ზურა ხაჩიძეს რთული ორი წელი ჰქონდა. მის ცხოვრებაში გარდამტეხი პერიოდი დადგა. მომღერალმა, ყველა საქმე გვერდზე გადადო, ოჯახი აირჩია და მეუღლეს - ხათუნა ჟორდანიას მთელი ძალით გვერდით დაუდგა. გულწრფელმა ბრძოლამ, ვერაგი დაავადების წინაშე გაიმარჯვა, დღეს უკვე ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია და ზურაც ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს.
„დაიჯესტი“ ზურა ხაჩიძეს დაუკავშირდა და ბოლო პერიოდში მის ცხოვრებაში მომხდარი სიახლეების შესახებ ესაუბრა.
მოდი, კარგი ამბით დავიწყოთ, ნინიზე მომიყევი, როგორ არის?
უკვე იცით, რომ ნინი გაბედნიერდა, ძალიან კარგი ბიჭია მის გვერდით და ძალიან კმაყოფილები ვართ, ბედნიერებს ვუყურებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ბევრ რამეს მიაღწევენ, ვიცი, რომ ბევრი კარგი რამე აქვთ სამომავლოდ დაგეგმილი და ამ ინფორმაციას ნინისგან მალე შეიტყობთ.
როგორი სიმამრი ხარ ?
მე სიმამრის როლი არ მაქვს ჩემს სიძესთან. სიძესაც ვერ ვეძახი, ვმეგობრობ მასთან და კარგი ურთიერთობა მაქვს და არასიმამრისეული. ანასტასიაც რომ გათხოვდება, თავის დროზე, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სიმამრის როლში. ვფიქრობ, რომ ჩემი შვილივით უნდა მიყვარდეს ის ადამიანი, რომელიც ჩემს შვილს გააბედნიერებს.
როგორია ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა ?
ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესს განიცდის, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, არ არის მეტასტაზები. აგვისტოში არის ბოლო გამოკვლევა აჯიბადენის კლინიკაში დაგეგმილი და დარწმუნებული ვარ, რომ მისი გამოჯანმრთელება კიდევ უფრო პროგრესირებადი იქნება. არ დაგვავიწყდეს ოღონდ, რომ ეს ბრძოლა დავიწყეთ მეოთხე სტადიიდან და უფლის წყალობით, დღეს გვაქვს ძალიან კარგი შედეგი, საბოლოოდ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ.
ზურა, რამდენად შეგცვალა ხათუნას ავადმყოფობამ, ხომ არ გაგიჩნდა ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები ?
ცხადია, ძალიან შემცვალა, ჩემთვის აბსოლუტურად პრიორიტეტული გახდა ხათუნას ავადმყოფობა. მე სხვა ყველაფერი გვერდით გადავდე, ბოლომდე დავდექი ხათუნას გვერდით და ავირჩიე ხათუნას ჯანმრთელობა, ეს არ გამიკეთებია მარტო მე, ნინიც ასე მოიქცა და ოჯახის ყველა სხვა დანარჩენი წევრი. ნამდვილად შემცვალა ამ განსაცდელმა, ბევრ რამეზე დამაფიქრა. ძალიან რთული, ურთულესი წელი მქონდა, ბევრი კოლეგა დავკარგე, მეგობრები დავკარგე. თუ მანამდე ლამაზ და ნათელ ფერებში ვხედავდი ყველაფერს, განვლილმა ორმა წელმა, სულ სხვა ფერებში დამანახვა ყველაფერი.
საქმიანობს მხრივ, რა სიახლებიაა ?
რადგან უკვე იხსნება კოვიდ რეგულაციები, უკვე ჩემს რეგიონში ვბრუნდები საქმიანობას და მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა გუბერნატორს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქამდე ხელს მიწყობდნენ ხათუნას გვერდში დგომისთვის. რაც შეეხება ქუჩის ბიჭებს, გვაქვს უამრავი შემოთავაზება, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონცერტებთან დაკავშირებით.
🔽აგრეთვე დაგაინტერესებთ :
მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება