Digest Logo

ჩემზე მშიშარა აღმოჩნდა და „გავჭედე“ - სურამელაშვილი სიყვარულსა და დეპრესიაზე

1608486441
გია სურამელაშვილი

ყველასთვის საყვარელი მომღერალი გია სურამელაშვილი, რომელიც საოცრად პოპულარულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ცოტა ხნის წინ, დეპრესიის შესახებ საუბრობდა, თუმცა ეს პერიოდი მალე გადალახა და მსმენელს მისთვის დამახასიათებელი ბრწყინვალებით დაუბრუნდა.

გთავაზობთ ჟურნალს „თბილისელების“ ინტერვიუს მომღერალ გია სურამელაშვილთან.

გია სურამელაშვილი: არ უარვყოფ, რომ დეპრესია მქონდა. ისეთი დატვირთული გრაფიკი მქონდა, ამას დამატებული გასტროლები და ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ თავს კარგად ვერ ვგრძნობდი. კორონას ამბები რომ დაიწყო, მე ისრაელში ვიყავი ჩემს დაცვასთან ერთად. მაშინ უკვე ჭორები დადიოდა ვირუსზე, მაგრამ ყოველგვარი შეფერხების გარეშე გავფრინდი. ეს იყო თებერვლის ბოლოს და აქ რომ დავბრუნდით, უკვე გაქანებული კორონა თუ რაღაც ჯანდაბა იყო. მაგრამ არ ვარ მშიშარა, არაფრის მეშინია. ერთადერთი, სიკვდილის, მაგრამ ესეც გარდაუვალია და როცა შენი დრო მოვა, მაშინ მოკვდები. იმ სიტუაციაში ცოტა ვინერვიულე, უცბად, დიდი საფუძველი გამომეცალა. როცა ადამიანი დღეში სამ და ოთხ რესტორანში მღერი, იმ დონის მოთხოვნადი ხარ, რომ შენთან შეხვედრას უამრავი ადამიანი ელოდება, თან ის პერიოდია, როცა პირად ცხოვრებაშიც ძალიან ბედნიერი ხარ, მერე კი ეს ლამაზად აშენებული კოშკი უცებ ინგრევა, ცოტა დეპრესიაში ვარდები. თუმცა, დეპრესია შეიძლება, უბრალოდ, გადაღლილობის გამოც დაგემართოს. დღეში ორი ათასი ადამიანი რომ გახტება, ყველას უნდა აკოცო და აკოცნინო, იღლები ადამიანი. ყველას უღრმესი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის, ეს დიდი სიხარულია, მაგრამ თან დამღლელიცაა. ფინანსურადაც ძალიან კარგად ვიყავი და ეს ყველაფერი უცებ დიანგრა. ვერ დავიწუწუნებ, მშიერი ვკვდებოდი-მეთქი, უმაგრესი მეგობრები მყავს და მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ყურადღებას მაქცევდნენ. მაგრამ პირადულში „გავჭედე“, იმიტომ, რომ მან „გაჭედა“. ჩემზე მშიშარა აღმოჩნდა და ამიტომ „გავჭედე“. თუმცა ყველაფერი გადასარევად გადავიტანე. სახლში დღესაც მყავდნენ დამხმარეები, მომიწესრიგეს პედიკური, მანიკური, თმა და ყველაფერი. ამის დეფიციტი არასდროს მქონია, მე ყველა სახლში მაკითხავს, მაგრამ გარესამყარო რომ ასეთ დაუცველ და საშინელ მდგომარეობაში იყო, ეს მაღიზიანებდა, მეტი არაფერი.

– საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დამთავრება არ გაგიჭირდა?

– ურთიერთობა არ დამიმთავრებია. ასე მე გადავწყვიტე იმ მომენტში. არასოდეს დამიმალავს, რომ ხშირად ვსვამ და ამ ადამიანს არ მოსწონს. დალევის შემდეგ „ვჭედავ“ და ამის გამო გვაქვს პრობლემები. ადამიანია და ბუნება. პათოლოგიურად ვუყვარვარ, მაგრამ ჩემს დალევას ვერ იტანს.

– თავიდანვე ხომ იცოდა, რომ ასეთი იყავი?

– კი, მაგრამ ნასვამი აგრესიული ვხდები, მერე ნერვებს ვუშლი და არ უნდა. რატომ? რის გამო? ჩვენი ასეთი დიდი სიყვარული რატომ უნდა დაინგრეს, სამი ჭიქის მერე ათს რომ დაამატებ, ამის გამო?

– საბოლოო ჯამში, შერიგდით?

– ეს აქამდე არ მითქვამს, მაგრამ კი, შევრიგდით. არც გვიჩხუბია, ჩემმა მძიმე ხასიათებმა დაგვაშორა. მე მას არაფერს ვაბრალებ, მხოლოდ – საკუთარ თავს, მძიმე ხასიათს და ხშირ დალევას. როცა შენს საყვარელ ადამიანს ამ დონეზე უყვარხარ და არ მოსწონს, რომ შენ მთვრალს გხედავს
მთელი მსოფლიო, მგონი, უნდა გაითვალისწინო. მე ამას არ ვითვალისწინებდი და სწყინდა.

– ახლა აპირებ გაითვალისწინო?

– ყველანაირად ვეცდები. მაგრამ მე ძალიან სიმთვრალეზე გეუბნები. წარმოიდგინე, საღამოს ექვსიდან ღამის ორ საათამდე რომ ამდენ რესტორანში დადიხარ, სვამ და ჭიქებს აჭახუნებ, მერე აგრესიული ხდები, არავის ესიამოვნება. მაგრამ, მე მგონი, ეს უფრო ეჭვიანობა იყო მისი მხრიდან (იცინის). რომ ვთვრები, უფრო მეტ ადამიანს ვუშვებ ახლოს საკოცნელად. თვითონ ამბობს, არ ვეჭვიანობო, მაგრამ როგორ არა, ფაქტია (იცინის). იეჭვიანებ შენს გვერდით გია რომაა, ლამაზი რომაა, ამდენი ხალხი ეხვევა, ხელზე კოცნის, ყელზე კოცნის... საყვარელი ადამიანი ამას ერთხელ და ორჯერ აიტანს, მაგრამ ყოველდღე რომ ხედავდა, ხალხი ჩემს წინაშე მუხლებზე იჩოქებდა და ხელებზე და ფეხებზე მკოცნიდა, მეც რომ მის ადგილას ვიყო, გამიჭირდებოდა ამასთან შეგუება. თუმცა არ გვიჩხუბია. უბრალოდ, დაბლოკილები ვიყავით, მეც ჩაკეტილი ვიყავი და ისიც, თავისით მოხდა ასე. შეგნებულად არ დავშორებულვართ. მე ვთქვი, დაგშორდი-მეთქი და თვითონაც გაკვირვებული იყო. ეს აიტაცა პრესამ, თორემ ოფიციალურად არც დავშორებულვართ, როგორ უნდა დავშორდე ადამიანს, რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარვარ და მეც მიყვარს.

– როგორია ის ადამიანი, გიას რომ სიგიჟემდე უყვარს?

– ძალიან ყურადღებიანია და თვალებბრჭყვიალა. მის თვალებში ძალიან დიდ სიყვარულს ვხედავ. მე უმძიმესი ადამიანი ვარ. ადვილად ვერავის ნათქვამს, ვერავის გრძნობას ვერ ვიჯერებ, მაგრამ ამ ადამიანში დავინახე, რომ ძალიან ვუყვარვარ. ძალიან ძნელია, რომ იყო გია სურამელაშვილი და პირადული გქონდეს. რა დაგიმალო და მეც ეჭვიანი ვარ. მიყვარს სიმართლის ლაპარაკი. მიყვარხართ ჟურნალისტები, რადგან არასოდეს ჩემზე ცუდი არ დაგიწერიათ, იმიტომ, რომ ყოველთვის მართალი ვარ, მე ტყუილი არ ვიცი. ამიტომაც ვუყვარვარ ყველას. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ოჯახი: შვილი, შვილიშვილი, რძალი, ვარ მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალი, მთელ მსოფლიოში დავდივარ გასტროლებით და მარტო საქართველოთი არ შემოვიფარგლები. სულ „ფეხებზე მკიდია“, ვინ როგორ გაიგებს ჩემს ნათქვამს, მე მაინც ყოველთვის სიმართლეს ვიტყვი. თუნდაც ის, რომ გადაცემაში ვიტირე. ცრემლი რომ წამომივიდა, ეს ალალი ცრემლი იყო, იმიტომ, რომ უცბად გული ამიჩუყდა. რაღაცნაირად გამახსენდა ან მომენატრა. ჩემი მეგობარი მაია ასათიანი ყოველთვის მიწყობს ხელს. სხვათა შორის, პირველი გადაღება საერთოდ ამოვჭერით, იმიტომ, რომ ძალიან ცუდად გავხდი, მაგრამ მეორე მცდელობაზე მაინც იგივე დამემართა, იმიტომ, რომ ეს გულწრფელი ემოციები იყო.

– მაყურებელმა ძალიან განიცადა, გულთან ახლოს მიიტანეს...

– კი, ძალიან ახლოს მიიტანეს გულთან და დიდი მადლობა ყველას, ვისაც ვუყვარვარ და პატივს მცემს. ახლა ძალიან უაზრო ჭორები აგორდა, ვითომ მე დამიჭირეს. არადა, აივნიდან ვიყურებოდი და დავინახე, როგორ დაიჭირეს ჩემი მენეჯერი და დაცვის უფროსი, ნასვამები იყვნენ. მერე სახლში რომ მოვდიოდი, საერთოდ სხვა პატრული გავაჩერე და ვკითხე, თქვენ გეცოდინებათ, სად წაიყვანეს ბიჭები და იქნებ, წამიყვანოთ-მეთქი. ამ დროს გადაუღიათ ფოტო. წეღან კი მოგეფერეთ ჟურნალისტებს, მაგრამ არ ვიცი, რაში დასჭირდათ ამ თემის „აგორება“. თუმცა, მგონი, მაგითაც პიარი მომემატა (იცინის).

– შეყვარებული გია როგორია, რას უკეთებს საყვარელ ადამიანს?

– ეგ იმ ადამიანმა უნდა თქვას, მაგრამ იმას, ალბათ, ვერასდროს ნახავთ.

– ის რას ამბობს ხოლმე?

– მეფერება: ჩემი ანგელოზი, ჩემი დახატული, ჩემი ულამაზესიო. მე გამოვიტანე დასკვნა, რომ მას ვარსკვლავი გია სურამელაშვილი არ ვუყვარვარ. რა თქმა უნდა, ჩემი სიმღერები უყვარს, მაგრამ მე როგორც ადამიანი, პიროვნება შევუყვარდი, ჩემი სიგიჟეებით. თან, ასი ათასში რომ გია სურამელაშვილი შენ ამოგირჩევს, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხომ?

– შენზე შეყვარებული ქალების ამბებიც მინდა გავიხსენოთ, თან, როგორც ვიცი, უამრავ საჩუქრებს გჩუქნიან...

– ძველი დროის გოგოები კაი ხანია, აღარ მინახავს, ბევრმა წელმა გაიარა და ახლა, შეიძლება, ვერც ვიცნო. დღესაც უამრავ საჩუქარს მჩუქნიან, სიურპრიზებს მიკეთებენ, ალბათ, მათი გული მოვიგე. მათ ტკივილს, განშორებებს შევეხე. ბევრი თაყვანისმცემელი არ მეშვება. ჩემთან ერთად თავიანთი სამყარო აქვთ შექმნილი და ყველა რესტორანში დამყვებიან. არ შეიძლება, ადამიანი 32 წელი სულ პოპულარული იყოს. რაც უნდა ლამაზი და კარგი იყო, სულ ყოველთვის როგორ უნდა უნდოდეთ შენი დანახვა და ფიქრობდნენ, აბა, დღეს რა ეცმევა? ისე, მეც მივაჩვიე გამორჩეულ სამოსს, კოსტიუმირებულ შოუებს. მე არ ვარ „ლა სკალას“ მომღერალი და არ ვმღერი სასწაულად, მაგრამ ვმღერი იმას, რაც ყველა ადამიანის გულამდე აღწევს. მეც ბევრჯერ ავტირებულვარ, სიმღერის დროს რამე რომ გამხსენებია, ბევრი თვითონ ატირებულა, ბევრს მოუხსნია სამკაულები და უჩუქებია, ეს ჩემგან, ჩემო საყვარელოო. ასეთი ლამაზი საღამოები ძალიან ხშირია. ზოგჯერ სიმღერას არ მაცდიან, ძალიან ხშირ შემთხვევაში დაცვა არის ხოლმე საჭირო, მაგრამ ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ უხეშად არავის მოქცნენ.

– შენ როგორ გამოხატავ ეჭვიანობას?

– ხომ არ წვები მაგასთან? – პირდაპირ ასე ვეკითხები და მპასუხობს: არა, ხუთი თვეა, არ დავწოლილვარ. შეიძლება, მატყუებს, მაგრამ არ ვიცი.