Digest Logo

26 სექტემბერს ვერძის ნიშანში სავსემთვარეობის პიკი დგება - რა საკითხები გააქტიურდება ადამიანთა ცხოვრებაში

1790226560
ვერძი ვერძი

26 სექტემბერს, 20:50 საათზე ვერძის ნიშანში სავსემთვარეობის პიკი დგება. ეს დაბნელებების სეზონის შემდგომი პირველი სავსემთვარეობაა, ამიტომ პროცესებს, რომლებიც ბოლო პერიოდში დაიწყო ან გააქტიურდა, ახლა განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი და შედეგების გამოვლენა მოჰყვება.

სავსემთვარეობა დაკავშირებულია კულმინაციასთან, დასრულებასთან, იმ საკითხების ზედაპირზე ამოსვლასთან, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში გროვდებოდა. ამჯერად მთავარი თემა მკაფიოა - საკუთარი თავის, პირადი სურვილებისა და ურთიერთობებში საკუთარი ადგილის განსაზღვრა.

ვერძის სავსემთვარეობა შეეხება ჩვენს პიროვნებას, ინდივიდუალურობას, გადაწყვეტილებებს, სურვილებსა და მოქმედების უნარს. ვერძი აჩვენებს, თუ რამდენად თავისუფლად შეგვიძლია საკუთარი გზით წასვლა, საკუთარი სურვილების აღიარება და საჭირო მომენტში გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ამავე დროს მზე სასწორში იმყოფება, ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირება ამ პერიოდში საკმარისი აღარ არის. ვერძი-სასწორის ღერძი გამოკვეთს მნიშვნელოვან თემას: როგორ შევინარჩუნოთ საკუთარი თავი ურთიერთობაში და ისე, რომ არც საკუთარი სურვილები და არც სხვისი საზღვრები უგულებელვყოთ.

ამიტომ ეს სავსემთვარეობა განსაკუთრებით ძლიერად ააქტიურებს ურთიერთობების თემას - პარტნიორობას, ქორწინებას, პირად კავშირებს, თანამშრომლობას, შეთანხმებებსა და ურთიერთობებს, სადაც საკუთარი თავისა და სხვისი ინტერესების დაბალანსება გვიწევს. ურთიერთობაში დაგროვილი უთქმელი საკითხები ახლა უფრო მკაფიო გახდება. ზოგიერთ შემთხვევაში დადგება გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა: გაგრძელდეს არსებული ფორმით ურთიერთობა, შეიცვალოს პირობები, განისაზღვროს ახალი საზღვრები ან დასრულდეს ის, რაც უკვე ამოწურულია.

სავსემთვარეობა ნეპტუნთან ახლოს ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნეპტუნის გავლენა დაკავშირებულია ილუზიებთან, იდეალიზაციასთან, ბუნდოვან აღქმასთან და იმ წარმოდგენებთან, რომლებსაც საკუთარ თავზე ან სხვა ადამიანებზე ვიქმნით. ამიტომ ამ პერიოდში შესაძლოა განსაკუთრებით მკაფიოდ დავინახოთ განსხვავება რეალობასა და ჩვენს წარმოდგენას შორის. ის, რასაც საკუთარ თავზე წლების განმავლობაში ვამბობდით - „მე ასეთი ვარ“, „ასეთი ურთიერთობა მჭირდება“, „ამას არასოდეს გავაკეთებ“, „სხვისი აზრი არ მაინტერესებს“, „მე ამას უკვე გავუმკლავდი“ - ახლა რეალობის გამოცდის წინაშე დგება.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც საკუთარ თავზე გვჯეროდა, მცდარია. უბრალოდ, საკუთარ თავზე შექმნილ იმიჯსა და რეალურ ქცევას შორის განსხვავებას უფრო ნათლად დავინახავთ. კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენი რეაქცია ბევრად მეტს გვეტყვის საკუთარ თავზე, ვიდრე ნებისმიერი წინასწარ შექმნილი წარმოდგენა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება ის, თუ რა გვაღიზიანებს, რა გვაბრაზებს, რის დაკარგვას ვერ ვეგუებით და რას ვიცავთ ასეთი სიმტკიცით.

სავსემთვარეობის მმართველი მარსი კირჩხიბის 29-ე გრადუსზე იმყოფება და მთვარესთან ჰარმონიულ ასპექტს ქმნის. მარსი მოქმედების, გადაწყვეტილებისა და ბრძოლის პრინციპია, კირჩხიბი კი დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან, წარსულთან, ემოციურ სტაბილურობასთან და მზრუნველობასთან. ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდება ოჯახური და პირადი ცხოვრების საკითხები, ძველი ემოციები, წარსულიდან წამოსული წყენა, ოჯახური პასუხისმგებლობები და თემები, რომელთა გამო დიდი ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდით.

მარსის 29-ე გრადუსი პროცესის დასრულების აუცილებლობას აძლიერებს. აქ საქმე მხოლოდ ემოციის განცდას აღარ ეხება - გარკვეული გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. მაგალითად ნათელი გახდება, რომ კონკრეტულ მდგომარეობაში, ურთიერთობაში ან სიტუაციაში, რომელიც ცხოვრების წესად გვექცა, ზედმეტად დიდხანს გავიჭედეთ, დიდხანს ვითმინეთ ის, რაც შინაგანად გვანგრევდა და გვაღიზიანებდა, ვიცავდით ურთიერთობას და ერთ წრეზე დავდიოდით.

ამ პერიოდში ბრაზი მნიშვნელოვანი სიგნალი ხდება. მარსი კირჩხიბში პირდაპირ და ღიად იშვიათად გამოხატავს აგრესიას. დაგროვილი უკმაყოფილება შეიძლება ირიბად გამოვლინდეს, გაღიზიანებით, წყენით, დუმილით ან პასიურ-აგრესიული ქცევით. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დაველოდოთ ემოციის დაგროვებას იმ მომენტამდე, როდესაც ის უკვე აფეთქებად გადაიქცევა. ბრაზი თავისთავად პრობლემა არ არის - ის გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, სად დაირღვა ჩვენი საზღვარი, სად ვიგრძენით უსამართლობა, სად დავთმეთ საკუთარი სურვილი ან სად ვიგრძენით თავი უძლურად.

ვერძის ენერგია ხშირად ასოცირდება დამოუკიდებლობასთან და საკუთარი სურვილების დაცვასთან, მაგრამ ამ პერიოდში გაცილებით ღირებული ხდება იმის გაცნობიერება, როდის არის საჭირო დახმარების მიღება, საკუთარი სისუსტის აღიარება, მხარდაჭერის თხოვნა და იმის თქმა, რომ სხვა ადამიანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მუდმივი დამოუკიდებლობის დემონსტრირება ზოგჯერ თავდაცვის ფორმად იქცევა. ყველაფერი საკუთარ თავზე აღება და იმის დამტკიცება, რომ დახმარება არავისგან გვჭირდება, ყოველთვის სიძლიერეს არ ნიშნავს.

სავსემთვარეობა მოგვიწოდებს ვიპოვოთ წონასწორობა ჯანსაღ დამოუკიდებლობასა და ემოციურ ჩაკეტილობას შორის, პირად საზღვარსა და უზარმაზარ კედელს შორის, საკუთარ სურვილებსა და სხვების საჭიროებებს შორის. ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება პარტნიორულ ურთიერთობებში, სადაც ორი დამოუკიდებელი ადამიანი ცდილობს საერთო სივრცის შექმნას.

სასწორში მზის პოზიციის გამო სხვა ადამიანის პოზიცია ამ პერიოდში მნიშვნელოვანი სარკე ხდება ჩვენთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვისი შეფასება ავტომატურად სიმართლეა. მთავარია დავაკვირდეთ უკუკავშირს და შევადაროთ ის საკუთარ ქცევას. თუ ერთი და იგივე პრობლემა სხვადასხვა ურთიერთობაში მეორდება, უნდა დავფიქრდეთ, რა როლს ვასრულებთ ამ პროცესში. შესაძლოა, სხვაში ის თვისება გვაღიზიანებდეს, რომლის გამოვლენის უფლებას საკუთარ თავს არასოდეს ვაძლევთ, ან პირიქით - საკუთარ თავში რაღაცას ვუწოდებდეთ ძალას, მაშინ როცა სხვა ადამიანი ამას აგრესიად აღიქვამს.

ნეპტუნის გავლენა ამ ყველაფერს კიდევ უფრო მგრძნობიარეს ხდის. ამიტომ ამ დღეებში სწრაფი დასკვნების გაკეთება საუკეთესო სტრატეგია არ არის. ერთი ემოციური რეაქცია საბოლოო ჭეშმარიტებად არ უნდა მივიჩნიოთ. თუ ვინმეს სიტყვამ გაგაღიზიანათ, პირველ რიგში დააკვირდით, კონკრეტულად რას შეეხო თქვენში ეს რეაქცია. თუ ურთიერთობაში დაძაბულობა გაჩნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გარკვევა, ვინ არის დამნაშავე, არამედ ის მიზეზები, რომლებიც დროთა განმავლობაში დაგროვდა.

ამ სავსემთვარეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო საკუთარი სხეული და ჯანმრთელობაა. ვერძი ფიზიკურ სხეულს, თავსა და პირად ენერგიას უკავშირდება. ამიტომ აკონტროლეთ გადაღლა, სტრესი, ძილის ხარისხი და ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს, რომლებსაც სხეული გაძლევთ. ემოციური დაძაბულობის ფონზე ზედმეტი გადატვირთვა და იმპულსური მოქმედება არასასურველია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიფრთხილე მაშინ, როცა ძლიერი გაღიზიანების ან დაძაბულობის მდგომარეობაში ხართ.

ამ სავსემთვარეობას ძლიერი იმპულსი აქვს იმისთვის, რომ რაღაც დასრულდეს და მის ადგილას ახალი ეტაპი დაიწყოს. თუმცა ახალი ეტაპის დაწყება ყოველთვის არ ნიშნავს გარეგნულ, რადიკალურ ცვლილებას. ზოგჯერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საზღვრის დაწესება, საუბრის დაწყება, უარის თქმა, ურთიერთობში წესების შეცვლა, პასუხისმგებლობის გადანაწილება ან იმ ემოციური ტვირთის მოშორებაა, რომელსაც დიდი ხანია ვატარებთ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სახლისა და ოჯახის საკითხები. მარსის კირჩხიბში ყოფნა ამ სფეროში მოქმედების აუცილებლობას აძლიერებს. შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს საცხოვრებელთან, ოჯახურ ურთიერთობებთან, ახლობლებთან, მშობლებთან ან წარსულთან დაკავშირებული საკითხები. ზოგისთვის ეს იქნება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, ზოგისთვის კი იმ ემოციური დამოკიდებულების გაცნობიერება, რომელიც ხელს უშლიდა წინსვლას.

ვერძის სავსემთვარეობა ასევე გვაჩვენებს, სად გავჩერდით ცვლილებების შიშით. ზოგჯერ ვიცით, რომ არსებული მდგომარეობა აღარ გვაკმაყოფილებს, მაგრამ მაინც არაფერს ვცვლით, რადგან ნაცნობი ტკივილი უცნობ მომავალზე ნაკლებად საშიში გვეჩვენება. ამ პერიოდში ეს წინააღმდეგობა უფრო მკაფიო ხდება. აქტუალური გახდება კითხვა: რას ვიცავ სინამდვილეში? ურთიერთობას, ადამიანს, ოჯახს, ჩემს რეპუტაციას, ძველ ცხოვრების წესს თუ საკუთარ თავზე შექმნილ წარმოდგენას?

სატურნის გავლენა ამ პროცესს თვითკონტროლის მიმართულებას აძლევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი ემოცია თავისთავად დაუყოვნებლივ მოქმედების საჭიროებას არ ნიშნავს. პირიქით - ამ სავსემთვარეობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ვისწავლოთ, როგორ გადავაქციოთ ემოცია ცნობიერ ქმედებად. გაბრაზებული კარის გაჯახუნება და საკუთარი სიმართლის მშვიდად, მკაფიოდ თქმა ერთი და იგივე არ არის. იმპულსური დაპირისპირება და საკუთარი საზღვრის დაცვა ერთი და იგივე არაა.

ამიტომ 26 სექტემბრის სავსემთვარეობის პერიოდში (მომდევნო ორი კვირის მანძილზე) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტემპის შენელება მაშინ, როცა ემოცია პიკს აღწევს. გადაწყვეტილება მიიღეთ მაშინ, როცა შეძლებთ საკუთარი სურვილისა და შიშის ერთმანეთისგან გამიჯვნას. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას ვიცავ სინამდვილეში? რისი დაკარგვის მეშინია? რას ვეღარ ვიტან? რა მინდა სინამდვილეში? ეს ურთიერთობა მაძლევს შესაძლებლობას, ვიყო საკუთარი თავი, თუ მუდმივად მიწევს ისეთი როლის თამაში, რომელიც აღარ შეესაბამება ჩემს რეალურ მდგომარეობას?

ამ სავსემთვარეობის ენერგია განსაკუთრებით აქტუალური იქნება მათთვის, ვინც დიდი ხანია არჩევანის წინაშე დგას. ურთიერთობის გაგრძელება თუ დასრულება, საკუთარი სურვილის დაცვა თუ კიდევ ერთი დათმობა, ოჯახური ვალდებულების შესრულება თუ პირადი გზის არჩევა, ძველი ცხოვრების წესის შენარჩუნება თუ ახალი ეტაპის დაწყება - ყველა შემთხვევაში მთავარია: როგორ შევინარჩუნოთ საკუთარი თავი ისე, რომ არც საკუთარი საჭიროებები უარვყოთ და არც სხვა ადამიანის საჭიროებები დავივიწყოთ.

საკუთარი თავის არჩევა არ ნიშნავს ყველას წინააღმდეგ წასვლას. დამოუკიდებლობა არ გამორიცხავს სიახლოვეს, ძალა არ გამორიცხავს სისუსტეს, ხოლო საკუთარი სურვილების დაცვა არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან შედეგებზე, რომლებიც ჩვენს მოქმედებას მოჰყვება.

ამ დღეებში ნუ ეცდებით საკუთარი თავისთვის იდეალური იმიჯის შენარჩუნებას. თუ აღმოაჩენთ, რომ რაღაცაზე გაბრაზებული ხართ, აღიარეთ ეს. თუ მიხვდებით, რომ კონკრეტული ადამიანი გჭირდებათ, ამის თქმის ნუ შეგეშინდებათ. თუ გაიაზრებთ, რომ ძველი არჩევანი აღარ შეესაბამება თქვენს დღევანდელ მდგომარეობას, ნუ აიძულებთ საკუთარ თავს მის გაგრძელებას მხოლოდ იმიტომ, რომ ოდესღაც სხვაგვარად გადაწყვიტეთ. ადამიანი იცვლება და მასთან ერთად იცვლება მისი საჭიროებები, საზღვრები და ცხოვრებისეული პრიორიტეტებიც.

26 სექტემბრის ვერძის სავსემთვარეობა გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ საკუთარი თავის ის მხარე, რომელსაც აქამდე ვერ ვამჩნევდით. ეს პროცესი შეიძლება კომფორტული არ იყოს, თუმცა მისი ღირებულება სიმართლის დანახვაშია. როცა ძველმა ,,მე''-მ თავისი თავო ამოწურა, ძალით მისი შენარჩუნება აღარ არის საჭირო. მნიშვნელოვანია არა სრულყოფილი იმიჯის შექმნა, არამედ საკუთარ თავთან უფრო გულწრფელი ურთიერთობის დაწყება.

ეს არის პერიოდი, როდესაც საკუთარ თავთან გულწრფელობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ძველი იმიჯის დაცვა. ვერძის ენერგია გვაძლევს მოქმედების იმპულსს, სასწორი გვახსენებს ურთიერთობების პასუხისმგებლობას, მარსი გვაძლევს ძალას გადაწყვეტილებისთვის, კირჩხიბი კი გვაჩვენებს იმ ემოციურ მიზეზებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებების უკან დგას. ნეპტუნი ამ პროცესში გვაიძულებს გავარჩიოთ რეალობა და ილუზია, სატურნი კი გვასწავლის, რომ მიღებული გაცნობიერება პასუხისმგებელ მოქმედებად ვაქციოთ.

ამიტომ 26 სექტემბრის სავსემთვარეობის ამოცანა გულწრფელობაა- საკუთარ თავთან, პარტნიორთან, სურვილებთან და აუცილებელი ცვლილებების აუცილებლობასთან. როცა ზუსტად ვიცით, რას ვიცავთ და რატომ, გაცილებით მარტივია გადაწყვეტა, თუ რისთვის ღირს ბრძოლა, რა შევცვალოთ, რა გავუშვათ და რა შევინარჩუნოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 სექტემბერს საქართველოში