Digest Logo

„როცა გავიგე, რომ სტუდენტი გავხდი, თეთრად გავათენე. დილით უნივერსიტეტში გავვარდი - მოვდიოდი მელიქიშვილზე და ქუჩა მომქონდა“

1630323207
 დათო გორგილაძე

მწერალი და ტელეწამყვანი დათო გორგილაძე იმ ემოციების შესახებ წერს, როდესაც გაიგო, რომ სტუდენტი გახდა. დათო წერს, როგორი ბედნიერი იყო, როგორ ესაუბრა უნივერისტეტის დაცვას და როგორ წაიყვანა #35 სამარშრუტო ტაქსიმ ვაზისუბნამდე.

გორგილაძის პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ზაფხულობით ძილი ისედაც მიჭირს, მაგრამ როცა გავიგე, რომ სტუდენტი გავხდი, თეთრად გავათენე.
დილით ჩავიცვი და უნივერსიტეტში გავვარდი.

თსუ-ის მე-6, ჟურნალისტების კორპუსის შესასვლელში დარაჯი შემეჩეხა.

გაიკვირვა, სად მიდიხარო.

მეთქი, რას ჰქვია სად, სტუდენტი ვარ - ვუთხარი და ჩემთვის ფიქრიც დავაყოლე: „მალე დიდ ამბებს დავატრიალებ“.

აქ არავინაა, სექტემბრის დასაწყისში მოდიო.

შეშლილი გამომგონებელივით გადავიხარხარე და გამოვედი.

მოვდიოდი მელიქიშვილზე და ქუჩა მომქონდა.

მეტროსთან ფენოვანი ხაჭაპური და კარტოფილის ღვეზელი ვჭამე და ზედ კოკა-კოლაც დავაყოლე.

მერე #35 სამარშრუტოში ჩავჯექი და ვაზისუბნისკენ დავუბერე.

მახსოვს გივი იყო მძღოლად. გზად ერთ-ორ მგზავრს შეუკურთხა, მაგრამ ამას მხოლოდ პირის მოძრაობითა და ხელის გაშვერით მივხვდი, რადგანაც V3-ის ცალყურიანი ყურსასმენით Guns n Roses-ის „ნოემბრის წვიმას" ვუსმენდი, მეორეთი მომავლის ხმებს.

მალე ეს თავგადასავალი ნინიას გამაცნობს. წლების შემდეგ მე და ნინია რემედიოსს გავიცნობთ, ამ მოვლენებს შორის კი ბევრი ლამაზი და ულამაზო თავგადასავალი იქნება, მე კი სამუდამოდ მემახსოვრება იმ დილით, სახლიდან გამოსვლის წინ ბებიაჩემის მიერ ნაჩუქარი 50 ლარიანით გამოწვეული სიხარული და მისი სიტყვები: „ოღონდ პაპიროსი არ მოსწიო“, - წერს დათო გორგილაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ამ ვიდეოს გამო, ახალგაზრდა „ექსპერტებმა“, რძე რომ არ შეშრობიათ ტუჩებზე, მიწასთან გამასწორეს“ - გიორგი ფხაკაძე

🔵„დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ - სიკვდილს?" - სალომე გოგიაშვილი მთავრობას მიმართავს

🔵აჭარაში, 45 წლის ქალს, 4 გზის ბებიას, მე-13 შვილი შეეძინა