Digest Logo

„ხისტმა შენიშვნამ ან მტკიცებითი ფორმით საუბარმა შესაძლოა, სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს“ - 29 ოქტომბრის ასტროპროგნოზი

1793254815
ასტროლოგია

29 ოქტომბერი - წარსული მომავალს უხსნის გზას: კარმული პროცესები აქტიურდება

დღევანდელი დღის ასტროლოგიური და ენერგეტიკული ფონი განსაკუთრებულად მიმართულია წარსულის გამოცდილებისკენ და იმ შესაძლებლობებისკენ, რომლებიც ცხოვრების ახალი მიმართულების არჩევაში დაგვეხმარება. ხუთშაბათი საინტერესო მოვლენებით, მოულოდნელი მინიშნებებითა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით გააქტიურდება კარმული თემები, ამიტომ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, როგორც გარემოებებს, ისე საკუთარ რეაქციებს.

მთვარე ტყუპების ნიშანში განაგრძობს მოძრაობას და მთელი დღის განმავლობაში ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ლომის ნიშანში მყოფ მარსთან. ეს ასტროლოგიური ასპექტი ზრდის ენერგიულობას, ინიციატივას, თავდაჯერებულობასა და მოქმედების სურვილს. დღე ხელსაყრელია ურთიერთობებისთვის, გადაადგილებისთვის, საქმიანი შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისა და ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად. აზროვნებაც უფრო მოქნილი ხდება, საჭირო სიტყვების პოვნა გვიადვილდება და ცვალებად გარემოებებზე სწრაფად რეაგირების უნარი გვიმძაფრდება.

თუმცა მორიელის ნიშანში რეტროგრადული მერკური დაძაბულ ასპექტს ქმნის ლომის ნიშანში მყოფ მარსთან. ამან ჩვეულებრივი საუბარიც კი შეიძლება კამათში გადაიყვანოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძველი წყენა, თავმოყვარეობა, ეჭვიანობა ან პირადი ინტერესები გახდება განხილვის საგანი.

ამიტომ დღეს მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოვხატავთ სათქმელს. დაუფიქრებელმა ფრაზამ, ხისტმა შენიშვნამ ან მტკიცებითი ფორმით საუბარმა შესაძლოა, სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს. კონფლიქტის თავიდან აცილება მშვიდი ტონითა და გააზრებული კომუნიკაციით იქნება შესაძლებელი.

განსაკუთრებით არ ღირს ძველი უთანხმოების გახსენება, თუ ვინ იყო მართალი და ვინ - დამნაშავე. თუ წარსული დღეს თავს შეგვახსენებს, უმჯობესია, ეს შესაძლებლობა მშვიდი საუბრისთვის, ურთიერთგაგებისა და პრობლემის გადაჭრისთვის გამოვიყენოთ. მთავარია, ძველ წყენას კვლავ არ მივცეთ საშუალება, აწმყოზე გავლენა მოახდინოს.

საბედნიეროდ, დღის განმავლობაში ვენერას ჰარმონიული გავლენაც დაგვეხმარება. მთვარის ტრინი სასწორის ნიშანში მყოფ ვენერასთან და ჰარმონიული ასპექტი იუპიტერთან ხელს უწყობს დიპლომატიურობას, კომპრომისების პოვნასა და სხვების ინტერესების გათვალისწინებას.

დღის მეორე ნახევარში იალქნის კონფიგურაცია დაიწყებს ფორმირებას, რომელიც მთვარის კვანძების ღერძს უკავშირდება. მისი საფუძველი კვანძების ოპოზიციაა, სამხრეთ (დაღმავალი) კვანძი კი იუპიტერთან შეერთებაში იქნება. სამხრეთ კვანძი ასტროლოგიურად წარსულ გამოცდილებასა და ქცევით მოდელებს უკავშირდება, ჩრდილოეთ კვანძი კი განვითარების ახალ მიმართულებასა და მომავალ შესაძლებლობებზე მიგვითითებს.

ამ კონფიგურაციაში მთვარე და ვენერა ჰარმონიულ მხარდაჭერას ქმნიან, ხოლო იალქნის მწვერვალზე ჩრდილოეთ კვანძი განთავსდება. სიმბოლურად ეს მიგვანიშნებს, რომ წარსულის გამოცდილების გააზრება ახალი გზის არჩევაში შეგვიწყობს ხელს. დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით საყურადღებო გახდება წარსულის თემები, ადრე მიღებული შეთავაზებები და დაუსრულებელი საუბრები, რომლებიც მოულოდნელად კვლავ შეგვახსენებს თავს.

შესაძლოა, ახლა სრულიად სხვაგვარად შევხედოთ იმ მოვლენებს, რომელთა მიზეზები ადრე გაუგებარი იყო. გავიაზროთ, რატომ ვერ გაამართლა ძველმა თანამშრომლობამ ჩვენი მოლოდინი, რა შეცდომები დავუშვით ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას ან რატომ აღარ შეესაბამება ურთიერთობების არსებული ფორმა ჩვენს დღევანდელ მოთხოვნილებებს. ზოგჯერ ერთი მცირე დეტალის გაანალიზებაც კი საკმარისია იმის გასაგებად, თუ რა უნდა შევცვალოთ მომავალში.

დღის მთავარი ამოცანაა წარსულის სიუჟეტებიდან, რომლებიც დღეს შეგვახსენებს თავს სასარგებლო გამოცდილება გამოვიტანოთ და ეს სიბრძნე განვითარების ახალ მიმართულებად ვაქციოთ. იალქნის მწვერვალზე მდებარე აღმავალი (ჩრდილოეთ) კვანძი, მოგვიწოდებს, უარი ვთქვათ იმ ჩვევებზე და მეთოდებზე, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ ვინარჩუნებთ, რომ ოდესღაც შედეგი მოგვიტანა. ცხოვრება იცვლება, ჩვენც ვიცვლებით და ის, რაც წარსულში ეფექტური იყო, არ ნიშნავს, რომ დღესაც იგივე შედეგს მოიტანს.

29 ოქტომბერი გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო გააზრებულად ავირჩიოთ შემდგომი გზა.

საღამოს მთვარის მონაწილეობით კიდევ ერთი ჰარმონიული კონფიგურაცია ჩამოყალიბდება - დახრილი იალქანი. მისი საფუძველი ვენერასა და რეტროგრადულ ქირონს შორის არსებული ოპოზიციაა, მწვერვალზე კი მთვარე განთავსდება. ამ დროს განსაკუთრებულად მგრძნობიარე შეიძლება გახდეს სიყვარულის, ნდობის, სამართლიანობისა და პირადი ღირებულებების საკითხები.

შესაძლოა, მკაფიოდ დავინახოთ, რომელი ძველი გამოცდილება ახდენს გავლენას ჩვენს ურთიერთობებზე და რა გვიშლის ხელს, ახლობელ ადამიანებთან გულწრფელი კავშირი დავამყაროთ. საღამოს მნიშვნელოვანია დელიკატურობა, ემოციური სიფრთხილე და სხვისი პოზიციის მოსმენის უნარი. 20:00 საათამდე მეცხრამეტე მთვარის დღე გაგრძელდება, რომლის სიმბოლოა ობობა, რაც უკავშირდება ადამიანის ჩრდილოვან მხარესთან შეხვედრას, შინაგანი შიშების, სისუსტეების, ეჭვების, დაგროვილი ემოციებისა და მოსაგვარებელი საკითხების გაცნობიერებას.

ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვთრგუნავდით ან ცნობიერების მიღმა ვტოვებდით, შესაძლოა კვლავ წამოიწიოს წინ. ამ დღის მიზანია გამოვიყენოთ შესაძლებლობა და გავთავისუფლდეთ ძველი ემოციური ტვირთისგან და საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ.

მეცხრამეტე მთვარის დღე თითქოს შინაგან ფანარს ანთებს და ჩვენი სულის იმ კუთხეებს ანათებს, რომლებშიც ჩახედვას ხშირად თავს ვარიდებთ. ამიტომ ემოციური ფონი შესაძლოა უფრო რთული გახდეს, გაძლიერდეს ეჭვები, მგრძნობელობა და შინაგანი წინააღმდეგობები. ზოგჯერ შეიძლება თავი იჩინოს ცდუნებამ ან ნეგატიურმა ფიქრებმა, თუმცა ამ დღის მთავარი შესაძლებლობა სწორედ საკუთარი ჩრდილის დანახვაა, რათა მისი გავლენისგან გავთავისუფლდეთ.

მეცხრამეტე მთვარის დღე ხელსაყრელია შინაგანი და გარეგანი სივრცის მოწესრიგებისთვის. გადახედეთ თქვენს პირად ნივთებს და რაც არ იწვევს დადებით ემოციებს და აღარ გჭირდებათ, მოიშორეთ. დააკვირდეთ საკუთარ ემოციურ რეაქციებს, მთავარი მიზანი საკუთარ თავთან გულწრფელი შეხვედრა და ემოციური წონასწორობის აღდგენაა.

ამრიგად, 29 ოქტომბრის პირველი ნახევარი აქტიური კომუნიკაციისა და პრაქტიკული საკითხების მოგვარებისთვის გამოგვადგება, დღის მეორე ნახევარი კი წარსული გამოცდილების გააზრებისა და ახალი მიმართულების არჩევის თემას გააძლიერებს. საღამოს ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდება ტაქტი, ნდობა და ემოციური სიფრთხილე.

გამოიყენეთ დღევანდელი ენერგია სასარგებლო საქმეებისთვის, ყურადღებით მოეკიდეთ წარსულიდან დაბრუნებულ საკითხებს და ნუ მისცემთ ძველ წყენას ახალი კონფლიქტების შექმნის საშუალებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შესაძლებელია შეცდომები, დაბრკოლებები, გეგმების ჩაშლა“ - 29 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ოქტომბერს საქართველოში

✕