Digest Logo

„ჰიპნოზის პირობებში ადამიანს შეიძლება, შთააგონო რაც გინდა და ის, ამას დაიჯერებს...“ - რას წერს ასტროლოგი

1778048362
მთვარე მთვარე

ამ ტექსტში მთვარე შეიძლება ბოროტ ენერგიად მოგეჩვენოთ, თუმცა ის არც ბოროტია და არც კეთილი, უბრალოდ არის და თავის ფუნქციას ასრულებს. თუ კარგად დაუკვირდებით, მართლაც ასე მუშაობს მთვარის ენერგია. ამის შემდეგ კიდევ მეტად ჩავუღრმავდებით ღამის მნათობის თემას და გავლენას.

მთვარის პლანტაცია: მე-V ნაწილი.

გიორგი გურჯიევის სწავლების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია მისი მოსაზრებები მთვარესა და მზის სისტემის სხვა პლანეტებზე. მთვარე აღიქმება როგორც „ჩვილი პლანეტა“, რომელსაც ზრდისა და განვითარებისათვის სჭირდება სპეციფიკური საკვები. ამ საკვებად მას ემსახურება ახლად გარდაცვლილი მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების სულები. სულები წარმოდგენილია როგორც ენერგიის გარკვეული სახის კონდენსირებული ფორმა - სწორედ ისეთი, რომელიც „პატარა“ მთვარეს შეეფერება. მთვარესა და დედამიწის ორგანულ სიცოცხლეს შორის ურთიერთობა ჰგავს ურთიერთსასარგებლო გარიგებას - მთვარე მართავს ამ „ბაღს“ - ფლორისა და ფაუნის სამყაროს, აწესებს მის რიტმს, აკონტროლებს წესრიგს და სანაცვლოდ იღებს ბუნების მიერ „გამოზრდილი“ არსებების ენერგიას, მათ შორის ადამიანებისასაც.

ამ „პლანტაციის“ მოვლაში სხვა პლანეტებიც მონაწილეობენ - თითოეულ მათგანს საკუთარი ფუნქცია აქვს. ყველაზე დიდი წვლილი, ბუნებრივია, მზეს ეკუთვნის. მთვარე კი ამ „ბაღთან“ ყველაზე ახლოს მდებარეობს და, შესაბამისად, მოსავლის უდიდეს ნაწილსაც ის იღებს. იგი თითქოს მთავარი მებაღეა, მთავარი მეტყევე და მთავარი მონადირე - ყურადღებით აკვირდება საკუთარ სამფლობელოს და გამოირჩევა განსაკუთრებული სიხარბით. თითოეული ცოცხალი ორგანიზმი თითქოს აღრიცხვაზეა და არც ისე მარტივია მთვარის მიერ „შთანთქმისგან” თავის არიდება.

არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი არის ადამიანის სულის გარდაქმნა - აუცილებელია, რომ სული გახდეს მიუწვდომელი. ეს ამოცანა დგას მათ წინაშე, ვინც უკვე აცნობიერებს საკუთარი მდგომარეობის ტრაგიზმს.

თუმცა ბევრია ისეთი ადამიანიც, ვინც საერთოდ არ ფიქრობს საკუთარი ცხოვრების გონივრულობაზე. ისინი ცხოვრობენ ინერციით, სრულიად მექანიკურად. საბოლოოდ კი ყველაფერზე უწევთ საფასურის გადახდა - მათ შორის მექანიკური, უგონო ცხოვრებისათვის ადამიანურ სხეულში. მექანიკური ადამიანები არ იტვირთავენ თავს სიღრმისეული ფიქრებით - ისინი ჩქარობენ უფრო კომფორტულად მოწყობას, რათა უფრო მოგებიანად „გაყიდონ“ საკუთარი სული. მოწყობა აქ, მატერიალურ და მექანიკურ სამყაროში, თითქოს უფსკრულის კიდეზე - ძნელია უფრო აბსურდული რამ წარმოიდგინო.

მთვარე თითქოს მიესალმება მათ, ვინც მექანიკურ ბედნიერებას ეძებს. სწორედ იგი აქცევს ადამიანებს მექანიზმებად და ხელს უწყობს ცრუ პიროვნების ზრდას.

ეს ყველაფერი ხდება ამ მნათობის განსაკუთრებული ჰიპნოზური გავლენის შედეგად. მთვარე ადამიანებს ჰიპნოზური ძილის მდგომარეობაში ამყოფებს. ამ მდგომარეობის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ ადამიანი სრულად ვერ აცნობიერებს, რომ ჰიპნოზის ქვეშ იმყოფება.

ადამიანები ცხოვრობენ ისე, რომ არც კი ეჭვობენ - ისინი ჰიპნოზურ ძილში არიან. თუ ამას ეტყვი, ისინი არ დაიჯერებენ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თავადაც ვერ იხსენებენ, რა მოხდა მათთან გუშინ. მეხსიერებაში დეტალების არარსებობა, დაბინდულობა გახსენების მცდელობისას, არეულობა და ფრაგმენტული მოგონებები - ეს ყველაფერი მიუთითებს ძილის მდგომარეობაზე. ჰიპნოზური ზემოქმედების ქვეშ ადამიანი აცნობიერებს და აფიქსირებს იმას, რასაც აკეთებს, მაგრამ ვერ იგებს - რატომ აკეთებს ამას. იგი მხოლოდ შემსრულებელია, ინსტრუმენტი, ხოლო ის, ვინც შთააგონებს და ბრძანებებს აძლევს, კადრს მიღმა რჩება. საბოლოოდ ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მთელი პროცესის მართვას თავად ახორციელებდა, რადგან სხვა „მმართველი“ თითქოს არ არსებობს.

მთვარე სრულად განაგებს ადამიანის მექანიკურ ნაწილს - მის ცრუ პიროვნებას. ამასთან, თავად ადამიანი ვერ აცნობიერებს საკუთარ მექანიკურობას - მის წარმოდგენაში არც მექანიკური ნაწილი არსებობს და არც ცრუ პიროვნება.

ამის შედეგად იგი იქცევა ბრმა იარაღად, მარიონეტად - არცთუ ყველაზე გონიერი პლანეტის „ხელში“. შთაგონება მოდის სწორედ ამ დამალული მექანიკური ნაწილისგან - ცრუ პიროვნებისგან. ადამიანი ასრულებს ამ მითითებებს და მათ საკუთარ გადაწყვეტილებებად მიიჩნევს.

ჰიპნოზურ მდგომარეობაში ჩადენილი ქმედებები ვერ იქნება გააზრებული, ვერ ანალიზდება და სწრაფად ავიწყდება - რჩება მხოლოდ ბუნდოვანი სინანულის განცდა.

ძირითადად მექანიკური ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რას აკეთებენ. ეს მდგომარეობა ჰგავს ძლიერ ალკოჰოლურ თრობას - გამოფხიზლების შემდეგ ადამიანს უკვირს, რა ჩაიდინა წინა დღეს. დაფარული მექანიკური ნაწილი ოსტატურად ახერხებს ადამიანურის იმიტაციას, რის შედეგადაც ადამიანებს უჩნდებათ ილუზია, რომ ისინი ნამდვილად ადამიანები არიან. საკუთარი გამოვლინებების ხელოვნურ ბუნებას ისინი ვერ ამჩნევენ - სწორედ მთვარის ჰიპნოზური გავლენის გამო. მათ არ ესმით, რომ მხოლოდ იმიტატორები არიან - ნამდვილი ადამიანის ოსტატური იმიტაციები.

ეს მექანიზმი უფრო ნათლად ჩანს, თუ შევადარებთ მზისა და მთვარის სინათლეს. მზე წარმოადგენს სითბოსა და სინათლის ძლიერ წყაროს. მთვარეც ასხივებს სინათლეს, მაგრამ აქ არის არსებითი განსხვავება - მთვარის სინათლე მხოლოდ მზის სინათლის ანარეკლია. თავად მთვარე არ ასხივებს საკუთარ სინათლეს. მისი ნათება მხოლოდ იმიტაციაა - მსგავსება ნამდვილი მზის სინათლისა.

ზუსტად ასევეა ადამიანის მექანიკური ნაწილი, რომელსაც მთვარე მართავს. ეს მექანიზმი ადამიანს იმიტირებს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ „თოჯინაა“. ადამიანი ნამდვილ ადამიანად მაშინ იქცევა, როდესაც გამოდის ჰიპნოზური ძილის მდგომარეობიდან - როდესაც მთვარე კარგავს მასზე გავლენას.

ილუზიათა მბრძანებელი სრულიად არ არის დაინტერესებული იმით, რომ მექანიკური ადამიანები განვითარდნენ და საკუთარი თავი გააცნობიერონ. მისთვის სრულიად საკმარისია მათი ცხოველური ან მცენარეული მდგომარეობა.
გამოღვიძებული ადამიანი უკვე აღარ არის ვარგისი როგორც „საკვები“ - მასში ვიბრირებს უფრო დახვეწილი, მიუწვდომელი ენერგიები.

მთვარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ დაუშვას გამოღვიძება - თვით გამოღვიძების იმიტაციამდეც კი მივა. ჰიპნოზის პირობებში ადამიანს შეიძლება შთააგონო რაც გინდა და ის ამას დაიჯერებს. მთელი მექანიკური ფიზიკური სამყარო არის შთაგონებული ჰიპნოზური ძილი - გიგანტური ილუზია, რომელიც თითქოს მთვარის მიერაა შექმნილი.

ადამიანები იძირებიან საკუთარი სიდიადის, უსაზღვრო შესაძლებლობების განცდაში, თუმცა ეს ყველაფერი ჰიპნოზურ მდგომარეობაში ხდება. მთვარე თითქოს აძლევს მათ „კარტ-ბლანშს“ - ააგეთ ილუზიები, დატკბით მირაჟებით, იფანტაზიორეთ და წარმოიდგინეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ არ გაბედოთ გამოღვიძება და განვითარება. მექანიკური ადამიანები ამას იჯერებენ - ისინი თავს სრულყოფილებად, გენიოსებად, სულიერ არსებებად მიიჩნევენ. ისინი არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ დონეს, საკუთარ მექანიკურ გამოვლინებებს. ვერ ამჩნევენ იმ გაბერილ „ბუშტს“ - ცრუ პიროვნებას, რომლის შიგნითაც ცხოვრობენ. მათი მსოფლმხედველობა დამახინჯებულია ამ „მთვარისეული“ ილუზიით. ამ აკვიატებული, კოშმარის მსგავსი ძილისგან გამოფხიზლებას ხელს უშლის ყურადღება, რომელიც მიჯაჭვულია მატერიალურზე, მიწიერზე, სხეულებრივზე - ცრუ პიროვნებისა და მექანიზმის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. სწორედ ეს არის ის, რაც მთვარეს „სურს“ - შეჩერება სხეულის დონეზე, შემოფარგვლა ცხოველური ინსტინქტებით.

„პატარა“ მთვარე ბუნებრივად მოქმედებს - ეს არის მისი განვითარების დონე, მისი „გონიერების“ ხარისხი. მაგრამ რას უნდა აკეთებდნენ ადამიანები - ისინი, ვისაც სურს იყოს, რეალურად არსებობდეს და არა უბრალოდ მთვარის საკვებად იქცეს?

ასევე დაგაინტერესებთ:

„ნამდვილი დივა, შეუდარებელი“ - ლელა წურწუმია ბრჭვიალა კაბაში პოზირებს

„შესაფერისი დღეა როგორც ურთიერთობის დალაგებისთვის, ისე მშვიდი განშორებისთვის“ - 6 მაისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕იღბალი მათ მხარეს იქნება: აღმოსავლური ჰოროსკოპის ეს ნიშნები მაისში დიდ წარმატებას მიაღწევენ