Digest Logo

2-3 კვირაში „კრაკენი“ საქართველოში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი გახდება - ბიძინა კულუმბეგოვი

1675677853
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი ქვეშტამი „კრაკენი“ მსოფლიოში უკვე დომინანტი შტამია და 2-3 კვირაში, ის საქართველოშიც ჩაანაცვლებს სხვა შტამებს და დომინანტი გახდება. 

„დღეს მსოფლიოში გლობალურად ომიკრონის B5 ვარიანტია ყველაზე გავრცელებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, იანვრის თვეში უკვე სხვა ვარიანტები შეცვლის, როგორიც არის XBB.1.5 ვარიანტი, BQ1, BQ1.1 და ა.შ ვარიანტები... რატომ აქვს ამას მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებისთვის მნიშვნელობა? - ეს ვარიანტი, რომელსაც „კრაკენის“ სახელით ვიცნობთ, იგივე XXB15 ვარიანტი, ომიკრონის სხვა შტამებისგან განსხვავებით, ხასიათდება ყველაზე უფრო სწრაფი გავრცელებით. დღეს, „კრაკენს“აშშ-ში მთლიან პოპულაციაში უკვე 60-70 პროცენტიანი გავრცელების მასშტაბი აქვს, საქართველოში ზუსტი ციფრი არ ვიცით, მაგრამ 2-3 კვირაში ალბათ დომინანტური ვარიანტი გახდება, რასაც ევროპისა და მთელი მსოფლიოს მაგალითი მოწმობს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება „კრაკენის" მახასიათებლებს, კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ ის სწრაფად ვრცელდება და საქართველოში არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ ნაკლებეფექტურია.

„ჰოსპიტალიზაციის რიცხვი, როგორც დამოუკიდებელ შტამს, როგორც ჩანს, გაზრდილი არ აქვს, თუმცა, ვაქცინებისადმი ეფექტურობა მკვეთრად შემცირებულია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას 2023 წლის იანვარშიც კი არ აქვს ახალი, ომიკრონზე მორგებული ვაქცინის არც ერთი დოზა, რაც ძალიან სამწუხაროა“, - ამბობს კულუმბეგოვი.