ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გუშინ, 5 ივლისს, განვითარებული მოვლენების შესახებ წერს.
მისი თქმით, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და ვცადოთ ძალადობის გარეშე ცხოვრება.
„საქართველოში არ ვარ. უცხოელ მეგობრებს ერთი კვირაა ჩვენ ქვეყანაზე ვუყვები, ვაქებ, ვტრაბახობ, ვაწონებ და ვეპატიჟები. ინტელექტუალური ხალხია, მათი გატანილი აზრი, ჩვენი ქვეყნის შეყვარება სასარგებლოა სახალხო დიპლომატიისთვის, ჩვენი ყველას შვილის მომავლისთვის. ხომ გჯერათ, რომ საკუთარი შვილებისთვის საუკეთესო მინდა?
ჰოდა, ხომ ვცდილობ, მათ კარგ ქვეყნებში, კარგ უნივერსიტეტებში სწავლას შევუწყო ხელი. მათი მოგზაურობის უფლებას, სტუმრების მიღების უფლებას. მოგზაურობა ხომ კიდევ უფრო ავითარებს ადამიანებს, ის რასაც შეეხე, ახლოს გაეცანი, შენი თვალით ნახე.
ასევე ვცდილობ, მიღებული უცხოური გამოცდილებები იმ პროფესიაში, რომელსაც ვემსახურები, აქ სტუდენტებს ჩამოვუტანო.
ხომ გჯერათ, რომ წყნარ, გაღიმებულ, წინ მიმავალ ქვეყანაში მინდა იზრდებოდნენ ჩემი შვილები და თქვენი ყველას შვილის ბედნიერების გარეშე ეს ხომ შეუძლებელი იქნება?
ყველა კარგად უნდა იყოს, რომ თითოეული ჩვენგანი გრძნობდეს თავს ნამდვილად კარგად. კარგი, მე ერთი გაჩეჩილი, მხიარული ქალი გგონივართ იქნებ, მაგრამ იმასაც ხომ ხედავთ, რომ მთავრობის წევრები და ყველა, ვისაც ოდნავ შესაძლებლობა აქვს, ცდილობს იგივეს, რასაც მე ჩემი შვილებისთვის?
ჰოდა, ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც თქვენი შვილების მომავლისთვის ერთმანეთის ხოცვისკენ გიბიძგებთ, დღეს მუშტებით, გუშინ ავტომატებით, ხვალ ისევ იარაღს დაგვირიგებენ.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ტყუილია ყველა „ფასეულობას“ ამოფარებული წაქეზება, რომელიც ერთმანეთს გვაკარგვინებს, ფიზიკურად და მორალურად გვაზიანებინებს.
ნურც მათ დაუჯერებთ, რუსეთის სიკეთეზე ვინც გელაპარაკებათ. ვინც გეუბნებათ, რომ ჩვენი ბრალია, ქვეყანა რომ ჩამოგვაგლიჯეს. ერთ თანამდებობის პირს მაინც იცნობთ, ან აგრესიულ რომელიმე მღვდელს თუნდაც, შვილს რომ რუსეთში ასწავლის, ან ჟიგულით დასეირნობს?
თქვენთვის სხვა საქართველო უნდათ და თავისთვის სხვა? სხვა საქართველო არ არსებობს. ერთია და ყველა ჩვენგანის სახლია.
სულელია, ვისაც ჰგონია იმეფებს, სხვებს თუ ამოძირკვავს. ხანმოკლეა ეგეთი „ბატონობა“ და ქვეყნის გადარჩენისკენ არ არის მიმართული.
არავის არ უნდა დავემორჩილოთ, ვინც გვეუბნება, დაარტყი, ქვა ესროლე და დააზიანე შენიანი-ო. გვაქვს სიტყვები, ვაგინოთ ერთმანეთს ხანდახან, თუ ეს აუცილებელია, მაგრამ ცემა? ხოცვა? აღარ გაგვაჩნია გამოსაშვები სისხლი.
ერთმანეთის თმის ღერს უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ორი გრამი ტვინი მაინც თუ გვაქვს თავში. მოკლედ, ეს ჩემი ძლიერი ქვეყნების მოქალაქე მეგობრები დამპირდნენ ჩამოვალთ-ო, თარიღებზეც შევთანხმდით.
გუშინდლამდე ვიყავი წელგამართული. გუშინ კი ერთი დარდი მქონდა მხოლოდ, ნეტავ ახალი ამბებით არ დაინტერესდნენ-მეთქი“,- წერს ფანჯიკიძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ნათია ფანჯიკიძემ მოპარული ხე პოლიციის დახმარებით დაიბრუნა
სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები - რა მოჰპარეს ნათია ფანჯიკიძეს?