ზოგადი ფონი: ოქტომბრის მესამე დეკადაში ასტროლოგიური ამინდი მკვეთრად იცვლება და ბევრად უფრო ღრმა, ტრანსფორმაციულ ფაზაში გადადის. თუ კვირის პირველ ნახევარში სასწორში მოძრავი მზე ჯერ კიდევ გვაძლევს საშუალებას, პრობლემები დიპლომატიური გზით მოვაგვაროთ, პარასკევიდან (23 ოქტომბრიდან) მზე მორიელის ნიშანში გადადის. ეს ნიშნავს, რომ წინა პლანზე ფსიქოლოგიური სიმტკიცე, კრიზისების მართვა და ფინანსური საკითხები გამოდის. მთელი კვირის მანძილზე იგრძნობა „ორმაგი დამუხრუჭების“ ეფექტი: რეტროგრადულ ვენერას შაბათს, 24 ოქტომბრიდან რეტროგრადული მერკურიც ემატება.
მოლაპარაკებებში, შეთანხმებებში, ფინანსურ და სავაჭრო ოპერაციებში სერიოზული შეფერხებები გაჩნდება. თუმცა, სამყარო ამ პაუზას ტყუილად არ გვაძლევს - ეს კარგი დრო იქნება, რომ წარსულს მივუბრუნდეთ, გადავაწყოთ სამუშაო და საოჯახო პროცესები, აღვადგინოთ ძველი კავშირები და გავთავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც ამოიწურა და ზედმეტ ტვირთად იქცა.
კვირის მთავარი მოვლენები: ეს კვირა უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური გარდატეხებით არის სავსე:
23 ოქტომბერს (13:37 საათზე) მზე მორიელის ნიშანში გადადის. იწყება წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური, ინტენსიური და ტრანსფორმაციული თვე, რომელიც ჩვენგან შინაგანი რესურსების მობილიზებას მოითხოვს.
24 ოქტომბერი კვირის საკვანძო დღეა. გამთენიისას რეტროგრადული ვენერას პიკია (მზესთან ზუსტი შეერთება მორიელში), რაც ჩვენი ფასეულობების, პირადი ურთიერთობების, გარემოცვისა და ფინანსების სრულ რევიზიას მოითხოვს. ამავე დღეს (11:12 საათზე) მერკური ოფიციალურად გადადის რეტროგრადულ მოძრაობაში. ახალი წამოწყებებისთვის კარი დროებით იკეტება, სამაგიეროდ იწყება საუკეთესო პერიოდი ძველი ცოდნის აღსადგენად, სამედიცინო კვლევებისთვის და წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.
25 ოქტომბერს (13:09 საათზე) რეტროგრადული ვენერა ტოვებს მორიელს და თავის მშობლიურ, მშვენიერ სასწორის ნიშანში ბრუნდება. კვირის ბოლოს უკვე ვიგრძნობთ სიმსუბუქეს და იმ პოზიტიური გარემოებების პირველ გაელვებას, რომლებიც სრული ძალით ნოემბრის შუა რიცხვებში გაიშლება.
გაფრთხილება: კვირის დასაწყისში (19-20 ოქტომბერს) ცაზე იქმნება საკმაოდ ხისტი კონფიგურაცია: რეტროგრადული ვენერა დაძაბულ ასპექტს (კვადრატს) ქმნის პლუტონთან, რასაც მთვარისა და მარსის დაპირისპირებაც ემატება. ეს დღეები უკიდურესად ამძაფრებს ეჭვიანობას, მესაკუთრეობასა და ფინანსურ რისკებს. მოერიდეთ სპონტანურ და ძვირადღირებულ შენაძენებს (დიდია წუნდებული ან უსარგებლო ნივთის ყიდვის ალბათობა). ასევე, ყურადღება მიაქციეთ ბავშვებთან დაკავშირებულ ხარჯებს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. აუცილებლად გაითვალისწინეთ „უკურსო მთვარის“ პერიოდები: ამ კვირაში გვაქვს ორი მნიშვნელოვანი შუალედი, როცა მთვარე სხვა პლანეტებთან ძირითად ასპექტებს აღარ ქმნის:
21 ოქტომბრის 12:42-დან - 16:35-მდე;
23 ოქტომბრის 07:31-დან - 23:53-მდე (მთელი დღე!).
განსაკუთრებით საყურადღებოა პარასკევი, 23 ოქტომბერი, როდესაც დილიდან შუაღამემდე მთვარე უკურსოა.
ამ საათებში ნებისმიერი ახალი საქმის დაწყება, მნიშვნელოვანი საბუთის გაფორმება ან მსხვილი შენაძენი ფუჭი აღმოჩნდება. სტრატეგია: ნუ ეცდებით გაჩერებული პროცესების ძალით დაძვრას. ვენერასა და მერკურის ორმაგი რეტროგრადულობა გამოიყენეთ სახლისა და სამუშაო გარემოს დასასუფთავებლად, ზედმეტი ნივთებისა და ძველი ტანსაცმლის თავიდან მოსაშორებლად. ყველა მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა კვირის პირველ ნახევარში (ოთხშაბათ-ხუთშაბათს) მოაგვარეთ, პარასკევს დაისვენეთ, ხოლო კვირა დღის ენერგია ოჯახურ და შემოქმედებით განახლებას დაუთმეთ.
19 ოქტომბერი, ორშაბათი: ემოციური სიღრმე და განახლების იმპულსი მთვარე: თხის რქიდან გადადის მერწყულში (05:39). კვირა საკმაოდ უცნაური და კონტრასტული ენერგიით იწყება. გამთენიისას მთვარე თავისუფლებისმოყვარე მერწყულში გადადის, თუმცა დღის პირველ ნახევარში ის უერთდება პლუტონს და დაძაბულ ასპექტს ქმნის რეტროგრადულ ვენერასთან. ეს კომბინაცია შინაგან დისკომფორტს, პირად და ფინანსურ თემებზე შფოთვასა და ემოციურ სიმძიმეს იწვევს. შუადღის შემდეგ (15:51-დან) მთვარისა და ურანის ჰარმონიული კავშირი სიტუაციას საგრძნობლად განმუხტავს, მოიტანს ახალ იდეებს და პრობლემების არასტანდარტულად გადაჭრის გზებს დაგვანახვებს.
✅რეკომენდებულია: დღის მეორე ნახევარში ინტელექტუალური მუშაობა, სამომავლო გეგმების გადახედვა, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობა, ძველი პრობლემების ახლებურად გააზრება, ტექნოლოგიური საკითხების მოწესრიგება.
⛔️თავი შეიკავეთ: დღის პირველ ნახევარში საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისგან, ფინანსური ავანტიურებისგან, ვალის აღებისგან და ძვირფასი ნივთების შეძენისგან. ნუ აჰყვებით მანიპულაციებს.
20 ოქტომბერი, სამშაბათი: კვირის ყველაზე კონფლიქტური დღე მთვარე: მერწყულში. ეს კვირის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ფეთქებადი დღეა, რომელიც მაქსიმალურ თვითკონტროლს მოითხოვს. დილიდანვე მთვარე უპირისპირდება მარსს, რასაც ემატება რეტროგრადული ვენერასა და პლუტონის ზუსტი კვადრატი და საღამოს მთვარე-მერკურის დაძაბული ასპექტი. ეს ნიშნავს, რომ დაძაბულობა ერთდროულად მოიცავს როგორც ემოციურ, ისე საქმიან და ფინანსურ სფეროებს. მოსალოდნელია კამათი, ეჭვიანობის სცენები, ძველი წყენების ამოტივტივება და ტექნიკური შეფერხებები. ადამიანებს გაუჭირდებათ ერთმანეთის მოსმენა.
✅რეკომენდებულია: სიმშვიდისა და დისტანციის შენარჩუნება, დამოუკიდებლად მუშაობა, ადრე დაწყებული საქმეების მშვიდად კეთება, ფიზიკური ენერგიის ვარჯიშში ან სეირნობაში დახარჯვა, დალაგება, მოწესრიგება, არასაჭირო ნივთების მოცილება.
⛔️თავი შეიკავეთ: ნებისმიერი სახის კონფლიქტში შესვლისგან, ულტიმატუმების წაყენებისგან, სარისკო ფინანსური ოპერაციებისგან და საბუთებზე ხელის მოწერისგან. საღამოს საათებში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან და გზაზე გადაადგილებისას.
21 ოქტომბერი, ოთხშაბათი: ჰარმონიის დაბრუნება და ინტუიცია მთვარე: მერწყულში - გადადის თევზებში (16:34). ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 12:42-დან 16:35-მდე. გუშინდელი ქარიშხლის შემდეგ, ოთხშაბათი ბევრად უფრო მშვიდი და ნაყოფიერი იქნება. დღის პირველ ნახევარში მთვარე ჰარმონიულ ასპექტს ქმნის მზესთან, რაც საშუალებას მოგვცემს, აღვიდგინოთ შინაგანი წონასწორობა და საქმიანი თუ პირადი საკითხები დიპლომატიურად მოვაგვაროთ - (ოღონდ ეს ყველაფერი 12:42 საათამდე უნდა მოასწროთ). 16:35-დან მთვარე თევზების ნიშანში გადადის, საღამოს კი ვენერასთან ქმნის ჰარმონიულ კავშირს - გარემო გახდება თბილი, მშვიდი, სენტიმენტალური და შემოქმედებითი.
✅რეკომენდებულია: დღის პირველ ნახევარში შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვა, შერიგება და კომპრომისის პოვნა. საღამოს - ხელოვნებასთან შეხება, მუსიკის მოსმენა, კონცერტი, კინო, თეატრი, მედიტაცია, ლოცვა, საყვარელ ადამიანთან მშვიდ გარემოში ყოფნა.
⛔️თავი შეიკავეთ: 12:42-დან 16:35-მდე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისა და ახალი ვალდებულებების აღებისგან. საღამოს მოერიდეთ ალკოჰოლს და ნუ მისცემთ თავს მელანქოლიაში ჩაძირვის უფლებას.
22 ოქტომბერი, ხუთშაბათი: შემოქმედებითი ხედვა და ემოციური ფონი მთვარე: თევზებში. მთელი დღის განმავლობაში მთვარე თევზების ნიშანში მოძრაობს, რაც აძლიერებს ჩვენს ინტუიციას, ემპათიასა და წარმოსახვის უნარს. დღე საკმაოდ მშვიდია და არ არის დატვირთული მძიმე ასპექტებით. ადამიანები უფრო გულისხმიერები და დამთმობები ხდებიან, თუმცა პარალელურად მატულობს დაბნეულობა და ილუზიებში გადავარდნის საფრთხე, მით უმეტეს, რომ მერკური თითქმის გაჩერებულია. კარგი დღეა წარსულის ანალიზისთვის, თვითრეფლექსიისთვისა და საკუთარ ქვეცნობიერში ჩასახედად.
✅რეკომენდებულია: ფსიქოლოგიური სეანსები, შემოქმედებითი საქმიანობა, ქველმოქმედება, სხვების დახმარება, სამედიცინო კვლევების ჩატარება, განმარტოებაში მუშაობა, ძველი ვალების ან დანაპირების გასტუმრება. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია.
⛔️თავი შეიკავეთ: ზუსტი ფინანსური გათვლებისგან (მაღალია მექანიკური შეცდომის დაშვების ალბათობა), უცნობების ბრმად ნდობისგან, ალკოჰოლისა და საეჭვო საკვებისა თუ მედიკამენტების არასწორად მიღებისგან.
23 ოქტომბერი, პარასკევი: მზე მორიელში და „დაკარგული დროის“ ეფექტი მთვარე: თევზებში - გადადის ვერძში (23:53).
⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 07:31-დან 23:53-მდე! ეს ძალიან სპეციფიკური დღეა. შუადღისას (13:37-ზე) მზე სასწორის ნიშანს ტოვებს და მორიელში გადადის, რითაც იწყება ღრმა შინაგანი ტრანსფორმაციის ერთთვიანი პერიოდი. თუმცა, თავად ეს დღე საქმიანი აქტივობისთვის სრულიად გამოუსადეგარია, რადგან დილის 07:31 საათიდან შუაღამემდე მთვარე უკურსოა! ყველაფერი, რასაც დღეს ახალს წამოიწყებთ, ჰაერში გამოეკიდება და შედეგს არ გამოიღებს. სამაგიეროდ, დილის მთვარე-მერკურის დადებითი ასპექტის ინერცია შესანიშნავია ძველი საქმეების დასასრულებლად.
✅რეკომენდებულია: მიმდინარე, რუტინული საქმეების კეთება, სამუშაო მაგიდისა და კომპიუტერის გასუფთავება, დასვენება, ძალების აღდგენა, წყლის პროცედურები, კომპრომისებზე წასვლა, მიტევება და პატიების თხოვნა, წარსულის გაანალიზება, თვითრეფლექსია და ნაწყენ ახლობლებთან შერიგება.
⛔️თავი შეიკავეთ: მთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი ახალი პროექტის დაწყებისგან, სამსახურში გასაუბრებისგან, მნიშვნელოვანი შეთანხმებების დადებისა და მსხვილი შენაძენებისგან. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ახალ ვალდებულებებს.
24 ოქტომბერი, შაბათი: რეტრო-მერკური და ფასეულობების გადაფასება მთვარე: ვერძში. შაბათი უძლიერესი ასტროლოგიური მოვლენებით იხსნება. დილით (07:38) მორიელში ხდება მზისა და რეტროგრადული ვენერას ზუსტი შეერთება, ხოლო 11:12 საათზე მერკურიც რეტროგრადული ხდება (13 ნოემბრამდე). ეს არის წარსულთან შეხვედრისა და გადაფასების დღე. შესაძლოა გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან, ან მოგიწიოთ ძველ ფინანსურ და სასიყვარულო საკითხებთან მიბრუნება. ამავდროულად, ვერძში მყოფი მთვარე სულსწრაფობასა და იმპულსურობას გვმატებს, საღამოს კი სატურნს უერთდება, რაც ემოციურ სიცივესა და გარკვეულ შეზღუდვებს ქმნის.
✅რეკომენდებულია: საკუთარი გარდერობის, ნივთების, ფინანსებისა და ურთიერთობების სრული გადახარისხება, ძველი ნაცნობების მოკითხვა, ადრე დაწყებული სწავლის, კვლევის ან კურსის განახლება. საღამოს - დისციპლინისა და სიმშვიდის შენარჩუნება.
⛔️თავი შეიკავეთ: ახალი ტექნიკის, მანქანის ან ძვირფასეულობის შეძენისგან (რეტრო-მერკურის დროს ნაყიდი ტექნიკა მალევე ფუჭდება). მოერიდეთ სულსწრაფობას, სიჯიუტესა და უფროსი თაობის ადამიანებთან კამათს. გაუფრთხილდით თავსა და კბილებს.
25 ოქტომბერი, კვირა: სინათლის გაელვება და ენერგიის მოზღვავება მთვარე: ვერძში. მძიმე და წინააღმდეგობრივი კვირა ნათელი, დინამიკური და პოზიტიური აკორდით სრულდება! დღისით (13:09-ზე) რეტროგრადული ვენერა ტოვებს კრიზისულ მორიელს და თავის მშობლიურ სასწორში ბრუნდება, რაც მაშინვე შემოიტანს ჰარმონიას, გაწონასწორებასა და დიპლომატიურობას ჩვენს ურთიერთობებში. გარდა ამისა, ვერძში მყოფი მთვარე მთელი დღის განმავლობაში ქმნის სასიკეთო ასპექტებს ჯერ მარსთან, შემდეგ კი იუპიტერთან. ეს გვაძლევს უდიდეს სასიცოცხლო ენერგიას, ოპტიმიზმს, სიხარულსა და თავდაჯერებულობას.
✅რეკომენდებულია: აქტიური დასვენება, სპორტი, ბუნებაში გასვლა, ოჯახური ან მეგობრული შეკრებები, ბავშვებთან ურთიერთობა, კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება, ძველი სასიყვარულო ან მეგობრული ურთიერთობების დათბობა და აღდგენა.
⛔️თავი შეიკავეთ: სახლში ჩაკეტვისა და უმოძრაობისგან. მიუხედავად შესანიშნავი განწყობისა, გახსოვდეთ, რომ მერკური და ვენერა რეტროგრადულია, ამიტომ მოერიდეთ ფულის ფლანგვასა და ახალი საქმიანი პროექტების დაწყებას.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 უნიკალური ოპერაცია საქართველოში - ექიმებმა ადამიანის თვალბუდიდან ცოცხალი პარაზიტი ამოიყვანეს