Digest Logo

ავთვისებიანი სიმსივნეც აღმომაჩნდა... - თვითმკურნალობა ჯერ ვალერიანის წვეთებით დავიწყე - მანანა კოზაკოვა

1610015533
მსახიობი მანან კოზაკოვა

მსახიობმა მანანა კოზაკოვამ პანდემიის პირობებში ახალი საქმე წამოიწყო. მან აქსესუარებისა და სამოსის დეტალების, შექმნა დაიწყო. ეს საქმე კოზაკოვასთვის გარკვეული შემოსავლის წყაროცაა და რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით მძიმე პერიოდში ის გულის გადაყოლებაშიც ეხმარება.

ახალი საქმის შესახებ კოზაკოვა ჟურნალ „თბილისელებს“ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- პანდემიის დროს ძალიან გამიჭირდა, უსაქმოდ დავრჩი. ვფიქრობდი, რით შეიძლებოდა, დავკავებულიყავი და მოვიფიქრე. ამ სიტუაციაში კაბას ვერ იყიდი, საჭირო არაა, სად უნდა ჩაიცვა?! მაგრამ სუპერმარკეტში პურზეც რომ ჩადიხარ, ხომ გინდა, კარგად გამოიყურებოდე და ამიტომ, გადავწყვიტეთ, ისეთი დეტალები შეგვექმნა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ სამოსს ხალისს შემატებს და ქალურობასაც ხაზს გაუსვამს. ქალბატონმა ნუნუ ბენდუქიძემ ძალიან ძვირფასი ჰალსტუხები მაჩუქა და მათგან ჟილეტის, საყელოსა და სხვა დეტალების შექმნა დავიწყე. ახლა უკვე ბევრი იდეა დამიგროვდა, საახალწლოც და ყოველდღიურიც. სამკაული იქნებოდა თუ სამოსი, სახლში რაც კი რამე მებადა, ყველაფერი დავშალე (იცინის). ლევანი მეხუმრება, თუ ყველაფერი დაშალე, რაღა გამოვაო. ეს საქმე საკუთარი სიამოვნებისთვის წამოვიწყე, მაგრამ იმდენი რამ დაგვიგროვდა, რომ გაყიდვაზეც დავიწყე ფიქრი.

– ბატონი ლევანი როგორ უყურებს ამ ამბავს?

– ბატონი ლევანი ძალიან ჩართულია პროცესში. ამბობს, რომ ის კრიტიკოსია და მითითებებს გვაძლევს, ბოლო სიტყვა მისია. მე დირექტორს მეძახის (იცინის).

– შემოსავლის წყაროსთან ერთად, ამ რთულ ვითარებაში ეს რეაბილიტაციის პროცესიცაა, არა?

– უფრო ეგ არის. ძალიან განვიცდი, რაც ჩვენს თავს ხდება, ძალიან ცუდად ვარ. ეს საქმე რაღაც დოზით დამეხმარა, მაგრამ ზოგჯერ თავს ვერ ვერევი. თვითმკურნალობა ჯერ ვალერიანის წვეთებით დავიწყე, მერე სხვა წამალი დავლიე, მერე კიდევ სხვა. არადა, წამლების თვითნებურად მიღება ძალიან ცუდია, შეიძლება, უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდე. ამიტომ ნევროპათოლოგს მივმართე, მივხვდი, რომ საჭირო იყო. მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან მშველის-მეთქი, მთლად მართალი არ იქნება.

– კარგ ამბებზეც ვისაუბროთ. ქალბატონები ძალიან განიცდიან ასაკის მატებას, რადგან ეს გარეგნობაზე უარყოფითად აისახება. თქვენს შემთხვევაში პირიქითაა, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებით და თან წონაშიც საგრძნობლად დაიკელით.

– წონა რომ დავიკელი, ალბათ, ამან იქონია გავლენა. კილოგრამები ასაკსაც გმატებს. გარეგნობაზე ზრუნვა და თავის მოვლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და რაც შეგიძლია, უნდა გააკეთო, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. წონას რაც შეეხება, საგრძნობლად დავიკელი და ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. მახსოვს, ბოლოს, საშინელი კომენტარი დამიწერეს ფოტოს ქვეშ. მაშინ ტირილით გავსკდი, მაგრამ ახლა, ალბათ, მადლობა უნდა ვუთხრა მის ავტორს. პირშიც ხშირად უთქვამთ დანანებით, ასე რატომ გასუქდიო, რასაც ძალიან განვიცდიდი. ერთ დღეს გავიღვიძე და გადავწყვიტე, ყველაფერი შემეცვალა. ჯანმრთელობის ამბავიც იყო, ჩიყვის ოპერაცია გავიკეთე, ავთვისებიანი სიმსივნეც აღმომაჩნდა, ბევრი რაღაც იყო და არც თუ ისე სასიამოვნო, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამ წელიწადში ნელ-ნელა დავიკელი.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

პირველები ხართ, ვისაც ამ ამბავს ვუყვები - მზია მაღლაკელიძემ უცხოპლანეტელი ნახა

მე რომ საქართველოში გავზრდილიყავი, სულიერად ღარიბი ვიქნებოდი - გაიცანით გამსახურდიების შთამომავალი

როცა მიჭირს, ჩემი გარდაცვლილი შვილი მეხმარება იმქვეყნიდან - ცოტა რამ მამა შალვას საერო და სასულიერო ცხოვრებიდან