12-დან 28 აგვისტოს ჩათვლით ასტროლოგიაში მნიშვნელოვანი მოვლენა - „დაბნელებების კორიდორი“ იწყება. პერიოდი 12 აგვისტოს სრული მზის დაბნელებით იხსნება და 28 აგვისტოს მთვარის დაბნელებით დასრულდება.
ვედური ასტროლოგიის მიხედვით, ამ მოვლენის ეფექტი 7 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე გასტანს. ასტროლოგების განმარტებით, დაბნელება აუცილებლად უარყოფით მოვლენებს არ ნიშნავს - ამ დროს უბრალოდ მცირდება სიცხადე და ზედაპირზე ამოდის ის, რაც მანამდე დაფარული, გადადებული ან გაუცნობიერებელი იყო.
12 აგვისტოს მზის დაბნელება კირჩხიბის ზოდიაქოში, აშლეშას ნაკშატრაში ხდება, რაც ღრმა ფსიქოლოგიურ პროცესებთან, მიჯაჭვულობასთან, კონტროლსა და ფარულ მოტივებთან არის დაკავშირებული.
რა შეიძლება გამოვლინდეს ამ პერიოდში:
❌ ძველი გადაუჭრელი საკითხები და დაფარული ინფორმაცია;
❌ ურთიერთობებში დაგროვილი დაძაბულობა, შიში და მიჯაჭვულობა;
❌ საკუთარი რეალური მოტივები და მოვლენების ახლებურად დანახვის საჭიროება.
„დაბნელებების კორიდორის მთავარი პრინციპია ნაკლები იმპულსური რეაქცია და მეტი დაკვირვება. თუ რაღაც ძალიან ძლიერად იგრძენით, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იმავე წუთში უნდა იმოქმედოთ“, - აღნიშნავენ ასტროლოგები.
რეკომენდაციები და შეზღუდვები:
ასტროლოგები მოსახლეობას მოუწოდებენ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას - იქნება ეს ურთიერთობები, ფინანსები, სამსახურის შეცვლა, ხელშეკრულებების გაფორმება თუ მსხვილი შენაძენები. რეკომენდებულია ინფორმაციის გადამოწმება და მოვლენებისთვის დროის მიცემა.
ამ პერიოდში განსაკუთრებით სასარგებლოა რეგულარული მედიტაცია, სიჩუმე, ბუნებაში ყოფნა, ზომიერი კვება, ძილის რეჟიმის დაცვა, ლოცვა, წმინდა ტექსტების კითხვა და ქველმოქმედება. ამასთან, სასურველია შემცირდეს საინფორმაციო ველის გადატვირთვა, სოციალური ქსელების მოხმარება, კამათი, ჭორაობა და ალკოჰოლი.