ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 17 მაისის ახალმთვარეობაზე საუბრობს, რაც კუროს ზოდიაქოს ნიშანში, თბილისის დროით, 00:00:51 საათზე გველოდება:
„17 მაისის ახალმთვარეობა კუროს 26-ე გრადუსზე, თბილისის დროით ღამის 00:00:51-ზე ერთ-ერთი ყველაზე რთული და დაძაბული ახალმთვარეობა შეიძლება იყოს საქართველოს უახლეს ისტორიაში.
საქმე იმაშია, რომ ეს ახალმთვარეობა საქართველოს მუნდანურ რუკაში პირველ სახლში ხდება, ანუ პირდაპირ ეხება ქვეყნის სახეს, იდენტობას, საზოგადოებრივ განწყობას და ხელისუფლების ხილულ მდგომარეობას. ამას ემატება ისიც, რომ ახალმთვარეობა უძრავ ვარსკვლავ ალგოლთანაა შეერთებული, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფიქსირებულ ვარსკვლავთან, მითოლოგიურად ის კავშირშია მედუზა გორგონასთან და ასტროლოგიაში შოკს, კრიზისს, პანიკას, ძალადობრივ ან უკიდურეს სცენარებს, „თავის დაკარგვის“ სიმბოლიკას უკავშირდება.
სანამ დეტალებზე გადავალ, მინდა გაგახსენოთ ჩემი ერთ-ერთი პროგნოზი, რომელმაც ასტროლოგიის სიზუსტე დაადასტურა. როდესაც ორიოდე წლის უკან ტრანზიტული ურანი ფიქსირებულ ვარსკვლავ ალგოლს უერთდებოდა, მე გითხარით, რომ თუ დონალდ ტრამპი, რომლის რუკაშიც ალგოლი აქტიურია, თავის დაკარგვას (პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით) გადაურჩება, ის პოლიტიკურად გაძლიერდება და პრეზიდენტად ვიხილავთ - მეთქი.
იმავე დღეს, ფაქტობრივად რამდენიმე საათში, პენსილვანიაში მოხდა თავდასხმა. ტყვია ტრამპს ზუსტად ალგოლის სიმბოლიზმის შესაბამისად თავის არეში, ყურში მოხვდა. თუმცა ის გადარჩა და მისი პოზიციები მნიშვნელოვნად გამყარდა. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ალგოლის სიმბოლიკა ზოგჯერ უკიდურესად პირდაპირ და შოკურადაც შეიძლება გამოვლინდეს.
თუ 17 მისის ახალმთვარეობას დავუბრუნდებით, აქ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომლებიც ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს.
ახალი მთვარე ხდება ზუსტად ალგოლის გრადუსზე. როგორც უკვე ვთქვი, ეს ვარსკვლავი, ცნობილი როგორც „მედუზას თავი“, სიმბოლურად და ფიზიკურად უკავშირდება თავს, ძალადობას, უკონტროლობასა და რადიკალურ ცვლილებებს. ვინაიდან ახალი მთვარე საქართველოს რუკის I-ელ სახლში ხდება, დარტყმის ქვეშ ექცევა ქვეყნის, იდენტობა და ლიდერი. ეს პირდაპირი მინიშნებაა ლიდერის უსაფრთხოების, რეპუტაციის ან ჯანმრთელობის რისკებზე.
ახალმთვარეობის წერტილს უერთდება მერკურიც, რომელიც კუროს ბოლო, 29-ე, ე.წ. ანარეტულ გრადუსზე დგას. ესეც დამატებით ბედისწერის წერტილია. კომუნიკაცია, მოლაპარაკებები ან გადაწყვეტილებები ხდება გარდაუვალი და კრიტიკული. ერთმა შეცდომამ ან პროვოკაციულმა განცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია. განსაკუთრებით ამძაფრებს ინფორმაციულ, ეკონომიკურ და საერთაშორისო თემებს.
საქართველოს ამ რუკაში მერკური მეორე სახლის მმართველია და მეშვიდე სახლში დგას, რაც ნიშნავს, რომ მოსალოდნელი დაძაბულობა შეიძლება უკავშირდებოდეს ფინანსებს, ფასებს, ვაჭრობას, უცხოეთთან ურთიერთობებს, ხელშეკრულებებს, მოლაპარაკებებს, ან ღია პოლიტიკური დაპირისპირების ახალ ეტაპს. როცა ასეთი ახალმთვარეობა მერკურის მონაწილეობით იხსნება, ხშირად ვიღებთ ხმაურიან განცხადებებს, სკანდალურ ინფორმაციას, მოულოდნელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ეკონომიკურ ნერვიულობას და მძიმე საჯარო დისკუსიას.
ის რომ მერკური მართავს II სახლს (ფინანსები) და დგას VII სახლში (პარტნიორები, ღია მტრები), ნიშნავს, რომ ეკონომიკური ბედი პირდაპირ არის დამოკიდებული უცხოურ ურთიერთობებზე. ალგოლის გავლენით, ეს კავშირები შეიძლება გახდეს კრიზისული, მოსალოდნელია უცხოური პარტნიორების მხრიდან ზეწოლა, ფინანსური სანქციების რისკი და რესურსებზე წვდომის პრობლემა.ასევე, ფინანსური ბაზრების რყევა, ვალუტის არასტაბილურობა.
მერკური ალგოლთან და ანარეტულ გრადუსზე ესეც დეზინფორმაციის კამპანიაა, პანიკის დათესვა, ყალბი ახალი ამბები, რომლებმაც შეიძლება საზოგადოება აფეთქოს.
ურანი, რომელიც ახალმთვარეობასთან შეერთებაში მოდის, ამ სურათს მოულოდნელობის და რღვევის ფაქტორს მატებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ საქართველოს ამ მუნდანურ რუკაში ურანი მართავს XI სახლს (ხალხი, იმედები) და დგას XII სახლში (ფარული მტრები). ეს ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების კოლექტიური მოლოდინები, პოლიტიკური ჯგუფები, ალიანსები და მომავლის გეგმები შეიძლება კულისებიდან, ფარული გავლენებით, დახურული პროცესებით ან არახილული ძალებით იმართებოდეს. მოკლედ, ის, რაც ზედაპირზე გამოჩნდება, შეიძლება მხოლოდ შედეგი იყოს იმ პროცესებისა, რომლებიც უკვე დიდი ხანია ფარულად მწიფდება.
სურათს კიდევ უფრო ამძიმებს ტრანზიტული მარსის შეერთება საქართველოს ნატალურ ურანთან. ეს კლასიკური ასპექტია უეცარი დაძაბულობის, ფეთქებადი მოვლენების, პროვოკაციების, შეტაკებების, ტექნიკური თუ ენერგეტიკული ავარიების, ასევე ქუჩის პოლიტიკური პროცესებისს მკვეთრი აწევისათვის. მარსი (ომი, აგრესია, იარაღი) შეერთებაშია ნატალურ ურანთან არის ნაპერწკალი დინამიტზე. მოსალოდნელია უეცარი დივერსია ან პროვოკაცია. ვთქვათ, რაღაცის აფეთქება ან კიბერშეტევები.
თუ ამას დავამატებთ საქართველოს რუკაში ლილიტს მერწყულში, მეათე სახლში, ვიღებთ კიდევ ერთ მძიმე აქცენტს ხელისუფლებაზე, საჯარო იმიჯზე, სკანდალზე, ანტისისტემურ განწყობებზე და მასობრივ უკმაყოფილებაზე.
ვიღებთ ფონს, სადაც ერთი მწვავე ამბავიც კი საკმარისია, რომ ვითარება სწრაფად და უკონტროლოდ გამწვავდეს. რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს კიდეც, მას მერე, რაც 2018 წლის 16 დეკემბრიდან ჩვენი ქვეყნის რეალობისათვის ეს ბოლო ასტროლოგიური რუკა შევიდა ძალაში.
ამ ახალმთვარეობის მსუბუქად შეფასება არ გამოდის. მოსალოდნელია პოლიტიკური დაძაბულობის ზრდა, კიდევ ერთი სახელისუფლებო კრიზისი, მძიმე ან შოკის მომგვრელი საჯარო ამბები, მედიისა და ინფორმაციული ველის გამწვავება; არაა გამორიცხული ეკონომიკურ-საგარეო საკითხებზე დაძაბულობა. ცხადია, არც ქუჩის პროტესტის გამძაფრება, ასევე ფარული პროცესების მოულოდნელი გამოვლენა არ გამოდის მოულოდნელი.
ასეთ დროს ყველაზე მთავარი პანიკაში არ შესვლა, პროვოკაციების არ აყოლა და მოვლენების მიღმა მდგომი რეალური მიზეზების დანახვაა. მოვლენები შეიძლება განვითარდეს ძალიან სწრაფად, ახალმთვარეობიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში. ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, მაგრამ საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ჩვენზე,
აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ახალმთვარეობა მძიმეა კოლექტიურად, მაგრამ პიროვნულ რუკებზე განსხვავებულად მოქმედებს. რაც შემიძლია ზოგადი ინფორმაციის სახით გითხრათ - მოსალოდნელია ფასების ნახტომი (საწვავი, საკვები), ლარის რყევა.
არაფერი არ იყიდოთ იმპულსურად (განსაკუთრებით 29-31 მაისის პერიოდში).
ჯობია, შექმნათ რეზერვი, მით უმეტეს თავი აარიდეთ კრიპტოს და ნებისმიერ სხვა სპეკულაციებს.
ურთიერთობები/პარტნიორობა რთულდება, მოსალოდნელია ბიზნესს დავები, უცხოელებთან კონფლიქტები. მოერიდეთ დაპირისპირებას, პროვოკაციები ჯაჭვურად მოქმედებს.
მოლაპარაკებები გადადეთ ივნისამდე.
უსაფრთხოება/ჯანმრთელობა - უბედური შემთხვევები, განსაკუთრებით თავის არეში. არაა გამორიცხული ავარიები და ტექნიკური პრობლემები. იყავით ფრთხილად მგზავრობის დროს (20-25 მაისი).
მით უმეტეს თავიდან აიცილეთ რისკიანი ქმედებები, მაგ: ღამის მგზავრობა. რადგან მოსალოდნელია ყალბი ახალი ამბები, პანიკა სოცქსელებში, ჯობია შეამოწმოთ ფაქტები და არ ენდოთ ერთ წყაროს.
მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გადადეთ.
ვის ეხება: ცხადია მზით, მთვარით ASC-ით კუროებს, ანალოგიურად მორიელებს, ლომებს და მერწყულებს, მით უფრო თუ 23-29 გრადუსის ფარგლებში გყავთ აქ რამე, თქვენთვის შესაძლოა არც ისე მარტივი პერიოდი იყოს. თუმცა კუროებისთვის ერთგვაროვანი არ იქნება, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. წარმატებებს მოუტანს ქალწულებს, თხის რქებს, კირჩხიბებს და თევზებს. დანარჩენებისთვის ნეიტრალურია“, - წერს ხათუნა ნოელი.