Digest Logo

„თითით საჩვენებელი მამა და მეუღლე ვარ “... - ზანგურის პირველი კომენტარი

1618321432
ბესო ზანგური მსახიობი

მსახიობი ბეზო ზანგური ყოფილი ცოლის, ნინუცა მაყაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს ემიჯნება და ამბობს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 

ზანგური მაყაშვილის ინტერვიუს ასევე ფინანსურ ინტერესს უკავშირებს, რადგან გადაცემის ფორმატი სწორედ ასეთია.

საქმე ის არის, რომ „ფარული კონვერტის“ წესების თანახმად, რესპონდენტი კონვერტს ხსნის, რომელიც პირადი შინაარსის კითხვას შეიცავს. თუ ის კითხვაზე პასუხის გაცემას გადაწყვეტს, ამისთვის გარკვეულ თანხას მიიღებს.

სწორედ ამას გულისხმობს მსახიობი ბესო ზანგური. ნინუცა მაყაშვილმა გადაცემის დასაყისში განაცხადა, რომ ამ საკითხზე არა თანხის, არამედ იმის გამო სურს საუბარი, რომ თავის დროზე ამ ამბავს ბევრი მითქმა-მოთქმა და ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.

„ამ ყველაფერში იჭყლიტება ბავშვი, რომელიც ჩემი შვილია. რომ გადავხედოთ ჩემი ცხოვრების რიტმსა და წესს, თითით საჩვენებელი მამა ვარ და მეუღლე. რამენაირად გამოვავლენდი სხვაგანაც ამ მოძალადე სახეს [რომ ვიყო]“, – ამბობს ბესო ზანგური და ასევე დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ საუბრობდა მისი ყოფილი მეუღლე ამ საკითხზე მანამდე.

მისივე თქმით, თუ თავის შვილებზე ამგვარი „ფსიქოლოგიური ზეწოლა გაგრძელდა“, არ გამორიცხავს, სასამართლოს მიმართოს სარჩელით.

ცნობისთვის, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემაში „ფარული კონვერტი“ ისაუბრა, თუ როგორ ძალადობდა მასზე მსახიობი ბესო ზანგური ფიზიკურად.

„ეს ამბავი 11 წლის წინ მოხდა, მაგრამ დღემდე მიჭირს ამაზე საუბარი. ბესო ჩემზე სისტემატურად ძალადობდა. პირველად მაშინ, როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი. კომპლექსებით სავსე იყო და ჩემთან ცდილობდა, ამ კომპლექსების კომპენსირებას. ძალიან მეშინოდა, ნებისმიერ რამეზე შეეძლო ვეცემე, მაგალითად იმაზე, რომ ჭურჭელი არ გავრეცხე თავის დროზე, მაგალითად იმაზე რომ უხასიათოდ ვიყავი, ან ქუჩაში უბრალოდ უცხო ბიჭმა გაიარა.... ერთხელ როდესაც გასტროლებიდან დაბრუნდა ღამის 4 საათზე რომ დაიწყო ცემა დილის 8-მდე არ გაჩერდა, მარტო ის ვიცოდი რომ სახლიდან უნდა გამოვქცეულიყავი და ბავშვი წამომეყვანა. ერთი მომენტი დრო ვიხელთე 10-15 წუთი მქონდა დრო, გამოვვარდი, ბავშვით ხელში და დედასთან მივედი, ბესო იქ მოვიდა, მაგრამ უკვე დედა მედგა ზურგში და აღარ მეშინოდა“, - ამბობს ნინუცა მაყაშვილი.

ამასთან მსახიობმა ძალადობის მსხვერპლ ქალებს მიმართა და მათ რეაგირებისკენ მოუწოდა.

წყარო: netgazeti.ge