Digest Logo

რას ჰყვება კაცი, რომელიც კომენდატის დროს მამა გახდა და პატრულმა გააჩერა

1617302378
 გიორგი ძოწენიძე

„ეკიპაჟს 7310 - მადლობა!“ - ამ სათაურით ინტერნეტსივრცეში ემოციური ისტორია ქვეყნდება. საქმე ეხება კომენდანტის დროს ბავშის გაჩენას, რომელშიც თავისი წვლილი საპატრულო ეკიპაჟმაც შეიტანა.

გავრეცლებულ ისტორიას „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„დიდი მჭევრმეტყველებით არ გამოვირჩევი, როგორც ოპერატორს, კამერის უკან დგომა მირჩევნიაო, მითხრა ჩემმა რესპონდენტმა გიორგი ძოწენიძემ, მაგრამ ვფიქრობ, საკუთარ განცდებზე - სიხარულსა და ბედნიერებაზე - მასზე უკეთ ვერავინ მომიყვებოდა.

ჩვენი ინტერვიუც ამის დასტურია. გიორგი ძოწენიძე რამდენიმე დღის წინ მამა გახდა. მართალია, მშობიარობა მომდევნო დღეს იყო დაგეგმილი, მაგრამ პატარა ევამ მშობლებისა და ექიმების გეგმა არაფრად ჩააგდო და კომენდანტის საათის დროს გადაწყვიტა დაბადება.

- ღამის 3 საათზე ჩემი მეუღლე თიკა დარბაისელი მაღვიძებს, მშობიარობა დამეწყოო. არ მახსოვს, როგორ ჩავიცვი და მანქანაში როგორ ჩავსხედით. თიკა არ იყო კარგად, ამიტომ გიჟივით გავრბოდი - სიჩქარესაც გადავაჭარბე, წითელზეც გავიარე და პატრულიც ამედევნა. მანიშნა, გააჩერეო. გავაჩერე, მაგრამ სანამ პატრულის თანამშრომელი ჩვენს მანქანას მოუახლოვდებოდა, მე გადავედი - მეუღლე მყავს ცუდად და სამშობიაროში გავრბივართ-მეთქი. აღარაფერი უკითხავთ - მიდი, ჩქარა, დაჯექი და მიგაცილებთ სამშობიარომდეო, მითხრეს. მანქანაში ჩავჯექი, სარკეში პატრულს გავხედე და სანამ გადამისწრებდა, ეტყობა, პროფესიული ხედვა ჩამერთო - წარმოვიდგინე, როგორი მნიშვნელოვანი კადრების გადაღება შემეძლო ამ მომენტის დასამახსოვრებლად. ასე შემოვინახე ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და ამაღელვებელი წუთები. მომავალში ევას ვაჩვენებთ, როდის მოუწია ამქვეყნად მოვლენამ და რა ამბები გავიარეთ მის დაბადებამდე.

სამშობიაროში რომ მივედით, პატრ­ულმა, აგაცილოთო? - მკითხა. ვიცოდი, არ ამიშვებდნენ, ამიტომ ვუთხარი, არა, მაგრამ იქნებ დამელოდოთ, თიკას დავტოვებ და ახლავე ჩამოვალ-მეთქი. მინდოდა, გამეცნო და მადლობა გადამეხადა, მაგრამ როცა ჩამოვედი, წასულები დამხვდნენ. შევწუხდი, მაგრამ ეკიპაჟის ნომერი მახსოვდა - 7310. დავრეკე 112-ში, მოვუყევი, რაც მოხდა და ეკიპაჟის წევრების გვარ-სახელები ვკითხე, მაგრამ არ მითხრეს - არ გვაქვს უფლება, თუმცა არ იდარდოთ, მადლობას ჩვენ გადავცემთო... მჯერა, გადასცემდნენ, მაგრამ თქვენი გაზეთით კიდევ ერთხელ გამოვხატავ მათ მიმართ ჩემს განსაკუთრებულ მადლიერებას.

- სხვა მამებიც დაგვხვდნენ სამშობიაროში?­

- ახალგაზრდა მამაკაცი დამხვდა ეზოში. მითხრა, დაგინახე, პატრულმა რომ მოგაცილა და მივხვდი, როგორ მოხვედით; მეც შენსავით პატარას ველოდები, რამდენიმე წუთით მოგასწარითო. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მეუღლეები ერთ ექიმთან მშობიარობდნენ. მეც დავინტერესდი, როგორ მოხვედით აქამდე-მეთქი. მომიყვა - ყოველ წუთს ველოდით ბავშვის დაბადებას, ამიტომ მომზადებული ვიყავი, მეუღლეს ტკივილი დაეწყო თუ არა, მაშინვე 112-ში დავრეკეო. უთქვამს, ასეთი სიტუაციაა, ამა და ამ ნომრის მანქანით აქედან აქამდე მივდივარო. 112-ს მანქანის ნომერი პატრულისთვის გადაუცია და არავის გაუჩერებია.

5.20-ზე გაჩნდა ჩემი ევა. გილოცავთ, ლამაზი გოგო დაგებადათ, დედა-შვილი კარგად არისო, მამცნო ექიმმა. მერე თიკაც გამოფხიზლდა და ბავშვის პირველი ფოტოები გამომიგზავნა. დავფრინავდი სიხარულით... აი, ასე, ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ, შუა კომენდანტის საათის დროს, ნანატრი შვილის მამა გავხდი.

შვილზე დიდი საჩუქარი არაფერია - შენი ცხოვრება სრულიად იცვლება, გავიწყდება საკუთარი თავი და იწყებ მისთვის ცხოვრებას. ჩვენ უკვე სამნი ვართ...“