ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ბოდიში არ უნდა მოიხადოს.
„არასოდეს მოიხადო ბოდიში მისტერ, ეგ სისუსტის ნიშანია” – ჯონ უეინის ეს სიტყვები თითქოს წინააღმდეგობაში მოდის ამერიკულ-ქრისტიანულ მორალთან. სინამდვილეში კი ზუსტად ბიბლიურ შეგონებაზეა დაფუძნებული:
„ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ”.
ჰოდა, ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ! თქვენ აკეთებდით იმას, რაც მიგაჩნდათ მართებულად. ქატოს პურზე, დენზე და ცხელ წყალზე დანატრებული საზოგადოება თქვენ მიიყვანეთ იქამდე, რომ თავისუფალ სასამართლოზე, დემოკრატიულ არჩევნებსა და ადამიანის უფლებებზე კამათი დააწყებინეთ.
თქვენ მომავალი განგსჯით მიუკერძოებლად; ის ადამიანები, რომლებიც პირუთვნელად და უშიშრად შეძლებენ იმ ლიდერის შეფასებას, რომელმაც თანაბრად ატარა თავისი ქვეყნისათვის დამახასიათებელი ყველა ნაკლიცა და ღირსებაც.
ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ! თქვენ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი შეძელით და ამისათვის მადლობა არავის უთქვამს. საბოდიშოც არაფერია, ამიტომ მით უმეტეს, იმათთან, ვინც ციხეში ჩაგდებულ, აბუჩად აგდებულ, ორი თვის ნაშიმშილევ, შეურაცხყოფილ კაცს სიტყვებში ასოები დაგითვალათ.
ნუ მოიხდით ბოდიშს, მისტერ პრეზიდენტ! არ არის საჭირო”, - წერს ზურაბ გურული.