30 სექტემბერი ისეთი დღეა, როდესაც მოვლენების დაჩქარების ნაცვლად შეჩერება და დაკვირვება უფრო მნიშვნელოვანია. დღის ძირითადი ასტროლოგიური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ მიმდინარე პროცესებს, შევაფასოთ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები და ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს.
დღის მეორე ნახევარში აქცენტი განსაკუთრებით ძლიერდება წარსულთან დაკავშირებულ თემებზე, საღამოს კი ვითარება სწრაფად იცვლება და ახალი ინფორმაცია ან მოულოდნელი გარემოებები დღის განმავლობაში დაგროვილ სურათს სხვაგვარად დაგვანახვებს.
30 სექტემბრის დღის უმეტესი ნაწილი მთვარე უკურსოდ - 21: 25-მდე იმოძრავებს. ასეთ პერიოდში ახალი საქმის დაწყება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება ან მასშტაბური ცვლილებების განხორციელება არასასურველია. კუროს მთვარე სტაბილურობას, არსებულ მდგომარეობაზე დაყრდნობას და მატერიალურ თუ ემოციურ სტაბილურობას ანიჭებს უპირატესობას, ხოლო უკურსოდ მოძრაობა პროცესებს თითქოს აჩერებს ან მათ განვითარებას წინასწარ განსაზღვრული მიმართულებიდან გადაჰყავს. ამიტომ დღის განმავლობაში დაწყებული ახალი საქმეების შედეგი ყოველთვის არ ემთხვევა თავდაპირველ ჩანაფიქრს. ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოთმინება და მოვლენების ძალით დაჩქარებისგან თავის შეკავება.
დილის საათებში კვლავ მოქმედებს კონფიგურაცია - ტაუ- კვადრატი მთვარესა და პროზერპინას შორის, რომლის მწვერვალშიც იუპიტერი იმყოფება. იუპიტერის ასეთი მდებარეობა მოვლენების მასშტაბის გაზრდის ტენდენციას აძლიერებს. მცირე სირთულე უფრო დიდ პრობლემად აღიქმება, დროებითი შეფერხება სერიოზულ დაბრკოლებად გვეჩვენება, ხოლო მცირე ცვლილების საჭიროება შესაძლოა მთელი გეგმის კრახად აღვიქვათ. ამიტომ დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანია, არ გავაზვიადოთ არსებული ვითარება და ერთი კონკრეტული პრობლემის საფუძველზე შორსმიმავალი დასკვნები არ გავაკეთოთ. ის, რაც დილით რთულად ან გადაჭარბებულად მძაფრად გამოიყურება, მოგვიანებით სულ სხვაგვარად შეიძლება შეფასდეს.
დღის მეორე ნახევარში ასტროლოგიური სურათი უფრო მკაფიოდ უკავშირდება წარსულს და უკვე გავლილ გზას. მთვარე ტაუ-კვადრატის მწვერვალში აღმოჩნდება, რომლის საფუძველსაც მთვარის კვანძების ღერძი ქმნის. ეს კონფიგურაცია ყურადღებას მიმართავს გავლილი, მაჰტან დაუსრულებელი თემებისკენ, რომლებიც ჯერ კიდევ არ გაანალიზებულა ან გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს. შესაძლოა კვლავ წამოიჭრას ძველი საკითხი, დაუმთავრებელი საქმე, წარსულში მიღებული გადაწყვეტილება ან ურთიერთობა, რომლის მიმართაც საბოლოო პოზიცია ჯერ არ ჩამოყალიბებულა.
ამიტომ დღის მეორე ნახევარი კარგია ანალიზისთვის, გადაფასებისთვის და უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ხელახლა შესამოწმებლად. თუ რომელიმე საკითხში შეცდომა, ხარვეზი ან არასწორი მიმართულება გამოიკვეთა, ახლა მისი შესწორება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმავე გზის ინერციით გაგრძელება. კვანძების ჩართულობა აქცენტს აკეთებს არა უბრალოდ წარსულის გახსენებაზე, არამედ გამოცდილებიდან საჭირო დასკვნის გამოტანაზე და შემდგომი ნაბიჯის უფრო გააზრებულად განსაზღვრაზე.
განსაკუთრებულად საყურადღებოა მე-19 მთვარის დღე, რომელიც 20: 26 საათამდე გაგრძელდება. მე- 19 მთვარის დღის სიმბოლოა ობობა. ეს პერიოდი ხშირად დაკავშირებულია ადამიანის შინაგანი მდგომარეობის იმ შრეებთან, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. ზედაპირზე ამოდის შიში, ეჭვი, ძველი წყენა, დაგროვილი ემოცია, დაუმთავრებელი შინაგანი საკითხები და საკუთარი სისუსტეების განცდა. ამიტომ ამ დღეს ემოციური რეაქციები ზოგჯერ უფრო მძაფრია და ადამიანი საკუთარ თავში არსებულ პრობლემებს ჩვეულებრივზე მეტად ამჩნევს.
საერთოდ, მიიჩნევა რომ ამ დღეს ვამპირული ენერგიები აქტიურდება. ამიტომ დღის საუკეთესოდ გასატარებლად შინაგანი სიბრძნე, სიმშვიდე და დამკვირვებლის პოზიციაში ყოფნაა. მით უმეტეს, რომ 20:26 საათიდან მე-20 მთვარის დღე იწყება, რომლის სიმბოლოა არწივი.
მე-19 მთვარის დღის მთავარი მნიშვნელობა სწორედ ამ ინფორმაციის შემჩნევაა. ის, რაც ზედაპირზე ამოდის, ყურადღებას ითხოვს. ამიტომ სასარგებლოა საკუთარ ემოციებზე დაკვირვება, სივრცის გაწმენდა და დალაგება, საკუთარ თავთან მშვიდად დარჩენა.
საღამოს, 21: 25 საათის შემდეგ, დღის რიტმი მკვეთრად იცვლება. მთვარე ტოვებს კუროს და ტყუპების ნიშანში გადადის, რითაც იწყება ინფორმაციის უფრო სწრაფი მოძრაობა, ჩნდება ახალი ცნობები, შეტყობინებები, იდეები და ახალი გარემოებები. ის, რაც დღის განმავლობაში გაურკვეველი იყო, საღამოს შესაძლოა უფრო ნათელი გახდეს. შეიძლება შეიცვალოს შეთანხმება, გამოჩნდეს ახალი ინფორმაცია ან ისეთი დეტალი, რომელიც მიმდინარე საკითხის სხვაგვარად დანახვაში დაგვეხმარება.
ტყუპებში გადასული მთვარე თანდათან უახლოვდება რეტროგრადულ ურანსაც, რაც მოულოდნელობის ფაქტორს აძლიერებს. გეგმები სწრაფად იცვლება, ჩნდება მოულოდნელი შეტყობინება, ახალი შეთავაზება ან უჩვეულო იდეა.
მთვარისა და ურანის ეს კავშირი აჩქარებს აზროვნებას და ზრდის ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის სურვილს. ამიტომ საღამოს შეიძლება უფრო რთული გახდეს გონების დამშვიდება და დასვენებაზე გადართვა. განსაკუთრებით სასურველია, ძილის წინ შეამციროთ ინფორმაციის ნაკადი, არ გადატვირთოთ თავი სოციალური ქსელებითა და ახალი ამბებით და მოერიდოთ დაძაბულ საუბრებს. დღის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის გადამუშავებას მშვიდი გარემო სჭირდება.
30 სექტემბრის მთავარი ამოცანა მოვლენების დაჩქარება კი არა, მათი სწორად წაკითხვაა. დღის პირველი ნაწილი გვთხოვს მოთმინებას, მეორე ნახევარი - უკვე გავლილი გზის გაანალიზებასა და საჭირო კორექტირებას, საღამო კი ახალ ინფორმაციასა და მოულოდნელ ცვლილებებს გვთავაზობს. ამიტომ ნუ ეცდებით დღის განმავლობაში ძალით მიიღოთ ის პასუხები, რომლებიც ჯერ მზად არ არის. ზოგჯერ შეჩერება სწორედ ის ეტაპია, რომელიც შემდეგ სწორ მიმართულებას გვაჩვენებს.
ეს არის დღე, როდესაც წარსულის გამოცდილება, აწმყოს შეფასება და მომავალი ნაბიჯის არჩევა ერთმანეთს განსაკუთრებით მჭიდროდ უკავშირდება. რაც უფრო მშვიდად შევხედავთ მიმდინარე პროცესებს, მით უფრო ადვილი იქნება იმის დანახვა, სად არის საჭირო ცვლილება და სად - უბრალოდ მოთმენა და დაკვირვება.
ასევე დაგაინტერესებთ: