Digest Logo

„დღეს არ ღირს ურთიერთობების გარკვევა, მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება და ახალი პროექტების წამოწყება“ - 21 აპრილის ასტროპროგნოზი

1776749083
AstroBlog SkyLight

სამშაბათი, 21 აპრილი

ეს დღე, ერთი შეხედვით, შესაძლოა მსუბუქი და სასიამოვნოც კი მოგვეჩვენოს, თუმცა სინამდვილეში საკმაოდ სერიოზულ ტურბულენტურ ზონას მალავს, რისთვისაც წინასწარ მომზადებაა საჭირო.

მთვარე აგრძელებს მოძრაობას ტყუპების ნიშანში, რაც მობილურობას, აქტიურ კომუნიკაციას, ინფორმაციის გაზიარებისა და მოვლენების ეპიცენტრში ყოფნის სურვილს გვიმძაფრებს. თითქოს ირგვლივ ყველაფერი საინტერესო, დინამიკური და ცოცხალია, თუმცა სწორედ ამ სიმსუბუქის მიღმა იმალება არასტაბილურობა.
ამ დღის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია „მთვარე კურსის გარეშე“, რომელიც თითქმის მთელი დღე - თბილისის დროით დაახლოებით 21:00 საათამდე - გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მომავალსა და გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, სასურველ შედეგს ვერ მოიტანს.

შესაბამისად, დღეს არ ღირს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება ან თქვენთვის ღირებული დოკუმენტების ხელმოწერა. ეს პერიოდი უფრო მეტად ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად ან ისეთი აქტივობებისთვისაა შესაფერისი, რომელთა დაწყება და დასრულებაც ერთ დღეშია შესაძლებელი.

ეს ის დღეა, როდესაც უმჯობესია რუტინული საქმეებით შემოიფარგლოთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი სამომავლოდ გადადოთ. ამასთან, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ძლიერი და, სამწუხაროდ, დაძაბული ასპექტი - ვენერას შეერთება ვარსკვლავ ალგოლთან. (ალგოლი არის ფიქსირებული ვარსკვლავი, რომელიც კუროს 26 -ე გრადუსზე მდებარეობს და მიიჩნევა სახიფათო გავლენის მქონე ციურ სხეულად)
როდესაც პლანეტა, რომელიც სიყვარულს, სილამაზეს, ესთეტიკასა და ჰარმონიას განასახიერებს, ასეთ რთულ გავლენაში ექცევა, სიმსუბუქის განცდა ბუნებრივად იკლებს. ამ შეერთების გავლენა, შესაძლოა, ურთიერთობების გამწვავებასა და ფინანსურ სირთულეებში გამოვლინდეს. იქ, სადაც შეთანხმება ჩვეულებრივ მარტივად ხერხდება, დღეს შესაძლოა მოულოდნელად მკვეთრი კონფლიქტი გაჩნდეს, ჩვენი ემოციები კი გადაჭარბებული და ძნელად კონტროლირებადი გახდეს.

ამ დღეს ჩვეულებრივი საუბარიც კი შესაძლოა მოულოდნელად გადაიზარდოს კონფლიქტში ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე - უბრალოდ იმიტომ, რომ ვინმემ არასწორად შეხედა, თქვა ან გაიგო რაღაც. სწორედ აქ მალავს დღე მთავარ სირთულეს: პრობლემა არა იმდენად მოვლენებში, არამედ ჩვენს რეაქციებშია, რომლებიც შესაძლოა სრულიად არაადეკვატური აღმოჩნდეს.

მიუხედავად ასეთი დაძაბული ფონისა, მთვარის ჰარმონიული ასპექტები ქირონთან და მზესთან მნიშვნელოვან მხარდაჭერას გვიწევს. ამ დადებით გავლენას განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში ვიგრძნობთ - ის შინაგანი ბალანსის შენარჩუნების შანსს მოგვცემს, თუკი თავად ავირჩევთ ცნობიერებას და საამისო ძალისხმევას გამოვიჩენთ. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ დღეს წარმატებას არა აქტიურობა და საქმეების სიმრავლე, არამედ წინდახედულობა და სიფრთხილე მოგიტანთ.

ამიტომ კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტოთ: დღეს არ ღირს ურთიერთობების გარკვევა, მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, ახალი პროექტების წამოწყება ან რაიმე სერიოზულის ინიცირება. განსაკუთრებით სახიფათოა ემოციებზე დაყრდნობით მოქმედება. საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ - შეამციროთ ზედმეტი კომუნიკაცია, არ ჩაერთოთ სხვის დრამებში და დაკავდეთ მარტივი, გასაგები საქმეებით, რომლებიც დაძაბულობასა და რისკს არ მოითხოვს. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, რადგან ამ დღის მთავარი ამოცანა შედეგის მიღწევა კი არა, სიტუაციის არ დამძიმებაა.

ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ საღამოს მთვარე ნეპტუნთან დაძაბულ ასპექტში შევა, რაც ილუზიების, შეცდომაში შეყვანისა და მცდარი დასკვნების რისკს აძლიერებს. ამ დროს შესაძლოა იგრძნოთ როგორც დაღლილობა, ისე ერთგვარი დაბინდულობა - თითქოს აზრები გეფანტებათ. შესაძლოა გაძლიერდეს ნეგატიური განცდები, ეჭვები და ეჭვიანობა.

ფრთხილად მოეკიდეთ ნებისმიერ მოულოდნელ შეთავაზებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის თქვენში მძაფრ ემოციურ რეაქციას - აღფრთოვანებას, შიშს, სიბრალულს ან აჟიოტაჟს - იწვევს. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მაშინვე, აუცილებლად აიღეთ პაუზა. მთვარისა და ნეპტუნის დაძაბული გავლენა ააქტიურებს არა მხოლოდ ფანტაზიას, არამედ თაღლითებსა და მატყუარებსაც - იმ ადამიანებს, რომლებიც ლამაზად საუბრობენ, თუმცა ყოველთვის გულწრფელი ზრახვები არ ამოძრავებთ.

დღეს ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მეხუთე მთვარის დღის გავლენა, რომელიც თბილისის დროით 08:30-ზე იწყება. ამ დღის სიმბოლოა მარტორქა ცხენი - უნიკორნი - მეტად ლამაზი და ღრმა სახე, რომელიც ზრახვების სიწმინდესთან, საკუთარი გზის ერთგულებასთან, კეთილშობილებასა და შინაგან ჭეშმარიტებასთან ასოცირდება. ეს არის ძალის სიმბოლო, რომელიც ხმამაღლა კი არ აცხადებს საკუთარ თავზე, არამედ ის გულწრფელობასა და შინაგან ღირსებაში ვლინდება. მარტორქა ცხენი - უნიკორნი გვეხმარება, ნამდვილი სურვილები თავსმოხვეულისგან განვასხვავოთ, ამიტომ მიიჩნევა, რომ ამ დღეს შეიძლება განსაკუთრებული შთაგონება ან წინათგრძნობა დაგვეუფლოს. ეს ჩვენი შინაგანი ალქიმიის დღეა.

ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენს შინაგან სტრუქტურას ცვლის. ეს მთვარის თვის ერთადერთი დღეა, როდესაც მატერიალური თუ სულიერი საკვები სრულად აითვისება და მთლიანად გარდაიქმნება ენერგიად, რომელიც ჩვენში ძლიერ ნაკადად იწყებს მოზღვავებას.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ასტროლოგიურად მეხუთე მთვარის დღე მჭიდროდ არის დაკავშირებული საჭმლის მომნელებელ სისტემასთან. მიიჩნევა, რომ დღეს შიმშილობა არ არის რეკომენდებული, თუმცა არც გადაჭარბებაა სასურველი.

ამიტომ დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას. მიიღეთ მხოლოდ ხარისხიანი, ბუნებრივი პროდუქტები, რადგან საკვები ახლა საწვავია, როგორც ჩვენი ენერგეტიკული, ისე ფიზიკური ტრანსფორმაციისთვის. ასეთ დღეს უმნიშვნელოვანესია, არ მივიღოთ ზედმეტი და არ შევუშვათ ჩვენს სისტემაში ის, რაც შემდგომში შიგნიდან დაგვაზიანებს. ეს ეხება არა მხოლოდ საკვებს, არამედ ინფორმაციასაც.

ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ, ეს დღე თქვენთვის სიცხადისა და შინაგანი სიმშვიდის ფონზე წარიმართოს. გვახსოვდეს, რომ ვარსკვლავები გვაჩვენებენ მიმართულებას, თუმცა არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აიღეთ ჭიქა წყალი და ვერცხლისფერი ნივთი დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ...“ - მარსის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით