2026 წლის ივლისი გლობალური და პირადი ტრანსფორმაციის უმნიშვნელოვანეს წერტილად იქცევა, რაც ორ მთავარ ასტროლოგიურ მოვლენას – იუპიტერის 12 წლის შემდეგ ლომის ნიშანში შესვლასა და მთვარის კარმული კვანძების მერწყული-ლომის ღერძზე გადასვლას უკავშირდება. პლანეტარული გადაადგილებები, რომლებსაც თან ახლავს პლუტონთან ოპოზიცია და რეტროგრადული მერკურისა თუ ნეპტუნის გავლენები, ძველი, ილუზიური მოდელების მსხვრევას, საინფორმაციო სივრცის დაძაბვასა და მოულოდნელ კრიზისებს გამოიწვევს.
ასტროლოგების პროგნოზით, ივლისის თვეში დაწყებული პროცესები საფუძველს ჩაუყრის მომდევნო 18-თვიან ციკლს, სადაც წინა პლანზე ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტი, კოლექტიური მომავლის შენება და ახალი, ამბიციური ლიდერების გამოჩენა წამოიწევს.
ეს პერიოდი უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენით იწყება: იუპიტერი, 12 წლის შემდეგ პირველად, ლომის ნიშანში შედის, რაც გლობალურ ტენდენციებსა და კოლექტიურ განწყობას შეცვლის. თუ აქამდე იუპიტერი კირჩხიბში ოჯახურ ფასეულობებს, ეროვნულ ინტერესებსა და ემოციურ სტაბილურობას აძლიერებდა, ახლა წინა პლანზე ლიდერობა, გავლენა, ავტორიტეტი და შემოქმედებითი თვითგამოხატვა გადმოდის.
იუპიტერი ლომის ნიშანში აძლიერებს საკუთარი თავის წარმოჩენის სურვილს. ეს თამამი ლიდერების, ხმამაღალი განცხადებების, მასშტაბური პროექტებისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის დროა. თითოეული ჩვენგანისთვის ეს შესაძლებლობაა, გამოვიდეთ ჩრდილიდან, ნათლად გამოვხატოთ საკუთარი პოტენციალი და განვითარების ახალი ეტაპი დავიწყოთ. სანამ იუპიტერი ლომში მოძრაობს, ეს ჩვენი გაბრწყინების პერიოდია.
თუმცა, ამბიციების ზრდასთან ერთად, მეტოქეობაც ძლიერდება. სამყარო უფრო ხმაურიანი, ემოციური და კომპრომისებისადმი ნაკლებად მიდრეკილი ხდება.
ივლისის დასაწყისში იუპიტერი არა მხოლოდ ახალ ნიშანში გადადის, არამედ მაშინვე პლუტონთან ოპოზიციაში შედის. ეს ორი ძლიერი პლანეტა უმნიშვნელოვანეს ფონს ქმნის მომდევნო თვეებისთვის. იუპიტერი პასუხისმგებელია გაფართოებაზე, იდეოლოგიასა და ზრდაზე, ხოლო პლუტონი - ძალაუფლებაზე, კონტროლზე, ემოციურ ტრანსფორმაციებსა და ფარულ პროცესებზე. ამ პლანეტების დაპირისპირება სამყაროს ძველი მოდელების კრიზისისა და ახალი გადაწყვეტილებების ძიების წინაშე აყენებს.
პლუტონის გავლენა როგორც გლობალურ, ისე პირად დონეზე გამოვლინდება. ბევრმა შესაძლოა იგრძნოს შინაგანი კონფლიქტი წინსვლის სურვილსა და წარსულის დაუმთავრებელ საქმეებს შორის. ბევრი მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: დარჩეს ჩვეულ ჩარჩოებში თუ მიიღოს მოცემულობა, რომ ცხოვრება სერიოზულ ცვლილებებს მოითხოვს.
თვის პირველი ნახევარი განსაკუთრებით დინამიკური იქნება. მარსისა და ურანის შეერთება ფეთქებად ენერგიას ათავისუფლებს, რის გამოც მოვლენები მოლოდინზე სწრაფად განვითარდება, გეგმები კი შესაძლოა რამდენიმე საათში შეიცვალოს. მოულოდნელი ამბები და ახალი გარემოებები ძველი პრობლემების არატრადიციულ გადაწყვეტას მოითხოვს. სადაც დაძაბულობა დიდი ხანია გროვდება, სიტუაცია გამოსავალს აუცილებლად იპოვის.
ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება მოქნილობა იქნება. რაც უფრო მეტად ჩავეჭიდებით წარსულს, მოძველებულ დამოკიდებულებებსა და შაბლონებს, მით უფრო გაგვიჭირდება მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია. ახლა მთავარია, ვისწავლოთ ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება და ახალი შესაძლებლობების დანახვა - არასტაბილურ გარემოშიც კი. ეს მძლავრი ენერგია შეგვიძლია შემოქმედებითად გამოვიყენოთ და მნიშვნელოვანი გარღვევების საფუძვლად ვაქციოთ.
საზოგადოებრივ დონეზე მოსალოდნელია პროცესების დაჩქარება, საინფორმაციო სივრცეში დაძაბულობის მატება, ხმამაღალი განცხადებები და ისეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებები, რომლებიც ცოტა ხნის წინ სრულიად წარმოუდგენელი ჩანდა.
ივლისის დასაწყისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია ნეპტუნის შენელება და მისი რეტროგრადული მოძრაობის დაწყებაა. ეს პერიოდი აძლიერებს ინტუიციას, თუმცა, ამავდროულად, ილუზიების ნისლსაც ქმნის. ბევრი სიტუაცია ბუნდოვანი და გაურკვეველი გახდება; მოიმატებს ჭორები, სპეკულაციები და წინააღმდეგობრივი ინფორმაცია. ამიტომ, ამ დღეებში უმჯობესია არ ვიჩქაროთ საბოლოო დასკვნების გამოტანა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება - განსაკუთრებით მაშინ, თუ საკმარისი ფაქტები არ გაგვაჩნია.
ნეპტუნის რეტროგრადულობის მთავარი მიზანია დაგვანახოს, სად მთავრდება ჩვენი ფანტაზიები და სად იწყება რეალობა. წლის მეორე ნახევარში ბევრი ადამიანი გადახედავს საკუთარ ოცნებებს, მოლოდინებსა და იდეალებს. ზოგისთვის ეს სულიერი ზრდის პერიოდი იქნება, ზოგისთვის კი - მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გამოფხიზლება, როდესაც ილუზიები მსხვრევას იწყებს და რეალობა უფრო მკაფიო ხდება.
მერკური ივლისში განსაკუთრებულ როლს შეასრულებს, რადგან თვის უმეტეს ნაწილს რეტროგრადულ მოძრაობაში გაატარებს. ეს პერიოდი ყოველთვის აბრუნებს წარსულის თემებს, დაუმთავრებელ საქმეებსა და ადამიანებს, რომლებთანაც გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ გადასაჭრელია. შესაძლოა საჭირო გახდეს ადრე მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა, შეცდომების გამოსწორება და დაუსრულებელი პროცესების დასრულება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ხელახლა გააზრება.
ივლისის შუა რიცხვებში მერკური მზესთან შეერთდება. ასტროლოგიაში ამ მოვლენას ,,დამწვარ მერკურს'' უწოდებენ და მას ხშირად გონებრივი გარდაქმნის უმნიშვნელოვანეს პერიოდად მიიჩნევენ. სწორედ ამ დროს შეიძლება მივხვდეთ, რომ ძველი წარმოდგენები, შეხედულებები და აზროვნების მოდელები აღარ მუშაობს. ის, რაც აქამდე აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი გვეგონა, მოულოდნელად ეჭვს გააჩენს. თუმცა, სწორედ ამ პროცესის მეშვეობით თავისუფლდება სივრცე ახალი იდეებისთვის, განსხვავებული ხედვისა და სრულიად ახალი გადაწყვეტილებებისთვის.
თუ თვის შუა რიცხვებში უჩვეულო იდეები გაგიჩნდებათ, შეხედულებები შეგეცვლებათ ან მოვლენებს სრულიად ახალი პერსპექტივით დაინახავთ, ნუ იჩქარებთ მათ უარყოფას. სავსებით შესაძლებელია, სწორედ ასე ცდილობდეს სამყარო თქვენი მომავალი განვითარების ახალი მიმართულების ჩვენებას.
ივლისის მეორე ნახევარი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. 13 ივლისიდან აქტიურდება ახალი ასტროლოგიური კონფიგურაცია, რომელიც კვლავ იუპიტერისა და პლუტონის ოპოზიციას ეფუძნება, თუმცა ამჯერად პროცესში მნიშვნელოვან როლს ქირონიც შეასრულებს. ქირონს ასტროლოგიაში მკურნალს უწოდებენ - იგი სიბრძნის, გამოცდილებისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, ეს კონფიგურაცია მიუთითებს, რომ ყველაზე რთულ კრიზისშიც კი არსებობს გამოსავალი, თუმცა ის მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როდესაც მხარეები დიალოგის, შეთანხმებისა და კომპრომისისთვის იქნებიან მზად.
ამ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ერთმანეთის მოსმენის, მოლაპარაკებისა და საერთო ინტერესების პოვნის უნარი. რაც უფრო მეტად ვეცდებით მხოლოდ საკუთარი პოზიციის დაცვას, მით უფრო გაგვიჭირდება გამოსავლის პოვნა. ხოლო თუ განსხვავებული შეხედულებების მიმართ მიმღებლობა გვექნება, შესაძლოა სწორედ გამოჩნდეს წარმოუდგენელი შესაძლებლობები.
23 ივლისიდან ენერგია კიდევ უფრო ძლიერდება. მზე ლომის ნიშანში გადადის და იუპიტერს უერთდება, რაც უკვე დაწყებულ პროცესებს მაქსიმალურად გააქტიურებს. განსაკუთრებულ აქტუალობას შეიძენს ლიდერობის, ძალაუფლების, გავლენის, ავტორიტეტის, ამბიციებისა და პირადი მიღწევების თემები. ბევრს გაუჩნდება საკუთარი შესაძლებლობების უფრო თამამად წარმოჩენის სურვილი, თუმცა, ამავდროულად, გაძლიერდება კონკურენციაც და საკუთარი ინტერესების დაცვის მოთხოვნილებაც.
ივლისის ბოლო დღეები, შესაძლოა, თვის ყველაზე დაძაბული პერიოდი აღმოჩნდეს. ძველი წინააღმდეგობები საბოლოო გადაწყვეტას მოითხოვს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ფინანსებს, რესურსებს, ძალაუფლების გადანაწილებას, პირად საზღვრებსა და ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს. მიუხედავად სირთულეებისა, სწორედ ამ დროს ჩაიყრება იმ ცვლილებების საფუძველი, რომლებიც მომავალ თვეებსა და წლებზე მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას.
თვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა 27 ივლისს გველოდება, როდესაც მთვარის კარმული კვანძები ნიშნებს იცვლიან. ეს არ არის მხოლოდ ერთდღიანი ან ერთთვიანი მოვლენა - კვანძების გადასვლა მომდევნო 18 თვის კოლექტიური და პირადი განვითარების ვექტორს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ეს პერიოდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც გლობალურ, ისე თითოეული ადამიანის ცხოვრების კონტექსტში.
2025 წლის დასაწყისიდან აღმავალი კვანძი თევზების ნიშანში მოძრაობდა, რის გამოც მთავარი აქცენტი ინტუიციაზე, სულიერ განვითარებაზე, თანაგრძნობაზე, ემოციებთან მუშაობასა და შინაგანი სამყაროს განვითარებაზე კეთდებოდა. ახლა კი სრულიად ახალი ეტაპი იწყება, რომელიც განვითარების სრულიად განსხვავებულ მიმართულებას გვთავაზობს.
27 ივლისიდან აღმავალი მთვარის კვანძი მერწყულის ნიშანში გადადის, ხოლო დაღმავალი კვანძი - ლომში. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში განვითარების ვექტორი გრძნობებისა და ინტუიციის სამყაროდან იდეების, ცოდნისა და მომავლის შენებისკენ გადაინაცვლებს. სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება ინტელექტი, მეცნიერება, ტექნოლოგიური პროგრესი, ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციები, ადამიანებს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმები, სოციალური პასუხისმგებლობა და საერთო მომავლის შექმნა.
თუ გასული პერიოდის მთავარი კითხვა იყო: „რას ვგრძნობ?“, ახლა უფრო აქტუალური ხდება: „რა მომავალს ვქმნით ერთად?“. სწორედ ეს საკითხი იქნება მომდევნო 18 თვის ერთ-ერთი მთავარი თემა.
ადამიანები უფრო მეტად დაინტერესდებიან ახალი კონცეფციებით, ინოვაციური იდეებით, კოლექტიური პროექტებითა და ცივილიზაციის განვითარების ახალი პერსპექტივებით. კიდევ უფრო გაიზრდება მეცნიერების, თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, პროფესიული თუ სოციალური გაერთიანებების, საერთო ინტერესების მქონე ჯგუფებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ამავე დროს, ლომში დაღმავალი კვანძი შეგვახსენებს, რომ კოლექტიური პროგრესი ინდივიდუალობის დაკარგვას არ ნიშნავს. პირიქით, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებათ მათ, ვინც საკუთარ თავში პასუხისმგებლობას, კეთილშობილებას, გამბედაობას, შემოქმედებითობასა და ნამდვილ ლიდერულ თვისებებს აერთიანებს. სწორედ ასეთი ადამიანები გახდებიან ახალი იდეების გამტარები და შექმნიან იმ მიმართულებებს, რომლებზეც საზოგადოება მომავალ განვითარებას დააფუძნებს.
სწორედ ამიტომ, აგვისტოდან უკვე მოსალოდნელია ახალი ლიდერების გამოჩენა, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობების ჩამოყალიბება, განვითარების განსხვავებული კონცეფციების გაჩენა და სამყაროს მოწყობის სრულიად ახალი ხედვების ფორმირება. მერწყულის პროგრესული იდეებისა და ლომის ღირსეული ლიდერობის შერწყმა, შესაძლოა, 2026 წლის მეორე ნახევრის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად იქცეს.
ასე, რომ, 2026 წლის ივლისი არის პერიოდი, რომელიც კარს უხსნის კოლექტიური განვითარების ახალ ეტაპს და კარმული პროგრამების მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას. სწორედ ივლისში დავინახავთ განსაკუთრებით მკაფიოდ, რომ ძველი ციკლი სრულდება და სრულიად ახალი ისტორია იწყება.
ამ თვეში უმნიშვნელოვანესია, ნაკლებად მივეჯაჭვოთ იმას, რაც უკვე ამოიწურა, და მეტი ყურადღება მივაქციოთ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც თანდათან შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. ცვლილებები ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ სწორედ ისინი ქმნიან სივრცეს ახალი რეალობისთვის. შესაძლოა, თავიდან ყველაფერი ბუნდოვნად ან არასტაბილურად ჩანდეს, თუმცა, დროთა განმავლობაში სწორედ ეს პროცესები გახდება ჩვენი მომავალი განვითარების საფუძველი.
გისურვებთ, ივლისმა მოგიტანოთ შინაგანი სიბრძნე, სიმტკიცე და იმის დანახვის უნარი, რასაც სხვები ჯერ კიდევ ვერ ამჩნევენ. გახსოვდეთ, მომავალი ყოველთვის ჯერ ჩვენს ცნობიერებაში იბადება, შემდეგ- გადაწყვეტილებებში და ბოლოს- გარე სამყაროს მოვლენებში. ამიტომ, ეცადეთ, ეს თვე გამოიყენოთ არა შიშით, არამედ ცნობიერებით, სიფხიზლითა და ახალი შესაძლებლობებისადმი ღია დამოკიდებულებით. სწორედ ასე იწყება ახალი ციკლი - ერთი გადაწყვეტილებით, ერთი არჩევანითა და მზადყოფნით, მივიღოთ ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენს წინაშე სრულიად ახალ ცხოვრებისეულ მიმართულებას გახსნის.