♀♈️♥️ ვენერას ინგრესია ვერძში 6 მარტიდან ვენერა ნიშანს იცვლის და თევზების ემოციური, რომანტიკული და ილუზიებით აღსავსე გარემოდან ცეცხლოვან და მებრძოლ ვერძის ზოდიაქოში გადადის.
ასტროლოგიაში ვენერა უკავშირდება სიყვარულს, ჰარმონიას, ესთეტიკას, ხელოვნებასა და ფინანსებს. ის გვიჩვენებს, თუ რა გვიზიდავს ან არ გვიზიდავს, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს, რა არჩევანს ვაკეთებთ.
ვენერას ენერგია ვერძში სრულიად განსხვავებულია თევზებისგან. თევზებში ვენერა ეგზალტაციაშია — იქ მისი ენერგია გამოიხატება თანაგრძნობით, სულიერი სიყვარულითა და მსხვერპლზე წასვლის მზადყოფნით. ეს არის ნაზი, ემპათიური და იდეალიზებული სიყვარული, სადაც საზღვრები იშლება და ურთიერთობები ხშირად სულიერ განზომილებას იძენს. ვერძში კი სურათი რადიკალურად იცვლება. ვერძი კარდინალური ცეცხლის ნიშანია, რომელსაც მარსი მართავს. აქ ვენერას მშვიდი და დიპლომატიური ბუნება იძულებულია იმოქმედოს გარემოში, სადაც მთავარია ინიციატივა, სისწრაფე და გამარჯვება. ამიტომ ვენერა ხდება უშუალო, იმპულსური და თამამი.
გრძნობები სწრაფად ჩნდება და სწრაფადვე იღებს ფორმას, გადაწყვეტილებები მყისიერად მიიღება — იქნება ეს ემოციური თუ ფინანსური. ეს არის ვენერა, რომელსაც სჭირდება ცეცხლი, დინამიკა და მღელვარება. მას იზიდავს ინიციატივა, გამბედაობა და პირდაპირობა. ურთიერთობებში ჩნდება სწრაფი სიმპათიები და ზოგჯერ სწრაფი იმედგაცრუებაც.
ეს მდებარეობა შეიძლება იყოს გარკვეულწილად ეგოისტური და კომპრომისზე ნაკლებად წამსვლელი. ვენერა ვერძში ხშირად გამოსცემს სიგნალებს: „თუ გიყვარვარ, იმას მომცემ, რაც მინდა.“ „თუ გიყვარვარ, ნება მომცემ ვიყო ისეთი, როგორიც ვარ.“ ფინანსურ სფეროში ვენერა ვერძში ასევე იმპულსურია — ხარჯვა შეიძლება სპონტანური გახდეს, ხოლო გემოვნება თამამი და ექსპრესიული.
ხშირად ასეთ პოზიციას დიზაინერების რუკაშიც ვხვდებით, რადგან ის ადამიანს უბიძგებს მკვეთრი სტილისა და ვიზუალური ცვლილებებისკენ. ამ პერიოდში იზრდება სურვილი, რომ გარეგნობა მკაფიოდ გამოხატავდეს ინდივიდუალიზმს — გამბედაობა ჩაცმულობაში, ძლიერი ფერები, დრამატული ელემენტები და მოულოდნელი გარდაქმნები. ვენერა ვერძში ხშირად ასოცირდება „ამაზონელი ქალის“ არქეტიპთან — ქალთან, რომელიც უშიშარია, გამბედავი, თამამი და ყოველთვის თვალშისაცემი. მისი ენერგია მუდმივად ეძებს გამოკვეთას და საკუთარი თავის მკაფიოდ წარმოჩენას.
სწორედ ამიტომ ვენერა ვერძში ხედავს მხოლოდ კაშკაშა სახეებს — იმ ადამიანებს, ვინც გამბედაობითა და ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან. ვერძის ენერგია ვენერას ძლიერ ინდივიდუალიზმს მატებს. სიყვარული ხშირად იწყება როგორც გამოწვევა ან დაპყრობა, ურთიერთობებში კი ჩნდება კონკურენციის და ცეცხლოვანი დინამიკისა ელემენტები. ვენერა ვერძში გვაძლევს იმპულსს და გამბედაობას ვიყოთ პირველები — არ შევუშინდეთ, გადავდგათ პირველი ნაბიჯი.
ასევე დაგაინტერესებთ: