მომღერალი ბუბა კიკაბიძე გამოჩენის დღიდანვე დიდი სიყვარულით სარგებლობს. 2020 წლამდე ბუბას საზოგადოება, როგორც მომღერალი ასე იცნობდა, თუმცა 2020 წლის არჩევნებზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გახდა.
მძიმე ბავშვობა
„ჩვენი თაობა ძალიან დიდ გაჭირვებაში გაიზარდა. 24 საათი მშივრები ვიყავით. ეზოში თითქმის ყველას მამა ომში იყო წასული და მათი უმეტესობა აღარც დაბრუნებულა. ცოტა რომ წამოვიზარდეთ, ქუჩაში გადავედით. ერთმანეთის პატივისცემა გვქონდა. თუ ჩხუბი მოხდებოდა, გოგოს გულისთვის, მერე შევრიგდებოდით. სიგარეტს რომ ვეწეოდით, სახლში მისვლის წინ, ნიორს ვჭამდით დედებს სუნი რომ არ ეგრძნოთ. ვისაც ორი შარვალი ჰქონდა, ის ქართველად არ ითვლებოდა უნდა ჰქონოდა ერთი შარვალი და ერთი ფეხსაცმელი“- ამბობს ბუბა კიკაბიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
ბუბა კიკაბიძე წლებია ერთ ქალზეა შეყვარებული – ირინე ქებაძეზე, წყვილს ერთი საერთო ვაჟი ჰყავთ – კოკა.
ირინე ქებაძემ მსახიობი იყო, რომელმაც საკუთარი კარიერა ოჯახს შესწირა.
თავისი ცხოვრების სიყვარულთან შეხვედრას ვახტანგ კიკაბიძე კენედის სიკვდილს „აბრალებს“.
„კენედის ბრალია, რომ მე ცოლი მოვიყვანე. მაშინ გასტროლზე ვიყავით უნგრეთში. შუაღამისას ვისხედით, ვსვამდით, უცებ კივილ-წივილი ატყდა. მანქანები ჩერდება, ხალხი გარბის. თურმე, კენედი მოკლეს. ირა შეშინებული და ატირებული ჩამეხუტა. მას შემდეგ აღარ გამიშვია. საერთოდ არ მიყვარს მორბენალი მამაკაცები. ხდება, ვიღაც სხვა უყვარდება ქალს ან კაცს და უნდა წავიდეს სახლიდან. ეგ უბედურებაცაა და ბედნიერებაც, მაგრამ თუ მიდიხარ, კაცურად უნდა წახვიდე. შვილებსა და მეუღლეს არ უნდა გაუფუჭო ცხოვრება. ეს მთელი ფილოსოფიაა. სწორად სიარული ბევრს უჭირს. ალბათ, მეც ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ სულ ვცდილობდი, ასე არ მომხდარიყო. ჩემი ცოლი სულ მეუბნება, შენ ყველაფერი უკუღმა გაქვს. ჯერ გიყვარს სამშობლო, მერე მეგობრები და ბოლოს ოჯახი, როცა პირიქით უნდა იყოსო. დედაჩემმა ასე გამზარდა, ის ცოცხალი აღარაა და საყვედურს ვეღარ მიიღებს. ალბათ, ასეც უნდა იყოს, კაცი თავის მიწაზე უნდა ცხოვრობდეს, „მიმინოც“ ხომ ამაზეა“- ამბობს ბუბა კიკაბიძე.
კარიერა
ჩემი ორი მეგობარი უცხო ენებში სწავლობდა, მითხრეს, გამოსაშვები საღამო გვაქვს და კონცერტი უნდა გავაკეთოთო. ბიჭები არ ჰყავდათ ჯგუფში და იქნებ, ორი სიმღერა იმღეროო. ვიმღერე ის ორი სიმღერა. კონცერტს რექტორი ესწრებოდა. უკითხავს და, როცა გაიგო, მათთან არ ვსწავლობდი, უთქვამს: არ უნდა, რომ ისწავლოსო?! სწავლის დაწყებიდან ორი დღე ვიყავი აუდიტორიაში და მას მერე აღარ შევსულვარ. სულ რეპეტიციებზე დამათრევდნენ. კონცერტებიდან ახალგაზრდებმა გამიცნეს. მეც მივხვდი, რომ სიმღერა გამომდიოდა. მინდოდა, ფილარმონიაში გავესინჯე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელგაშლილი დამხვდებოდნენ და ინსტიტუტიდან წამოვედი. ორი სიმღერა ვიმღერე, ხრინწიანი ხმა აქვსო და არ მიმიღეს.
ინსტიტუტში ხომ აღარ მივბრუნდებოდი, ამათაც „დამბრაკეს“ და რა ვქნა, თავი მოვიკლა-მეთქი?! ამ დროს დარეკა კომისიის ერთმა წევრმა – ვახტანგ გოჩიაშვილმა, ჯგუფი მიმყავს რუსეთში და გვარს თუ გამოიცვლი წაგიყვან გასტროლზეო. დედას ვკითხე, რა გვარზე წავიდე-მეთქი და ჩემ გვარზე უკეთესი რომელი იქნებაო. პროგრამაში დაწერეს ვახტანგ ბაგრატიონი და ერთადერთი სტატია, რომელშიც მაგინებდნენ, იყო როსტოვში. ბოლოს გამოვიდა ახალგაზრდა, გამხდარი ბიჭი და მიკროფონში ბღაოდა ხრინწიანი ხმითო. შემდეგ ფილარმონიაში მომიკითხეს, გამაფორმეს და პროფესიონალურ სცენაზე პირველად გამოვედი. მერე იყო „დიელო“, რამდენიმე წელში – „ორერა“. უკვე ქუჩაში მცნობდნენ, კინოსტუდიიდან რომ დამირეკეს: თქვენი გადაღება უნდა კინოში კოლია სანიშვილსო.
ფილმში – „შეხვედრა მთაში“ ოთხი მთავარი როლი იყო. ლეილა აბაშიძე და თენგიზ არჩვაძე, მე და ლალი მესხი ვასრულებდით. ვიფიქრე, რადგან ფილმში გადამიღეს, ახლა სცენარების რიგი დადგება-მეთქი, მაგრამ ოთხი წელი არავის დაურეკავს. ალბათ, ჩემი საქმე არ არის-მეთქი, ხელი ჩავიქნიე. ოთხი წლის შემდეგ, მოსკოვიდან გაისმა ზარი რეჟისორ გიორგი დანელიასგან, მთავარ როლზე უნდა თქვენი გასინჯვაო. ძალიან მომწონდა კინემატოგრაფი, მაგრამ იმხელა პაუზის შემდეგ, უკვე აღარ მჯეროდა, რომ გადამიღებდნენ. „არ დაიდარდოს“ სცენარი მომცეს. ძალიან მომეწონა, ცრემლები წამომივიდა, მაგრამ რამდენიმე დღე გავიდა გასინჯვიდან და არ დამირეკეს, ძალიან დამწყდა გული. მესამე დღეს დარეკა დანელიამ და თავისებური სინჯები დაიწყო – ნათესავების ოჯახებში დავყავდი (იცინის).
თურქეთში მივდიოდი გასტროლზე, ცოტა დრო მქონდა და ძალიან ძნელი სცენის გადაღება დანიშნა. გადავიღეთ და წავედი. ვეებერთელა დარბაზებში გამოვდიოდით, იქაური ქართველები მოდიოდნენ ტირილით, პურმარილით, თან გვყვებიან, სულ დამავიწყდა ფილმი. რამდენიმე დღეში მომწერეს, რომ მთავარ როლზე დამამტკიცეს. გამოვიდა ფილმი და უამრავი პრემია მიიღო, დაიქცა მთელი მოსკოვი, მსოფლიო კინოფესტივალზეც გაუშვეს. აი, მერე წამოვიდა სცენარები, ოთხი წლით ადრე რომ ველოდი.
– ასეთი გაჭირვებული ცხოვრების ფონზე, ეს ყველაფერი რომ დაიმსახურეთ, ალბათ, ძალიან ემოციური იყო.
– ჩვენ „პადვლის მომღერლები“ ვართ. ასე ვეძახი ჩემს თავს, ნანი ბრეგვაძეს... იქიდან ამოვედით. ნანი ერთადერთია ჩვენი გუნდიდან, ვინც კონსერვატორიაში ისწავლა. ჩვენთვის არავის არაფერი მოუცია და უსწავლებია. უკვე ჩამოყალიბებული კაცი ვიყავი, პირველი ბინა რომ ავიშენეთ. რვა კვადრატულმეტრიან კორიდორში ვიზრდებოდი. ორივე მხარეს ჩაჭედილი კარი ჰქონდა და მეზობლები ცხოვრობდნენ. ფანჯარა არ გვქონდა, კარი სულ ღია იყო, რომ ჰაერი შემოსულიყო. პირველ სახლში საერთოდ ბეტონის იატაკი იყო და დღემდე ფეხები მტკივა. ვისაც პურის ნამცეცები მოუგროვებია მაგიდაზე და გადაყრის ნაცვლად პირში ჩაუყრია, ცხოვრება მას აქვს ნანახი.
– დედისთვის შეძელით იმ ცხოვრების კონპენსირება?
– ბედნიერებაა, როცა გრძნობ, რომ ხალხს უყვარხარ. დედა მოესწრო ამ ყველაფერს. სულ მეუბნებოდი, როგორ არ გრცხვენია, ასეთი ხრინწიანი ხმით რომ გამოდიხარ სცენაზეო. მაგრამ ბოლოს, ეტყობა, იფიქრა: რადგან ბილეთებს იღებენ და კონცერტებზე დარბაზი სულ სავსეა, ეტყობა, რაღაც არის და მე არ მესმისო. მერე აიტეხა – მე და შენ დუეტი უნდა ჩავწეროთო. დედას ძალიან კარგი ხმა ჰქონდა. ადამიანს ჰგონია, დედა სულ ცოცხალი იქნება და ვეუბნებოდი ხოლმე, მერე, მერე-მეთქი. ისე წავიდა, რომ ვერ ჩავწერეთ. გეგონება, ღმერთმა დამსაჯა ისე ჩამრჩა ეს გულში.
სოსო აბზიანიძე (პროდიუსერი): „მიმინო“ ყველასთვის ნაცნობ გრძნობებს ეხება და ძალიან უყვართ. რაღაც დიდი რომ იქმნება, მსხვერპლსაც ბევრს ითხოვს. ბუბას გადაღებების შემდეგ ოპერაცია დასჭირდა. თოვლში ცუდად დავარდა, თავი დაარტყა. ერთი გოგონა ფილმიდან, ხურდაზე რომ უარს ეუბნება, გადაღებიდან რომ წავიდა, ავარიაში მოყვა და გზაზე დაიღუპა. ხალხის სიყვარულს რაც შეხება, იშვიათად მეგულება შოუბიზნესის წარმომადგენელი, რომელსაც ვინმე მთავრობიდან და ცნობილი ბიზნესმენი ეპატიჟება სადილზე და ის უბრალო ხალხთან ჯდომას არჩევს. უკრაინაში რეპეტიცია ჰქონდა ბუბას, მნიშვნელოვანი მოწვევის ნაცვლად, სცენის მუშებთან შევიდა, დალია, ჭამა ძეხვი და პური და ბედნიერი იყო. იმათ კი ბოდიში მოუხადა. სახალხო ამიტომაცაა.
– ამ ყველაფრის უკან რა სირთულეები დგას?
ბუბა კიკაბიძე: იმიტომ, რომ რაღაცებს ვლაპარაკობდით, „გოსკონცერტმა“ ორი წელი მუშაობა ამიკრძალა. ყველაფერი წაიღეს, დამსაჯეს თავიანთი ჭკუით. მერე ახალმა კულტურის მინისტრმა დარეკა, ჩამოდით, ფესტივალი გვაქვს და გვინდა, საქართველოც იყოს წარმოდგენილიო. ყველაფერი აღმიდგინეთ და ჩამოვალ-მეთქი, ერთ საათში ყველაფერი გააკეთეს და ჩავედი. ათასნაირი ჭორი დადიოდა. სულ უნდოდათ, რომ ნანი ყოფილიყო ჩემი ცოლი. მერე რეზო გიგინეიშვილმა გადაიღო ფილმი. პატარა ეპიზოდში მე და ნანი ერთად გამოვჩნდით, ვითომ ჩვენი „ოქროს ქორწილი“ იყო. ნანიმ მითხრა, როგორც იქნა შენი ცოლი გავხდიო (იცინის). მე ვუთხარი, შვილები თუ გაგვიჩნდა და გაგეყარე, იცოდე, მაინც რაღაცნაირად დაგეხმარები-მეთქი (იცინის).
აგრეთვე დაგაინტერესებთ: