Digest Logo

„ინფორმაციული აფეთქებები, მოულოდნელი გადაწყვეტილებები და დიდი ცვლილებები“ – რას გვიმზადებს 24 ნოემბრის სავსემთვარეობა?

1795360576
რამაზ გიგაური

„24 ნოემბერს, თბილისის დროით 18:53 საათზე, ტყუპისა და მშვილდოსნის მე-3 გრადუსზე სავსემთვარეობა დადგება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და რჩევებს გვიზიარებს. 

„სავსემთვარეობა ტყუპი-მშვილდოსნის ღერძზე

მთვარე ტყუპში თითქმის ზუსტ შეერთებაშია ურანთან, მთელ ამ ღერძთან კი ლომის ბოლო, კრიტიკულ გრადუსზე მდგარი მარსი (იუპიტერთან ერთად) ქმნის დაძაბულ ასპექტს, რაც რთულ კონფიგურაციას - ტაუ-კვადრატს კრავს. ასე რომ, წინ დიდი ინფორმაციული აფეთქებებისა და მოულოდნელი გადაწყვეტილებების დღეები გველის. ეს არის 2026 წლის სერიოზული ცვლილებების ბოლო ფაზა!

ზოგადი ანალიზი: რა ხდება ცის კაბადონზე

ტყუპის (მთვარე) და მშვილდოსნის (მზე) ღერძი ინფორმაციას, ფაქტებს, იდეოლოგიას, კომუნიკაციასა და გადაადგილებას მართავს. როცა ამ ღერძზე მთვარეს ურანი უერთდება, მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. ურანისთვის დამახასიათებელი სიტყვებია: „უცბად“ და „არაადეკვატურად“. ასე რომ, 9 დეკემბრამდე მოსალოდნელია მთელი რიგი სიახლეები, რომლებიც გეგმებს ძალიან სწრაფად შეცვლის. მოვლენები შეიძლება მოულოდნელად შემოტრიალდეს, დაირღვეს ლოგიკა და წესრიგი. გაიმარჯვებს ის, ვინც ახალ რეალობას სწრაფად გაიაზრებს და დაყოვნების გარეშე იმოქმედებს.

ამ სავსემთვარეობას ორი უმნიშვნელოვანესი შრე აქვს:

1. ფეთქებადი ტაუ-კვადრატი - მარსი ლომის 30-ე (ბოლო, კრიტიკულ) გრადუსზეა და იუპიტერთან შეერთებაში კვადრატს ქმნის მზესთან, მთვარესთან და ურანთან. ძველი ასტროლოგიური ტრაქტატების მიხედვით, 30-ე გრადუსზე მდგარი მარსი მოუთმენელი, იმპულსური და რადიკალურია. მას თან ახლავს სიჯიუტე, გადაჭარბებული ამბიცია და რისკისადმი მიდრეკილება.

2. დამცავი მექანიზმი - აქ ერთდროულად ორი ძლიერი ფაქტორი გვეხმარება.

პირველი: კლასიკური ასტროლოგიის (გვიდო ბონატი, უილიამ ლილი) მიხედვით, მზე (მშვილდოსანში) და იუპიტერი (ლომში) ზუსტ ურთიერთრეცეფციაში არიან. ეს კონფლიქტს სრულიად არ აქრობს, მაგრამ კრიზისში გამოსავლის პოვნისა და ძალების მობილიზების შანსს იძლევა.

მეორე: სავსემთვარეობა ზუსტ ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის პლუტონთან (მერწყულში) და ნეპტუნთან (ვერძში). ეს კი ნიშნავს, რომ ვინც წარსულს, ძველ პოზიციას არ ჩაებღაუჭება, მისთვის სავსემთვარეობის რყევები შეიძლება მომგებიან ტრამპლინადაც კი იქცეს.

მუნდანური ანალიზი და პროგნოზი

მუნდანური ასტროლოგიის მიხედვით, ტყუპი-მშვილდოსნის ღერძს ტრანსპორტს, ავიაციას, მედიას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და საზღვრებს უკავშირდება. ამასთანავე, მარსისა და ურანის დაძაბული ასპექტი სავსემთვარეობაზე ყოველთვის კრიზისს, სიხისტეს, სწრაფ ქმედებებსა და ასევე ტექნოლოგიურ გარღვევას ააქტიურებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სავსემთვარეობა ყოველთვის წინა ახალმთვარეობის პიკია, ამიტომ ის განყენებულად არ უნდა გავაანალიზოთ. წინა (9 ნოემბრის) ახალმთვარეობისას კი მზე-მთვარე როგორც ახლა, კვადრატში იყო მარსთან და იუპიტერთან, რაც იმას ნიშნავს, რომ 9 დეკემბრამდე (მომავალ ახალმთვარეობამდე) აგრესიულობამდე მისული ამბიცია და რადიკალიზმი ნარჩუნდება. ფაქტობრივად, 24 ნოემბრის სავსემთვარეობა იმ მოვლენების პიკი იქნება, რაც 9 ნოემბრის შემდეგ დაიწყო.

თუ გადავხედავთ „ცხელ წერტილებს“, ეს იქნება უკრაინის კონტრშეტევის უფრო მასშტაბურ ფაზაში გადასვლა და სპარსეთის ყურეში მაქსიმალური დაძაბულობის შენარჩუნება. ამასთანავე, სავსემთვარეობის ნეგატიური გავლენა შეეხება: აღმოსავლეთ ევროპას (სლოვაკეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, ბულგარეთი), კანადას, აფრიკის ნაწილს (ეგვიპტე, ეთიოპია, სომალი), ინდონეზიასა და რუსეთს (განსაკუთრებით, ომსკის, ალტაის, ბურიატიის მხარეებს). ასე რომ, 9 დეკემბრამდე არ უნდა ველოდოთ დაძაბულობის ოდნავ მაინც შემცირებას, თუ არა გაძლიერებას.

უახლოეს ორ კვირაში, სავსემთვარეობის ჰოროსკოპის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით მოსალოდნელია:

საავიაციო, სარკინიგზო, საგზაო და, საერთოდ, ინფრასტრუქტურული ინციდენტები, ასევე ენერგოსისტემებისა და კავშირგაბმულობის ხარვეზები.

კიბერშეტევები, დივერსიები, ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებები და მედიასივრცეში აგრესიული ფონის მკვეთრი ზრდა.

ძალაუფლებისთვის ღია ბრძოლა, ლიდერების ეგოების შეჯახება და სამხედრო-პოლიტიკური რიტორიკის კიდევ უფრო გამწვავება.

ძველი შეთანხმებების მოულოდნელი გადახედვა ან საერთოდ გაუქმება.

ადრეც აღვნიშნეთ, რომ სავსემთვარეობის ეს წერტილი „აღვიძებს“ 2027 წლის თებერვლის დაბნელების თემებს, ამიტომ 2026 წლის ნოემბერში მიღებულ გადაწყვეტილებებს გრძელვადიანი შედეგი ექნება და ის მინიმუმ, უახლოეს სამთვიან პერიოდს შეეხება.

პერსონალური ანალიზი: ვის შეეხება ყველაზე მეტად

ეს სავსემთვარეობა მხოლოდ მზის ნიშნებზე არ მოქმედებს. გადახედეთ თქვენს პირად რუკას - თუ ქვემოთ ჩამოთვლილ ზონებში გაქვთ მზე, მთვარე, ასცენდენტი (ASC), მერიდიანი (MC), პირადი პლანეტები ან სტელიუმი, სავსემთვარეობის გავლენა რეზონანსული იქნება და თქვენს ცხოვრებაზე აისახება:

ტყუპი და მშვილდოსანი 0°-6° (მთავარი გარდატეხის ზონა) - ვისაც ამ გრადუსებში აქვს მზე, მთვარე, ASC/MC ან სტელიუმი, თქვენთვის ეს ახალი ციკლის დასაწყისია. შეიძლება უცებ შეცვალოთ გადაწყვეტილება, საქმიანობა ან ურთიერთობის ფორმატი. იყავით კონცენტრირებული და ყურადღებით, რადგან ცვლილებების რეჟიმში იმყოფებით.

ქალწული და თევზები 0°-6° (ხიფათის ზონა) - მოგიწევთ ადაპტაცია და დაძაბულობის მართვა. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას და მოერიდეთ კონფლიქტებს. წინდახედულად იმოქმედეთ, რათა ფატალური შეცდომები არ დაუშვათ.

ლომი, კურო და მორიელი 26°-30°(დაძაბულობის ზონა ) - მესამე დეკადის ბოლოს დაბადებულები (და ვისაც ამ გრადუსებში აქვს მზე, მთვარე, ASC/MC ან სტელიუმი). მარსი-იუპიტერის შეერთება უზარმაზარ ენერგიას გაძლევთ, მაგრამ გაზრდილია იმპულსურობა, ტრავმულობა და სიჯიუტით გამოწვეული კონფლიქტები. ენერგია საქმეში დახარჯეთ და არა დაპირისპირებაში.

ვერძი, სასწორი, მერწყული 0°-5° (პოზიტიური გარღვევის ზონა) - დასაწყის გრადუსებში მდგარი პლანეტები ჰარმონიულ მხარდაჭერას იღებენ (განსაკუთრებით სასწორი და მერწყული, სადაც ჰაერის დიდი ტრიგონი იკვრება). თქვენთვის ეს შანსია, შექმნილი წინაღობები გადალახოთ, ახალი კავშირები დაამყაროთ და ინტუიციურად სწორი ნაბიჯი გადადგათ.

კირჩხიბი და თხის რქა (სიმშვიდის ზონა) - სავსემთვარეობის მთავარი დაძაბულობა თქვენს ნიშნებს არ ეხება. ეს გაძლევთ უპირატესობას, გარშემო არსებულ ემოციურ ქაოსს გვერდიდან, ცივი გონებით დააკვირდეთ. ნუ ჩაერევით სხვის კონფლიქტებში - ეს ორი კვირა შიდა საქმეების დასალაგებლად და გადალაგებისთვის გამოიყენეთ (პირველი დეკადის წარმომადგენლები უბრალოდ გაურკვეველ შეპირებებსა და ილუზიებს მოერიდეთ).

მთავარი რჩევა ყველასთვის: 23-26 ნოემბერს არ იჩქაროთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია და ურთიერთობებში პროვოკაციებს ნუ აჰყვებით.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაღუპული ვერონიკა ვანიშვილი-რისტიჩი და მისი ექვსი წლის შვილი დაკრძალეს

⭕„ბრძოლის საწყის წუთებში ჩემმა ძმამ მარცხენა მხარი ამოიგდო, რამაც ბრძოლის მიმდინარეობა სრულად შეცვალა...“ - ილია თოფურია ძმის ბრძოლაზე

⭕ის ერთი ხელით იბრძოდა, მაგრამ არასდროს დაუკარგავს მებრძოლის სული“ - რას წერს ლაშა გურული ალექსანდრე თოფურიაზე

✕