Digest Logo

„ჩვენი ქვეცნობიერის ყველაზე ბნელ კუთხეებს, ჩვენს შინაგან ქვესკნელს აშუქებს...“ - სამჰეინი: რა უნდა ვიცოდეთ წლის ყველაზე იდუმალი ღამის შესახებ

1793379483
AstroBlog SkyLight

სულ ცოტა დრო გვაშორებს წლის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალი ღამის დღესასწაულს - სამჰეინს, რომელიც 31 ოქტომბრის ღამეს, 1 ნოემბრის გათენებამდე აღინიშნება.

ეს პერიოდი შემოდგომის ბუნიობასა და ზამთრის მზებუდობას შორის მოქცეულ შუა წერტილს ემთხვევა. სწორედ ახლა სინათლე საბოლოოდ უთმობს ადგილს სიბნელეს, ბუნება კი სიმშვიდისა და ძილის ფაზაში გადადის. სამჰეინი არის მისტიკური ზღვარი გარდამავალ სეზონებს, სიცოცხლესა და სიკვდილს, ხილულსა და უხილავ სამყაროებს შორის.

თუ დღესასწაულის არსს ასტროლოგიური კუთხით შევხედავთ, ის წლის ყველაზე ტრანსფორმაციულ პერიოდს უკავშირდება. 31 ოქტომბრისა და 1 ნოემბრის მიჯნაზე მზეს მორიელის ნიშნის დაახლოებით მესამედი უკვე გავლილი აქვს - მორიელი კი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა, ფსიქოლოგიური და გარდამტეხი ნიშანია.

მორიელის ღამის მმართველი პლუტონია, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში ჰადესს უკავშირებენ - ქვესკნელისა და გარდაცვლილთა სამყაროს მბრძანებელს. სწორედ ამიტომ, თავად სამჰეინიც უშუალოდ პერსეფონეს მისტერიას უკავშირდება.

პერსეფონე ნაყოფიერების ქალღმერთ დემეტრას ასული იყო, რომელიც ჰადესმა მიწისქვეშეთში მოიტაცა და თავის მეუღლედ აქცია. თუმცა უზენაესმა ღვთაება ზევსმა - რომელსაც იუპიტერის სახელითაც ვიცნობთ - დედის სასოწარკვეთილი ვედრება შეისმინა და დაადგინა, რომ პერსეფონეს წლის მესამედი ჰადესის სამეფოში უნდა გაეტარებინა, დანარჩენი დრო კი დედასთან დაბრუნებულიყო.

როდესაც პერსეფონე ქვესკნელში ეშვება - რასაც სწორედ სამჰეინის ღამეს უკავშირებენ - დედამიწას ღრმა ძილი ეუფლება და ზამთარი დგება, ხოლო მისი უკან დაბრუნება გაზაფხულის გამოღვიძებას მოასწავებს.

ახლა ჩვენც, პერსეფონეს მსგავსად, საკუთარი ფსიქიკისა და არაცნობიერის სიღრმეებში უნდა ჩავეშვათ, რათა შინაგანი განწმენდისა და გათავისუფლების შემდეგ უფრო მსუბუქი და თავისუფალი დავბრუნდეთ.

მორიელის სეზონში მზის სხივები ჩვენი ქვეცნობიერის ყველაზე ბნელ კუთხეებს - ჩვენს შინაგან ქვესკნელს - აშუქებს. სწორედ ამიტომ არის ეს პერიოდი ღრმა შინაგანი გარდაქმნისა და ახლიდან დაბადების ჟამი.

სამჰეინი უძველესი კელტური დღესასწაულია, რომლის სახელწოდებაც ზაფხულის დასასრულს აღნიშნავს. ტრადიციულად, ეს იყო სასოფლო-სამეურნეო სეზონის შეჯამება: მინდვრებიდან ბოლო მოსავლის აღება, საქონლის დაბინავება და განვლილი წლის ციკლის დასრულება.

კელტური ტრადიციის მიხედვით - ამ ღამეს სამყაროებს შორის არსებული საზღვრები ქრებოდა. ცოცხალთა და სულთა სამყაროები ერთიანდებოდა, ხოლო თავად სამყარო თითქოს სუნთქვას იკავებდა. იხსნებოდა ჯადოსნური კარიბჭეები და გარდაცვლილ წინაპართა სულებს საკუთარ კერასთან დაბრუნება შეეძლოთ.

ითვლებოდა, რომ ამ ღამეს უხილავ ძალებს ადამიანთა ცხოვრებაში ჩარევა შეეძლოთ - მათთვის სწორი გზის ჩვენება, გაფრთხილება ან, პირიქით, დასჯა. სწორედ ამიტომ იყო ეს დღესასწაული მაგიის, მკითხაობის, წინასწარმეტყველების, განწმენდის რიტუალებისა და, რა თქმა უნდა, წინაპართა სულების პატივისცემის ჟამი.

ამ ღამეს ტრადიციულად სუფრას აწყობდნენ, კოცონს ანთებდნენ და სახლის კარებს ოდნავ ღიას ტოვებდნენ, რათა მოსულ სულებს სახლში შემოსვლა და გათბობა შესძლებოდათ. დილით კი მათ მადლობას უხდიდნენ და მადლიერებით აცილებდნენ, რათა ხილულ და უხილავ სამყაროებს შორის ჰარმონია შენარჩუნებულიყო.

ამრიგად, ძველ ტრადიციებში ეს ღამე შიშსა და სიბნელეს კი არ უკავშირდებოდა, არამედ წარსულის პატივისცემას, ბუნების ციკლების გააზრებასა და განახლებისთვის მომზადებას. როგორც ძველები ამბობდნენ - ხელახლა რომ დაიბადო, ჯერ ძველს უნდა მისცე წასვლის საშუალება.

დროთა განმავლობაში შეიცვალა დღესასწაულის მასშტაბი და რიტუალები, თუმცა სამჰეინის მისტიკური არსი დღემდე უცვლელი დარჩა.

ეს ღამე დასასრულისა და გარდამავალი პერიოდის სიმბოლოა - წლის ბნელ, ზამთრის ნახევარში გადასვლის მომენტი. თუმცა, ამავე დროს, ეს არის სიბნელის მიღებისა და მომავალი ხელახალი დაბადების მოლოდინის პერიოდიც. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი განვლილი წლის შეჯამება. ახალი ვერ დაიბადება სრულყოფილად, თუ ძველს არ დავასრულებთ - სიბნელესთან შეხვედრისას ყოველთვის ველოდებით სინათლის დაბრუნებას - მაგრამ იმისათვის, რომ ახალი ენერგია ნამდვილად დაიბადოს, ძველმა უნდა დაგვტოვოს.

სამჰეინის წინა ღამეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განვლილი გზის გაანალიზებას. გულწრფელად გადაავლეთ თვალი ყველაფერს, რაც ამ პერიოდში გამოიარეთ. დაფიქრდით, როგორ ჩაიარა წელმა - რა მიმართულებით განვითარდით, რა მწვერვალები დაიპყარით, რა გაკვეთილები მიიღეთ და როგორ შეიცვალეთ უკეთესობისკენ - თუმცა, ამავდროულად, თვალი გაუსწორეთ იმასაც, რაც ვერ განახორციელეთ: დაუსრულებელ საქმეებსა და იმ ფარულ სურვილებს, რომელთა ასრულებაც აქამდე ვერ გაბედეთ.

დღესასწაულის მოახლოებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ურთიერთობებსაც. ძველად მიაჩნდათ, რომ ამ ღამეს ადამიანი გულში წყენით არ უნდა შეხვედროდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ ციკლს შებოჭილი და თავისუფლებას მოკლებული დაიწყებდა. სწორედ ამიტომ, სამჰეინის წინ ვალებს აბრუნებდნენ, შენდობას ითხოვდნენ და მადლიერებას გამოხატავდნენ - ეს ქმედებები კი ხელახალი დაბადების ნამდვილ მაგიურ აქტად მიიჩნეოდა.

ყოველივე, რასაც მატერიალურად თუ სულიერად უკან ვაბრუნებთ, ჩვენს სივრცესა და სულს განწმენდს, ეს კი ახალი სიკეთეებისა და საჩუქრებისთვის გზის გაკაფვაა.

ძველად სჯეროდათ, რომ სამჰეინის ღამეს აბსოლუტური სამართლიანობის ჟამი დგებოდა. სწორედ ამიტომ, ამ დროს მიღებული იყო ბოდიშის მოხდა და შენდობის თხოვნა ყველასთვის, ვის წინაშეც თავს თუნდაც მცირედით დამნაშავედ გრძნობდით.

არსებობდა სამჰეინის განსაკუთრებული, მაგიური პრაქტიკაც - ადამიანს შეეძლო სულებისთვის ეთხოვა იმ ვალის დაბრუნება, რომლის გასტუმრებასაც მოვალე თავს არიდებდა. ეს ვალი შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც მატერიალური, ისე სულიერი. ამ საკითხის მოგვარებას მთლიანად მიღმურ ძალებს მიანდობდნენ - სჯეროდათ, რომ სულები თავად იპოვიდნენ გზას მოვალესთან ანგარიშსწორებისთვის.

მსგავსი ფორმით მიმართავდნენ უხილავ სამყაროს მათ მიმართაც, ვინც გული ატკინა ან უსამართლოდ მოექცა. დაზარალებულები სამყაროსგან წონასწორობის აღდგენას ითხოვდნენ. მიაჩნდათ, რომ თუ სულები ამ ვედრებას სამართლიანად მიიჩნევდნენ, პასუხი დიდხანს არ დააყოვნებდა - საბოლოო განაჩენი ხომ სწორედ მათ ხელში იყო და თითოეულს იმას მიაგებდნენ, რასაც რეალურად იმსახურებდა.

ამიტომ სამჰეინის პერიოდში უმნიშვნელოვანესია დავფიქრდეთ - ხომ არ მოგვყვება ძველი ვალი, წყენა ან გადაუჭრელი კონფლიქტი წლის ბნელ პერიოდში. იქნებ სწორედ ახლაა დრო, პატიება ვითხოვოთ ან ზამთრის დადგომამდე ძველი შეცდომების გამოსწორება მოვასწროთ.

ტრადიციის თანახმად, სამჰეინის მოახლოებისას სახლს საფუძვლიანად ალაგებდნენ, ყრიდნენ უსარგებლო ნივთებს და საგულდაგულოდ ასუფთავებდნენ კერას. ეს პროცესი ჩვენც შეგვიძლია ერთგვარ მაგიურ ქმედებად ვაქციოთ: სანამ სახლს მტვრისგან, ჭუჭყისა და უწესრიგობისგან ათავისუფლებთ, გონებაში წარმოიდგინეთ, როგორ განდევნით თქვენი ცხოვრებიდან ყველაფერ მავნებელსა და არასასურველს. მოიშორეთ ნაგავი არა მხოლოდ ფიზიკური სივრციდან, არამედ საკუთარი სულიდან, გულიდან და გონებიდანაც.

სასურველია, სახლი მაქსიმალურად საფუძვლიანად დაალაგოთ - მათ შორის, ყველაზე მიმალული კუთხეებიც. მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი: ნივთები, ძველი წიგნები, ქაღალდები და სხვა არასაჭირო ატრიბუტები. რაც აღარ გჭირდებათ, შეგიძლიათ გადააგდოთ ან სხვას გადასცეთ.

სამჰეინის წინ მნიშვნელოვანია ტელეფონისა და კომპიუტერის ციფრული ნაგვისგან გაწმენდაც - წაშალეთ გამოუყენებელი აპლიკაციები, მოძველებული კონტაქტები და ფაილები.

ენერგეტიკული განწმენდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საკმეველი - კვამლით სახლის პერიმეტრი საათის ისრის მიმართულებით შემოიარეთ, რის შემდეგაც სასურველია ოთახების კარგად განიავება. ასევე ეფექტურია სანთლებით განწმენდის ტრადიციული მეთოდი.

და, რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ საკუთარი სხეულის ფიზიკური განწმენდაც.

გარდა ამისა, სამჰეინის ღამემდე აუცილებელია შინაგანი სივრცის გათავისუფლებაც - ამისთვის შეგიძლიათ შეასრულოთ ქაღალდის მარტივი რიტუალი:

აიღეთ სუფთა ფურცელი და ჩამოწერეთ ყველაფერი, რისგანაც გათავისუფლება გსურთ. დატოვეთ იგი დაახლოებით ერთი საათით, შემდეგ დაწვით, ფერფლი კი გამდინარე წყალს გაატანეთ.

განწმენდის ამ ეტაპის დასრულების შემდეგ უმნიშვნელოვანესია ცეცხლის დანთება. ძველად სარიტუალო ცეცხლი დღესასწაულის მთავარი სიმბოლო იყო - გვიან საღამოს ყველა სახლში აქრობდნენ სინათლესა და ნაკვერჩხალს, რის შემდეგაც ქურუმები ახალ ცეცხლს აჩაღებდნენ და მას თითოეულ ოჯახში ანაწილებდნენ. ქუჩებში დანთებული კოცონები კი დაცვისა და განახლების ძალას ატარებდა.

დღეს ამ ტრადიციის გაცოცხლება სანთლებით შეგვიძლია - რაც მეტი, მით უკეთესი. ვისაც შესაძლებლობა აქვს - შეუძლია გარეთ კოცონი დაანთოს ან სახლში ბუხარი ააგიზგიზოს. ცეცხლი გვეხმარება სიმყუდროვის შეგრძნებაში და სიმბოლურად დაწვავს იმ ყველაფერს, რაც უკვე მოძველდა.

მზის ჩასვლის შემდეგ შეგვიძლია სუფრას მივუსხდეთ და ვახშმობისას გარდაცვლილი ახლობლები მოვიგონოთ. მაგიდასთან მათთვის ერთი ცარიელი ადგილი დატოვეთ და მხოლოდ კეთილი სიტყვებით მოიგონეთ.

ძველი რწმენით - ფანჯარასთან ანთებულ სანთელს ტოვებდნენ, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ინარჩუნებდა ალს. ეს სანთელი შუქურასავით უნათებდა წინაპართა სულებს გზას წყვდიადში და მიანიშნებდა, რომ აქ მათ ყოველთვის ელიან და ახსოვთ.

თუ სამჰეინის ღამეს ოჯახის წევრებისა და მეგობრების შეკრებას არ გეგმავთ, შეგიძლიათ სადღესასწაულო ვახშმის ნაცვლად მედიტაცია შეასრულოთ.

მზის ჩასვლის შემდეგ განმარტოებისთვის დრო გამონახეთ. ჩრდილოეთ ნახევარსფერო სიბნელეში იძირება და დგება ჟამი, დავემშვიდობოთ საკუთარ ძველ ვერსიას.

სამჰეინის ღამის მედიტაცია შეგიძლიათ წარსულს, განვლილ მოვლენებსა და იმ განცდებს დაუკავშიროთ, რომლებსაც ამ დროს განიცდიდით. მიეცით მოგონებებს საშუალება, თავისუფლად ამოტივტივდნენ მეხსიერებაში. მშვიდად ისუნთქეთ და თანდათან გაუშვით ის ემოციები, რომლებიც ამ წარსულ სახეებს უკავშირდება.

ეზოტერული თვალსაზრისით, სამჰეინის ღამე მაგიური გამოცდისა და ინიციაციის პერიოდია. სწორედ ამ დროს ხდება ყველაზე მარტივი საკუთარი ქვეცნობიერის სიღრმეებში ჩასვლა და ახალი ძალის მოპოვება - თუ, რა თქმა უნდა, საკუთარ შიშებს გადალახავთ. ეს არის შინაგანი განწმენდის, გააზრებისა და განვითარების მომდევნო საფეხურზე გადასვლის დრო.

რადგან ეს ღამე საიდუმლოებით, მისტიკითა და შინაგანი იდუმალებითაა მოცული, ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ის სურვილების ასრულებისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი ჟამი იყო.

სურვილებს ქაღალდზე წერდნენ, ბალიშის ქვეშ დებდნენ და დაძინებამდე ამბობდნენ: „ბნელო ღამევ, დამეხმარე. დაე, ახდეს ის, რაც ჩავიფიქრე“.

ჩვენ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ სულებსა და წინაპრებს - მშვიდობა და სინათლე ვუსურვოთ მათ.
სამყაროებს შორის კარის დახურვა კი ამ სიტყვებითაა შესაძლებელი: „დაე, ყველაფერი თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდეს“.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ლინა სვანეთში, სვან ბიჭთან დარჩა, მისი შეყვარებული კი სამშობლოში მარტო ბრუნდება“ - ზურაბ შევარდნაძე დაუჯერებელ ამბავს გვიზიარებს

⭕ რა იმალება ჰელოუინის მიღმა? - კელტური ტრადიციები, ენერგეტიკული საფრთხეები და რეალური არსი: გიორგი ლობჯანიძის მიმართვა საზოგადოებას

⭕ ბუნებრივი აფთიაქი ჩვენს ფეხქვეშ: მრავალძარღვას უნიკალური სამკურნალო თვისებები და გამოყენების წესები

✕