოვრება და ასეა ადამიანი. გინდაც გაგიჟდეს ვინმე, გინდაც აღშფოთდეს ვინმე, გინდაც ვინმეს სახლში მიუვარდეს შპრიცით, ეს ფაქტია და ასეა, 25%-ს არ სურს აცრა.
ეს გაიგო ყველამ გერმანიაში და არავინ ეძახის არავის ბნელს და არ დასდევს ძალადობრივად ასაცრელად.
შეიქმნა პირობები, რომ სკოლა და ჯანდაცვა აცრილი ან გამოჯანმრთელებული უნდა იყოს, თუ არადა სხვაგან გადაგიყვანენ, სამსახურიდან გათავისუფლება ჯერ არ მომხდარა, მე არ მსმენია.
რა თქმა უნდა, აცრის პროპაგანდაც და მთელი კამპანიაც გრძელდება, მაგრამ, შეიგნო და გაიგო ყველამ, რომ ალბათ 20%-ს ვერ აცრი, გინდაც სულ ოქროს ზოდი მისცე აცრისას. ასეა ცხოვრება და ამას უნდა რესპექტულობა.
ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ანტისხეულების ტესტირება. ეს აწყნარებს ექიმსაც, პოტენციურ პაციენტსაც და მის გარემოსაც. ისიც დადგენილია და ვიცით, რომ, ის ადამიანი, ვინც ექიმთან კონტაქტში რჩება, ვისაც ექიმის ნდობა აქვს და იცის, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოს ექიმი არასოდეს არაფერს გააკეთებს, აი ამგვარი ნდობის ადამიანი უფრო ღიაა ვაქცინის მიმართ, როცა დარწმუნებით იცის, რომ ეკუთვნის იმ მცირე ჯგუფს, რომელიც არ აცრილია და არც კოვიდ გადატანილია“, - აღნიშნავს იაგო ფრანგიშვილი.
ექიმი აღნიშნავს, რომ შესაძლებელი მოსახლეობის ნაწილი ინფიცირებისგან კოლექტიურმა იმუნიტეტმა დაიცვას.
„აქ მეორე მხარეცაა. მოსახლეობის დაახლოებით 15%-მდე შეიძლება კოლექტიურმა იმუნიტეტმა გარკვეულწილად მოარიდოს კოვიდინფიცირებას. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს საზოგადოებას და პოლიტიკას, საერთოდ ქვეყანას და მის მოქალაქეებს, დაგეგმონ ჰიგიენური რეგულაციები, განსაზღვრონ მოსალოდნელი ინფექციურობა.
ყველა ვერ იქნება ერთ აზრზე, გინდაც ეს ეხებოდეს ისეთ მნიშვნელოვან რამეს, როგორიცაა სიცოცხლე.
ორჯერ აცრილი აშკარად დაცულია ინფექციის მძიმე ფორმისაგან, თუკი არაა უმძიმესი სარისკო პაციენტი.
ეს იცის ყველამ დედამიწაზე. იცის განათლებულმაც და წერა-კითხვის უცოდინარმაც, იცის მსმენელმაც და გამგონემაც, იცის ყრუ-მუნჯმაც და ბრმამაც და ყველამ, აბსოლუტურად ყველამ. ერთადერთი პრობლემა არ აცრისა არის ის, რომ ჯანდაცვის სისტემა იტვირთება ზედმეტად. სწორედაც რომ ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის იმის ცოდნა, თუ სად დგახარ ინფექციოლოგიური ასპექტით.
როცა იცი, რომ ამდენია აცრილი, ამდენს აქვს ნაღდად გადატანილი, ამდენია დანამდვილებით იმუნიზირებული, რაღაც ნაწილი, რომელსაც გადატანილი აქვს და ნაკლები ანტისხეული აქვს, არის დიდი ალბათობით მაინც იმუნიზირებული, მერე რჩება მხოლოდ ის კატეგორია, რომელიც ნაღდად იცი, რომ არ ყოფილა ვირუსთან კონტაქტში.
აი ამ ადამიანთა რაოდენობა განსაზღვრავს სამედიცინო სისტემის მოსალოდნელი გადატვირთვის ალბათობას კოვიდთან მიმართებით და ამის გაგება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს პროცესი დაიწყება გერმანიაში ოქტომბრიდან.
საქართველოს აქვს შანსი, რომ ეს პროცესი დაიწყოს ადრე, იყოს გერმანიაზე უფრო ნოვატორი და ამით დააწყნაროს უპირველესად ის სისტემა, ის სამედიცინო სფერო, რომელიც სატურაციის დაგდებისთანავე, მიუხედავად პიროვნების ცნობიერებისა, ისევ და ისევ ძალიან ნაადრევად საავადმყოფოსკენ და ეგრევე მართვითი თუ დამხმარე სუნთქვისკენ მიაქანებენ პაციენტს.
მწოლიარე და ცეპაპიანი, მით უმეტეს სრული მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტის იმ სიტუაციიდან გამოყვანა არის გაცილებით რთული. როცა ექიმს ეცოდინება, რომ პაციენტს აქვს კოვიდი გადატანილი, მისი მართვა ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ორივე მხარისათვის, პაციენტისთვისაც და ექმისთვისაც, გაცილებით ადვილია.
თუ ამას გავითავისებთ, ვიქნებით წარმატებული ქვეყანა კოვიდთან ბრძოლაში.
თუკი გავაგრძელებთ ადამიანებზე ზეწოლას, მათ გინებას, მათ მარგინალიზაციას, წავაგებთ ყველა, აცრილიც და აუცრელიც, აბსოლუტურად ყველა. თუმცა, მოგებულიც იქნება ამ საშინელებიდან და ყველამ ვიცით ვინ და რამდენს მოიგებს“, - წერს იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.