მამა პეტრე კოლხი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში იმ შემთხვევებს იხსენებს, როდესაც, პრაქტიკულად, სიკვდილს თვალებში ჩახედა. ერთ-ერთი მძიმე ისტორია კი მეგობრებს უკავშირდება, რომლებმაც ის, თითქმის, სასიკვდილოდ გაიმეტეს და გემიდან წყალში გადააგდეს.
„14-15 წლის ასაკიდან გულის სერიოზული პრობლემა მქონდა – წელიწადში ორჯერ მაინც, გულისცემა წუთში 300-მდე ადიოდა. ეს ძალიან ბევრია, ფაქტობრივად, გული სკდებოდა. არაერთხელ გამიჩერდა კიდეც, კომაც მქონდა და ოპერაციაც დამჭირდა. ინფარქტის წინაშე აღმოვჩნდი და ახლაც მაქვს შიში, დიდი ემოციის ფონზე ეს არ განმეორდეს. ავარიისა და გულის ოპერაციის გარდა, დახრჩობასაც ვარ გადარჩენილი. მეგობრებმა იცოდნენ, რომ ცურვა არ ვიცოდი, ხრიკი მომიწყვეს, ხელი მკრეს და გემიდან გადამაგდეს. ვიძირებოდი, ვგრძნობდი ფსკერისკენ როგორ მივდიოდი, ვიხრჩობოდი. პრაქტიკულად განწირული ვიყავი. მამისტოლა კაცმა გადამარჩინა სიკვდილს. მთელი ცხოვრება გამომყვა ის გრძნობა და ძილშიც კი ხშირად ვიხრჩობოდი. ჩაკეტილი სივრცისა და დაშვებული ფარდების შიში ახლაც მაქვს, სულ მგონია, ვიხრჩობი და ვიგუდები,"- იხსენებს პეტრე კოლხი.