„თბილისი პრაიდის“ კვირეულში, 5 ივლისს, რადიკალურმა ჯგუფებმა მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული იყო 50-მდე მედიის წარმომადგენელი.
ერთ-ერთი „ფორმულას“ ჟურნალისტი, რატი წვერავა გახლდათ.
დღეს ის მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც დაიცვა და გადაარჩინა.
„ეს ფოტო ახლა ვნახე, აქ ჩანს რეალურად ვინ მიცავდა და ვინ მისწორდებოდა ფიზიკურად. ორი სასულიერო პირი და პოლიციელი რამაზ ჩოჩიშვილი იყვნენ გადაფარებული ჩემზე.
თუმცა ხედავთ, რამდენია იმ „ადამიანის“ რაოდენობა, რომლებსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდათ, მოვეკალი. ბუნებრივია, რთული იყო ამ ვითარებაში ჩემი დაცვა, მაინც ახერხებდნენ ჩემზე ძალადობას, მაგრამ ცოცხალი რომ ვარ ამ სამი ადამიანის დამსახურებაა.
ეს ყველაფერი ქაშვეთის დაბლა ხდება, პარლამენტის კიბეებიდან ამ ადგილამდე ყველაზე რთული გზა გამოვიარე, წიხლებით, მუშტებით, ხელკეტებით, ჯოხებით, ყველაფერს მირტყამდნენ რაც ხელში ხვდებოდათ.
ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, სითბოსთვის. დამიჯერეთ, ბევრად მეტნი ხართ ვიდრე ეს მოძალადე ადამიანები.
ტატო კუჭავა ეს ფოტო რომ არა, არც მეცოდინებოდა, რომ იქ იყავი და მიცავდი.
მადლობა აქვე დავამატებ, სხვადასხვა ჯგუფში წავიკითხე ჩემზე კომენტარი, რატომ არ ამბობს მამაომ რომ დაიცვა-ო.
დამიჯერეთ, 50-ზე მეტი ადამიანი როცა გიმეტებს სასიკვდილოდ, ტკივილის გარდა ვერაფერს გრძნობ. არც მადლობის გადახდა მიჭირს ვინმესთვის, აუცილებლად ვნახავ თითოეულ ადამიანს, ვინც დამიცვა და პირადად გადავუხდი მადლობას.
ამ ორი დღის შემდეგ პირველად შევძელი, რომ მეყურებინა ყველა ვიდეოსთვის, სადაც ჩემზე ძალადობა ჩანს და ამიტომაც დავაგვიანე მადლობის გადახდა“,- წერს წვერავა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
VIDEO: „მე შენ გარეგნობას არ ვუყურებ, მე შენ შიგნით ვიხედები“ - რას ფიქრობს მამა შალვა ტატუზე?