Digest Logo

როგორ აღმოჩნდა ბუბა მირცხულავა ფეხი ფეხზე გადადებული მდგომარეობიდან „ჯოჯოხეთში“

1609790525
ბუბა მირცხულავა

მსახიობმა ბუბა მირცხულავამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და 2020 წელს ოჯახი შექმნა. სიყვარულის ისტორიასა და ქორწინებაზე ბუბა „თბილისელებს" უყვება.

ბუბა მირცხულავა: მე და სოფომ 15 ოქტომბერს მოვაწერეთ ხელი, 24-ში კი ჯვარი დავიწერეთ. გამიჭირდება მასზე საუბარი. თავად უნდა გქონდეთ მასთან კომუნიკაცია, რომ მიხვდეთ, როგორია. პროფესიით სამართალმცოდნეა. 23 წლისაა, ჩემზე ორი თვით უფროსია. ახლა ორივე მაგისტრატურაზე ვსწავლობთ.

როგორი აღმოჩნდა ოჯახური ცხოვრება?

– რაც ყველაზე მეტად „მტკივა“, ისაა, რომ 13 წლიდან ვმუშაობ და ყოველთვის ჩემი ფული მქონდა. ახლა 22 წლის ვარ, ცოლი მოვიყვანე, მაგრამ არც სამსახური მაქვს და არც ხელფასი – ჯიბეგაფხეკილი ვარ (იცინის). ეს პერიოდი ვერ ვმუშაობ. რაც შეეხება ოჯახურ ცხოვრებას, ჯერ ადაპტაციის პერიოდია. მე დიდი ოჯახი მაქვს: ბებია, დედა, მამა, ძმები, და – ყველა ერთად ვცხოვრობდით და მე სახლის საქმეების კეთება არ მიწევდა. ახლა აქ რომ სარეცხს ვფენ და ჭურჭელს ვრეცხავ, ეს ამბავი ცოტა მეუცხოება, მაგრამ ყველაფერს სოფოს ხომ ვერ გავაკეთებინებ. მინდა, დავეხმარო.

ძალიან კი მეზარება, მაგრამ ვცდილობ, არ შევიმჩნიო (იცინის). ბიჭისთვის ისე ცხოვრება მაინც ფუფუნებაა (იცინის). გოგო ასე თუ ისე სულ ეხმარება დედას, სოფოც ცოტ-ცოტას სახლშიც აკეთებდა და იმდენად ვერ გრძნობს სხვაობას. ახლა საქმე მოემატა, მაგრამ მისთვის ეს დიდი სიახლე არაა. ჩემთვის ჯოჯოხეთია, იმიტომ, რომ აქამდე ფეხი ფეხზე მქონდა ხოლმე გადადებული (იცინის). ჯოჯოხეთი უტრირებულია, მაგრამ რეალურად, ფეხიფეხზეგადადებული მდგომარეობიდან, ამ მდგომარეობაზე გადასვლას ცოტა შეჩვევა სჭირდება.

ძალიან დიდი მადლობა ჩემსა და სოფოს ოჯახს, ამ ეტაპზე მათ კისერზე ვართ. ბევრს არ ვითხოვთ, ვცდილობთ, არ შევაწუხოთ, მაგრამ ყველაფერში ისინი გვეხმარებიან. მეც მაქვს რაღაც გეგმები, რომელიც იმედია, განხორციელდება და სერიალიც, ალბათ, დაიწყება. არ მომერიდება თქმა, რომ 2020 ჩვენთვის კარგი აღმოჩნდა. ზოგადად, ცუდი წელია, მაგრამ პირადად ჩემთვის ამაზე უკეთესი რაღა უნდა მომხდარიყო?!

– სერიალიდან გამომდინარე, სოფო მანამდე გიცნობდა?

– არ უყურებდა სერიალს, მხოლოდ მონაკვეთები ჰქონდა ნანახი და იცოდა, ვინ ვიყავი. მე ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ის – გვერდით, ალასანიაში და თურმე, მანამდეც დავუნახივარ რამდენჯერმე. უნივერსიტეტის ეზოში ჩაგვივლია ერთმანეთის გვერდით და მისთვის თვალებში შემიხედავს. წლების წინაც შევხვედრივართ, მაგრამ მე ეს არ მახსოვს. მერე ბარში შევხვდით საერთო გარემოცვაში და ფეხზეც დამიბიჯებია (იცინის). მოკლედ, პირველივე საუბრის დროს უამრავი საერთო აღმოვაჩინეთ და ჩვენი ურთიერთობა კარგად აეწყო.

– ნუნუკასა და თამუნას ურთიერთობის ამბავი გვახსოვს და რელურად როგორი ურთიერთობა აქვთ შენს მეუღლეს და დედას?

– ალბათ, მე და დედას არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, როგორიც მას და სოფოს. ბევრად უფრო ხშირად საუბრობენ გულწრფელად, ვიდრე მე და დედა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე და დედას არ გვაქვს გულწრფელი ურთიერთობა. ჩემი სიდედრიც ძალიან მაგარი ქალია და მასაც და სიმამრსაც ძალიან დიდი სიყვარულით მოვიკითხავ. მე და სოფოს ბევრ რამეში გაგვიმართლა. ხომ არიან წყვილები, რომელთა ოჯახიც მათი ურთიერთობის წინააღმეგია, ჩვენთან არავინაა დისკომფორტის შემომტანი.

სოფო უფრო ჩამოყალიბებული აღმოჩნდა. ის ჩემზე ძალიან კარგ გავლენას ახდენს და მთელი ცხოვრება ასე იქნება.

წყარო: tbiliselebi.ge