ახალმთვარეობა ასტროლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელსაც ხშირად სათანადოდ არ არის გააზრებული, შესაბამისად ძალიან ცოტა ნაწილი ახერხებს ლუნაციის ამ ციკლის სათანადოდ გამოყენებას თავის სასარგებლოდ. ბევრისთვის ეს უმნიშვნელო, ყოველთვიური ასტრონომიული მოვლენაა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მკაფიოდ გრძნობს ლუნაციის გავლენას ფიზიკურ, ემოციურ დონეზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ახალმთვარეობა ქმნის პერიოდს, როდესაც შეგვიძლია უკეთ გავაცნობიეროთ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, გავაანალიზოთ საკუთარი საჭიროებები, დავალაგოთ პრიორიტეტები და ახალი ციკლისთვის უფრო გააზრებული მიმართულება ავირჩიოთ.
ახალმთვარეობა დაახლოებით თვეში ერთხელ ხდება, როდესაც მზე და მთვარე ერთსა და იმავე ზოდიაქოს ნიშანში ხვდებიან და შეერთებას ქმნიან. ამ ასპექტის არსის გასაგებად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას განასახიერებს თითოეული მნათობი.
მთვარე დაკავშირებულია ჩვენს ემოციებთან, ქვეცნობიერთან, შეგრძნებებთან, აღქმასთან და ინტუიციასთან. ის ასახავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას - იმას, რასაც ვგრძნობთ და განვიცდით მანამ, სანამ ამ ყველაფერს სიტყვებითა და ცნობიერი გადაწყვეტილებებით ჩამოვაყალიბებთ.
მზე კი ცნობიერებას, პიროვნულ ნებას, მიზანსა და მიმართულებას წარმოადგენს. ის განსაზღვრავს, ვინ ვართ, რას ვირჩევთ და საით მივდივართ. თუ მარსი მოქმედების უშუალო შემსრულებელია, მზე განსაზღვრავს, რა უნდა გაკეთდეს და რა მიმართულებით უნდა წავიდეთ.
ამიტომ ახალმთვარეობა შეიძლება აღვიქვათ როგორც ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი სამყაროს შეხვედრა. ეს არის მომენტი, როდესაც აზრები და ემოციები, გონივრული გადაწყვეტილებები და შინაგანი მოთხოვნილებები ერთ წერტილში იყრის თავს.
სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რომელი მხარე მართავს ჩვენს გადაწყვეტილებებს - გონება თუ ემოცია?
ახალმთვარეობის პერიოდში მთვარის გავლენა ხშირად უფრო შესამჩნევი ხდება. ადამიანი შეიძლება გახდეს უფრო მგრძნობიარე, ემოციური და საკუთარ შინაგან რეაქციებზე დამოკიდებული. ზოგჯერ იკლებს ენერგიაც, ჩნდება დაღლილობის, აპათიის ან მოტივაციის დაკარგვის განცდა. ემოციური მდგომარეობა კი პირდაპირ აისახება გადაწყვეტილებებზე და მოქმედების სურვილზე.
ამ პერიოდში ისიც ხდება, რომ ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში ქვეცნობიერის დონეზე გროვდებოდა, ზედაპირზე ამოდის. ადამიანი შეიძლება უფრო მკაფიოდ მიხვდეს, რა აწუხებს, რა აღარ აკმაყოფილებს, რა სჭირდება და სად არის შინაგანი დისკომფორტის მიზეზი.
თუმცა შესაძლებელია საპირისპირო მდგომარეობაც - როდესაც ადამიანი ცდილობს ემოციების სრულად გაკონტროლებას და მხოლოდ რაციონალურ გადაწყვეტილებებს ეყრდნობა. ასეთ დროს მზე თითქოს ცდილობს მთვარის ხმის ჩახშობას: „მე გადავწყვეტ, როგორ უნდა მოვიქცეთ“.
ამის შედეგად ადამიანი შეიძლება საკუთარ ემოციურ საჭიროებებს აღარ უსმენდეს, ზედმეტად აკონტროლებდეს სიტუაციას და უჭირდეს მოდუნება ან მოვლენებისთვის ბუნებრივი განვითარების საშუალების მიცემა.
არც ერთი უკიდურესობა არ არის პროდუქტიული. ემოციების უგულებელყოფამ შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაგვაკარგვინოს, რადგან მთვარე ხშირად გვიჩვენებს იმას, რასაც გონება ჯერ ვერ აყალიბებს. მეორე მხრივ, მხოლოდ ემოციებზე დაყრდნობით მოქმედებამ შეიძლება გადაწყვეტილებების მიღება გაგვიჭიანუროს და რეალური ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად მხოლოდ განცდების დონეზე დაგვტოვოს.
ამიტომ ახალმთვარეობის მთავარი ამოცანა თანამშრომლობაა.
მთვარის როლია, რომ საკუთარი ხმა მოგვაწვდინოს. ამ პერიოდში სასარგებლოა დავაკვირდეთ ჩვენს ემოციებს, რეაქციებსა და შინაგან საჭიროებებს.
რა გვაძლევს სიმშვიდეს?
რა გვიქმნის დისკომფორტს?
რას ვეღარ ვეგუებით?
რა გვინდა რეალურად და რას გვკარნახობს ინტუიცია?
მთვარისგან მიღებული ეს ინფორმაცია შემდეგ მზემ უნდა გაითვალისწინოს. მზე კი თავის მხრივ განსაზღვრავს მიმართულებას, აყალიბებს მიზანს და იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გაკეთდეს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯერ უნდა მოვუსმინოთ იმას, რასაც შინაგანად ვგრძნობთ, შემდეგ კი ამ ინფორმაციის საფუძველზე განვსაზღვროთ მოქმედების მიმართულება.
თუ მხოლოდ მთვარის მოთხოვნილებებს დავყვებით, შეიძლება მუდმივად განცდებსა და მოლოდინში დავრჩეთ. თუ მხოლოდ მზის გადაწყვეტილებებს მივყვებით, შეიძლება მივაღწიოთ მიზანს, რომელიც სინამდვილეში აღარ გვაკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ ორი ფუნქციის შეთანხმება.
ახალმთვარეობა ამ თვალსაზრისით ძალიან კარგი პერიოდია საკუთარი თავის მოსასმენად და მომდევნო თვის მიმართულების დასაგეგმად.
ამისთვის შესაძლებელია მარტივი პრაქტიკის გამოყენებაც. აიღეთ ფურცელი და გაყავით ორ ნაწილად. ერთ მხარეს ჩაწერეთ ყველაფერი, რასაც ფიქრობთ: თქვენი გეგმები, იდეები, მიზნები, სურვილები და ის მიმართულება, საითაც გსურთ ცხოვრების წაყვანა. ეს იქნება თქვენი „მზის“ სვეტი.
მეორე მხარეს კი ჩამოწერეთ ის, რასაც გრძნობთ: რა გჭირდებათ, რა გაძლევთ კომფორტს, რა გაწუხებთ, სად გრძნობთ შინაგან წინააღმდეგობას და რას გკარნახობთ ინტუიცია. ეს იქნება „მთვარის“ სვეტი.
შემდეგ შეხედეთ ორივე მხარეს ერთად და შეეცადეთ იპოვოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენს მიზნებსაც ითვალისწინებს და თქვენს ემოციურ საჭიროებებსაც. სწორედ ამ გზით შეიძლება მომდევნო თვის გეგმები უფრო რეალისტური და შინაგანად თანმიმდევრული გახდეს.
ახალმთვარეობის პერიოდი ასევე ხელსაყრელია მედიტაციისთვის, საკუთარ თავზე დაკვირვებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის და იმ საკითხებზე ფიქრისთვის, რომელთა შესახებაც ჩვეულებრივ ყოველდღიურ რეჟიმში საკმარისი დრო არ გვრჩება.
ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ციკლის თემების განსაზღვრაც. თითოეული ახალმთვარეობა კონკრეტულ სფეროებსა და საკითხებს ააქტიურებს და იმაზე მიგვანიშნებს, თუ სად გადავა ყურადღების მთავარი აქცენტი მომდევნო პერიოდში. ინდივიდუალურ რუკაში ამის განსაზღვრა ახალმთვარეობის წერტილის ნატალურ სახლსა და ნატალურ პლანეტებთან მის ასპექტებზე დაკვირვებით ხდება.
ახალმთვარეობა ხშირად გვევლინება როგორც უფრო ხანგრძლივი პროცესების ამოქმედების ტრიგერი. ზოგჯერ კონკრეტული მოვლენა ან გადაწყვეტილება, რომელიც ამ პერიოდში იწყებს განვითარებას, მხოლოდ ერთი თვის თემას არ წარმოადგენს და უფრო ხანგრძლივი ცხოვრებისეული პროცესის დასაწყისი ხდება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალმთვარეობას მათთვისაც, ვინც თავად ახალმთვარეობის ფაზაშია დაბადებული, ანუ ვისი ნატალური მზეც და მთვარეც შეერთებაშია.
ასეთ ადამიანებში ცნობიერი გადაწყვეტილებები და ემოციური რეაქციები ერთმანეთთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული. მათთვის ხშირად რთულია იმის განცალკევება, რას ფიქრობენ და რას გრძნობენ, რადგან ერთი პირდაპირ მოქმედებს მეორეზე.
ამ მდგომარეობას თავისი სირთულეებიც აქვს. ზოგჯერ შეიძლება გაჩნდეს ყოყმანი, საკუთარ გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანა ან მოვლენების ზედმეტად ემოციური შეფასება. მაგრამ ამავე დროს, ასეთი ადამიანები ხშირად გამოირჩევიან ძლიერი ინტუიციით, მგრძნობელობით, დაკვირვების უნარითა და სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობის კარგად აღქმის უნარით.
მათთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა ისწავლონ საკუთარი ემოციებისა და შეგრძნებების მოსმენა ისე, რომ გადაწყვეტილების მიღების უნარი არ დაკარგონ. ემოციური ინფორმაცია უნდა იქცეს ცნობიერი არჩევანის საფუძვლად და არა მოქმედების შემაფერხებელ ფაქტორად.
ახალმთვარეობის არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს. ეს არის მომენტი, როდესაც მზე და მთვარე ერთ წერტილში ხვდებიან და გვაძლევენ შესაძლებლობას, ერთმანეთთან შევათანხმოთ ის, რასაც ვფიქრობთ, და ის, რასაც ვგრძნობთ.
ამიტომ ახალმთვარეობა მხოლოდ ახალი მიზნების დასახვის დრო არ არის. ეს არის პერიოდიც, როდესაც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა: რას ვგრძნობ? რა მჭირდება? საით მინდა წავიდე? და როგორ შეიძლება ჩემი გადაწყვეტილებები ისე ჩამოვაყალიბო, რომ ისინი ჩემს რეალურ შინაგან საჭიროებებსაც შეესაბამებოდეს?
როდესაც მზე მიმართულებას განსაზღვრავს, მთვარე კი გვამცნობს, როგორ ვგრძნობთ ამ მიმართულებას, გადაწყვეტილება უფრო სრულყოფილი ხდება. სწორედ ამ თანამშრომლობაში ჩნდება შესაძლებლობა, რომ ახალი ციკლი სწორი მიმართულებით განვითარდეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 8 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით