
2025 წლის 7 ოქტომბერს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა. ვერძის ნიშანში სავსე მთვარე გველოდება, რომელსაც ვიზუალურად ბევრად დიდი და კაშკაშა ელფერი ექნება. ამის გამო მას სუპერმთვარეს უწოდებენ.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შემოდგომის აპათიასთან საბრძოლველად საკმარისი ენერგია გექნებათ. ასევე, შესანიშნავი პერიოდია სწავლასა და სამსახურთან დაკავშირებული საქმეების შესრულებისთვის. კარგი დროა იმისათვის, რომ მეგობრებს შეხვდეთ, საკუთარი ემოციები გააზიაროთ და დადებითი განწყობა შეიქმნათ.
აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight წერს:
„სავსე მთვარე ვერძის ნიშანში: ტრანსფორმაციისა და გამბედაობის დრო:
7 ოქტომბერს, თბილისის დროით 07:48 საათზე, მთვარე მიაღწევს სავსე ფაზას ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, 14-15 გრადუსზე. ეს მოვლენა არა მხოლოდ ასტრონომიული სანახაობაა, არამედ ასტროლოგიური შესაძლებლობა, რომელიც განაგრძობს შემოდგომის დაბნელებების დერეფნის ენერგიას. როგორც სუპერმთვარე, რომელიც ცნობილია როგორც "მონადირის მთვარე" (Hunter's Moon), იგი აძლიერებს ჩვენს შინაგან ძალას და გვიწვევს გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას ახალი პერსპექტივიდან.
„მონადირის მთვარე“ არის ტერმინი, რომლითაც ტრადიციულად აღინიშნება ოქტომბრის სავსემთვარეობა. ეს არის სავსე მთვარის მცირედი ვარიაცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „სისხლიანი“ მთვარე. ეს მოვლენა ასტრონომებისა და ტრადიციული ფოლკლორისთვის საინტერესოა. მონადირის მთვარეს წინ უძღვის „მოსავლის მთვარე“, რომელიც შემოდგომის ბუნიობასთან ყველაზე ახლოს მდებარე სავსე მთვარეა. სახელი ჩრდილოეთ ამერიკის პირველი ერებიდან იღებს სათავეს. მას ასე უწოდეს იმიტომ, რომ ოქტომბერში, მთვარის ამ შუქზე, მონადირეები ზამთრისთვის საკვებს აგროვებდნენ – ეს ის დრო იყო, როცა ირმები უკვე კარგად გასუქებული იყვნენ. ამ მთვარის მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ, ჩვეულებრივი 50 წუთის ნაცვლად, ის ყოველ მომდევნო ღამეს მხოლოდ 30 წუთით გვიან ამოდის. ეს ნიშნავს, რომ მზის ჩასვლასა და მთვარის ამოსვლას შორის დრო უფრო მოკლეა, რაც სინათლის ხანგრძლივ პერიოდებს ქმნის. სწორედ ამ ხანგრძლივი განათების გამო, მონადირეები და ფერმერები მას სამუშაოს დასასრულებლად იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მონადირის მთვარე არ არის უფრო დიდი ან კაშკაშა, ვიდრე სხვა სავსე მთვარეები, ის ისტორიულად დიდი პატივით სარგებლობდა, რადგან ზამთრის მოახლოებისას შიმშილის თავიდან აცილების შესაძლებლობას ნიშნავდა.
ამ სავსე მთვარის ენერგია გვახსენებს წლის გაზაფხულის პერიოდს – მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისს, როდესაც მრავალი მოვლენა დაიწყო ან საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან პროექტებს. გაიხსენეთ იმ დროის თემები: რა მიზნები დაისახეთ? რა ამბიციური გეგმები წამოიწყეთ? ვერძის ნიშანი, როგორც ცეცხლის ელემენტის პირველი წარმომადგენელი, სიმბოლურად წარმოადგენს ინიციატივას, გამბედაობას და თვითდამკვიდრებას. მისი დევიზი – „მე ვარ!“ – გვახსენებს, რომ ახლა დროა მივიღოთ პირველი შედეგები იმ ამბიციური მიზნებისგან, რომლებიც გაზაფხულზე დავისახეთ. დაბნელებების დერეფნიდან გამოსვლის შემდეგ, ეს მთვარე გვაძლევს შანსს, შევაფასოთ განვლილი ნახევარი წელი, სადაც ჩვენი მსოფლმხედველობა და პიროვნება შეიცვალა.
ეს სავსე მთვარე განსაკუთრებით ძლიერია გარე სამყაროში, რადგან იგი აქტიურად უკავშირდება ჩვენს იდენტობას, თავდაჯერებულობასა და ეგოს. იგი ხაზს უსვამს შინაგან კონფლიქტებს პიროვნულ „მე“-სა და ჩვენს ქმედებებს შორის, ასევე აძლიერებს პარტნიორობისა და ჰარმონიის საჭიროებას. გამძაფრდება ინტერესების დაცვის სურვილი და ურთიერთობებში დომინანტობის ტენდენცია. ემოციური პიკი შეიძლება გამოიხატოს იმპულსურად, როგორც დაგროვილი წყენა ან ბრაზი უსამართლობის გამო. ამიტომ, ემოციების კონტროლი გადამწყვეტია, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები. თუმცა, დადებითი კუთხით, ეს პერიოდი გვავსებს ენერგიით ახალი პროექტებისთვის, სადაც საჭიროა გამბედაობა და პრინციპულობა. თუ დიდხანს ყოყმანობდით პირველი ნაბიჯის გადადგმაში, ახლა იდეალური მომენტია გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედებისთვის. გირჩევთ, შეამოწმოთ თქვენი ნატალური ჰოროსკოპი: რომელ სახლში მოხდება ეს სავსემთვარეობა და არის თუ არა პლანეტები 15 გრადუსის სიახლოვეს ვერძში.
სავსე მთვარე ჰგავს დიდ პროჟექტორს, რომელიც მკაფიოდ აჩვენებს ჩვენი ცხოვრების სრულ სურათს - შესაძლებლობებს, სურვილებს, ამოცანებსა და ნაკლოვანებებს. მისი გავლენის პიკი 7 ოქტომბერსაა, მაგრამ ეფექტი იგრძნობა 4-დან 10 ოქტომბრამდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვენერას შეერთება სამხრეთ კარმულ კვანძთან ქალწულის ნიშანში. სამხრეთ კვანძი, როგორც წარსული გამოცდილების სიმბოლო, ურთიერთობებზე, ღირებულებებსა და ფინანსებზე მოქმედებს. ამ ასპექტმა შეიძლება გამოავლინოს ცდუნება- დავუბრუნდეთ ძველ მოდელებს ურთიერთობებში ან სამსახურში. ქალწულის ენერგია აძლიერებს კონტროლისა და სრულყოფილების სურვილს, რაც იწვევს კრიტიკას საკუთარი თავისა თუ სხვების მიმართ. შესაძლოა, გავაცნობიეროთ, რომ მსახურება ვალდებულებით კი არა, სიყვარულით უნდა იყოს მოტივირებული. ამიტომ, ეს მთვარე მოგვიწოდებს გულწრფელი ანალიზისკენ: დავტოვოთ წარსულის შეცდომები, განმეორებადი წრეები და ტოქსიკური კავშირები. მიზანია, შევქმნათ ჯანსაღი ურთიერთობები, დაფუძნებული სიყვარულსა და პასუხისმგებლობაზე, ნაცვლად კრიტიკისა და დამცირების განცდისა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მერკურის კვადრატი პლუტონთან (მორიელიდან მერწყულში). ეს „ფეთქებადი“ კონფიგურაცია მიუთითებს მწვავე დაპირისპირებებზე, საიდუმლოებების გამჟღავნებასა და მანიპულაციებზე, განსაკუთრებით ჯგუფურ, სოციალურ პროექტებში ან საჯარო სივრცეში. საზოგადოებას შეიძლება მწვავე რეაქცია ჰქონდეს ახალ ინფორმაციაზე, რომელიც ტრანსფორმაციებს და მნიშვნელოვან გარდატეხებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მზე სასწორშია - დიპლომატიის ნიშანში - ეს დრო სიმართლისა და გულწრფელობისაა. ვერძის ენერგია გვიწვევს პირდაპირობასა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლისკენ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: რა სიტუაციები მაგრძნობს დამოკიდებულებას? რა მიზღუდავს თავისუფლებას? გამოიყენეთ ვერძის ცეცხლოვანი ენერგია ცვლილებებისთვის, მაგრამ ფრთხილად, რათა არ დაზარალდეთ. გამიჯნეთ საკუთარი სიმართლე საზოგადოების ნაკარნახევი იდეებისგან - ოჯახური ტრადიციებისგან თუ მორალური ნორმებისგან.
ეს სავსე მთვარე რთული, მაგრამ ტრანსფორმაციულია. იგი ექოა გაზაფხულისა და შემოდგომის დაბნელებებისა, რომლებიც ექვს თვეს გასტანს. მისი მიზანია გათავისუფლება წარსულის ტვირთისგან, რათა დავიცვათ უფლება, ვიყოთ საკუთარი თავი. თუ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა, გამოიყენეთ ეს ენერგია ახალი იდეების განსახორციელებლად – ზოგჯერ ვერძის იმპულსურობა სასარგებლოა: "ჯერ გააკეთე, მერე იფიქრე!".
ეს სავსე მთვარის გავლენის ზოგადი ანალიზია. პერსონალური გავლენისთვის, შეამოწმეთ თქვენი ნატალური რუკა და ნახეთ, რომელ სახლში მოხდება ეს მოვლენა. ამ პერიოდში იყავით გაბედულები, გულწრფელები და მზად ცვლილებებისთვის - ეს არის გზა ნამდვილი თავისუფლებისკენ.
მეგობრებო
ამ დღეებში გავამზადებ ასტროლოგიურ პროგნოზს თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. მნიშვნელოვანია, რომელ ნათალურ სახლში ხდება დაბნელება - ეს გვაძლევს გაცილებით ზუსტ სურათს. პირველ რიგში, ამას განსაზღვრავს ასცენდენტი, შემდეგ მზის ნიშანი, თუმცა ხშირად მთვარის ნიშანსაც საკმაოდ ძლიერი გავლენა აქვს.
ორი დღე დამჭირდება, რომ ყველა ნიშნის პროგნოზი სრულად შევადგინო, არც ისე მარტივი პროცესია.
თუ გსურთ მიიღოთ თქვენი პროგნოზი, მომწერეთ პირად შეტყობინებაში.
მოქმედებს მადლიერებისა და ურთიერთგაცემის სიმბოლური ჟესტი - მცირე თანხა, რათა შენარჩუნდეს ენერგიის ბალანსი და ჰარმონია“, - წერია ასტროლოგიურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„9-ჯერ გადაკეცე, ჩამარხე მიწაში ან დაწვი მადლიერების სიტყვებით“ - ნუმეროლოგიურ-ენერგეტიკული პრაქტიკა