9 ნოემბერს, 11:01 საათზე, მორიელის მე-17 გრადუსში ახალმთვარეობაა. ასტროლოგიური გვერდის „ანა მზიანის“ ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, ეს პერიოდი ტრანსფორმაციას, წარსულის გადაფასებას, დაფარული საკითხების გამომჟღავნებასა და მნიშვნელოვანი ცვლილებების სურვილს უკავშირდება.
მორიელის ენერგია ინტუიციას, დაკვირვების უნარსა და სიმართლის ძიებას აძლიერებს. ამასთან, ასტროლოგები ყურადღებას ამახვილებენ მერკურის რეტროგრადულ მოძრაობასა და მარსის დაძაბულ ასპექტებზე, რაც შესაძლოა კომუნიკაციაში გაუგებრობების, ემოციური დაპირისპირებისა და იმპულსური გადაწყვეტილებების მიზეზი გახდეს.
პროგნოზის მიხედვით, ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული კონფლიქტების აგრესიული ფორმით მოგვარება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მჭრელ და აალებად ნივთიერებებთან მუშაობისას. ასევე, სასურველია, მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებები, ხელშეკრულებების გაფორმება და ახალი პროექტების დაწყება გადაიდოს მერკურის რეტროგრადული მოძრაობის დასრულებამდე.
ასტროლოგი გვირჩევს, მეტი ყურადღება დავუთმოთ პირად ურთიერთობებს, ძველი კავშირების აღდგენასა და ფინანსური საკითხების გადახედვას. შედარებით გააქტიურდება წარსულთან დაკავშირებული თემებიც, შესაძლოა, გაიხსენონ ძველი უთანხმოებები ან გამომჟღავნდეს ინფორმაცია, რომელიც აქამდე დაფარული იყო.
როგორც პროგნოზშია აღნიშნული, ახალმთვარეობა ყველაზე მეტად მორიელებზე, ასევე კუროებზე, ლომებსა და მერწყულებზე იმოქმედებს. წყლის სტიქიის ნიშნებისთვის - კირჩხიბებისა და თევზებისთვის კი პერიოდი შედარებით მსუბუქი იქნება.
ასტროლოგის შეფასებით, 16 ნოემბრის შემდეგ მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება, მოიმატებს ენერგია, მოტივაცია და მიზნების განხორციელების სურვილი.
რას მოუტანს ახალმთვარეობა ზოდიაქოს 12 ნიშანს?
ვერძი — გააქტიურდება საერთო ფინანსების თემა. შესაძლოა, პარტნიორს შემოსავალი გაეზარდოს, მიიღოთ ერთჯერადი ფინანსური დახმარება, მემკვიდრეობა ან ალიმენტი. ზოგიერთი ახალი, ფინანსურად მომგებიანი საქმის წამოწყებაზეც დაფიქრდება.
კურო — სიახლეები გელოდებათ პარტნიორულ ურთიერთობებში. შესაძლოა, გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, შეიძინოთ ახალი კლიენტები ან მიიღოთ საქმიანი თანამშრომლობის შეთავაზება. ხელშეკრულებების გაფორმებისას კი სიფრთხილე გამოიჩინეთ.
ტყუპები — ყურადღება სამსახურს, ყოველდღიურ საქმიანობასა და ჯანმრთელობას დაეთმობა. შესაძლოა, შეიცვალოს სამუშაო განრიგი, კოლექტივი ან ყოველდღიური ვალდებულებები. ზოგიერთმა ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტად აქციოს.
კირჩხიბი — გააქტიურდება შემოქმედებითი საქმიანობის, სიყვარულისა და შვილების თემა. შესაძლოა, დაიწყოთ ახალი პროექტი, განაახლოთ რომანტიკული ურთიერთობა ან თქვენს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე გამოჩნდეს.
ლომი — ცვლილებები მოსალოდნელია ოჯახსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. შესაძლოა, სახლის განახლება ან საცხოვრებლის შეძენა გადაწყვიტოთ. სიახლეები ექნებათ ოჯახის წევრებსაც.
ქალწული — გააქტიურდება სწავლის, კომუნიკაციისა და ბიზნესის სფეროები. შესაძლოა, ახალი მეგობარი გაიჩინოთ, დაგეგმოთ ავტომობილის ან ტექნიკის შეძენა, დაიწყოთ სწავლა ან მართვის მოწმობის აღება.
სასწორი — ყურადღება ფინანსებზე გადაგაქვთ. შესაძლოა, შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ, დაიწყოთ ახალი სამსახური ან პირველი ხელფასი მიიღოთ. კარგი პერიოდია ფულის დაგროვების დასაწყებად.
მორიელი — ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის. ასტროლოგი გირჩევთ, ჩამოწეროთ სამომავლო მიზნები, დაგეგმოთ ახალი პროექტები და შექმნათ საკუთარი წარმატებული მომავლის ხედვა.
მშვილდოსანი — სასურველია, აქტიურობა შეამციროთ და მეტი დრო დაუთმოთ განვლილ პერიოდზე ფიქრს. კარგი იქნება გადადებული და დაუსრულებელი საქმეების დასრულება, რათა ახალი ეტაპისთვის მოემზადოთ.
თხის რქა — გააქტიურდება მეგობრებისა და სოციალური ურთიერთობების სფერო. შესაძლოა, ახალი მეგობრები გაიჩინოთ, გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში ან ონლაინსაქმიანობა დაიწყოთ.
მერწყული — ცვლილებები კარიერასა და საზოგადოებრივ სტატუსს უკავშირდება. შესაძლოა, მიიღოთ ახალი პროფესიული შესაძლებლობა ან სასურველი წინადადება. მნიშვნელოვანია, წარსული გამოცდილება და დაშვებული შეცდომები გაითვალისწინოთ.
თევზები — გააქტიურდება უცხოეთის, განათლებისა და სამართლებრივი საკითხების თემა. შესაძლოა, განაახლოთ სწავლა, დაიწყოთ პედაგოგიური საქმიანობა ან ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას შეუდგეთ.
ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, მორიელში ახალმთვარეობა ახალი მიზნების დასახვისა და შინაგანი ცვლილებებისთვის ხელსაყრელი პერიოდია, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე მოთმინებისა და გააზრებულობის გამოჩენაა რეკომენდებული.