ეპატაჟური, სექსუალური, სკანდალური, განსხვავებული იმიჯი - ეს მომღერალ ნინა წკრიალაშვილის დამახასიათებელი ნიშნებია.
ნინაზე ბევრი ჭორაობდა, ალბათ, მისი გარეგნობიდან გამომდინარე. ქერა ლამაზმანი ყოველთვის ახერხებდა მაყურებლის ყურადღების მიპყრობას.
დღეს სწორედ მის შესახებ გიამბობთ.
ნინა პირად ცხოვრებასა და სირთულეებზე ჟურნალისტებთან გულწრფელად საუბრობს.
მამა
იმდენად ერთნაირები ვართ, ერთად ჩვენი ცხოვრება გამორიცხულია. სულ ბრაზობს – რატომ ხარ ასეთი გამხდარი, რას გავხარ, არ ჭამ... მე კი, მის გამო ხუთასი კილო ვერ გავხდები. ჩაცმაზე კი, იმდენი ვიჩხუბეთ, ამასობაში 43 წლის გავხდი. ამას წინათ ვუთხარი: მამა, მომისმინე, უკვე 43 წლის ვარ, შენ რომ იყავი ჩემხელა, უკვე ბაბუა იყავი და ამიტომ არ გაქვს უფლება, ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო-მეთქი... და, გამაწყვეტინა სიტყვა: მე ოცდაშვიდის მეგონეო..
ურთიერთობები
ურთიერთობებში უფრო ფრთხილი გავხდი. კიდევ, ტკივილის გადატანის ძალიან მეშინია. ახლა ცხოვრების ის ეტაპი მაქვს, როცა მეორედ მეწვია დიდი სიყვარული, რაც ქალური ბედნიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, იმაზეც მიფიქრია, ეგებ, ვიგონებთ ქალები ამ ბედნიერებისთვის იმას, რაც არ გვაქვს.
ალბათ, ბევრს გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ წლების განმავლობაში ვიყავი მარტო და ვცხოვრობდი სიყვარულის გარეშე. არ ვიცი რატომ, მაგრამ საქართველოში მამაკაცი, რაც არ უნდა მაგარი იყოს თვითონ, ძალიან უფრთხის პოპულარულ ქალთან ურთიერთობას. ეს მე საკუთარ თავზეც არაერთხელ მიგრძნია. ვაი, რომ კაცებს ჩემი „ეშინიათ,” თუმცა იმას კი ხვდებიან, რომ უწყინარი გოგო ვარ.
რამდენიმე წლის წინ შეყვარებული ვიყავი და თვალებში ჩახედვის საშუალება ორივეს გვქონდა. არ ვიცი, შეიძლება გამოუცდელობის ბრალიც იყო, მაგრამ, ფაქტია, რომ ორივემ ძალიან დიდი სიყვარული გავუშვით ხელიდან. თუმცა, ალბათ, ასე იყო საჭირო. ჯერ ის მომენტი არ დამდგარა, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყო. ბევრი უსიამოვნება გვქონია ჭორის გამოც – რატომ ლაპარაკობენ ასეთ რაღაცეებსო. მაგრამ, თუ ვინმეს რამის დაზუსტება უნდა, მოვიდეს და მკითხოს, ასეა ეს თუ არა. მწარე სიმართლის აღიარება არ მიჭირს, ასეთ შემთხვევაში უფრო ადვილია პატიება.
პირველი ქორწინება
ძალიან მიყვარს რისკი და რაც თავი მახსოვს, სულ რაღაც პრობლემებს ვაწყდები, ჩემი გულახდილობის, თამამი ნაბიჯებისა თუ საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის გამო. თხუთმეტი წლის რომ ვიყავი, დამოუკიდებლობა მინდოდა. რა თქმა უნდა, ჩემს ჭკუაზე არავინ მატარებდა და აი, მაშინ შემხვდა პირველი დაბრკოლება. როცა ეს ოჯახის წევრებთან გამოვაცხადე დამცინეს და მართლებიც იყვნენ.
ახლა რომ ჩემმა შვილმა გამომიცხადოს, დამოუკიდებლად მინდა ცხოვრებაო, მეც ბევრს ვიცინებ, მაგრამ, მაშინ ძალიან ვნერვიულობდი და ვფიქრობდი, რა უბედური ვარ-მეთქი. ამაზე მეტი პრობლემების წინაშე დავდექი უკვე მერე. სერიოზულად ვიგრძენი, რომ შველა მჭირდებოდა. გავთხოვდი, მაგრამ მივხვდი, რომ იქ არ ვიყავი, სადაც მინდოდა ყოფნა. ფანტასტიკური ადამიანები იყვნენ ჩემი ქმარიც და მისი ოჯახის წევრებიც, მაგრამ იმ სიტუაციას ვერ მოვერგე.
ესეც, შეიძლება, ერთგვარი პროტესტი იყო. პრეტენზია გაქვს, რომ დიდი ხარ, დამოუკიდებლად გინდა იცხოვრო და ამ დროს, სად მიდიხარ?! მართლა უტვინო ხარ. ყველაზე კარგი მშობლებთან ცხოვრებაა და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ შანსი, რომ, რაც შეიძლება, მეტხანს ვიყოთ მათთან. უცბად, ჩამომძვრა ვარდისფერი სათვალე და შევეჯახე დიდ პრობლემებს. მივხვდი, რომ ჩემს სულს შველა სჭირდებოდა. ეს ძალიან მძიმე იყო, მეტი რომ არ შეიძლება.
თვითონ პატარა ხარ და შვილი გიჩნდება. მერე ხვდები, რომ სწავლა, გართობა, მოგზაურობა გინდა და არაფერი გამოგდის. ყველაფერი ეს მერე მომინდა. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ჩემი ყოფილი ქმარი ძალიან კარგი ადამიანია, და ვერ ვხვდები, რა მინდოდა. ეტყობა, შენს გემოზე რომ ვერ ცხოვრობ, ყველაფერი სხვანაირად გეჩვენება. სისულელეებზე ვჩხუბობდით. მე კინოში მინდოდა წასვლა – იმას არ უნდოდა, თეატრში მინდოდა – მას არ უნდოდა, ან პირიქით. მას ფეხბურთზე უნდოდა წასვლა – მე არ მინდოდა და დავხოცეთ ერთმანეთი. გავიბუტე. არ უნდოდა და მოკალი, თუ გინდა. ჩვენი უთანხმოება მაინც ჩაცმას ეხებოდა – ეს ნუ გაცვია, ის ნუ გაცვია, მაგრამ ესეც არ იყო მთავარი. ბოლოს მიხვდა, რომ მის ჭკუაზე ვერ გადამიყვანდა. აბსოლუტურად შემეცვალა ხასიათი. უხასიათო გავხდი, საკუთარ თავში ჩავიკეტე, საერთოდ, გაქცევა მინდოდა. ის სიტუაცია არ მომწონდა. თავისთავად, სტრესია, როცა პატარა ასაკში თავისუფლებას ემშვიდობები. გვიან რომ იქმნება ოჯახები, ის უფრო მყარია, ყოველ წუთს რაღაც სისულელეებზე არ ეკამათები ქმარს. აი, აქედან მომდევს სტრესები. ქმარს რომ გავშორდი, თითქოს ლოდი მოვიხსენიო, ისე ვგრძნობდი თავს. ეს იყო ახალი ცხოვრების დასაწყისი.
დეპრესია
ყველაზე მძიმედ ვიყავი ამ ერთი წლის წინ, როცა შეყვარებული ვიყავი და გარკვეული მიზეზების გამო, ეს ურთიერთობა დამთავრდა. აი, მაშინაც ორი თვე ვიწექი სრულ სიბნელეში, გამოვეთიშე ყველაფერს. ხანდახან ტელევიზორს თუ შევავლებდი თვალს, ოღონდ, რას ვუყურებდი, არ ვიცი. თუ თბილი ხალათი და წინდები მაცვია, ესე იგი, ძალიან ცუდად ვარ. ამ დროს ოჯახის წევრები არ მელაპარაკებიან. ჩემი შვილი ცდილობს, მდგომარეობიდან გამომიყვანოს და გამოსდის კიდეც. ჩემი ცხოვრებიდან არაფერი ქრება, ყველაფერი კვალს ტოვებს. თან, იმასაც ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ამდენი დროის დაკარგვა – ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს. დამიჯერეთ, არაფრის გამო არ ღირს ნერვების მოშლა, როცა გვერდით ასეთი კარგი შვილი და ოჯახი გყავს. არ ვიცი, შეიძლება, ის ჩემზე მეტად ტიროდა. არასოდეს ვცდილობ, მიზეზის გარკვევას. მე შედეგი მტკენს გულს.
ალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს, რადგან აბსურდულ რაღაცეებს ამბობდნენ. აქ კი არა, თურმე, რუსულ საიტებზეც რაღაც საოცრებები იწერება. ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ, რომ ჩემზე მნიშვნელოვანი აღარავინაა... ჩემმა მეგობრებმა გადმომიგზავნეს, ნახე, რაები წერიაო. დამცინოდნენ, იქითაც გახვედიო. ერთხელ კიდევ, ინტერნეტ ფორუმზე ისეთი საშინელი რაღაცეები ვნახე ჩემზე, აი, მაშინ მართლა მინდოდა თავის მოკვლა. მაგის გაზრდილი შვილი რა უნდა იყოს, მამის როგორ არ რცხვენიაო...
ანტიდეპრესანტების დალევა მიწევს ხშირად. ერთხელ სამი თვე მომიწია და სამი თვე რომ გავიდა, ექვსი თვით კიდევ გამიგრძელეს, ისე ცუდად ვიყავი. ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ფიზიკურად არ მქონდა ძალა და წამლები რომ მივიღე, შედარებით უკეთ ვიგრძენი თავი, გარეთ გასვლა მომინდა. მას შემდეგ პატარა სანერვიულოც რომ მაქვს, ყველაფერი თავიდან მეწყება. ამიტომ, ვცდილობ, არ ვინერვიულო.
ლიბანელი შეყვარებული
წკრიალაშვილმა ფეისბუქში თავის რჩეულთან, ილიას აზარიასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
იგი წარმოშობით ლიბანიდანაა და ამაჟამად საბერძნეთში ცხოვრობს. ილიას აზარი სატელევიზიო სფეროში მუშაობს. ამ რომანის შესახებ მომღერალი თავადაც საუბრობდა. გადაცემა ,,ფარულ კონვერტში” მან მოყვა, რომ ყოფილი საყვარლის მიერ გავრცელებულმა ვიდეომ ლიბანელ შეყვარებულთან ურთიერთობა გაუფუჭა. როგორც ჩანს, ყველაფერი მოაგვარეს და დღეს ერთად არიან.
წკრიალაშვილი და გიორგი შელეგია
წკრიალაშვილმა თავისი ინტიმური კადრების შემცველი ვიდეოს გამავრცელებლის ვინაობა გაასაჯაროვა. მან გადაცემა „ფარულ კონვერტში“ პირდაპირ ამხილა გიორგი შელეგია, მეტსახელად „ძიაძია“.
წკრიალაშვილმა ვრცლად მოყვა შელეგიასთან რომანის დეტალები. ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ სთხოვდა 20 წლით უფროსი პარტნიორი შვილის გაჩენას. „ზურგის ტვინით ვგრძნობდი, რომ ამ კაცისგან შვილი არ უნდა გამეჩინა. ჩვენი ურთიერთობიდან ერთი წლის შემდეგ გავიგე, რომ ვიღაცა ქალმა გაუჩინა შვილი. ჩემთან თავი იმართლა – „გამიჩალიჩესო“. მერე ჩავთვალე, რომ გულწრფელად ნანობდა ამ ყველაფერს და ვაპატიე. მაგრამ ისევ ტყუილებში გამხვია“ – გადაცემაში ყვებოდა ნინა.
მომღერალმა მადლობა გადაუხადა კიბერდანაშაულის დეპარტამენტს, რომელმაც თვითონ აღძრა საქმე. ნინამ იქვე აღნიშნა, რომ ეს ადამიანი ემუქრება და მისმა მეგობარმა უთხრა კიდეც, სიურპრიზებს ელოდეო. „აქვე ვიტყვი, თუ რამე დამემართება, იცოდეთ, ვისი ბრალია. არ მეშინია, ვარ 1000 პროცენტით მართალი. მან არა მხოლოდ ამ ვიდეოს გავრცელებით, მანამდეც დაარღვია ჩემი უფლებები. მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს“ – თქვა წკრიალაშვილმა შოუში.
შვილი
ერთი რამ ზუსტაც ვიცი – პირველად ვარ საკუთარ თავთან ჰარმონიაში. იმდენი ვიშრომე და ისე დავიღალე, ჩემს თავს ვაძლევ უფლებას, რაც მინდა, სადაც მინდა და როგორც მინდა, ისე მოხდეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბედნიერების შეგრძნება მაქვს დაკარგული. ამას, გადაღლას ვაბრალებ.
23 წლიდან ძალიან დიდი პასუხისმგებლობები ავიღე საკუთარ თავზე. ოჯახს გამოვუცხადე, დამოუკიდებლად მინდა ცხოვრება და ჩემს თავზე ზრუნვა-მეთქი. მართალია, ჩემი ოჯახი არაფერს მაკლებდა, მაგრამ ასე გადავწყვიტე და მარტო მომიწია ძალიან რთულ პრობლემებთან შეჯახება.
ზღაპრებში გამზარდეს მშობლებმა. მე კი ჩემი შვილი ასე არ გავზარდე. სანდრო ახლა 20 წლისაა და რეალობა მწარეა თუ ტკბილი, ვეუბნები. ასე უფრო ადვილია მომავალ პრობლემებთან შეჯახება და გადალახვა, ვიდრე ზღაპრიდან დანახულით.
მარტო ცხოვრობს. ასე უნდოდა თავად და ვხუმრობ ხოლმე, ამაში დედის გენეტიკამ გამოყო თავი-მეთქი. არ გამიპროტესტებია მისი მარტო ცხოვრება, პიროვნულად გაიზრდება და გაცილებით კარგად ისწავლის დამოუკიდებელი ცხოვრების სირთულეებს.
ჩვენ იდეალური დედაშვილობა გვაქვს, ყველაფერში ვუგებ. შეიძლება, ზოგ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ როცა ოცი წლის ვიყავი, მეც მქონდა რაღაცების მიმართ პროტესტი, განსხვავებული აზრი.
ჩემს შვილს ხელოვნურად პრობლემებს არ ვუქმნი. მინდა, ისე იცხოვროს, როგორც მას სურს, და არა – როგორც მე. არც მის პროფესიულ და პირად ცხოვრებაში ჩავერევი, თუმცა, გვერდით დავუდგები.
აგრეთვე წაიკითხეთ:
მეუღლე და რძალი მოკლა, შვილს ესროლა, 4 თვის შვილიშვილის მოკვლასაც აპირებდა - გაუხმაურებული ამბავი
გზა მიმტანობიდან ტელევიზიამდე, ვალები, 1 ქორწინება და განშორება - კოტიკო თოლორაიას უცნობი ამბები