ჯანდაცვის ექსპერტმა, დევი ტაბიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში „მწვანე პასპორტებზე“ ისაუბრა. მისი თქმით, თავიდანვე შეცდომა იყო „კოვიდ პასპორტების“ უვადოდ გამოყენება, რადგან ის არც დაბადების მოწმობაა და არც პირადობის, რომელშიც ერთი ნომერი ჩაიწერება და სულ იქნება. გარდა ამისა, ჯანდაცვის ექსპერტმა აღნიშნა, რომ „კოვიდ პასპორტების“ საკითხი სწორად არ იყო დაგეგმილი.
„თავიდანვე კოვიდ პასპორტის საკითხი სწორად არ იყო დაგეგმილი. დაიხარჯა ძალიან ბევრი ფული თუნდაც აპლიკაციაში. ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმის და მივედით იქამდე, რომ საბოლოო ჯამში, ვისაც უნდა და ჩათვლის საჭიროდ, იმან მოსთხოვოს მოსახლეობას „კოვიდ პასპორტი“ - ასეთი განცხადება დღეს გაკეთდა კიდეც“- განაცხადა ტაბიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
დევი ტაბიძემ, ასევე, ისაუბრა „ომიკრონის“ გავრცელებაზე და აღნიშნა, რომ ეს შტამი ყველაზე მარტივად ბავშვებში ვრცელდება.
„ოჯახების უმეტესობა, სადაც დღეს არის „ომიკრონი“, ბავშვებმა მოიტანეს, რადგან ისინი ერთმანეთს ძალიან მარტივად გადასდებენ ხოლმე. სკოლები აუცილებლად უნდა გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე - ესეც დაგვიანებულად ხდება. სკოლები არის ნომერ პირველი ნიადაგი იმის, რომ ვირუსი გავრცელდეს“, - განაცხადა ტაბიძემ.