10 ოქტომბერს, 19:50-ზე განსაკუთრებული ასტროლოგიური მოვლენა გველოდება. ეს მორიგი ახალი მთვარე არ არის. ახალი მთვარე ზუსტად თვის მეათე დღეს ხდება, 2026 წლის ციფრთა ჯამიც 10-ია (2+0+2+6=10), ეს ყველაფერი ახალი მთვარის ახალი ციკლის დაწყებას ემთხვევა. შედეგად იქმნება ე.წ. „10:10:10-ის კოდი“ - სიმბოლური თანხვედრა, რომელიც ძველი ეტაპის დასრულებასა და ახალი ციკლის დაწყების ენეგიას აძლიერებს.
ამ მოვლენას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს. ასტროლოგიური კვლევის მიხედვით, ასეთი ზუსტი თანხვედრა, როდესაც „სამმაგი ათიანი“ ახალი მთვარის ასტრონომიულ განახლებას ემთხვევა, ბოლოს 1360 წელს დაფიქსირდა. სწორედ ამიტომ 2026 წლის 10 ოქტომბერი საინტერესოა არა მხოლოდ ნუმეროლოგიური სიმბოლიზმის, არამედ მასშტაბური ციკლებისა და ისტორიული პარალელების თვალსაზრისით.
ამ დღის მთავარი თემა გადატვირთვაა: რა ამოიწურა, რა ვეღარ მუშაობს ძველი წესით და რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ცხოვრების შემდეგი ეტაპი უკვე სხვა საფუძველზე აშენდეს.
„10:10:10-ის“ კოდი და ძველი ციკლის დასრულება
რიცხვით სიმბოლიკაში ათიანი დასრულებულ ციკლსა და ახალი ეტაპის დაწყებას უკავშირდება. სამმაგი ათიანი ამ იდეას კიდევ უფრო აძლიერებს. ის მიგვანიშნებს ეტაპზე, როდესაც ძველი ცხოვრებისეული პროგრამები რესურსს კარგავს და ძველი წესით გაგრძელება შედეგს აღარ გვაძლევს.
აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რიცხვითი სიმბოლიზმისა და ახალი მთვარის დამთხვევა. ახალი მთვარე თავად წარმოადგენს ერთგვარ ნულოვან წერტილს - ერთი მთვარის ციკლი სრულდება და მეორე იწყება. ამიტომ 10 ოქტომბრის ენერგია გადატვირთვის თემას აძლიერებს და ყურადღებას იმ ურთიერთობებზე, შეთანხმებებზე, ჩვევებზე, გეგმებსა და ცხოვრებისეულ სტრატეგიებზე გადააქვს, რომლებმაც საკუთარი ფუნქცია ამოწურა.
მსგავსი რიცხვითი თანხვედრა ამ საუკუნეში ყოველ ცხრა წელიწადში მეორდება, მაგრამ ახალი მთვარის ზუსტ დამთხვევას გაცილებით იშვიათი ხასიათი აქვს. სწორედ ეს ქმნის 2026 წლის 10 ოქტომბრის განსაკუთრებულობას.
1360 წლის ისტორიული პარალელი
(წყარო: საიტი ,,ეზოთერული პრაქტიკები'')
1360 წელი მნიშვნელოვანი გარდატეხის პერიოდი იყო როგორც ევროპისთვის, ისე აზიის ნაწილისთვის. ევროპა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შავი ჭირის დამანგრეველ შედეგებს უმკლავდებოდა. ეპიდემიამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შეიწირა და ამის შემდეგ სოციალური, ეკონომიკური და შრომითი ურთიერთობების ძველი სისტემა თანდათან დასუსტდა.
იცვლებოდა ფეოდალური წესრიგი, სუსტდებოდა ბატონყმობა, გარდაიქმნებოდა შრომის ორგანიზება და ეკონომიკური ურთიერთობები. ეს იყო ხანგრძლივი პროცესის დასაწყისი, რომელმაც საბოლოოდ ევროპა რენესანსისკენ წაიყვანა. იმავე პერიოდში აზიაში ოქროს ურდო მძიმე პოლიტიკური კრიზისის, ძალაუფლების რყევისა და შიდა დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა.
ისტორიული მოვლენები პირდაპირი სახით არ მეორდება და 2026 წლის რეალობის 1360 წელთან გაიგივება სწორი არ იქნება. საინტერესო სწორედ საერთო პრინციპია: ძველი სისტემები კარგავენ უწინდელ მდგრადობას, ხოლო ახალი წესრიგის ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ სჭირდება დრო.
10 ოქტომბრის ახალი მთვარეც სწორედ ასეთ გარდამავალ ეტაპს ეხება. ყურადღება გადადის იმაზე, რა ამოიწურა, რა საჭიროებს ცვლილებას და რომელ ძველ მოდელებს აღარ აქვს მომდევნო ციკლში გადასვლის რესურსი.
ახალი მთვარე სასწორში - წონასწორობის აღდგენის დრო
10 ოქტომბერს ახალი მთვარე სასწორის 17-18-ე გრადუსზე დგება. ამიტომ ახალი ციკლის ერთ-ერთი მთავარი თემა ურთიერთობებში, პარტნიორობასა და შეთანხმებებში ბალანსის აღდგენაა.
სასწორი გვაჩვენებს, როგორ ვთანამშრომლობთ სხვებთან, რამდენად თანაბრად ნაწილდება პასუხისმგებლობა, ვითვალისწინებთ თუ არა ერთმანეთის ინტერესებს და ვთანხმდებით თუ არა პირობებს, რომლებიც რეალურად აღარ გვაკმაყოფილებს.
ამ ახალი მთვარის პერიოდში ურთიერთობებში არსებული დისბალანსი მკაფიოდ იკვეთება. წინა პლანზე გამოდის ძველი შეთანხმებები, პარტნიორული ურთიერთობები, უთქმელი პრეტენზიები და ის სიტუაციები, სადაც ერთი მხარე მუდმივად თმობს, მეორე კი იღებს.
სასწორის მმართველი ვენერა მხოლოდ სიყვარულსა და ურთიერთობებს არ მართავს. მისი სფეროა მატერიალური ღირებულებები, ფინანსები, სურვილები და მიღებ-გაცემის პრონციპი. ამიტომ ახალი მთვარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ფინანსური წონასწორობა ხდება: რამდენად შეესაბამება გაცემული დრო და რესურსი მიღებულ ენერგიას. რამდენად რეალურია სურვილები არსებული შესაძლებლობების ფონზე და რამდენად თანაბარია გაცვლა როგორც ფინანსურ, ისე პირად ურთიერთობებში.
ახალი მთვარე (მზე-მთვარის შეერთება) ჰარმონიულ სექსტილს ქმნის იუპიტერთან ლომში. ეს ასპექტი წარსულის გამოცდილებას ახალი შესაძლებლობების წყაროდ აქცევს.
უკვე გავლილი გზა ამ პერიოდში მხოლოდ წარსული აღარ არის. დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, ნაცნობ სიტუაციას სხვა კუთხით შევხედოთ და უფრო ფართო პერსპექტივა დავინახოთ.
განსაკუთრებით აქტუალური ხდება პარტნიორობა, შეთანხმებები, ერთობლივი პროექტები, მოლაპარაკებები და შემოქმედებითი ინიციატივები. ახალი ინფორმაცია, შემოთავაზება ან იდეა უკვე ნაცნობ სიტუაციას სრულიად სხვა თვალით დაგვანახებს და გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველს შექმნის.
ამ ახალი მთვარის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ვენერას რეტროგრადული მოძრაობაა. ვენერა 3 ოქტომბრიდან რეტროგრადულია, ამიტომ ახალი მთვარის დროს მისი ყურადღება წარსულ გამოცდილებაზეა მიმართული.
ამ პერიოდში ბრუნდება ძველი ურთიერთობები, წარსულში დაწყებული იდეები და პროექტები, გადადებული საკითხები და ადამიანები, რომლებთანაც მნიშვნელოვანი ისტორია გვაკავშირებს. დასრულებულად მიჩნეული თემები ხელახლა იხსნება, რათა მათი საბოლოო შეფასება მოხდეს.
აქ მთავარი თავად დაბრუნება კი არა, დაბრუნებული საკითხის ახალი ფორმით გადაწყვეტაა. მიზანი ძველი მდგომარეობის აღდგენა არ არის. საჭიროა ძველი ისტორიის გაგრძელება სხვა წესებით, უფრო დაბალანსებული პირობებით და შეცვლილი დამოკიდებულებით.
ამ პროცესს ვენერასა და მარსს შორის დაძაბული კვადრატი კიდევ უფრო ამძაფრებს. ვენერა სასწორში შეთანხმებასა და ურთიერთობაში ბალანსს ეძებს, მარსი კი ლომში საკუთარი პოზიციის დაცვას, მოქმედებასა და საკუთარი ძალის დამტკიცებას აძლიერებს. აქ ერთმანეთს უპირისპირდება ორი პრინციპი: „მე მინდა“ და „ჩვენ უნდა შევთანხმდეთ“.
ამ ფონზე ძლიერდება ეჭვიანობა, მესაკუთრეობის განცდა, კონტროლის სურვილი, სიამაყე და საკუთარი სიმართლის დამტკიცების მოთხოვნილება. განსაკუთრებით მძაფრი ხდება ის კონფლიქტები, რომლებიც ურთიერთობაში უკვე დაგროვილ უკმაყოფილებას ეყრდნობა.
ამიტომ 10 ოქტომბრის პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ემოციური აფეთქების მომენტში არ ღირს. ჯერ საჭიროა ემოციური მუხტი დაცხრეს, შემდეგ კი გავარკვიოთ, რა გვინდა რეალურად და რა გადაწყვეტილება ემსახურება ჩვენს ინტერესს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ვენერასა და მარსის დაძაბულობა სვამს კითხვას: როგორ ვაშენებთ ურთიერთობებს?
თუ ურთიერთობის შესანარჩუნებლად ზეწოლას, მანიპულაციასა და კონტროლს ვიყენებთ, ან საკუთარი სურვილების ვთმობთ მეორე ადამიანის დაკარგვის შიშით, ასეთი მოდელი თანდათან კარგავს სიმყარეს.
10 ოქტომბრის ახალი მთვარე სწორედ ამ ძველი წესების შეცვლას მოითხოვს. ჯანსაღი პარტნიორობა ორივე მხარის ინტერესს ითვალისწინებს და შეთანხმებას რეალურ საფუძველზე აშენებს. ძალის დემონსტრირება ადგილს უთმობს თანასწორ და სამართლიან გაცვლას, პასუხისმგებლობის განაწილებას და მკაფიო შეთანხმებებს.
ეს თემა მხოლოდ პირად ურთიერთობებს არ ეხება. გლობალურ დონეზეც აქტიურდება ალიანსების, შეთანხმებებისა და პარტნიორული ურთიერთობების გადაფორმების პროცესი. მოლაპარაკებები და თანამშრომლობის მცდელობები აქტიურდება, თუმცა ვენერა-მარსის დაძაბულობა ინტერესთა სერიოზულ შეჯახებასა და გავლენისთვის ბრძოლას აძლიერებს. შეთანხმების მიღწევა მარტივი გზა არ იქნება.
10 ოქტომბერს,19:50-ზე იწყება მთვარის პირველი დღე, რომელიც 11 ოქტომბრის დილის 08:06 საათამდე გრძელდება. ეს არის პერიოდი, როდესაც განსაკუთრებით სასარგებლოა მომდევნო მთვარის თვის მთავარი მიმართულებების განსაზღვრა.
პირველი კითხვა ასეთია: რას ვაახლებ ცხოვრების ახალ ეტაპზე და რას აღარ ვაგრძელებ ძველი წესით?
განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ურთიერთობები, პარტნიორობა, თანამშრომლობა, სწავლა, შემოქმედებითი პროექტები და ფინანსური საკითხები.
ვენერას რეტროგრადული მოძრაობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვას აყენებს: რა უნდა შევცვალო, რომ სასურველი შედეგი მივიღო?
ეს კითხვა ზუსტად გამოხატავს 10:10:10-ის იდეას. ახალი ეტაპი მხოლოდ ძველი ცხოვრების მოშორებით არ იწყება. რეალური ცვლილება მაშინ დგება, როდესაც ვცვლით იმ წესს, რომელმაც არსებულ შედეგამდე მიგვიყვანა.
ამ ახალი მთვარის სიმბოლიკის გამოყენება მარტივი პრაქტიკითაც შეიძლება.
აანთეთ სანთელი და რამდენიმე წუთით სიჩუმეში დარჩით. აიღეთ ორი სუფთა ფურცელი. პირველზე ჩამოწერეთ 10 რამ, რომლის შემოტანაც გსურთ ცხოვრების ახალ ეტაპზე - ურთიერთობა, მიზანი, განცდა, შესაძლებლობა, საქმიანობა ან ახალი გამოცდილება.
მეორე ფურცელზე ჩამოწერეთ 10 საკითხი, რომელსაც შეცვლა ან განახლება სჭირდება - ჩვევა, ურთიერთობის ფორმა, ფინანსური მიდგომა, გადაწყვეტილების მიღების წესი ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც სასურველ შედეგს აღარ გვაძლევს.
შემდეგ პირველი სიიდან აირჩიეთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი და განსაზღვრეთ ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელსაც უახლოეს დღეებში გადადგამთ.
აქ ერთმანეთს უერთდება განზრახვა და მოქმედება. სურვილი მიმართულებას გვაძლევს, მაგრამ ცვლილებას კონკრეტული ნაბიჯი იწყებს.
სასწორში მიმდინარე ახალი მთვარე კვლავ ააქტიურებს იმ თემებს, რომლებიც შემოდგომის ბუნიობამ წამოსწია წინა პლანზე - ბალანსს, თანასწორობას, ურთიერთგაცვლასა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შორის წონასწორობას.
ამიტომ ბუნიობის პერიოდში დაწყებული პროცესები 10 ოქტომბრის ახალი მთვარის ფონზე ახალ იმპულსს იღებს. ახლა უკვე უფრო მკაფიოდ ჩანს, სად დაირღვა ბალანსი და რა ცვლილება სჭირდება კონკრეტულ სფეროს.
ამ ახალი მთვარის მთავარი იდეა ძველის ნგრევა არ არის. მთავარი ამოცანაა გავიგოთ, რა უნდა შეიცვალოს, რათა მომდევნო ეტაპი განახლდეს.
ზოგიერთი ურთიერთობა ახალი წესებით გაგრძელდება. ზოგი შეთანხმება შეიცვლება. ზოგი პროექტი ძველი ფორმით დასრულდება და მისგან ახალი მიმართულება გამოიკვეთება. ზოგ შემთხვევაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ჩვენი მოქმედების წესის შეცვლა იქნება.
10 ოქტომბერი გვაიძულებს, ყურადღებით დავაკვირდეთ ცხოვრების იმ სფეროებს, სადაც ძველი მიდგომა უკვე აღარ გვაძლევს სასურველ შედეგს. სწორედ აქ იწყება რეალური გადატვირთვა.
ზოდიაქო ნიშნების, სახლების და პერსონალური ასპექტების გათვალისწინებით ეს ახალი მთვარე სხვადასხვა დონეზე მოქმედებს და შესაბამის სფეროს ააქტიურებს, თუმცა პრინციპი ერთია - ახალი მარცვალი, რომლის შედეგს სასწორში სავსემთვარეობის პერიოდში, გაზაფხულზე ვიხილავთ,
10 ოქტომბრის ახალი მთვარე 2026 წლის ოქტომბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური წერტილია. „10:10:10-ის“ სიმბოლური კოდი კიდევ უფრო მკაფიოდ აყალიბებს ამ დღის მთავარ იდეას: დასრულდეს ის, რაც საკუთარ თავს ამოწურავს და დაიწყოს ახალი ეტაპი სხვა წესებით.
ამ დღის მთავარი კითხვა ასეთია: რა უნდა შევცვალო ჩემს ქმედებაში, ფინანსებში, ურთიერთობებში, არჩევანსა და დამოკიდებულებაში, რათა მომავალში განსხვავებული, სასურველი შედეგი მივიღო?
ახალი დასაწყისი ყოველთვის სრულიად ახალი გზის არჩევას არ მოითხოვს. ზოგჯერ ის ნაცნობი გზის გაგრძელებაა, მაგრამ სხვა წესებით, უფრო გაცნობიერებული არჩევანითა და უფრო სამართლიანი პირობებით.
10 ოქტომბრის ახალი მთვარე გვაძლევს შესაძლებლობას, შევაჯამოთ ძველი გამოცდილება, შევინარჩუნოთ ის, რაც ნამდვილად ღირებულია, დავასრულოთ ის, რამაც საკუთარი თავი ამოწურა და ახალი ციკლი უფრო სამართლიან, თანასწორ, მკაფიო არჩევანზე დავაფუძნოთ.
ყველა ქმედება, ნებისმიერ სფეროში, თუ არ არის მხარდაჭერილი, თუ არ ხდება ენერგიების თანაბრად გაცვლა ორმხრივად, ადრე თუ გვიან მოირყევა, დაინგრევა და მისგან მხოლოდ ტკივილი დარჩება.
ამიტომ, მეგობრებო, გამოიყენეთ ეს პერიოდი ჰარმონიის და ბალანსის შექმნისთვის თქვენს ცხოვრებაში, ურთიერთობებში, შემოქმედებით პროექტებში და საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში. სამართლიანობა და წონასწორობა - ეს არის სტაბილურობის და ჰარმონიის საფუძველი, როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕რისი წელი მოდის? ვისთვის იქნება ყველაზე ბედნიერი 2027 წელი, ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით