Digest Logo

ბანკში ჩადებული ბინა, შიმშილი, ოჯახის დანგრევა და ქორწინება უცხოელ კაცზე - ანიტა რაჭველიშვილის პირადი

1614259297
ანიტა რაჭველიშვილი

მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა, იტალიაში ანასტასია რაჭველის სახელით ცნობილმა მომღერალმა, უცხოეთში წასვლამდე საკმაოდ რთული გზა გაიარა. 

ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავად საუბრობდა.

მისივე თქმით, ბავშვობაში ძალიან უჭირდა და წარმატებული კარიერისკენ მიმავალი გზა თავად გაიკაფა.

ცხოვრებისეული პირობები ხელს არ უწყობდა და დიდხანს არ აძლევდა საშუალებას თავისი ნიშა ეპოვა და საოპერო ხელოვნებაში ის ადგილი დაეკავებინა, რომელიც დღეს აქვს, თუმცა, მომღერალს მიაჩნია, რომ წინ კიდევ გრძელი და რთული გზაა გასავლელი.

საქართველოში მისმა ოჯახურმა გაჭირვებამ პიკს რომ მიაღწია, ჩემოდნები ჩაალაგა და უცხოეთისკენ გასწია. ამაში მშობლები და ვოკალის პედაგოგი დაეხმარნენ.

იმ მომენტში ერთადერთ პრობლემად უფინანსობა რჩებოდა. ევროპაში გასამგზავრებელი თანხები არ ჰქონდათ და, ცნობილ ადამიანებთან, ბიზნესმენებთან თუ მთავრობის წევრებთან ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ერთადერთი გამოსავალი იპოვეს – ბინა ბანკში ჩადეს.

აი, როგორ იხსენებს წარსულს რაჭველიშვილი:

გაჭირვება

უმძიმეს პირობებში ვცხოვრობდით. ვშიმშილობდით, სხვა ელემენტარულ რაღაცეებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. როდესაც ჩემი სწავლისთვის დაგვჭირდა ფული, ვერაფერი მოვახერხეთ. ვოკალში, სოლფეჯიოსა და სხვა საგნებში მომზადება მჭირდებოდა, ეს ყველაფერი კი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა.

მახსოვს, ზამთარში რამდენიმე წყვილ წინდას და სანდლებს ვიცვამდი. ვიყინებოდით, სახლში არაფერი გვენთო, ყველა ერთად ვწვებოდით ლოგინში, რომ ერთმანეთი გაგვეთბო, მაგრამ, ახლა რომ ვფიქრობ, ნამდვილად ღირდა. თუ ეს გზა არ გამოიარე, ისე ვერაფერს მიაღწევ.

პირველი სიყვარული

24-საათიანი სატელეფონო რეჟიმში ვართ მე და ოთო მაისურაძე და ეს ახლა არ დაწყებულა, ასე იყო მაშინაც, როცა შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა.

შეიძლება, ოჯახის წევრი ვეღარ გააღვიძო ღამის 12 საათზე, მაგრამ შემიძლია, მას დავურეკო, გავაღვიძო და ისიც მზად იქნება, მიპასუხოს. ოთო დიდი ხნის განმავლობაში ხალხურ ანსამბლში მღეროდა საკმაოდ წარმატებულად, მაგრამ ახლა იქიდან წამოვიდა, რადგან მის გეგმაშია, ვოკალურ ხელოვნებას დაეუფლოს – კონსერვატორიაში ჩააბაროს.

ოთოს ძალიან ლამაზი ხმა აქვს და, შეუძლია, წარმატებული საოპერო მომღერალი გახდეს, ამისთვის მას ყველაფერი აქვს: ხმის გარდა – გარეგნობა და, ასევე, ბრძოლის უნარი.

მეგობრები ვიყავით „ფეისბუქზე“. დიდი ხნის წინ გამომიგზავნა მეგობრობა, მაგრამ კონტაქტი არ გვქონია. როცა მისი ფოტოები მხვდებოდა, ვიწონებდი – მომწონდა როგორც ტიპაჟი, როგორ პოსტებს დებდა, რაზე ამახვილებდა ყურადღებას. ერთხელაც, მახსოვს, რაღაც ვიდეო დავდე, რომელსაც უყურა და, გადაწყვიტა, მოეწერა, როგორ დიდ პატივს სცემს ჩემს ხელოვნებას და პირადად მე.

მეგობრულ დონეზე დაიწყო ჩვენი საუბარი, მაგრამ, როდესაც მივხვდით, რომ ჩვენ შორის დიდი ადამიანური კავშირი იყო, გადავწყვიტეთ, ერთ-ერთ ჩამოსვლაზე შევხვედროდით ერთმანეთს. პირველად შარშან ზამთარში შევხვდით და ასე დაიწყო ჩვენი პატარა სასიყვარულო ისტორია. შევთანხმდით, რუსთაველზე შევხვედროდით. მივედი პირველ სკოლასთან – არავინ დამხვდა. მაშინ ჯერ მხოლოდ ფოტოებით ვიცნობდი. უცბად ვიღაც მომეპარა და თვალებზე ხელი ამაფარა: აბა, გამოიცანი, ვინ ვარო.

პირველივე შეხვედრისას ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. ბევრი ლამაზი სიურპრიზი მომიწყო, ბევრი რომანტიკული რამ გააკეთა, რითაც თავი შემაყვარა და დიდ პატივს ვცემ.

თითქოს წარსულიდან გადმოსული ადამიანია, რომელიც ბევრჯერ მაოცებს თავისი განსხვავებული საქციელით. ზოგჯერ ფილმის გმირი უფრო მგონია, ვიდრე რეალური ადამიანი, მაგრამ, არ არის კინოს გმირი, რეალური პიროვნებაა, რომელსაც პირადად ვიცნობ და რომელმაც ცოტა ხნის წინ ხელი მთხოვა.

რაც შეეხება ხელის თხოვნას, მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან, ცხადი იყო მისი სერიოზული ზრახვები. ამაში არც თვითონ ეპარებოდა ეჭვი, ასე მითხრა: ლოგიკური დასასრული, როდესაც შენნაირი გოგოს ხვდება კაცი, არის ის, რომ ეს კაცი ხელს სთხოვს; მაგრამ, მეორეა, ქალი თანხმობას თუ იტყვისო.

მას გაუმართლა, რადგან მე ვთქვი – „კი”.

ჩვენი ერთ-ერთი ძალიან ლამაზი პაემანი ვახშამი იყო გაბრიაძის კაფეში, სადაც ხელი მთხოვა. შემდეგ მე პარიზში ვიყავი, როდესაც ოთო ჩემს მშობლებთან მივიდა და ჩემ გარეშე სთხოვა ჩემი ხელი, მე კი ამ ყველაფერს „ფეის თაიმით“ ვესწრებოდი – ინტერნეტით დავესწარი ჩემი ხელის თხოვნას.

განშორება

სიყვარულით შექმნილი ოჯახი იყო, მაგრამ რაღაც ეტაპზე გართულდა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ, ერთმანეთისგან შორს ვიყავით. მეორე მხრივ, სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ იყო ეჭვიანობისა და გარკვეულწილად, შურის მომენტიც, ამის გამო ძალიან გაგვირთულდა ურთიერთობა, თუმცა მეგობრობა შევინარჩუნეთ. ხანდახან ვკონტაქტობთ. როცა ურთიერთობა მეგობრობიდან იწყება და მერე ჩნდება სიყვარული, ძირითადად, ეს მთავრდება იმით, რომ მეგობრობა რჩება, სიყვარული კი ქრება. სწორედ ასე მოგვივიდა მე და ჩემს მეუღლეს. ვიმეგობრეთ, მერე ვიცხოვრეთ ერთად და ბოლოს ისევ მეგობრობით დავამთავრეთ ყველაფერი. ორივემ გადავიტანეთ რთული პერიოდი, ასე ვთქვათ, მუშაობას შევაკალით თავი. ამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ჯობია, დროზე მიხვდე, ვიდრე უფრო შეტოპო და მერე აღმოაჩინო, რომ 20 წელი უბედური ყოფილხარ.

მეორე სიყვარული

ერთმანეთი „ლა სკალას“ აკადემიაში გავიცანით, სადაც ვსწავლობდით. თავიდან ვმეგობრობდით, ერთმანეთს გვერდში ვედექით. მაგრამ, რადგან ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობა რთულია, როგორც ხდება ხოლმე, ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზარდა.

მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე მას უკვე რამდენიმე თვეა, ვუყვარვარ და მე არაფერი ვიცოდი. რაღაცას კი ვხვდებოდი – როგორ შეიძლება, ქალი ვერ მიხვდეს, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას, იმიტომ რომ, არ ვიყავი დარწმუნებული. ბოლოს, როცა პირადად მითხრა, მიყვარხარ და შენთან ერთად მინდა ყოფნაო, იმის მერე ნახევარი წელი ერთად ვცხოვრობდით და შემდეგ დავქორწინდით.

მე და ჩემი მეუღლე მის დედასთან და ბიძასთან ერთად ვცხოვრობთ და მისი ოფიციალური მეუღლე ვარ. შესაბამისად, დანარჩენ რაღაცეებს უკვე აღარ ვაქცევთ ყურადღებას.

ანიტა და ფრანკო ძეფირელი

„ლა სკალას“ „კარმენის” შემდეგ დაიწერა გაზეთებში, რომ ძეფირელის ძალიან მოვეწონე და უნდოდა მისი „კარმენი” მემღერა. შესაბამისად, მისი და თეატრის გადაწყვეტილებით დამიძახეს და ვიმღერე.

როდესაც ეს გავიგე, ძალიან გამიხარდა, რადგან მის ხელში უდიდესმა მეცო-სოპრანოებმა გაიარეს. უამრავი ფილმი აქვს გადაღებული და თავისი ოპერები ბევრი თეატრის სცენაზე აქვს დადგმული.

ძალიან გამიხარდა, რომ ასეთი რეჟისორის არჩევანი ჩემზე შეჩერდა. ეს მიდასტურებს იმას, რომ უზარმაზარ შრომას, რომელსაც საქმეში ვდებ, ფუჭად არ ჩაუვლია.


🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე

ინფარქტი, დაპირისპირება ნანუკა ჟორჟორიალთან და დიდი ტრაგედია - ნინო შუბლაძის უცნობი ამბები

კრიმინალური ავტორიტეტი და ჟურნალისტი - ვინ არიან ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ყოფილები