Digest Logo

9-15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - „წლის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და რთული პერიოდია“

1794164608
ასტროლოგიური პროგნოზი

ზოგადი ფონი: ნოემბრის ეს კვირა წლის ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და რთული პერიოდია. მართალია, 13-14 ნოემბერს მერკურისა და ვენერას რეტროგრადული მოძრაობის დასრულება კომუნიკაციასა და პარტნიორულ ურთიერთობებში გარკვეულ სიცხადეს შეიტანს და შინაგან „ბლოკებს“ მოხსნის, მაგრამ ზოგადი ასტროლოგიური ამინდი უკიდურესად მწვავე რჩება.

მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება მზისა და მარსი-იუპიტერის ნეგატიური ასპექტი, რაც აგრესიის, ძალაუფლებისთვის ბრძოლისა და რადიკალური კონფლიქტების ესკალაციაზე მიუთითებს. ამას ემატება 9 ნოემბრის ახალმთვარეობაც, რომელიც მზის მომავალი დაბნელების ენერგიას ჩართავს და მოვლენებს კიდევ უფრო მასშტაბურსა და შეუქცევადს ხდის. ასე რომ, 2026 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში განვითარებული გლობალური თუ ლოკალური მოვლენები (მიზეზი) უდიდეს გავლენას 2027 წლის თებერვალზე მოახდენენ (შედეგი).

კვირის მთავარი მოვლენები:

მორიელის ახალმთვარეობა (9 ნოემბერი): ეს ახალმთვარეობა არა მხოლოდ განახლებასა და ძველი პროგრამების დასრულებას მოიტანს, არამედ ააქტიურებს 2027 წლის 6 თებერვლის მზის დაბნელების ენერგიას. ამ დღეს ჩაყრილმა საძირკველმა შესაძლოა როგორც კონკრეტულ ადამიანებს, ისე საზოგადოებასა თუ სოციალურ წრეებს უდიდესი წარმატება მოუტანოს.

სტაგნაციის დასასრული - მერკური და ვენერა დირექტიულ მოძრაობას უბრუნდებიან (13-14 ნოემბერი): 13 და 14 ნოემბერს თითქმის ერთდროულად სრულდება ორივე პლანეტის რეტროგრადულობა, რაც ნიშნავს, რომ შემოდგომის (და შესაძლოა, მთელი წლის) ყველაზე რთული პერიოდი უკან რჩება. ჩვენს ცხოვრებაში ბევრად მეტი სიცხადე და მკაფიობა შემოვა, განსაკუთრებით მოლაპარაკებების, შეთანხმებების, პარტნიორების შერჩევის, ქორწინებისა და ერთობლივი გეგმების დასახვის კუთხით.

მზე-მარსის სახიფათო კონფლიქტი: მიუხედავად პოზიტიური ძვრებისა, მთელი დეკადის განმავლობაში განვიცდით მორიელში მყოფი მზისა და ლომში მყოფი მარსის დაძაბულობას. მარსი იუპიტერთან ერთად ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობებზე, საომარი მოქმედებების ესკალაციასა და აგრესიის გამოვლენაზე მიუთითებს. მოიმატებს ხანძრების, ტრავმებისა და ქირურგიული ჩარევების რისკი.

აუცილებლად გაითვალისწინეთ „უკურსო მთვარის“ პერიოდები: ამ შუალედებში დაწყებული საქმეები ხშირად უშედეგოდ სრულდება.

❌ 10 ნოემბრის 03:25-დან 12:35-მდე;

❌ 12 ნოემბრის 15:29-დან 13 ნოემბრის 00:27-მდე;

❌ 14 ნოემბრის 22:55-დან 15 ნოემბრის 13:24-მდე.

სტრატეგია: უმთავრესი ამოცანაა, ცივი გონება შეინარჩუნოთ და ადრე დასახულ გეგმებს მიჰყვეთ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. 13 ნოემბრამდე დაასრულეთ ძველი საქმეები, გათავისუფლდით წარსულის ტვირთისგან, ხოლო 14 ნოემბრიდან გაბედულად დაისახეთ მასშტაბური მიზნები.

9 ნოემბერი, ორშაბათი: ახალმთვარეობა და ტრანსფორმაცია

მთვარე მორიელის ნიშანშია. 11:02 საათზე ახალმთვარეობაა. ეს არის ძველი ციკლის დასრულებისა და ახლის დაწყების დრო. ენერგეტიკულად საკმაოდ მძიმე და დატვირთული დღეა. გვიან საღამოს მთვარე მარსთან დაძაბულ ასპექტს ქმნის, რაც ემოციურ ფონს უკიდურესად დაძაბავს. შესაძლოა, იფეთქოს კონფლიქტებმა.

✅რეკომენდებულია: ფსიქოლოგიური წმენდა და ძველი წყენების გაშვება. საუკეთესო დროა სახლისა და სამუშაო სივრცის ენერგეტიკული გასუფთავებისთვის. თამამად ჩაიფიქრეთ სამომავლო, მასშტაბური მიზნები, რადგან ამ დღეს ჩაყრილი საძირკველი დიდხანს და სტაბილურად იმუშავებს.

⛔️თავი შეიკავეთ: საღამოს საათებში ნებისმიერი სახის კამათისა და აგრესიისგან. მოერიდეთ საქმის ძალისმიერი მეთოდებით გარკვევასა და პარტნიორზე ეჭვიანობას, რადგან მთვარე-მარსის კვადრატი მცირე ნაპერწკალსაც კი დიდ კონფლიქტად აქცევს.

10 ნოემბერი, სამშაბათი: დილის პაუზა და საღამოს მოულოდნელობები

მთვარე მორიელიდან გადადის მშვილდოსანში (12:35). ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსოა 03:25-დან 12:35-მდე. დილის საათები ინიციატივებისთვის არ გამოდგება, საქმეები შეფერხდება. შუადღიდან, როცა მთვარე მშვილდოსანში გადავა, განწყობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, გაჩნდება ოპტიმიზმი. თუმცა, გვიან საღამოს მთვარისა და ურანის ოპოზიცია გეგმების უეცარ შეცვლასა და ნერვულ დაძაბულობას მოიტანს.

✅რეკომენდებულია: შუადღის შემდეგ, როცა მთვარე მშვილდოსანში გადაინაცვლებს, ახალი იდეების გენერირება და სოციალური კავშირების გაფართოება. იდეალური დროა უცხოელებთან კონტაქტისთვის, მოგზაურობისთვის, სწავლის დასაწყებისთვის, სასწავლო პროცესებში ჩართვისა, ლექციებისა და ტრენინგებისთვის.

⛔️თავი შეიკავეთ: დილის საათებში, უკურსო მთვარის ფონზე, მნიშვნელოვანი შეხვედრების დანიშვნისა და ხელშეკრულებების გაფორმებისგან. საღამოს მოერიდეთ სპონტანურ, წინდაუხედავ ქმედებებს, რადგან ურანის გავლენით დაუგეგმავი ნაბიჯები ფინანსურ ან მორალურ დანაკარგს მოგიტანთ.

11 ნოემბერი, ოთხშაბათი: სტრუქტურა და ოპტიმიზმი

მთვარე მშვილდოსანშია. დილიდანვე მთვარე სატურნის ჰარმონიულ ასპექტს (ტრინს) იღებს. ეს კვირის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, გაწონასწორებული და ნაყოფიერი დღეა. ოპტიმიზმი და დისციპლინა ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. კარგად იმუშავებს ლოგიკა. გამოიყენეთ ამ დღის პოზიტიური გავლენა.

✅რეკომენდებულია: რთული და კომპლექსური იურიდიული საკითხების მოგვარება, ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და მნიშვნელოვანი თემების განხილვა. გამოიყენეთ ეს დღე გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვისთვის, კვალიფიკაციის ამაღლებისთვისა და პროფესიული ცოდნის გაღრმავებისთვის.

⛔️თავი შეიკავეთ: დეტალების უგულებელყოფისა და საქმისადმი ზედაპირული მიდგომისგან. ნუ გასცემთ ილუზიურ, არარეალისტურ დაპირებებს, რადგან დღეს მიცემული სიტყვის შესრულება მკაცრად მოგეთხოვებათ.

12 ნოემბერი, ხუთშაბათი: ენერგიის მოზღვავება და შუადღის მუხრუჭი

მთვარე მშვილდოსანშია. ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსო ხდება 15:29-დან. დღის პირველი ნახევარი საოცრად აქტიური და პოზიტიურია! მთვარე ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის ვენერასთან, მარსსა და იუპიტერთან. ეს არის ენერგიის, ენთუზიაზმისა და წარმატების პიკი. თუმცა, 15:29 საათიდან ყველაფერი ნელდება და ახალი საქმეების დაწყება აღარ ღირს. ამიტომ, მნიშვნელოვანი საკითხები სწორედ დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ.

✅რეკომენდებულია: 15:00 საათამდე ყველა მნიშვნელოვანი საქმის, ფინანსური მოლაპარაკებისა და საქმიანი შეხვედრის დასრულება. პლანეტარული ენერგია პიკშია, ამიტომ კარგია სწავლა, გამოცდის ჩაბარება, აქტიური ფიზიკური დატვირთვა, სპორტი და ინიციატივის საკუთარ თავზე აღება.

⛔️თავი შეიკავეთ: 15:29-ის შემდეგ ახალი პროექტების დაწყებისა და ნებისმიერი სახის მნიშვნელოვანი საბუთის გაფორმებისგან. უკურსო მთვარის გამო, შუადღის შემდეგ დაწყებული საქმეები უბრალოდ ჰაერში დაეკიდება და შედეგს ვერ მოიტანს.

13 ნოემბერი, პარასკევი: მერკური სწორდება - აზრების სიცხადე

მთვარე 00:27 საათიდან თხის რქაშია. დღის უმთავრესი მოვლენა: 19:47 საათზე მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს! ინფორმაციული ქაოსი სრულდება. თავად დღე, თხის რქის მთვარისა და სატურნის კვადრატის გამო, საკმაოდ ცივი, მშრალი და სერიოზულია. იგრძნობა პასუხისმგებლობების სიმძიმე.

✅რეკომენდებულია: საქმის მიმართ მაქსიმალურად პროფესიონალური და კონკრეტული მიდგომა. იდეალური დროა რუტინული სამუშაოს შესასრულებლად, ძველი შეცდომების გამოსწორებისთვისა და დაგროვილი ფინანსური ან იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგებისთვის.

⛔️თავი შეიკავეთ: პარტნიორებისგან ემოციების ღიად გამოხატვის მოლოდინისგან (დღეს ბევრი ადამიანი ემოციურად საკმაოდ ცივი და დისტანციური იქნება). ასევე, მაქსიმალურად აარიდეთ თავი უფროს თაობასთან ან ხელმძღვანელობასთან კამათს, რათა თქვენი ავტორიტეტი და რეპუტაცია არ დაზარალდეს.

14 ნოემბერი, შაბათი: ვენერა სწორდება - ჰარმონიის დაბრუნება

მთვარე თხის რქაშია. ⚠️ყურადღება: მთვარე უკურსო ხდება 22:55-დან. გამთენიისას, 04:24 საათზე, ვენერაც ასრულებს რეტროგრადულ ფაზას! ურთიერთობებში, ფინანსებსა და პირად ცხოვრებაში დამუხრუჭების პერიოდი სრულდება. დღის განმავლობაში მთვარე მზესთან ჰარმონიულ სექსტილს ქმნის, რაც შინაგან ბალანსსა და სიმშვიდეს მოიტანს. იმატებს მიზანდასახულობა და წარმატების მიღწევის შანსი.

✅რეკომენდებულია: პარტნიორული გეგმების ერთობლივად დასახვა და სამომავლო ბიუჯეტის განხილვა. ვენერას გასწორების ფონზე, დროული და წარმატებული იქნება პრაქტიკული, გონივრული შენაძენების გაკეთება და პირად ურთიერთობებში სიცხადის შეტანა.

⛔️თავი შეიკავეთ: გვიან საღამოს (22:55-ის შემდეგ) სასიყვარულო საქმეების გარკვევისა და პარტნიორზე ემოციური ზეწოლისგან. უკურსო მთვარის პერიოდში წამოწყებული სერიოზული საუბარი არასწორი მიმართულებით წავა და გაუგებრობას გამოიწვევს.

15 ნოემბერი, კვირა: განახლება და ტრანსფორმაცია

მთვარე თხის რქიდან გადადის მერწყულში (13:24). ⚠️ ყურადღება: მთვარე უკურსოა 13:24-მდე. დილა დაუთმეთ დასვენებას. შუადღიდან, როცა მთვარე მერწყულში გადავა, მოგინდებათ თავისუფლება, მეგობრებთან ურთიერთობა და სიახლეები. საღამოს მთვარე უერთდება პლუტონს და ჰარმონიაში შედის ურანთან - ეს ახალი აღმოჩენების, მოულოდნელი, მაგრამ პოზიტიური ცვლილებებისა და შინაგანი ტრანსფორმაციის დროა.

✅რეკომენდებულია: მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ინტელექტუალური კომუნიკაცია. შუადღის შემდეგ შესანიშნავი დროა ტექნოლოგიებთან სამუშაოდ, კომპიუტერული ტექნიკის შეძენა-შეკეთებისთვის, ორიგინალური იდეების განხილვისთვის და ისეთი პროექტების მოფიქრებისთვის, რომლებიც მომავალზეა ორიენტირებული.

⛔️თავი შეიკავეთ: დღის პირველ ნახევარში ფიზიკური გადაღლისა და მნიშვნელოვანი საქმეების დაწყებისგან. საღამოს კი კატეგორიულად მოერიდეთ გარშემო მყოფებისთვის საკუთარი აზრის ჯიუტად მოხვევას, რათა იდეურმა უთანხმოებამ კონფლიქტი არ წარმოშვას.

ავტორი: რამაზ გიგაური. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 28 წელი, 25 ქვეყანა და 75 მილიონი ნაბიჯი - ბრიტანელი მოგზაური ხანგრძლივი საფეხმავლო ექსპედიციის დასრულების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა

🎥 უკანონო სასაკლაოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში - სად და რა პირობებში ხდებოდა ცხოველებისა და ფრინველების დაკვლა?

⭕როგორ ხსნიან ფსიქოლოგები 2027 წლის მთავარ ფერს და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს განწყობაზე

✕