28 აგვისტოს თევზების ნიშანში ნაწილობრივი მთვარის დაბნელება იქნება. ასტროლოგიურად, დაბნელების პიკი დაახლოებით თევზების 4°50′-ზე მოდის, ხოლო მის საპირისპიროდ მზე ქალწულის იმავე გრადუსზე იქნება.
ასტროლოგიური ინტერპრეტაციით, ასეთი დაბნელებები განსაკუთრებით საყურადღებოა მათთვის, ვის ნატალურ რუკაშიც 4–5 გრადუსზე პლანეტა, ასცენდენტი, MC ან სხვა მნიშვნელოვანი წერტილი მდებარეობს.
განსაკუთრებით შეამოწმეთ თევზების, ქალწულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის 4–5 გრადუსები - ეს ნიშნები ერთმანეთთან ქმნიან მნიშვნელოვან ასტროლოგიურ კავშირებს და დაბნელების გავლენა მათთვის შესაძლოა უფრო შესამჩნევი იყოს.
რას შეიძლება შეეხოს ეს პერიოდი?
ასტროლოგიური ხედვით, მთვარის დაბნელება ხშირად უკავშირდება დასრულებებს, ემოციურ გააზრებებს, ძველი სიტუაციების გადაფასებასა და იმ საკითხების გამოკვეთას, რომლებიც ყურადღებას უკვე დიდი ხანია ითხოვს.
თევზების ენერგია განსაკუთრებით დაკავშირებულია ემოციებთან, ინტუიციასთან, შინაგან სამყაროსთან, საზღვრების თემასთან და იმასთან, რისი გაშვებაც უკვე საჭიროა.
ამიტომ, თუ თქვენს ნატალურ რუკაში 4–5 გრადუსზე მნიშვნელოვანი პლანეტა ან სახლის კუსპიდია, შესაძლოა სწორედ ამ დღეებში რომელიმე ცხოვრებისეულ თემაზე დასრულების, გადაწყვეტილების ან მნიშვნელოვანი გაცნობიერების ეტაპი დადგეს.
გაითვალისწინეთ: ასტროლოგია მეცნიერულად დადასტურებული პროგნოზირების მეთოდი არ არის, ამიტომ ეს ინტერპრეტაციები სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
თუ იცით თქვენი ნატალური რუკა, პირველ რიგში შეამოწმეთ 4–5° თევზები, ქალწული, ტყუპები და მშვილდოსანი - სწორედ იქ შეიძლება იყოს თქვენი პირადი „ჩართვის წერტილი“ ამ დაბნელების დროს.
ეს დაბნელება თუ ყველაზე რთული არა, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოვლენაა. თუ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ამ დღეს ან დაბნელების პიკის გარშემო რამდენიმე საათით მაინც სახლიდან არ გამოხვიდეთ, დივანზე წამოწექით ან დაიძინეთ. ხოლო თუ ეს შეუძლებელია, უბრალოდ ჩართეთ „უცხოპლანეტელის“ რეჟიმი და გულთან ახლოს ნუ მიიტანთ იმას, რაც თქვენ გარშემო მოხდება. თუმცა იყავით ფრთხილად, პერიოდი მეგა-ტრავმული და საფრთხის შემცველია!
საქმე ისაა, რომ გვაქვს არა უბრალოდ მზისა და მთვარის ოპოზიცია კვანძებთან, არამედ ეს წყვილი კვადრატებს ქმნის ურანთან, რაც ცაზე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კონფიგურაციას ქმნის.
ახლა კი იგივე „ადამიანურ ენაზე“:
პირველი, რაც აზრად მომდის, ეს არის „კონტროლის დაკარგვა“ - პირდაპირი მნიშვნელობით: თავბრუდახვევა და ასფალტზე დაცემა, საჭის მართვის დაკარგვა, ხელისუფლების მხრიდან კონტროლის დაკარგვა და საერთოდ ყველაფერი, სადაც კი კონტროლის დაკარგვაა შესაძლებელი.
შესაძლოა მოხდეს მოვლენები ან გავრცელდეს ინფორმაცია, რის შემდეგაც ძველი/მოძველებული მოდელებით გაგრძელება უკვე შეუძლებელი გახდება.
დააკვირდით:
მთვარე თევზებში - ეს არის კოლექტიური ფსიქიკა, შიშები, ემპათია, ქაოსი, წყალი, ქიმიკატები {ნებისმიერი - მედიკამენტები თუ საწამლავი}, ნავთობი, ხალხის მასები, მიგრაცია, რელიგია, ილუზიები, უსახლკაროები, დაბინძურებული წყალსატევები, ფსიქიკური აშლილობები და ზოგადად, ნებისმიერი ფარული საქმეები.
მის პირისპირ - მზე და მერკური ქალწულში: ეს არის დოკუმენტები, მონაცემები, გამოთვლები, მედიცინა, ლოგისტიკა, სახელმწიფო აპარატი, მოხელეები, მომუშავე სისტემები, სატრანსპორტო ჯაჭვები, ინფორმაცია, სტატისტიკა და ა.შ. {ამასთან, მერკური აქ თავის სახლშია - ნიშნის მმართველია}.
და მთელი ეს ოპოზიცია კვადრატებით ეჯახება ურანს ტყუპებში! ეს კი უკვე სერიოზული ამბავია.
ურანი თავისთავად არის მოულოდნელობა, „მეხის დაცემა მოწმენდილ ცაზე“, რევოლუცია, ელექტროენერგია, ტექნოლოგიები, ავიაცია, ინტერნეტი, სამეცნიერო აღმოჩენები, ავარიულობა, ამბოხი, გათავისუფლება და ჩვეული წესრიგის ნგრევა... მას უყვარს ძველის დანგრევა, რათა ახალი ააშენოს. ასევე, ურანს უყვარს ახალგაზრდა თაობა.
ტყუპები - ეს არის ინფორმაცია, მედია, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, გზები, ავიაცია, სწავლა, დოკუმენტები, მოლაპარაკებები, სიცრუე, და-ძმა და სხვა ნათესავები {არა მშობლები}, მეზობლები.
ურანი ამ „წვეულებაზე“ ხდება დაძაბულობის განმუხტვის წერტილი. ეს შეიძლება წავიკითხოთ, როგორც საინფორმაციო და ტექნოლოგიური წესრიგის დაბნელება.
რა შეიძლება მოუტანოს ამან მსოფლიოს?
1. საინფორმაციო ბომბი
{განსაკუთრებით ტყუპებისა და მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან ან მათ გამო}. ეს ასევე ეხება ამ ნიშნების ლიდერებს. ტრამპი, ეტყობა, კვლავ რაღაცას ჩაიდენს.
მზისა და მერკურის კვადრატი ურანთან - ეს არის მოულოდნელი ინფორმაცია, რასაც მოჰყვება სისტემის მკვეთრი რეაქცია. ეს შეიძლება გამოვლინდეს, როგორც საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა, კომპრომატების გამოქვეყნება, ჰაკერული თავდასხმები, მხილებები, პოლიტიკოსების მოულოდნელი განცხადებები, შეცდომების ან ფალსიფიკაციის გამოვლენა, ან მოლაპარაკებების ჩაშლა.
აქ არის ერთი ნიუანსიც: მზე უერთდება მერკურის 27 აგვისტოს {ზუსტი შეერთება}, უშუალოდ დაბნელების წინ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინფორმაციის თემა ამ პერიოდში წარმოუდგენლად ძლიერია - ეს უკვე არა უბრალოდ ჭორები, არამედ კონკრეტული ფაქტებია.
შესაძლოა სიახლეებში მასკის Starlink-იც კი გამოჩნდეს.
სრულიად მოსალოდნელია პოლიტიკური რყევები: რომელიმე ქვეყნის მოულოდნელი გამოსვლა მოლაპარაკებებიდან, შეთანხმების დარღვევა, მოკავშირის პოზიციის მკვეთრი შეცვლა, ხმაურიანი გადადგომა {ან იმპიჩმენტი}, მასობრივი პროტესტი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კვიბერშეტევა სახელმწიფო ინფრასტრუქტურაზე და ა.შ.
ურანი, ტყუპები და მერკური - ეს არის ციფრული ინფრასტრუქტურის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ქსელების ყველაზე აშკარა ასტროლოგიური კომბინაცია. ამიტომ მაღალ პრიორიტეტს მივანიჭებდი კიბერშეტევებს, ინტერნეტს, თანამგზავრებსა და ტელეკომუნიკაციებს.
2. ტრანსპორტი და ავიაცია
ტყუპები უკავშირდება გადაადგილებასა და ტრანსპორტს, ხოლო ურანი - ტექნიკას, ელექტროენერგიას, ავიაციასა და შეფერხებებს. ამიტომ დაბნელების პერიოდში (+/- 3 დღე) იზრდება განრიგების მოულოდნელი ცვლილებების, სისტემური ხარვეზების, კავშირის პრობლემების, სატრანსპორტო ქაოსის/გაფიცვების, ტექნიკური გაუმართაობისა და ლოგისტიკის დარღვევის ალბათობა.
3. ბუნებრივი კატაკლიზმები
მთვარე თევზებში აძლიერებს წყლის სიმბოლიკას: ოკეანეები, ზღვა, წყალდიდობები, უხვი ნალექი, წყალთან დაკავშირებული პრობლემები. ურანი ამატებს მოულოდნელობასა და არასტაბილურობას. ამიტომ დაბნელების დღეები შეიძლება დაემთხვეს მკვეთრ ამინდს ან ბუნებრივ მოვლენებს. ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია მიწისძვრები ან ცუნამი {არაა სავალდებულო, თუმცა რისკი არსებობს}.
პირადი და ფსიქოლოგიური გავლენა
ჩვენთვის ეს დაბნელება ძალიან ფსიქოლოგიურია. ეს არის ორი შინაგანი მხარის დაპირისპირება. თითქოს ორი ქალი ზის მაგიდასთან და დავობს:
თევზები: „მე ვგრძნობ და ვერ ვხსნი.“
ქალწული: „მე ვერაფერს ვგრძნობ, მაგრამ მესმის და შემიძლია ავხსნა.“
აქ მოდის ურანი და ეუბნება, რომ ორთავეს არაფერი ესმის და ახლავე აუხსნის, როგორ უნდა გააკეთონ ამიერიდან.
ამიტომ ადამიანებს შეიძლება დაეუფლოთ დამახასიათებელი მდგომარეობა: დიდხანს ცდილობდით რაღაცის გაგებას, თაროებზე დალაგებას, ითმენდით... და უეცრად ხდება რაღაც პატარა მოვლენა {შეტყობინება, საუბარი, ფრაზა, შემთხვევითი შეხვედრა}. შიგნით რაღაც „წკაპუნობს“ და უკვე ვეღარ უარყოფ იმას, რაც დაინახე. აი, პასუხიც შენს კითხვაზე.
ურთიერთობებში მოსალოდნელია უამრავი მოულოდნელი საუბარი {არაა აუცილებელი ცუდი}:
„მე ასე აღარ მინდა და მივდივარ“, „მარტო ყოფნა მჭირდება“, მაგრამ ასევე: „მივხვდი, რომ მიყვარხარ“, „დავიწყოთ ერთად ცხოვრება“, „ორსულად ვარ“ და ა.შ. მთავარი ისაა, რომ ეს ინფორმაცია მკვეთრად ცვლის თქვენი ურთიერთობის სტრუქტურას.
დაბნელება განსაკუთრებით ძლიერად იმოქმედებს მათზე, ვისაც პირადი პლანეტები ან კუთხეები აქვს თევზების, ქალწულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის 3–7° გრადუსებში.
სამუშაო და ფინანსები
ქალწული და მერკური - ეს არის სამუშაო, რუტინა, დაქირავებული თანამშრომლები. ამიტომ შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ კომპანია ცვლის სტრუქტურას, პროექტი იხურება, თქვენი თანამდებობა იცვლება, ან მოულოდნელად გაგიუქმეს/არ გაგიგრძელეს კონტრაქტი. ან პირიქით, შემოდის მოულოდნელი შეთავაზება, რომელიც სრულად ცვლის თქვენს კარიერულ მიმართულებას. რაიც არ უნდა იყოს, ეს უკეთესობისკენ მიდის!
გრადუსის საბიანური სიმბოლო
განვიხილოთ დაბნელების გრადუსის მეტაფორული აღწერა:
„ჭრელი, მოცინარი, მასხარა, ოდნავ სულელი, მაგრამ კეთილი და კარგი ადამიანი. ეს არის ძალიან ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ზრუნავს სხვებზე, უანგაროა და ეხმარება გარშემომყოფთ. მას ან უყვარს მასხარას როლის თამაში, ან მართლაც ასეთია, ვერ გაუგებ. სინამდვილეში მან თავისი საქმე იცის და აკეთებს იმას, რაც საჭიროა. სრული აღნაგობის, დიდი თავით, დიდი პირით, გაწეწილი. მის გარშემო ქაოსია. უყვარს ლაპარაკი, კომპანიები, საეჭვო ხალხის შემოკრება. ხშირად აქვს აღმაშფოთებელი ცხოვრების წესი, მაგრამ თავისიანებზე ისე ზრუნავს, რომ მზადაა ყველაფერი გაიღოს. ერთგულება, ხალხის დიდი სიყვარული... მაგრამ მას დასცინიან, სულელად მიიჩნევენ და ჯეროვნად ვერ აფასებენ.“
ვისზე გაიფიქრეთ საბიანის წაკითხვისას?
დიახ, ტრამპი!
თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ტყუპების ნიშანია და მის ნატალურ რუკაში ურანიც ტყუპებშია - ეს ძალიან სიმბოლურია. გარშემომყოფებს ჰგონიათ, რომ მან მორიგი გიჟური/საცილო/აღმაშფოთებელი რამ თქვა, ყველანი იცინიან ან რისხდებიან, ხოლო შემდეგ ირკვევა, რომ ამ ფრაზას მოჰყვა სრულიად კონკრეტული პოლიტიკური მოქმედება.
ან მეორე სცენარი, როდესაც ურანი „გადაუვლის“ მასვე. თუმცა უფრო პირველი ვარიანტისკენ ვიხრები: ის იწვევს ქაოსს, რომლის მიღმაც კონკრეტული პოლიტიკური მიზანი დგას. უარეს შემთხვევაში - მას ჰგონია, რომ აკონტროლებს ამ ქაოსს, ურანს კი ეს ყველაფერი კონტროლიდან გამოჰყავს.