28 აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველოდება - სავსემთვარეობა, რომელიც ამავდროულად მთვარის ნაწილობრივი დაბნელება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დაბნელება ნაწილობრივია, მისი ფაზა საკმაოდ ღრმა იქნება და ვიზუალურად თითქმის სრული დაბნელების შთაბეჭდილებას შექმნის. თუმცა მისი მნიშვნელობა მხოლოდ ხილულ ეფექტში არ არის - ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბნელებაა წლის განმავლობაში.
28 აგვისტოს დაბნელება ერთდროულად რამდენიმე ძლიერ თემას აერთიანებს. ის ასრულებს თევზები-ქალწულის ღერძზე მიმდინარე დაბნელებების დაახლოებით ორწლიან ციკლს, ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა შეჯამება, დასრულება და შედეგების გამოვლენა. ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებული პროცესები ახლა გარკვეულ დასკვნამდე მიდის. ის, რაც დიდხანს ყალიბდებოდა, გამოცდას გადიოდა ან გადადებული იყო, შეიძლება სწორედ ამ პერიოდში საბოლოო სახით გამოვლინდეს.
ამიტომ ეს დაბნელება გვაჩვენებს, რა მივიღეთ გავლილი გზის შედეგად და რა აღარ უნდა წავიღოთ მომავალში.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისიც, რომ დაბნელება ჩრდილოეთ მთვარის კვანძთან ახლოს ხდება. ჩრდილოეთ კვანძი ასტროლოგიაში მომავალთან, განვითარების მიმართულებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამ დაბნელებაში განსაკუთრებით ძლიერია წინსვლის, გარდატეხისა და ახალი ეტაპისკენ გადასვლის იმპულსი.
სწორედ ამიტომ ეს შეიძლება აღმოჩნდეს ერთგვარი „ჭეშმარიტების მომენტი“ - პერიოდი, როდესაც ძველი რეალობა ვეღარ ინარჩუნებს თავს მხოლოდ ინერციით, ილუზიით ან გადაუჭრელი საკითხების გადადებით.
ბევრი რამ, რაც აქამდე დაფარული იყო, უთქმელი რჩებოდა ან მხოლოდ გარკვეული ილუზიის წყალობით არსებობდა, შეიძლება ზედაპირზე ამოვიდეს. ეს ეხება როგორც პირად ცხოვრებას, ისე საზოგადოებრივ და გლობალურ პროცესებს. აგვისტოს ბოლო გამოირჩევა მნიშვნელოვანი სიახლეებით, მოულოდნელი განცხადებებით, ინფორმაციის გამჟღავნებითა და ისეთი ფაქტების გამოჩენით, რომლებიც მოვლენებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას შეცვლის.
ამ ტენდენციას კიდევ უფრო აძლიერებს მზისა და მერკურის აქტიური ურთიერთქმედება. ინფორმაციული სივრცე შეიძლება განსაკუთრებით დატვირთული გახდეს. ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, შეიძლება საჯარო გახდეს. გაიზარდოს მნიშვნელოვანი განცხადებების, განხილვების, გამოძიებებისა და ხმაურიანი ამბების რაოდენობა.
იგივე პროცესი შეიძლება ძალიან მკაფიოდ გამოვლინდეს პირად ცხოვრებაშიც. ზოგჯერ ერთი საუბარი, შემთხვევით მოსმენილი ფრაზა, მიღებული შეტყობინება ან ერთი დოკუმენტიც კი საკმარისი აღმოჩნდება იმისთვის, რომ უკვე არსებული სიტუაცია სრულიად სხვა კუთხით დაინახოთ.
ამ დაბნელების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფაქტორი ურანის ჩართულობაა. დაძაბული კონფიგურაციის მწვერვალზე ურანი აღმოჩნდება - პლანეტა, რომელიც მოულოდნელობას, რადიკალურ ცვლილებებს, თავისუფლების მოთხოვნილებასა და მოულოდნელ გარდატეხებს უკავშირდება.
ურანის ენერგია ელვისებურად მოქმედებს - შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს გეგმა, მიმართულება ან გადაწყვეტილება.
ამიტომ აგვისტოს ბოლო დღეებში გასათვალისწინებელია მოულოდნელი ცვლილებები, გეგმების სწრაფი განახლება, ტექნიკური შეფერხებები, კომუნიკაციის ან საინფორმაციო სისტემების პრობლემები, ტრანსპორტთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი სიტუაციები და სხვა ფორსმაჟორული გარემოებები.
გლობალურ დონეზე ეს შეიძლება გამოიხატოს მოულოდნელ პოლიტიკურ მოვლენებში, ფინანსურ რყევებში, მნიშვნელოვან საკადრო გადაწყვეტილებებსა და პროცესებში, რომლებიც მოსალოდნელი სცენარით აღარ განვითარდება.
პირად ცხოვრებაში ურანის გავლენა გამოიხატება მოულოდნელი გადაწყვეტილებებით. შეიძლება გამოვლინდეს საიდუმლო, რომლის დამალვაც უკვე შეუძლებელი ხდება. ან ნათელი გახდეს, რომ კონკრეტულმა ურთიერთობამ, სამსახურმა, ცხოვრების წესმა ან რომელიმე სიტუაციამ საკუთარი თავი ამოწურა.
დაბნელება სავსემთვარეობას ემთხვევა. სავსემთვარეობის დროს ემოციური ფონი ისედაც მაქსიმალურად ძლიერია, ხოლო დაბნელება ამ პროცესს კიდევ უფრო აძლიერებს. ურანის ჩართულობამ კი შესაძლოა ემოციური რეაქციები უფრო იმპულსური და მოულოდნელი გახადოს.
ამიტომ დაბნელების დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ მივიღოთ მნიშვნელოვანი და შეუქცევადი გადაწყვეტილებები მხოლოდ ძლიერი ემოციის გავლენით.
შეიძლება ძალიან მკაფიოდ იგრძნოთ, რომ რაღაც უნდა დასრულდეს - ურთიერთობა, სამსახური, ცხოვრების გარკვეული წესი ან კონკრეტული მდგომარეობა. მაგრამ განცდა, რომ „ახლავე უნდა გავაკეთო“, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება სწორედ ამ წამს უნდა მიიღოთ. მიეცით საკუთარ თავს დრო, რათა ემოციური ტალღა ჩაცხრეს და შემდეგ შეაფასეთ, ნამდვილად ეს არის თქვენი საბოლოო არჩევანი თუ მხოლოდ მომენტის ძლიერი რეაქცია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე, რადგან ჩრდილოეთ მთვარის კვანძის ჩართულობა ამ პერიოდს მომავლის თემასთან აკავშირებს. ახლა გაკეთებულმა არჩევანმა შესაძლოა მომდევნო ეტაპის მიმართულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
თუმცა ეს დაბნელება მხოლოდ დაძაბულობასა და მოულოდნელ ცვლილებებს არ გვთავაზობს. მის რუკაში არსებობს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორიც - ქირონის მონაწილეობით შექმნილი ჰარმონიული კონფიგურაცია.
ქირონი რეტროგრადულ მოძრაობაში 5 აგვისტოს გადავიდა. ასტროლოგიაში ის „დაჭრილი მკურნალის“ არქეტიპს უკავშირდება - მტკივნეულ ადგილს, მაგრამ ამავე დროს იმ გზასაც გვიჩვენებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია განკურნება.
ამ დაბნელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სწორედ ეს არის: დავინახოთ არა მხოლოდ ის, რაც გვტკივა, არამედ ისიც, თუ რატომ მეორდება ეს ტკივილი ჩვენს ცხოვრებაში.
შესაძლოა მოულოდნელად გააცნობიეროთ, რომ წლების განმავლობაში ებრძოდით არა პრობლემის მიზეზს, არამედ მის შედეგებს. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მთავარი დაბრკოლება სხვა ადამიანი კი არა, საკუთარი შინაგანი შეხედულება, შიში ან ჩვევა იყო.
ზოგჯერ ყველაზე რთული გასაშვებად სწორედ ის აღმოჩნდება, რასაც დიდი ხნის განმავლობაში უსაფრთხოების განცდა მოჰქონდა. ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ, რომ ძველი რეალობა ამოიწურა, მაგრამ მაინც ვებღაუჭებოდეთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ უცნობი მომავლის გვეშინია.
სწორედ აქ ხდება ქირონის ენერგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი - ის გვეხმარება დავინახოთ ჩვენი ჭრილობა ისე, რომ ამ ჭრილობამ აღარ განსაზღვროს ჩვენი მომავალი.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთვარისა და მზის დაბნელებების განსხვავებული ფსიქოლოგიური აქცენტიც. მზის დაბნელება ხშირად უფრო მკაფიოდ უკავშირდება გარეგან მოვლენებსა და ახალი მოვლენების დაწყებას, მაშინ როცა მთვარის დაბნელება უფრო ღრმად ეხება ჩვენს შინაგან სამყაროს - ემოციურ მეხსიერებას, ქვეცნობიერს, მიჯაჭვულობებს, გაუცნობიერებელ რეაქციებსა და ფსიქოლოგიურ სცენარებს.
ამიტომ 28 აგვისტოს დაბნელებამ ცვლილება შესაძლოა თავიდან ფარულ დონეზე, თქვენში დაიწყოს.
შეიძლება იგრძნოთ, გაიხსენოთ, გააცნობიეროთ ან აღიაროთ. შესაძლოა წარსულიდან დაბრუნდეს ემოცია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებდით. შეიძლება საბოლოოდ დაინახოთ განმეორებადი სცენარი, რომლის მიზეზიც აქამდე გაუგებარი იყო.
და სწორედ ამის შემდეგ გახდეს შესაძლებელი რეალური გადაწყვეტილების მიღება.
ამ დაბნელების ენერგია მოგვიწოდებს არა იმას, რომ ცვლილებას შევებრძოლოთ, არამედ იმას, რომ გავიგოთ, რას გვეუბნება ის.
თუ თქვენს ცხოვრებაში რაღაც იშლება, თუ რაღაც მოულოდნელად სრულდება, შესაძლოა ეს დანაკარგად არ უნდა აღიქვათ, ეს გათავისუფლების პროცესია.
თუ დიდი ხნის განმავლობაში დამალული სიმართლე ზედაპირზე ამოდის, მისი მიზანი თქვენი ნგრევა კი არა, ილუზიის დასრულებაა.
28 აგვისტოს დაბნელება გვაჩვენებს, რომ ძველი ციკლის დასრულება და ახალი ეტაპის დაწყება ერთი და იგივე პროცესის ორი მხარეა. რაღაც უნდა დასრულდეს იმისთვის, რომ ახალი დაიწყოს.
ამიტომ ამ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება, ემოციების დაკვირვება და საკუთარ თავთან გულწრფელობა. სასარგებლო იქნება განტვირთვის, გაწმენდის, მედიტაციის, თვითრეფლექსიისა და ემოციური გათავისუფლების პრაქტიკები.
არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი დაუყოვნებლივ გადაწყვიტოთ. ზოგჯერ დაბნელების გზავნილი თავად პასუხი კი არა, ის სიმართლეა, რომლის დანახვის შემდეგაც სწორი პასუხი უკვე თავისთავად ჩნდება.
28 აგვისტოს მთვარის დაბნელება შეიძლება იქცეს იმ ზღვარად, რომლის შემდეგაც ძველ მდგომარეობაში დაბრუნება აღარ იქნება შესაძლებელი. მაგრამ ეს სულაც არ არის საშიში.
ზოგჯერ ცხოვრება მაშინ იწყება განახლებას როდესაც ვაღიარებთ იმას, რასაც დიდი ხანია ისედაც ვგრძნობდით.
ეს არის სიმართლის დრო.
გათავისუფლების დრო.
იმ კარის გაღების დრო, რომლის მიღმაც ახალი ეტაპი იწყება.