Digest Logo

„აქტიურდება ტექნოლოგიები, მედია, კომუნიკაცია და განათლება...“ - რას მოგვიტანს პლანეტა მერკურის ტყუპების ნიშანში გადასვლა

1778477113
ასტროლოგია

 ☿  17 მაისს მერკური, გონების, აზროვნებისა და კომუნიკაციის პლანეტა, ნიშანს იცვლის და გადადის ტყუპების ზოდიაქოში, საკუთარი მართვის ნიშანში, სადაც თავს საუკეთესოდ ავლენს. ტყუპებში ინგრესიისთანავე, ნიშნის დასაწყისში, ის უერთდება ურანს, რაც კიდევ უფრო აჩქარებს კომუნიკაციას, აზროვნებასა და იდეების გავრცელებას.

ტყუპები მუტაბელური ჰაერის ნიშანია და მერკურისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციაა. აქ გონება ხდება მოქნილი და ცნობისმოყვარე, აზროვნება სწრაფი და სხარტი, ხოლო ყურადღება მუდმივად ახალი იდეებისკენ არის მიმართული.

ამ პერიოდში მენტალური უნარები, ინფორმაციის მიღება და გადამუშავება, მნიშვნელოვნად აქტიურდება, იზრდება ინტერესთა სპექტრი და სურვილი, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება შევიძინოთ. კომუნიკაცია ხდება უფრო ცოცხალი, მსუბუქი და მრავალმხრივი.

ამ პოზიციას თან ახლავს ძლიერი ვერბალური უნარები - ადამიანი ადვილად გამოხატავს აზრს, კომუნიკაბელურია და თავისუფლად ერთვება დიალოგში. აზროვნება ნაკლებად ექვემდებარება სუბიექტურ მიკერძოებებს და უფრო ფაქტებზეა დაფუძნებული, რაც კომუნიკაციას მეტ ობიექტურობას სძენს.

ადამიანებს, ვისაც მერკური ტყუპებში ჰყავთ, შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე პროცესში ჩაერთონ. ისინი სწრაფად გადადიან ერთი თემიდან მეორეზე, მუდმივად საჭიროებენ ინფორმაციულ და ინტელექტუალურ სტიმულს და ხშირად აქვთ განცდა, რომ თუ ყურადღება მოდუნდება, შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი გამორჩეთ — იდეა, შანსი ან შესაძლებლობა, რომელიც სწორედ იმ მომენტში ჩნდება. ასეთ დროს მძაფრდება სურვილი, ყველაფერი წავიკითხოთ, მოვისმინოთ და გამოვცადოთ. გონება არ კმაყოფილდება ერთ მიმართულებით — მას სჭირდება მრავალფეროვნება, სიახლე და მუდმივი ცვლილება.

☿ ♅ მერკურის შეერთება ურანთან განსაკუთრებით აძლიერებს ამ პროცესს. ეს არის მოულოდნელი იდეების, ინოვაციური აზროვნებისა და ინფორმაციის სწრაფი გავრცელების ასპექტი. აქ იდეა ჩნდება ერთ წამში და იმავე სისწრაფით ვრცელდება. აქტიურდება თემები, როგორიცაა ტექნოლოგიები, მედია, კომუნიკაცია და განათლება. ეს პერიოდი ხელსაყრელია კონფერენციების, სემინარების დაგეგმვისთვის, იდეების გაზიარებისა და ახალი პროექტების დასაწყებად.

ეს ასპექტი განსაკუთრებით აქტიური იქნება 17–18 მაისს და შეიძლება მოიტანოს მოულოდნელი განცხადებები, ინფორმაციის გამჟღავნება — ისეთი თემების, რაც აქამდე დაფარული იყო და ელვისებურად გავრცელდეს ფართო საზოგადოებაში.

ურანი ხშირად განიხილება როგორც მერკურის უმაღლესი ოქტავა — მისი ფუნქციონალური წყვილი: თუ მერკური ინფორმაციის გავრცელებას ინდივიდუალურ დონეზე მართავს, ურანი ამ პროცესს კოლექტიურ მასშტაბზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, ამ დღეებში უფრო მასშტაბური პროცესების გაშლის პოტენციალი არსებობს.

ამ პერიოდში იდეა ძალიან სწრაფად ჩნდება  და მნიშვნელოვანია, გავახმოვანოთ, გავაზიაროთ არ დავკარგოთ ის, რომ იმავე სისწრაფით არ გაქრეს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დიარეის დროს მშობლების ყველაზე გავრცელებული შეცდომა საკვების სრულად შეწყვეტაა...“ - რას წერს ინგა მამუჩიშვილი

როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 მაისს საქართველოში

⭕„ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ და მინდა, ქართველ ხალხს მოვუხადო მადლობა“ - ილია მეორის დაცვის უფროსი