ვუახლოვდებით წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასტროლოგიურ მოვლენას!
30 ივნისს იუპიტერი - ასტროლოგიაში „დიდი ბედნიერებისა“ და მფარველობის სიმბოლო, მზის სისტემის უდიდესი პლანეტა, რომელიც იღბალს, ზრდას, კეთილდღეობასა და ახალ შესაძლებლობებს განასახიერებს - კირჩხიბის ზოდიაქოს დატოვებს და ლომის ცეცხლოვან ნიშანში გადავა, სადაც 2027 წლის 30 ივლისამდე დარჩება.
იუპიტერის ტრანზიტი ყოველთვის მიგვანიშნებს, თუ ცხოვრების რომელ სფეროში გველოდება წარმატება და რა სფეროში უნდა ველოდოთ ახალ პერსპექტივებს.
ეს პლანეტა აფართოებს, მასშტაბურს ხდის და ამრავლებს ყველაფერს, რასაც კი შეეხება. იუპიტერი გვიჩვენებს, სად აინთება ჩვენთვის „მწვანე შუქი“ და სად არის სამყარო მზად, უხვად მოგვაწოდოს საჭირო რესურსები - იქნება ეს ფინანსები, კარიერა, სიყვარული თუ სულიერი განვითარება.
პლანეტის მიერ ნიშნის შეცვლას ყოველთვის განსაკუთრებული წარმატების ტალღა მოჰყვება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელიდან არ გავუშვათ ეს შანსი და მივყვეთ მას. 2025 წლის 9 ივნისიდან იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში იმყოფებოდა. კირჩხიბი, როგორც წყლის სტიქია, ყოველთვის შინაგან სამყაროს, გრძნობებსა და ინტუიციას უკავშირდება. ის გვასწავლის, რომ ამ სამყაროში ყველაფერს სჭირდება ემოციური საყრდენი და მხარდაჭერა.
ამ ტრანზიტმა გვასწავლა, როგორ ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში, მეტად დავაფასოთ სახლი, ოჯახი, საყვარელი ადამიანები და სად ვეძიოთ ემოციური უსაფრთხოება თუ სიმშვიდე.
ბევრისთვის ეს იყო ფესვებთან დაბრუნების, ოჯახური ღირებულებების გადაფასების, წინაპრებთან ენერგეტიკული კავშირის აღდგენისა და შინაგანი ბედნიერების პოვნის პერიოდი.
ახლა კი იუპიტერი ლომის ნიშანში შედის. ეს ნიშნავს, რომ წინ წამოიწევს თვითგამოხატვა, საკუთარ თავად ყოფნის გამბედაობა და ჩრდილიდან გამოსვლის უნარი.
ეს არის ნათელი, შთაგონებული და ღირსეული ცხოვრების სურვილი. თუ კირჩხიბი გვეკითხებოდა: „რა გაბედნიერებს შინაგანად?“, ლომი სულ სხვა შეკითხვას გვისვამს: „მზად ხარ, აჩვენოთ მსოფლიოს, ვინ ხარ სინამდვილეში?“.
სწორედ ნიჭის, უნიკალური შესაძლებლობებისა და თამამი თვითგამოხატვის გარშემო აშენდება მთელი მომავალი წელი. კირჩხიბს მთვარე მართავს, ლომს კი მზე - მნათობი, რომელიც განაგებს ჩვენს ეგოს, ინდივიდუალობას, შემოქმედებით ცენტრსა და სიცოცხლისუნარიანობას.
სწორედ ამიტომ, იუპიტერის ლომის ნიშანში ტრანზიტის მთავარი დევიზია: „გამოდი ჩრდილიდან და აჩვენე სამყაროს შენი ნამდვილი სინათლე!“ მომდევნო თვეებში ჩვენ ვიხილავთ ინტერესის შესამჩნევ ზრდას შემოქმედების, ხელოვნების, კინოს, თეატრის, მუსიკის, დიზაინის, მოდის, სილამაზის ინდუსტრიისა და ფესტივალების მიმართ - ყველაფრისა, რაც თვითგამოხატვას უკავშირდება.
დაიბადება ახალი შემოქმედებითი პროექტები. სამყაროს კიდევ უფრო დასჭირდება ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ სხვების შთაგონება, ლიდერობა, სილამაზის შექმნა და გარშემომყოფებისთვის სიხარულის მოტანა. ბევრი მოისურვებს აკეთოს ის, რაც მის გულს ანთებს.
იუპიტერი ლომში გვახსენებს უმთავრეს ჭეშმარიტებას: ჩვენ ამ ქვეყნად იმისთვის მოვედით, რომ ვიბრწყინოთ! იუპიტერის ლომში გადასვლისთანავე ბევრს გაუჩნდება ძლიერი სურვილი, სრულად გამოავლინოს თავისი შემოქმედებითი პოტენციალი, წარმოაჩინოს შესაძლებლობები და აისრულოს დიდი ხნის წინ მივიწყებული ოცნებები.
ეს საუკეთესო დროა ჰობის გასაცოცხლებლად, საკუთარი პროექტის დასაწყებად თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსასვლელად. შესაძლოა, სწორედ ახლა დაიწყოთ სწავლება, საჯარო გამოსვლები, წიგნის წერა, ხატვა, მუსიკის შექმნა ან პირადი ბრენდის განვითარება. ლომის ნიშანი მოკრძალებას არ მოითხოვს - პირიქით, იუპიტერი ამ პოზიციაში აძლიერებს ამბიციებს და აღიარებისკენ გვიბიძგებს.
სწორედ ამიტომ, ეს არის ბოლო 12 წლის განმავლობაში საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რომ საფუძველი ჩაუყაროთ საკუთარ საქმეს, გააფართოოთ თქვენი გავლენის სფერო და ამასთანავე, მიიღოთ მნიშვნელოვანი მატერიალური შემოსავალი.
სადემონსტრაციოდ შეგიძლიათ წარსულიც გააანალიზოთ: ბოლოს იუპიტერი ლომის ნიშანში 2014 წლის 16 ივლისიდან 2015 წლის 11 აგვისტომდე იმყოფებოდა. გაიხსენეთ ეს პერიოდი - თქვენი პიროვნების და ცხოვრების რომელი ასპექტი გამოავლინა და წინ წამოსწია მაშინ ამ ტრანზიტმა? გარდა პირადი ნიჭისა, მომავალ წელს ცენტრალური თემა ბავშვებიც იქნებიან, რადგან ლომი სიმბოლურად სწორედ გამრავლებას, ახალი თაობის აღზრდასა და მათი ნიჭის განვითარებას უკავშირდება.
ბევრი ოჯახი დაგეგმავს შვილის ყოლას, ზოგი ბებია-ბაბუა გახდება, ზოგი კი მეტ ყურადღებას დაუთმობს შვილების განათლებასა და მათი უნიკალური უნარების ხელშეწყობას. იუპიტერი ლომში გვასწავლის უმთავრესს: როგორ დავიბრუნოთ ცხოვრებისგან უბრალო, ბავშვური სიხარული, როგორ გავაბედნიეროთ ჩვენი შინაგანი ბავშვი. ბოლო წლებში მსოფლიომ იმდენი ტურბულენტური მოვლენა განიცადა, რომ თითქოს შევეჩვიეთ კიდეც მუდმივი სტრესის მდგომარეობაში ცხოვრებას, სულ ცუდი ამბების მოლოდინსა და გაუთავებელი პრობლემების გადაჭრას.
იუპიტერი ლომში შეგვახსენებს უმთავრესს - ცხოვრება ბედნიერებისთვის, სიყვარულისთვის, შთაგონებისთვის, შემოქმედებისთვის, ზეიმისა და საკუთარი ღირსების განცდისთვისაა შექმნილი. სამყაროს სულ უფრო მეტად დასჭირდება ის ადამიანები, ვისთვისაც პრიორიტეტულია კეთილშობილება, დიდსულოვნება და შინაგანი პრინციპები. ნამდვილი ის არის, ვინც გარშემომყოფებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში ეხმარება და არა ის, ვინც მხოლოდ ეგოს ემსახურება.
ასტროლოგიურად ლომი გულთან ასოცირდება - როგორც პირდაპირი, ისე სიმბოლური გაგებით. ამიტომ, მომავალი წელი გვასწავლის გადაწყვეტილებების მიღებას გულით და არა მხოლოდ მშრალი ლოგიკით. რა თქმა უნდა, ეს საღი აზრის დავიწყებას არ ნიშნავს. იუპიტერი მენტორისა და გურუს სიმბოლოცაა, ამიტომ ის მოგვიწოდებს, ჰარმონიულად გავაერთიანოთ სიბრძნე და შთაგონება, გამოცდილება და კრეატიულობა, გონიერება და გულწრფელობა. თუ ამას შევძლებთ, ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილი სასწაულები დაიწყება!
ლომი მზის ნიშანია, მზე კი მუდამ სინათლის სიმბოლოა. იუპიტერიც სწორედ ამ სინათლის სამყაროში შემოდის და თითქოს თითოეულ ჩვენგანს მოგვიწოდებს: „შეწყვიტე დამალვა, შეწყვიტე ეჭვის შეტანა საკუთარ ძალებში და სხვების მოლოდინებით ცხოვრება! გაიხსენე, ვინ ხარ, რისთვის მოხვედი ამ ქვეყნად და მიეცი შენს შინაგან მზეს სრულად გაბრწყინების საშუალება“. სწორედ ეს არის მომავალი იუპიტერის წლის მთავარი მიზანი - საბოლოოდ მისცეთ საკუთარ თავს უფლება, გახდეთ ის, ვინც სინამდვილეში ხართ.
ამ პერიოდში უმნიშვნელოვანესია იმოქმედოთ თამამად და ღიად. იუპიტერი ლომში ყოველთვის იმ ადამიანების მხარესაა, ვინც რისკავს და ინიციატივას იჩენს. გადამეტებული მოკრძალება, ლოდინი და პასიური დამკვირვებლის როლში ყოფნა მხოლოდ შეგაფერხებთ - ეს ახლა რეგრესიის ტოლფასია.
ამ ტრანზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხარისხს, რადგან ლომსაც და იუპიტერსაც სტატუსი და ფუფუნება უყვართ. მათთვის, ვინც ახალ პროექტს იწყებს ან სრულიად ახალ პროდუქტს ქმნის, მთავარი რეკომენდაციაა: თავიდანვე პრემიუმ კლასზე გააკეთეთ აქცენტი. ასეთ შემთხვევაში ლომში მყოფი იუპიტერის სრულ მხარდაჭერას მოიპოვებთ.
თუ მნიშვნელოვანი ნივთების, უძრავი ქონების ან ტექნიკის შეძენას გეგმავთ, აირჩიეთ საუკეთესო მათ შორის, რაც ხელმისაწვდომია - თქვენი განზრახვის სიმტკიცისა და თანმიმდევრულობის შემთხვევაში, პლანეტა აუცილებლად მოგცემთ ამის სახსრებს. ხოლო თუ სწავლის დაწყებას აპირებთ, აუცილებლად ეძებეთ ყველაზე სანდო და აღიარებული მენტორი, ის ვისკენაც გული მიგიწევთ.
ამ პერიოდში უმნიშვნელოვანესია მაქსიმალური კეთილშობილება გამოიჩინოთ, რადგან ლომი სამეფო ნიშანია. იღბალი მათ მხარეს იქნება, ვინც მზადაა გაზიარებისთვის, ჩართულია ქველმოქმედებაში, მხარს უჭერს სხვებს და არ იშურებს გულწრფელ ქებასა თუ ყურადღებას. მაშინაც კი, თუ ამ ეტაპზე მატერიალური რესურსი არ გაქვთ საქველმოქმედო საჩუქრებისთვის, დაიწყეთ თქვენი შვილების, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების წახალისება და ქება. ამ გზით თქვენ გააქტიურებთ სიუხვის ენერგიას და ფინანსური შესაძლებლობებიც თანდათან გაიხსნება.
თუმცა, ყველა ამ შესანიშნავ საჩუქართან ერთად, მნიშვნელოვანია მზად ვიყოთ გარკვეული ენერგეტიკული ხაფანგებისთვისაც. ვინაიდან იუპიტერი ყველაფერს აზვიადებს და ადიდებს, ლომის ნიშანში მას შეუძლია უკიდურესობამდე გაამწვავოს სიამაყე, ეგოცენტრიზმი და ამპარტავნება.
ამ ტრანზიტის მთავარი გამოწვევა სწორედ შესაძლებლობებისა და ამაოების ზრდას შორის ბალანსის პოვნაა - როდესაც გავლენასთან ერთად მატულობს თვითაღტაცება და ნებისმიერ ფასად ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი.
ამ ბალანსის შესანარჩუნებლად მთელი წლის განმავლობაში უნდა გვახსოვდეს: იუპიტერის ნამდვილი სიდიადე ლომში იმაში კი არ მდგომარეობს, რომ სხვებზე მაღლა დავდგეთ, არამედ იმაში, რომ თავად ვიქცეთ მზედ - ვანათოთ, გავათბოთ გარშემომყოფები და საკუთარი ენერგიით შთავაგონოთ ისინი პოტენციალის გამოვლენაში. ლომში მყოფი იუპიტერის ენერგიებთან უკეთ რეზონირებისთვის, გთავაზობთ რამდენიმე აფირმაციას:
✨ მადლიერებით ვიღებ ჩემს ნიჭს და თამამად ვაძლევ მას ბრწყინვალების უფლებას ჩემი და მთელი სამყაროს საკეთილდღეოდ.
✨ სამყარო ჩემთვის ხსნის წარმატების, აღიარებისა და ახალი, ბედნიერი შესაძლებლობების კარს.
✨ მე ვარ სიყვარულის, პატივისცემის, კეთილდღეობისა და გულწრფელი აღტაცების ღირსი და ამასთანავე, ვინარჩუნებ შინაგან ღირსებასა და სტატუსს.
✨ ყოველდღე ვავლენ ჩემს შინაგან სინათლეს, სხვებს კი შთავაგონებ საკუთარი მაგალითით, სიკეთითა და მტკიცე გულით.
✨ თავდაჯერებულად მივყვები ჩემს ჭეშმარიტ დანიშნულებას და ჩემი სული მიმიძღვის ბედნიერებისა და სიუხვის გზაზე.
✨ იუპიტერი ავსებს ჩემს გულს სიბრძნით, კეთილშობილებითა და შინაგანი ძალით; ის მეხმარება შევქმნა ბედნიერი ცხოვრება.
✨ მე ვაძლევ ჩემს შინაგან მზეს უფლებას, მთელი ძალით იბრწყინოს, სამყარო კი სიყვარულით მიკვალავს გზას ბედნიერების, წარმატებისა და ჩემი მნიშვნელოვანი მიზნების ასრულებისკენ!
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არახელსაყრელია ქორწილი, მიწის სამუშაოები, კრედიტის მოთხოვნა“ - 27 ივნისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 ივნისს საქართველოში
🎥 ივლისში ფინანსურად წარმატებული 4 ზოდიაქოს ნიშანი - გოგა მანია ასახელებს