Digest Logo

ბევრად კარგად ვცხოვრობ, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის 90% - გვარამია საკუთარ ცხოვრებაზე

1608795132
ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. გვარამიას ცხოვრება საზოგადოების ნაწილისთვის საინტერესოა, ბევრს აინტერსებს რამდენი აქვს ანაზღაურება ქვეყნის ერთ-ერთი პრესტიჟული არხის დირექტორს, თანაც მის ხელფასზე ყვითელ პრესაში უკვე ლეგენდები დადის, ასევე საინტერესოა როგორ ცხოვრობს ის.

თქვენს ხელფასებზე ლეგენდები დადის და ისეთი სახლი, როგორიც გინდათ, რატომ არ გაქვთ?

– ახლა ყველაზე დაბალი ხელფასი მაქვს, რაც კერძო სექტორში მუშაობისას მქონია. გეთანხმებით, საქართველოს მასშტაბით დიდი ხელფასია 20 ათასი დოლარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი მასშტაბია პატარა. კერძო სახლის ყიდვას ნამდვილად არ ჰყოფნის ვერც ეს ხელფასი.

ახლა საერთოდ არ მაქვს სახლი. კრედიტში მაქვს ჩადებული სახლი, რომელიც ვერ დავასრულე, რადგან რემონტისთვის სახსრები არ მეყო. ამჟამად თეთრი კარკასია. ვფიქრობ, გავყიდო და ცოტა უფრო პატარა ვიყიდო, რადგან ვერ გავწვდი. თან ცოტანი არ ვართ, სამი შვილი მყავს და შესაბამისად, მინდა, ყველას თავისი საძინებელი ჰქონდეს.

კერძო სახლში ვარ გაზრდილი და მიყვარს. შერჩეულიც მქონდა ერთი სახლი, მაგრამ ვერ გავწვდი, გაიყიდა და ძალიან დამწყდა გული. ეზო ჩემი სოხუმის სახლისას ჰგავდა.

მე ყველაფერი ნულიდან დავიწყე, ჩემთვის არავის არაფერი დაუტოვებია. ისე მოხდა, რომ დედამ და მამამ რაც შექმნეს, სოხუმში დატოვეს.

პირველად რომ სახლი ვიყიდე, უკვე 30 წელს ვიყავი გადაცილებული. მანამდე ვაკეში, სტუდქალაქში ვცხოვრობდით და მერე – ნაქირავებში. ახლაც ნაქირავებში ვცხოვრობ. სალაპარაკო გახდა, თორემ ჩემი ხელფასი ლეგენდარული სულაც არ არის.

– საქართველოს პირობებში ჩვენი, სხვა ადამიანების, ხელფასებთან შედარებით ნამდვილად ლეგენდარულია…

– მე ძალიან ბევრ ადამიანს ვარჩენ – მეგობრებს, ნათესავებს. ვისაც უჭირს, ჩემი ხელფასიდან მოჭრილად პირდაპირ მიდის 500-1000 ლარი მათკენ. ზოგს 1500-საც ვაძლევ. ოჯახის წევრებსაც ვინახავ და ა.შ. ვთვლი, რომ ასეა საჭირო, რადგან ჩემს საყვარელ ადამიანებს რომ საჭმლის ფული არ ჰქონდეთ, ჩემთვის მიუღებელია.

თავადაც გამომივლია ეს პერიოდი და არ მინდა, რომ ვინმე ჩემიანმა ასე იცხოვროს. თვითონ არ მთხოვენ, მაგრამ მე ვიცი, ვის სჭირდება. ჩემი ხელფასიდან ავტომატურად ირიცხება გარკვეული თანხები დაახლოებით 10 მიმართულებით. თავს კი არ ვიწონებ, მართლა ასეა და ალბათ ყველა ასე იქცევა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს.

ამის გარდა, ჩემი სამუშაოც არაა მარტივი და საკმაოდ ხარჯიანია. ერთადერთი, რაშიც ჩემთვის შეუზღუდავად ვხარჯავ ფულს, ტანსაცმელია. შოპოჰოლიზმი მაქვს და ეს არის ჩემთვის დიდი თერაპია. ამ ქვეყანაში სხვას ვერაფერს ვაკეთებ. ფაქტობრივად არსად სიარულის უფლება არ მაქვს, არც ბარში ღამით და არც სხვა ადგილას დროის სატარებლად, რადგან 10 მანქანა მაინც დამდევს, რომლებიც ყველაფერს იწერენ და მერე აქვეყნებენ.

ასე რომ, ძალიან შეზღუდული ვარ და არც ეს ხელფასი მაძლევს რაიმე განსაკუთრებულს. ყოველ შემთხვევაში, 7 წელი ამ ხელფასმა ის ვერ მომიტანა, რომ რაიმე სერიოზული ქონება მქონოდა. ჩვენი საკუთარი ავტომანქანაც არ გვყავს. სოფოს მზითევის ფულით უნდა მეყიდა მანქანა და მაშინ მოხდა, რაც მოხდა „რუსთავი 2”-ში, განვადებით ნაყიდი მანქანა უკან დავაბრუნეთ. ახლა ჯარიმა მაქვს გადასახდელი.

ამ ყველაფერთან ერთად კი ჩემი დაჭერაც უნდათ. კი არ ვწუწუნებ, ბევრად კარგად ვცხოვრობ, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის 90%, მაგრამ ბევრად მეტსაც ვმუშაობ და კვალიფიკაციაც ბევრზე მეტი მაქვს. თავის ქება კი გამომივიდა, მაგრამ ასეა.

წყარო: sarkenews.ge