Digest Logo

„განაახლებს ძველ ემოციურ ჭრილობას, რომელიც უკვე დავიწყებული გვქონდა, მაგრამ...“ - 1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1788239383
1-ელი სექტემბერი

1-ელი სექტემბერი კალენდარული შემოდგომის პირველი დღეა. ახალი თვისა და ახალი სეზონის დასაწყისს ხშირად სიმბოლურ საწყისად აღვიქვამთ - გვინდა, რაღაც ძველი უკან მოვიტოვოთ, ახალი ფურცელი გადავშალოთ და წინ წავიდეთ, თუმცა ამ დღის ენერგია გარკვეულწილად განსხვავებულია.

დღევანდელი კოსმოსური ენერგია გვთავაზობს, რომ ახალი ფურცლის გადაშლა არ ვიჩქაროთ და კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ წინა გვერდს - იქნებ რაიმე მნიშვნელოვანი გამოგვრჩა?

დაბნელების კორიდორმა არაერთი ახალი პროცესი გაააქტიურა, თუმცა სექტემბრის პირველი დღე გვაჩვენებს, რომ წარსულთან დაკავშირებული ყველა საკითხი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დასრულებული. ზოგიერთი სიტუაცია, ემოცია, ეჭვი ან გადაუჭრელი საკითხი კვლავ შეგვახსენებს თავს.

ამას უკან დაბრუნებად ნუ აღიქვამთ. ზოგჯერ ცხოვრება კონკრეტულ წერტილთან სწორედ იმისთვის გვაბრუნებს, რომ ბოლოს და ბოლოს დავინახოთ, სად დავუშვით შეცდომა.

დღის პირველ ნახევარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალი საქმეების დაწყება არ ვიჩქაროთ. 12:00-მდე მთვარე ჯერ კიდევ ვერძის ბოლო გრადუსებში იმყოფება და უკურსო მთვარის პერიოდი გრძელდება, ამიტომ დილა ნაკლებად გამოდგება მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივებისთვის, ახალი ნაბიჯებისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ამ პერიოდში იმპულსურად გაღიზიანება, აჩქარება ან ისეთი რეაქციის გამოხატვა, რომელზედაც ძალიან მალე შეიძლება ვინანოთ.

12:00-ის შემდეგ, როცა მთვარე კუროში გადავა, ენერგია თანდათან უფრო სტაბილური და პრაქტიკული გახდება. მოიმატებს სიმყუდროვის, სიმყარის, კონკრეტული შედეგის მიღების მოთხოვნილება, თუმცა კუროში გადასვლის შემდეგ მთვარე ქირონს უერთდება და პლუტონთან კვადრატს ქმნის. ეს კომბინაცია ემოციურ სფეროში საკმაოდ ძლიერ პროცესებს ააქტიურებს.

ქირონთან მთვარის შეერთება თითქოს განაახლებს ძველ ემოციურ ჭრილობას, რომელიც უკვე დავიწყებული გვქონდა, მაგრამ გარკვეული სიტყვა, სიტუაცია ან ადამიანის ქცევა კვლავ შეგვახსენებს მას. პლუტონი კი ამ რეაქციებს კიდევ უფრო აღრმავებს და ინტენსიურს ხდის.

ამიტომ დღეს მიზეზზე მნიშვნელოვანი და ძლიერი ჩვენი რეაქცია აღმოჩნდეს. მაგალითად, სრულიად ჩვეულებრივი შენიშვნა პირად შეურაცხყოფად აღვიქვათ. ვინმემ დროულად არ გვიპასუხოს და მაშინვე გაგვიჩნდეს დაუფასებლობის განცდა. თხოვნაზე უბრალოდ „არა“-ს , უკან უპატივცემულობა, დაუფასებლობა დავინახოთ.
შეიძლება ნეიტრალური ფრაზა თქვას ვინმემ, მაგრამ ზუსტად იმ ადგილს შეეხოს, რომელიც ჩვენში ჯერ კიდევ მტკივნეულია.

ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ: ძლიერი ემოციური რეაქცია ხშირად იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად შეეხო ის ჩვენს ქვეცნობიერში არსებულ ჭრილობას.

ამ ყველაფერს შეიძლება დაემატოს რამდენიმე საკითხის ერთდროულად მოგვარების აუცილებლობა, გეგმების სწრაფად შეცვლა, სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღება და მუდმივად რამდენიმე საქმის პარალელურად კეთების მცდელობა.

ამ დღეს განსაკუთრებული კარმული ელფერი აქვს. მთვარისა და ქირონის შეერთება ააქტიურებს „აფრის“ კონფიგურაციას, რომლის საფუძველშიც ბედის ღერძი - მთვარის კარმული კვანძებია. განსაკუთრებული აქცენტი სამხრეთ კვანძზე მოდის, რომელიც წარსულ გამოცდილებას, უკვე ნაცნობ სცენარებსა და ქცევით მოდელებს უკავშირდება, ამიტომ დღეს წარსული აწმყოს მეშვეობით ეცდება დაგველაპარაკოს.

შეიძლება განმეორდეს ძველი სიტუაციის მსგავსი მოვლენა. შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც წარსულში ვიღაცას გაგვახსენებს. შეიძლება კვლავ დაბრუნდეს თემა, რომელიც უკვე დახურულად მიგვაჩნდა, ან მოულოდნელად ძალიან ნათლად დავინახოთ, რომ ახალ სიტუაციაში ისევ ძველი ქცევის მოდელის გამოყენებას ვაპირებთ.

დაღმავალი კვანძის ამოცანა არ არის, გვაიძულოს ძველი სცენარი თავიდან გავიმეოროთ. პირიქით - ის გვაჩვენებს ნაცნობ გზას და გვეუბნება: „კარგად დაფიქრდი, ნამდვილად გინდა იგივე გზაზე კიდევ გაიარო?“.

კარმულ კონფიგურაციაში დღეს ლილიტიც ერთვება. ლილიტის ენერგია ხშირად ქმნის ძალიან დამაჯერებელ ილუზიებს - მომენტს, როდესაც გარკვეული გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურად გვეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ჩვენს სურვილებს ემთხვევა.

სწორედ აქ იმალება 1-ელი სექტემბრის ერთ-ერთი ხაფანგი.

დღეს განსაკუთრებით ადვილია დავიჯეროთ მოვლენების ის ვერსია, რომელიც ფსიქოლოგიურად უფრო კომფორტულია ჩვენთვის. მოვისმინოთ ის, რისი მოსმენაც გვინდა, დავინახოთ მხოლოდ საკუთარი სიმართლის დამადასტურებელი ნიშნები და უგულებელვყოთ ის, რაც ამ სურათში არ ჯდება. მაგრამ კომფორტული ვერსია ყოველთვის არ არის სწორი ვერსია.

ამიტომ, თუ პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში ვერ გადაგიჭრიათ და დღეს მოულოდნელად ძალიან მიმზიდველი გამოსავალი გამოჩნდა, აუცილებლად კარგად გადაამოწმეთ ყველაფერი.

დაფიქრდით: სად მიგიყვანთ ეს გადაწყვეტილება ერთი კვირის შემდეგ? ერთი თვის შემდეგ? ხომ არ გაურბიხართ იმ შესაძლო შედეგს, რაც შეიძლება თქვენთვის ამ ეტაპზე არაკომფორტულად გამოიყურებოდეს?

დღის მეორე ნახევარში ენერგია უფრო დაბალანსებული ხდება. მთვარე მზესთან ჰარმონიულ ასპექტს აყალიბებს, მზე ქალწულშია. ქალწულის ენერგია ყურადღებას ფაქტებზე, დეტალებზე, პრაქტიკულობაზე და რეალურ შედეგებზე ამახვილებს.

ამიტომ რაც უფრო ნაკლებად მივცემთ ემოციებს გადაწყვეტილებების მართვის საშუალებას და რაც მეტად დავეყრდნობით კონკრეტულ ფაქტებს, მით უფრო მარტივი იქნება სწორი გამოსავლის პოვნა. დღეს ჯობია ვიყოთ რეალობასთან რეზონანსში და დავეყრდნოთ მხოლოდ რეალურ ფაქტებს.

დღის მეორე ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია სამუშაოსთვის, გამოთვლებისთვის, ფინანსური საკითხების მოწესრიგებისთვის, შეცდომების გამოსასწორებლად, სივრცისა და გეგმების დასალაგებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად.

სამაგიეროდ, ურთიერთობების გარკვევა ემოციურ ფონზე, ულტიმატუმების დაყენება, გავლენისთვის ბრძოლა, სარისკო გადაწყვეტილებების მიღება ან უსიამოვნო სიტუაციაზე დაუყოვნებლივი პასუხის გაცემა დღეს ნამდვილად არ ღირს.

დღეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი - მთვარის მე-20 დღეა, რომელიც თბილისის დროით დაახლოებით 21: 15 საათამდე გაგრძელდება.

მე-20 მთვარის დღის სიმბოლო არწივია. მისი ენერგია გვასწავლის, რომ დროებით ავმაღლდეთ ყოველდღიურ წვრილმანებსა და ნაცნობ სცენარებზე, გავთავისუფლდეთ იმ შეზღუდვებისგან, რომლებსაც ხშირად თავად ვუწესებთ საკუთარ თავს და მოვლენებს უფრო ფართო პერსპექტივიდან შევხედოთ.

არწივის სიმბოლიკა გვახსენებს, რომ ზოგჯერ პრობლემის გადასაჭრელად მასთან უფრო ახლოს მისვლა კი არა, მასზე მაღალი პერსპექტივიდან დანახვაა საჭირო.

მე-20 მთვარის დღე ერთგვარი გამოცდაცაა - რამდენად გულწრფელები ვართ საკუთარ თავთან და რამდენად შეგვიძლია საკუთარი ნების მართვა. ამ დღის ენერგია ვერ იტანს მანიპულაციას, ეგოიზმსა და ფარულ თამაშებს.

თუ არწივის ძალას მხოლოდ პირადი უპირატესობისთვის, ეგოისტური მიზნებისთვის გამოვიყენებთ, ის შეიძლება დამანგრეველ ქარიშხლად იქცეს, მაგრამ თუ ვმოქმედებთ გულწრფელად, ღიად და ისე, რომ ჩვენი მოქმედება მხოლოდ ჩვენთვის კი არა, სხვებისთვისაც სასარგებლო იყოს, ეს ენერგია დიდ შინაგან ძალას გადაიქცევა.

მე-20 მთვარის დღის გავლენით, შეიძლება გამოჩნდეს გამოსავალი იქ, სადაც მანამდე ვერაფერს ვხედავდით. შეიძლება გაჩნდეს ახალი შესაძლებლობა, ახალი გზა ან შანსი, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდით.

ამ დღის ენერგია გვეუბნება: „ასწიე თავი, გაშალე ფრთები. შენ იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე თავად გგონია“.

ჩემი გამოძახილი ასეთია: „როგორც არწივი, მე ვირჩევ ძალის, სიბრძნისა და თავისუფლების გზას“.

1-ელი სექტემბერი გვახსენებს, რომ წარსული ზოგჯერ იმისთვის ბრუნდება, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ის, რაც ადრე ვერ დავასრულეთ: დავინახოთ ის, რასაც ადრე ვერ ვხედავდით და ამჯერად უკვე ახალი და სწორი არჩევანი გავაკეთოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„პრობლემები, შეცდომები, შეფერხებები, უარი, გეგმების ჩაშლა“ - 1-ელი სექტემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით