Digest Logo

44 წლის ასაკში ნაპოვნი სიყვარული, უბადლო მამა, ხიდან ჩამოვარდნა და სოლს შეწირული სიცოცხლე - გონაშვილის პორტრეტი

1617384840
ჰამლეტ გონაშვილი

„თუ ასე ტურფა იყავი“, „წინწყარო“, „დაიგვაინე“.... ეს იმ სიმღერების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც „საქართველოს ბულბული“ ჰამლეტ გონაშვილი მღეროდა.

მისი ხმის ტემბრი, ისეთი სულში ჩამწვდომია შეუძლებელია მოსმენისას ერთხელ მაინც არ დაგიაროს ჟრუანტელმა.

მომღერლის ცხოვრება ტრაგიკული და სევდიანი იყო, სამწუხაროდ მალე წავიდა ამქვეყნიდან... როგორც ჩანს მისმა სიკვდილის ანგელოზმა არათუ დაიგავიანა არამედ დროზე ადრეც მოვიდა....

ჰამლეტ გონაშვილი 1928 წელს საქართველოში, კახეთში დაიბადა. მის სოფელს ანაგა ჰქვია. ანაგა ქალაქ სიღნაღთან ახლოს მდებარეობს.

სკოლის დამთავრების შემდეგ ცხინვალში გადავიდა საცხოვრებლად. ცხინვალის ინსტიტუტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. სტუდენტობის დროს ტურიზმით დაინტერესდა. ინსტიტუტის

დამთავრების შემდეგ ტურისტულ ბიუროში დაიწყო მუშაობა. იმ საქმეს რაკეთებდა რაც ძალიან მოსწონდა. „საქართველო ძალიან მიყვარს და მასზე ლაპარაკი არასოდეს მომბეზრდებაო“, - ამბობდა გონაშვილი.

ჰამლეტს სწავლა არ შეუწყვეტია. ბიოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ თეატრალურში ჩააბარა. ერთხელ სცენაზე სიმღერით გამოვიდა. მის გამოსვლას თეატრალური ინსტიტუტის რექტორიც ესწრებოდა. ყველა გაოცებული დარჩა ჰამლეტის სიმღერით. რექტორმა ურჩია სიმღერისათვის სერიოზულად მიეხედა. ჰამლეტ გონაშვილის სიმღერა თეატრალური ინსტიტუტიდან გახდა ხალხისთვის ცნობილი.

1953 წელს გონაშვილი საქართველოს ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლში მიიღეს და 16 წელი ამ ანსამბლის წევრი იყო. ყველა აღფრთოვანებული იყო მისი სიმღერით როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ.

ჰამლეტ გონაშვილის სახელის ისტორია

ჰამლეტი ინგლისური სახელია. ეს სახელი მას მამამ დაარქვა. ჰამლეტის მამა - დიმიტრი გონაშვილი სოფელ ანაგის სკოლაში ქართულ ლიტერატურას ასწავლიდა. მამამისს ძალიან უყვარდა შექსპირი. შვილებსაც მისი ნაწარმოების გმირების სახელები დაარქვა: ბიჭს ჰამლეტი, გოგონას კი -ჯულიეტა.

ჰამლეტს თავისი სახელი არ მოსწონდა. თურმე სახელის გადარქმევასაც კი აპირებდა. მაგრამ ისე მალე გახდა ცნობილი მომღერალი, რომ ახალი სახელით გამოჩენა გადაიფიქრა.

ერთხელ თურმე კონსტანტინე გამსახურდია შეხვდა გონაშვილს და უსაყვედურა: ასეთ ქართველ ვაჟკაცს, ასეთ მომღერალს არაქართული სახელი რატომ გქვიაო.

ლამპის შუქზე ჩასახული სიყვარული

როგორია იყო ისეთი ადამიანის მეორე ნახევარი როგორიც ჰამლეტ გონაშვილი იყო, ვერ გეტყვით. ვერც იმას გეტყვით ასეთი დიადი ადამიანების ყურადრება როგორ უნდა მიიქციოთ, თუმცა ფაქტია რომ შენც რაღაც დიდი ნიჭის პატრონი და იღბლიანი უნდა იყო, რათა ასეთი ადამიანის სიყვარული გხვდეს წილად.

სწორედ, ასეთი იყო ლამარა ცინცაბაძე, რომელიც ჰამლეტის რჩეული გახდა...

მათი ისტორია კი ასე დაიწყო:

ჰამლეტის დეიდაშვილი ჩემი თანამშრომელი იყო. ამ გოგონამ დაბადების დღეზე დამპატიჟა, სადაც ჰამლეტიც იყო და სუფრაზე გავიცანით ერთმანეთი. მაშინ იშვიათად ქრებოდა შუქი. იმ საღამოს ჰამლეტი ჩემ წინ იჯდა. შუქი რომ ჩაქრა, ლამპები შემოიტანეს და ახლოს დამიდგეს. ლამპის შუქმა არ შეგაწუხოსო – ხელსახოცი ამოჭრა და შუშაზე ჩამოაცვა, დამიჩრდილა.

რასაკვირველია, სუფრასთან იმღერა. მაშინვე გაჩნდა ჩვენ შორის სიმპათიები. მერე ქობულეთში ვიყავი დასასვენებლად და რადიოში მოვისმინე მისი სიმღერა. იმდენად იმოქმედა ჩემზე, ოთახში ვერ გავჩერდი და ზღვის ნაპირზე გავედი, რომ მისი ხმით გამოწვეული ემოციები გადამეხარშა.

იქიდან რომ ჩამოვედი და შევხვდი, უკვე სხვა დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ. ასე ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ბოლოს გადავწყვიტეთ, დავოჯახებულიყავით. ის 44 წლის იყო, მე – 39-ის.

ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებოდით: მე ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვიყავი, ჩაის სპეციალისტი, ჰამლეტი კი – მომღერალი. სამაგიეროდ, პოეზიის სიყვარული გვაკავშირებდა.

მიეცით ნიჭსა გზა ფართო

ერთხელ ჰამლეტსა და დედამისს მატარებლით უმგზავრიათ. ზედა საწოლზე ვიღაც ბიჭი წამოწოლილიყო და ღიღინებდა. შენს გამზრდელს ვენაცვალეო, – უთქვამს ჩემს დედამთილს. გათენდა, სადგურში უნდა ჩავიდნენ და, ხედავს, ზედა საწოლიდან ჰამლეტი ჩამოდის. ასე აღმოაჩინა მან თავისი შვილი, როგორც მომღერალი. ერთხელ, ისევ მატარებლით მიდიოდნენ და ჰამლეტს ისევ წაუღიღინია. გამცილებელს ტირილი დაუწყია და დედამისს უთქვამს, ნუღარ მღერი, გამცილებელი ტირისო.

პროფესია

1947-1948 წლებში მომღერალთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედისთვის. მის ნაცვლად მისმა მამიდაშვილმა, ავთანდილ ჯანიაშვილმა შეიტანა განცხადება, რადგან, იმ დროს ჰამლეტი ცხინვალში, პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა.

იქ მიიღო დეპეშა, რომ ამა და ამ დღეს თბილისში კონკურსზე უნდა გამოცხადდეო. ჩამოვიდა. მივიდა თავის მამიდაშვილთან და ჰკითხა: ასეთი ცნობა მომივიდა და ნეტავ რაშია საქმეო. მე შევიტანე განცხადება შენ მაგივრადო, – უთხრა ავთომ. პირველივე ტურიდან ჩარიცხეს ათწლედში. მასთან ერთად სწავლობდა ზურიკო ანჯაფარიძე. მერე ცხინვალიდან საბუთები თბილისში გადმოიტანა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

ამდენ წასვლა-წამოსვლაში გაცივდა, სერიოზულად ავად გახდა და, იძულებული იყო, აკადემიური აეღო. აღარც დაჰბრუნებია ათწლედს.

ისე, თვითონ ძალიან უნდოდა, ექიმი ყოფილიყო. ცხინვალში სამედიცინო არ იყო და ამიტომ შეიტანა საბუთები ბიოლოგიურზე, თორემ, აუცილებლად სამედიცინოზე ჩააბარებდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა თბილისის საექსკურსიო ბიუროში დაიწყო. ძალიან უყვარდა ბუნება, ფეხით აქვს შემოვლილი მთელი საქართველო.

ერთხელაც, ერთ-ერთ ექსკურსიაზე, სახელმწიფო ანსამბლის მომღერალთა ჯგუფი შეხვდა. კარგად მღერი და მოდი ჩვენთანო, – შესთავაზეს. ასე, სრულიად შემთხვევით მოხვდა ანსამბლში, სადაც სოლისტიც იყო და წამყვანიც.

გასტროლები ძირითადად საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჰქონდათ. ბრწყინვალედ ფლობდა რუსულს. 1978 წელს კი ანსამბლი „რუსთავი“ ჩამოყალიბდა და სიცოცხლის ბოლომდე ამ ანსამბლის სოლისტი იყო.

გასტროლები

როდესაც სხვა ქვეყანაში გასტროლებზე მიდიოდა, თურმე ყოველთვის თან მიჰქონდა ქართული ღვინო. ქართული ღვინო ძალიან უყვარდა. თუმცა ბევრს არ სვამდა. მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ორ-სამ ჭიქას თუ დალევდა ხოლმე ხანდახან.

გასტროლებზე კი ყოველთვის თან მიჰქონდა. საზღვარზე ღვინის გადატანა არც ისე იოლი იყო, მაგრამ გონაშვილი ამას ყოველთვის ახერხებდა. სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოჰქონდა საინტერესო ნივთები.

გასტროლებზე გონაშვილის სცენიდან გაშვება არ უნდოდა ხოლმე მსმენელს. განუწყვეტლივ ტაშს უკრავდნენ და სცენიდან არ უშვებდნენ. უნდოდათ, რომ სიმღერა არ შეეწყვიტა. კულისებში ხვდებოდნენ და ყელზე უყურებდნენ, უკვირდათ, ასეთი გასაოცარი ხმა ჩვეულებრივ ადამიანს როგორ აქვსო.

ჰამლეტის ბუნება

ძალიან მშვიდი და უპრეტენზიო იყო. არ უყვარდა სახლში ხელცარიელი მოსვლა, აუცილებლად სარჩო-სანოვაგით დატვირთული უნდა მოსულიყო. ზოგჯერ იმდენს მოიტანდა, ვსაყვედურობდი, სად წავიღო ამდენი-მეთქი. შაბათ-კვირას მე, ბავშვებს, ახლობლებს ჩაგვსვამდა მანქანაში და ბუნებაში – სადმე კარგ ადგილას გავყავდით.

ბავშვებსაც ძალიან უხაროდათ მამასთან ერთად მგზავრობა. რაღაცეებს უხსნიდა, ასწავლიდა. ის იყო გამორჩეულად კარგი მამა. ერთხელ, უფროსი ბიჭი საბავშვო ბაღში წაიყვანა. მაშინ მანქანა არ ჰყავდა. წვიმამ მოუსწროთ და დასველდნენ. საღამოს ბავშვს მე მივაკითხე წამოსაყვანად. მასწავლებელმა მითხრა:

ქალბატონო ლამარა, ჰამლეტი როგორი არაჩვეულებრივი ადამიანია. მშობლებმა დასველებული ბავშვები შემოგვიყარეს და წავიდნენ. ამან კი ბავშვს სველი ტანსაცმელი გახადა, გაამშრალა და, კარადაში რომ სათადარიგო ტანსაცმელი ჰქონდა შენახული, ის ჩააცვა, ყველაფერი გამოუცვალა და ისე წავიდა.

ასე დედებიც კი არ იქცევიან, არამცთუ მამებიო. ასევე, ძალიან ერთგული, მოსიყვარულე მეუღლე იყო. ლამაზი ფოთოლიც რომ ენახა სადმე, აუცილებლად აიღებდა და მე მომიტანდა – ლამარას არ უნახავს და წავუღებო.

ერთხელ, საბაობაზე იყო წასული. საღამოს კარზე ზარის ხმაა. გავაღე – ვხედავ, რაღაც დიდი თაიგულის მსგავს ხის ჯირკს ფერად-ფერადი ფოთლებით. ეს, სამხრეთ-საქართველოს ბუნების ნაწილი – შენო. ძალიან სტუმართმოყვარე იყო.

სახლში რომ მოდიოდა, თავისი გასაღები ჰქონდა და ისე შემოდიოდა, მაგრამ, თუ სტუმარი მოჰყვებოდა, გასაღებითაც აღებდა კარს და ზარსაც რეკავდა – მანიშნებდა, რომ სტუმართან ერთად ვარო.

სახლში ჩვეულებრივი იყო და, სხვათა შორის, არ მღეროდა. ერთადერთი, რასაც აკეთებდა, სუნთქვითი ვარჯიშები იყო – ბგერებს ამუშავებდა.

პირადი ტკივილი

იშვიათად ბრაზდებოდა. ერთ დღეს უხასიათოდ მოვიდა. რაშია საქმე, ჰამლეტ, რამე მოხდა-მეთქი? – ვკითხე. იცი, რა, ლამარა, როკის გვირაბს აშენებენ და, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხინვალს დავკარგავთო. ან, თუ დაინახავდა, რომ წვიმაში ასფალტს აგებდნენ, განიცდიდა – მთელი ნაწვალები წყალში ჩაეყრებათო და დარდისგან კაცს ღამე არ ეძინა.

ის, რაც მის ქვეყანას არ წაადგებოდა, გულთან ახლოს მიჰქონდა, როგორც პირად ტკივილს, ისე იღებდა. ძალიან განათლებული პიროვნება იყო. ზედმიწევნით ერკვეოდა არა მხოლოდ თავისი ქვეყნის, სხვა ქვეყნების ისტორიაშიც.

სადმე რომ მიდიოდა, იმ ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას გაიგებდა, წიგნებს გადახედავდა. სამზარეულოში მსოფლიოს რუკა გვქონდა გაკრული და ბავშვებს დაწვრილებით აცნობდა ყველაფერს.

ერთხელ გერმანიაში იყო გასტროლებზე და ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მიუპატიჟებიათ. სუფრაზე კარგი ჯიშიანი ქათმები დაუნახავს. უნდოდა, კვერცხი წამოეღო, რომ აქ გაემრავლებინა ქათმები.

ვერაფრით მიახვედრა მასპინძელს, რა უნდოდა. რამდენჯერაც ახსენა კვერცხი, იმდენჯერ მოხარშული მიუტანეს.

ესპანეთში კი ოთხცურიანი თხა უნახავს და გადარეულა – როგორმე უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ასეთი ჯიშის თხები და ქათმები ჩვენთანაც იყოსო, – აღტაცებული მეუბნებოდა, რომ ჩამოვიდა.

სირიაში სვიმეონ მესვეტის ტაძრის ეზოში განსხვავებული ლეღვის ხე რომ ნახა, ტოტი მოატეხა, სველ ცხვირსახოცში გაახვია და მთელი ერთი კვირა ასე, უბით ატარა გასტროლებზე. რომ ჩამოვიდა, ყიფშიძეზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ეზოში ჩარგო. პირველი ნაყოფი საზეიმო ვითარებაში გავსინჯეთ.

საინტერესო ამბავი ჰამლეტ გონაშვილზე

თურმე ერთხელ ჰამლეტ გონაშვილი გემით მგზავრობდა. ერთ დღეს გემბანზე სასეირნოდ გამოვიდა. გემბანზე თოლიები დაფრინავდნენ და საჭმლის ნარჩენებს ეძებდნენ. გონაშვილს ძალიან გაუხარდა ფრინველების დანახვა. პურის ნაჭერი აიღო და პატარა ნამცეცებად დაანაწილა. ნამცეცები ხელის გულზე დაიყარა და თოლიებს აჭამა. გემბანზე ყველა გაოცებული უყურებდა. ჯერ არავის ენახა, კაცის ხელიდან თოლიას საჭმელი ეჭამა.

თავის თავზე ლაპარაკი არ უყვარდა. თავმდაბალი ადამიანი იყო. როდესაც ვინმე მის ქებას დაიწყებდა, ცდილობდა იქაურობას გასცლოდა. სიმღერის ჩაწერიდან როცა ბრუნდებოდა, მეუღლე ჰკითხავდა, ჩაწერამ როგორ ჩაიარაო.

ჰამლეტი ყოველთვის ერთსა და იმავეს პასუხობდა; „ისე რა, ხვალ კიდევ უნდ მოვისმინო და კიდევ ერთხელ ჩავწეროთო“. ამ დროს უკვე საუკეთესო ჩანაწერი იყო გაკეთებული და გამეორება აღარ სჭირდებოდა.

მეუღლის, ლამარა ცინცაბაძის მოგონება:

ჰამლეტი ძალიან თბილი ადამიანი იყო და ერთადერთი ნაკლი ჰქონდა - დაგვიანება იცოდა. ამას ვერაფრით მოერია, დანარჩენად... ორივენი დიდხანს ველოდით სიყვარულს და ერთმანეთი ვიპოვეთ.

საღამოობოთ, შინ რომ ბრუნდებოდა და ვახშამს გამოვუტანდი, მთელი დღის გადახდენილ ამბებს მოვყვებოდით და მერე ვეუბნებოდი, შენზე წერილი დაიწერა ამა და ამ გაზეთში და გინდა - მოგიყვები, გინდა - წაგიკითხავ-მეთქი (ჭამას რომ არ მოსცდენოდა). ასე შემოვრჩებოდით ღამის 2-3 საათამდე...

მახსოვს, ანზორ ერქომაიშვილი მეუბნებოდა ხოლმე, - ლამარა, რა თილისმას ატარებ ისეთს, რომ ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?

იცით, არასდროს მიეჭვიანია მასზე, აზრადაც არ მომსვლია... კონცერტიდან რომ ბრუნდებოდა, არასდროს იტყოდა, კარგად ჩაიარა კონცერტმაო, მაგრამ მაშინვე პიჯაკს გადასწევდა, შიდა ჯიბიდან ერთ ცალ ვარდს ან მიხაკს ამოიღებდა და მომაწვდიდა: ეს იმ ყვავილებიდან, მე რომ მომართვესო...

ჰამლეტ გონაშვილის უმცროსი ვაჟი, გიორგი:

მამა რომ გარდაცვლილა, ის 10 წლის ყოფილა, დიმიტრი კი - 12-ის.

„მე რომ დავიბადე, ის უკვე ლეგენდა იყო. მაშინ ამას ვერაფრით გავიგებდი. ჩემთვის ისევე საუკეთესო იყო მამაჩემი, როგორც ნებისმიერი ბავშვისთვის, და არა იმიტომ, რომ მას განსაკუთრებული ხმის ტემბრი ჰქონდა. ის - ლეგენდა კი მოგვიანებით აღმოვაჩინე, როცა გავიზარდე და საკუთარი სამეგობრო გამიჩნდა; როცა "მართვეში" ვმღეროდი და სიმღერა შემიყვარდა; როცა მამას ნამღერი მოვისმინე და უცებ მისი სილამაზე დავინახე“....

„გაფრინდი შავო მერცხალო...“

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ფილარმონიაში კონცერტი ჰქონდა. რეპეტიციების დროს რკინის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოვარდა და მის ცხვირწინ დაეცა. ლამარა, როგორ გადავრჩი, არ გიკვირსო? – აღშფოთებული მეუბნებოდა.

მაინც ვერ ასცდა რკინის სოლს – ორ წელიწადში დაიღუპა. მანამდე უმცროსი ძმა გარდამეცვალა. ამის შემდეგ ჰამლეტი სხვანაირი გახდა, უფრო მობილიზებული და ყურადღებიანი.

ნუ ტირი ამდენს, ის ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადავიდა, ფიზიკურად აღარ არის, თორემ, შენს გულში, ჩემს გულში და ყველა ჩვენგანის გულში ხომ არისო, – მამხნევებდა.

თურმე, მეორე ტკივილისთვის შემამზადა, რომ კიდევ ერთი უბედურება გადამეტანა. ლენინგრადში მიდიოდნენ გასტროლებზე. გადაწყვიტა, მე და ბავშვებიც წავეყვანეთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო გამოსათხოვარი პერიოდი.

იქიდან რომ ჩამოვიდოდით, მერე იტალიაში უნდა წასულიყვნენ, მაგრამ, ლენინგრადში ყოფნის დროს რაღაც ცვლილებები მოხდა და იტალიის გასტროლები ჩაიშალა. 10 ივლისს ჩამოვედით. კონცერტები კახეთში დაგეგმეს. მაგ დროს ჰამლეტს ბრმა ნაწლავი ასტკივდა.

„ლეჩკომბინატში“ მივედით, სადაც აღრიცხვაზე იყო. არ გაიკეთა ოპერაცია – კონცერტებია დაგეგმილი და, როგორ შეიძლება, კახეთში „რუსთავი“ უჩემოდ წავიდესო.

ქირურგი ჩვენი ახლობელი კაცი იყო და მითხრა: ლამარა, გაუშვი ეს კაცი, წავიდეს, თელავი ახლოსაა. თუ შეტევა მოუვა, აგერ არ ვარ? უცებ ჩავალ და ყველაფერს გავუკეთებ, ამის გამო ნუ ხარ წინააღმდეგიო.

ღამით კი ასეთი რამ მოხდა: ტელეფონმა დარეკა, ავიღე ყურმილი და მესმის ჩემი გარდაცვლილი ძმის ხმა – ლამარა, რას შვრებიო, – და, გაითიშა.

ჰამლეტს სადილზე და ვახშამზე წესად ჰქონდა ერთი-ორი ჭიქა ღვინის დალევა, ერთმანეთს ვუყვებოდით, დღემ როგორ ჩაიარა, ბავშვები როგორ სწავლობენ. ერთხელ, მთხოვა, შენც დალიეო. ღვინო არა, მაგრამ, შამპანურს კი ნამდვილად დავლევდი-მეთქი.

ეჰ, ეს რა ცხოვრებაა, ცოლს შამპანური უნდა და სახლში არ მაქვსო. წავიდა კახეთში. მეორე დღეს უნდა ჩამოვიდეს, ველოდები. თვითონ ვიყიდე შამპანური, მაცივარში შევდგი გასაცივებლად და კარგი სადილიც მოვამზადე.

მოსაღამოვდა. რამდენი მანქანა გაჩერდება, აივნიდან გადავხედავ, ჰამლეტი ხომ არ მოვიდა-მეთქი. რომ დააგვიანდა, ანსამბლის ერთ-ერთ წევრთან, ტარიელ ონაშვილთან დავრეკე.

თელავიდან პირდაპირ ანაგაში (დედულეთში – ავტორი) წავიდა, სტუმრები ჰყავდაო, – მითხრა. ცოტა ხანში ტელეფონი რეკავს – გონაშვილის ბინააო? დიახ-მეთქი.

ჰამლეტი ცუდად გახდა და დაიბარა, მეუღლე ჩამოვიდესო. მაშინვე ვიფიქრე, ალბათ, ბრმა ნაწლავის შეტევა მოუვიდა-მეთქი. მე და რამდენიმე ადამიანი ჩავსხედით მანქანაში და მივდივართ. წეღან ხომ გიყვებოდით, სადმე ჭრელ ფოთოლს რომ ნახავდა, ჩემთან მოჰქონდა-მეთქი და, უცებ, თავში გამიელვა.

გზაში ჩემს მულს ვკითხე, ახლა ანაგაში რა ხილია, ჰამლეტი ხეზე ხომ არ ავიდა და ჩამოვარდა-მეთქი?

ვიფიქრე, ალბათ, ჩემთვის კრეფდა ხილს და ნამდვილად რაღაც დაემართა-მეთქი. ზუსტად ასე მომხდარა. მათ იცოდნენ, რომ აღარ არის და გაოცდნენ – რას ამბობსო.

ვხედავ, ჭიშკარი ღიაა და უამრავი ხალხია თავშეყრილი. მაინც არ დავუშვი, რომ აღარ იყო. ბოლომდე ვფიქრობდი, რომ ცუდად არის და ამიტომ იყო ამდენი ხალხი.

მეზობელს ხე უჩრდილავდა და უთხოვია, ტოტები მოეჭრა. ძირში ძველისძველი ხის კუნძი იდგა, რომელზეც საქონლის დასაბმელი სოლი იყო ჩარჭობილი. წინა დღეებში ჩემს დედამთილს უცდია მისი ამოღება – ბავშვები რომ ჩამოდიან, ამაზე რამე არ იტკინონო. ამოღება რომ დაუწყია, მეზობელი მისულა რაღაც საქმეზე, ამასობაში შებინდებულა კიდეც და თავი მიუნებებია. ეტყობა, ჰამლეტს ტოტზე ფეხი დაუცურდა და ზედ ჩამოეგო.

ის თბილისში, საბურთალოს სასაფაოზე დაკრძალეს. შემდეგ კი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.



აგრეთვე წაიკითხეთ:

გაჭირვება, დაცინვა, 2-ღმერთიანობა, ტანჯვა და აუხდენელი ოცნებები - ყანჩელის პორტრეტი

ეკა მამალაძის 2 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან

„ღალატი“, 2 ქორწინება, ეჭვიანობა და აგარაკზე გარდაცვლილი მეუღლე - გურამ საღარაძის პორტრეტი