დღეს, 28 ივლისს, 21 წლის ლაშა ბექაური -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. სრულიად ქართული მედიის ყურადღება ახალგაზრდა სპორტსმენზეა მიმართული. სოციალური ქსელები აჭრელდა ოლიმპიური ჩემპიონის ფოტოებით.
„დაიჯესტი“ ახალგაზრდა ძიუდოისტის პირადი ცხოვრებით დაინტერესდა.
კარიერა
იმისთვის, რომ დღეს ასეთი მწვერვალები დაეპყრო, რთული გზა გაიარა.
ქართველი ძიუდოისტი საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობს. ის არის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. პირველი ადგილი 2019 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში და ასევე, პირველი ადგილი 2019 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ლაშა ბექაური ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული 2018 წელსაც გახდა, ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში.
ოჯახი და მეგობრები
„ძალიან მოძრავი ბავშვი იყო პატარაობიდანვე და პირადად ჩემი გადაწყვეტილებით მივიყვანე მესამეკლასელი ლაშა ძიუდოზე, ჩვენს სოფელში, არხილოსკარის დარბაზში, კახა წიკლაურთან.
თავიდან სკოლაში კარგად სწავლობდა. მას შემდეგ, რაც სპორტს მიჰყო ხელი, სწავლისთვის ვეღარ იცლიდა. სულ დაღლილი მოდიოდა ვარჯიშიდან. მიუხედავად სპორტული კარიერისა, ბოლოს სწავლისთვისაც გამონახა დრო და გახდა სტუდენტი. ზოგადად, ძიუდოს ფედერაციაც მოტივირებულია და მომხრეა, რომ არამხოლოდ სპორტში იყვნენ წარმატებული სპორტსმენები, არამედ სწავლაშიც. უფრო მეტიც, ლაშასთან დარბაზში მიდიოდნენ მასწავლებლები და საგამოცდოდ ამზადებდნენ“, - ამბობდა ლაშას მამა შვილზე.
„ჩემი ოჯახი ყოველთვის დიდ სტიმულს მაძლევდა. დედაჩემი ვაჟკაცური ქალია და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მე გავხდებოდი დიდი ჩემპიონი. ჩემს ოჯახს და სოფელს ყოველთვის სჯეროდა ჩემი“,- ამბობს ლაშა ერთ-ერთ ინტერვიუში.
View this post on Instagram
მისი ჰობი, ძიუდოს გარდა, ნადირობა და თევზაობაა. როგორც ირკვევა ძიუდოისტი წერს ლექსებსაც.
„ჩემი მთავარი მიზანია, გავხდე ძიუდოში რეკორდსმენი და 4-ჯერ მოვიგო ოლიმპიადა, რაც დღემდე არავის გაუკეთებია,“ - ამბობდა ლაშა ერთ-ერთ ინტერვიუში.
სკანდალი
ლაშა ბექაურმა 8 დეკემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სპორტსმენი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებდა. ბექაურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას უთხრა თავისი ვინაობის შესახებ, შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. ძიუდოისტმა მოგვიანებით პოსტი წაშალა.
ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და სპორტსმენის მიმართ წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა).
გარდაცვლილი ბიძა
როგორც ცნობილია, ლაშას ბიძა ტრაგიკულად გარდაიცვალა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: