პოპულარობის მოპოვება მარტივია, თუმცა დაამტკიცო, რომ ამას იმსახურებ, იმაზე რთულია, ვიდრე კამერების წინ სიმორცხვის დაძლევა და შიშველი პოზირება.
პოპულარობის რეცეპტი მარტივია - რაც უფრო მეტს ვიხდით, მით უფრო დიდია ჩვენი ცნობადობა. რაც უფრო მეტჯერ ვიხდით, მით უფრო ხანგრძლივია. გახდასაც თავისი საფასური აქვს - ჭორები, კრიტიკა, ინტრიგები, მლიქვნელობა. თუმცა, ყველაფერი მარტივი ხდება, თუ შიშველ სხეულს მიღმა ცოტა ნიჭი, ბევრი ინტელექტი და იღბალი იმალება.
ამ ბლოგში სწორედ ასეთი ადამიანების ისტორიებს გაგახსენებთ:
ია ფარულავა - ფილმი „სიყვარული ვენახში“
ლამაზ სხეულში თამამი სულია? ია ფარულავა ერთ-ერთი პირველია იმ ქართველთაგან, ვისი პოპულარობაც სიშიშვლით დაიწყო.
ვენახში დაწყებული სიყვარულით აგერ უკვე 20 წელზე მეტია ია ტელეკრანიდან არ გამქრალა, რაც უდაოდ ნიშანია იმისა, რომ აქ ქალს ლამაზი სხეულის გარდა, კიდევ ბევრი ღირსება აქვს. მათ შორის - სითამამე, გაბედულობა და პირდაპირობა. სწორედ ესაა ის თვისებები, რაც მას გამორჩეულ ტელესახედ აქცევს.
ანრი ჯოხაძე - კლიპი „მომატყუე“
2007 წლამდე ანრის სახელი არავინ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერით ყირაზე გადადიოდა, ყურადღებას არავინ აქცევდა, სანამ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ გააკეთა... სანამ ნავში შიშველი არ ჩაწვა და კადრებს ფონად თავისი ხმა არ დაადო. რთული მისახვედრი აღარ უნდა იყოს, რამ მიიქცია საზოგადოების ყურადღება - სიშიშვლემ თუ ხმამ, მაგრამ ფაქტია, ამის შემდეგ ანრის ნიჭი ყველამ დააფასა (და დაინახა). ჯოხაძემ, ფაქტობრივად, საკუთარი თავი ასე „შემოგვაპარა“.
გიორგი გასვიანი - ანრი ჯოხაძის უცნობი კლიპი.
გულზე ხელი დაიდეთ და ისე მითხარით, გახსოვთ თუ არა, გიორგი გასვიანის პერსონაჟი სერიალიდან „გოგონა გარეუბნიდან“? ეჭვი მაქვს არა, მაგრამ ნუთუ შიშველი გასვიანიც დაგავიწყდათ? ანრიმ თავისი გამოცდილი მეთოდი მეგობარზეც სცადა და როგორც მედიაში იწერებიან, 2011 წელს თავის კლიპში „გახადა“. მართალია, კლიპი ახლა არ იძებნება, თუმცა ლეგენდა შიშველი გასვიანის შესახებ ქართული პრესის ფურცლებს დღემდე შემორჩა.
დღეს გიორგი ხალხს თვითონ აშიშვლებს, ოღონდ მორალურად... ის გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ წამყავნია.
გიორგი ნაზღაიძე - იხდიდა ყველგან
ამბობს, რომ შრომა არ „ტეხავს“. ამის მაგალითად თავის ისტორიასაც თამამად ჰყვება - იყო მიმტანი, ყიდდა სიგარეტს, მუშაობდა ჯიხურში. ერთი შეხედვით, უცნაურია, რომ ასეთი წარსულის ბიჭს რაღაცის დასამტკიცებლად გახდა დასჭირდა, მაგრამ შიშველი ფაქტები პრესის ფურცლებს დღემდე ამშვენებენ.
მისი აღმასვლა რეალითი შოუ „მზის სახლიდან“ დაიწყო, თუმცა სწრაფად მოპოვებული პოპულარობა სწრაფადვე დაკარგა და ახალი გზების ძიება მოუწია. ასე მოხვდა კამერების წინ. სრულიად შიშველი. მიმზიდველი სხეულითა და კიდევ უფრო მიმზიდველი მზერით. სასურველს მიაღწია. პოპულარობის ზენიტში მოხვედრის შემდეგ ნაზღაიძე დროთა განმავლობაში ტელეეკრანებიდან გაქრა.
კარგა ხანია ის აღარც შიშველი და აღარც ჩაცმული აღარ გვინახავს. როგორც ცნობილია, ნაზღაიძე წარმატებული მარკეტოლოგია.