29 აპრილის, ოთხშაბათის ასტროლოგიური პროგნოზი:
მთვარე აგრძელებს მოძრაობას სასწორის ნიშანში, შესაბამისად, დღეს საქმიანი საკითხების გადაწყვეტაში უპირატესობას მოიპოვებს არა ის, ვინც უფრო ხმამაღლა ან დაჟინებით ილაპარაკებს, არამედ ის, ვინც გამოიჩენს სიბრძნეს, კომპრომისის უნარს, დიპლომატიასა და ყურადღებას სხვების მიმართ.
ყველაფერი, რაც სხვა ადამიანებთან შეთანხმებას, მოლაპარაკებას ან თხოვნას უკავშირდება, სჯობს დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ, სანამ მოქმედებს ჰარმონიული კონფიგურაცია - „იალქანი“. ამ კონფიგურაციის საფუძველში დგანან მთვარე და სატურნი, ხოლო მხარდაჭერას ქმნიან ვენერა და პლუტონი.
ამ ენერგიათა კომბინაცია საკმაოდ მძლავრია, რადგან პლუტონი გვიბიძგებს სიღრმისეული ანალიზისა და გარკვეული ტრანსფორმაციისკენ, განსაკუთრებით - ურთიერთობებისა და ფინანსების სფეროში. ამ ჰარმონიული და მხარდამჭერი კონფიგურაციის გავლენით, გვაქვს შესაძლებლობა, ეს საკითხები დადებითად მოვაგვაროთ.
დღის მეორე ნახევარში დაძაბულობა იმატებს. მთვარე შედის დაძაბულ კონფიგურაციაში მარსთან და იუპიტერთან ერთად. ეს უკვე სრულიად განსხვავებული ენერგიაა - აქტიურდება იმპულსურობა, გაღიზიანება და ემოციური წნეხი. ზედაპირზე შეიძლება ამოტივტივდეს ძველი, გამოუთქმელი საკითხები, წყენა და შინაგანი კონფლიქტები. ხშირად ეს ყველაფერი არაცნობიერად ვლინდება - მკვეთრი სიტყვებით, საყვედურებითა და გაღიზიანების აფეთქებებით.
იუპიტერი, რომელიც ამ კონფიგურაციის მწვერვალზეა, ყველაფერს კიდევ უფრო აძლიერებს. ის ზრდის რეაქციის მასშტაბს - ის, რაც სხვა დღეს მშვიდად ჩაივლიდა, დღეს შეიძლება კონფლიქტამდე მივიდეს.
შეიძლება დაუფიქრებლად თქვათ ზედმეტი, აწყენინოთ ადამიანს, დატოვოთ არასასიამოვნო შთაბეჭდილება ან დააზიანოთ საკუთარი რეპუტაცია.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით - ხელმძღვანელებთან ან იმ ადამიანებთან ურთიერთობისას, ვისზეც დამოკიდებულია თქვენი სტატუსი და რეპუტაცია. დღეს არსებობს გადაჭარბების რისკი - ზედმეტი კატეგორიულობის გამოვლენა ან, პირიქით, ჯიუტად საკუთარი პოზიციის დაცვა იქ, სადაც უფრო სწორი იქნებოდა კომპრომისი.
ტაუ-კვადრატი ასევე შეიძლება შეეხოს მატერიალური რესურსების თემას. არსებობს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების, ავანტიურისტული ქმედებების, ზედმეტი ხარჯებისა და გაუთვლელი ნაბიჯების რისკი. ამიტომ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, მნიშვნელოვანია, არ იჩქაროთ, არ აჰყვეთ ემოციებს და არ იმოქმედოთ იმპულსურად, რადგან ასეთ გადაწყვეტილებებს შეიძლება მოჰყვეს შედეგები, რომლებსაც მოგვიანებით ინანებთ.
ამ ფონზე არ არის გამორიცხული შემაშფოთებელი სიახლეები, განსაკუთრებით - საზოგადოებრივ და გლობალურ თემებთან დაკავშირებით. მგზავრობისას გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება - ნუ იჩქარებთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია და ზედმეტ რისკს მოერიდეთ.
კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება მთვარის მდგომარეობაზე სასწორში. დღეს თქვენი ძალა არა ზეწოლაში, არამედ ბალანსის შენარჩუნებაშია. თუ იგრძნობთ, რომ ემოციები ჭარბობს, შეჩერდით და გადადეთ საუბარი. გადაერთეთ სხვა საქმეზე და მიეცით საკუთარ თავს დრო - ზოგჯერ დროულად შეჩერებული მკვეთრი სიტყვა ინარჩუნებს როგორც ურთიერთობას, ისე რეპუტაციასა და შინაგან სიმშვიდეს.
ასევე მნიშვნელოვანია მთვარის დღის ენერგეტიკის გათვალისწინება. თბილისის დროით 18:00 საათამდე მოქმედებს მე-12 მთვარის დღის ენერგიები, ხოლო ამის შემდეგ აქტიურდება მე-13 მთვარის დღე, რომლის სიმბოლოა „ფორტუნის ბორბალი“ - ეს ზუსტად ასახავს ამ ენერგიების არსს. ბორბალი მუდმივად მოძრაობს - თუ სადმე იყო სტაგნაცია, გაჩერება ან ენერგიის დაგროვება, სწორედ ამ დღეს იწყება მისი გააქტიურება და განახლების პროცესები.
შეიძლება დაბრუნდეს წარსულის თემები, ძველი ფიქრები ან ემოციები იმისთვის, რომ გაასუფთაოთ, განაახლოთ და გაუშვათ ისინი, რათა ადგილი დაუთმოთ ახალ ენერგიას.
ეს დღე ხელსაყრელია ჯანმრთელობისთვის - როგორც ფიზიკური, ისე ემოციური და მენტალური თვალსაზრისით. ყველაფერი, რაც უკავშირდება აღდგენას, მკურნალობას, გაწმენდასა და ჩვევების კორექციას, დღეს უფრო ეფექტურად მუშაობს.
მე-13 მთვარის დღე შესანიშნავი დასაწყისის წერტილია, რადგან მისი ენერგია ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესებს. ამიტომ, კარგი დროა, ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას - გადახედოთ კვებას, დაამატოთ სასარგებლო ჩვევები ან გაიაროთ აღდგენითი პროცედურები.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 29-30 აპრილს საქართველოში?
⭕გინდა, რომ ბარაქამ მოაკაკუნოს? - კარის გაწმენდის „ჯადოსნური“ დღეები მაისში
⭕ „შესაძლებელია „ყოფილი“ პარტნიორის გამოჩენა“ - 29 აპრილის ტაროლოგიური პროგნოზი