🌕⚡️🔥პლუტონის ტრანზიტი - ჩვენი სრული რეგენერაცია. როგორია მისი გავლენა მნიშვნელოვან წერტილებზე ჩვენს რუკაში 🌪️
პლუტონის ტრანზიტი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, გარდამქმნელი პროცესია ჩვენს ცხოვრებაში.
უმაღლესი პლანეტის ეს მოძრაობა ჩვენი რუკის მნიშვნელოვან წერტილებთან შეხებისას იწვევს სრულ ტრანსფორმაციას იმ სფეროში, რომელსაც ეხება: ძველი „მე“-ს გარდაქმნას და ახალი საფუძვლების შექმნას. პლუტონს ასტროლოგიაში ხშირად აღწერენ როგორც „ქარიშხალს ნავსადგურში“. ის, რაც უსაფრთხო, ნაცნობი და სტაბილური ჩანდა, იწყებს რღვევას. ამ ტრანზიტის მიზანი სრული რეგენერაციაა, რადგან ნავსადგური თავიდან უნდა აშენდეს.
☄️პლუტონის ტრანზიტი ხშირად ვითარდება კრიზისის, იძულებითი ცვლილებების, დანაკარგების და ძალაუფლების ბრძოლების ფონზე. ეს პროცესები ადამიანს წარსულისგან ათავისუფლებს და ფუნდამენტურად ცვლის მის შინაგან სამყაროს. ამ გავლენას თან ახლავს ძლიერი ემოციები — ვნება, აკვიატება, შიში, დანაკარგის განცდა, კონტროლის სურვილი, ღრმა მიჯაჭვულობა და ძალაუფლების თემები და ეს ემოციები იმდენად ინსტინქტურია, რომ მათი რაციონალიზება ან დავიწყება ხშირად შეუძლებელია.
პლუტონი ზოდიაქოში ყველაზე ნელა მოძრავი პლანეტაა — სრული ციკლის გასავლელად მას დაახლოებით 248 წელი სჭირდება. წელიწადში საშუალოდ მხოლოდ 1°-ს გადის და ხშირად უბრუნდება ერთსა და იმავე წერტილს, რის გამოც მისი ტრანზიტები ხანგრძლივი და ფაზებად მიმდინარე პროცესებია, რომლებიც 2-3 წელზე მეტიც გრძელდება.
ამჟამად პლუტონი მერწყულის 5°30-ზე სტაციონარულ რეტროგრადულ ფაზაშია, რაც შინაგანი გადახედვის პერიოდს აღნიშნავს: თემები, რომლებიც თითქოს უკვე დასრულებული გვეგონა, კვლავ იჩენს თავს, რადგან ტრანსფორმაცია ჯერ ბოლომდე არ არის მიღწეული.
ყველაზე მძაფრად მოქმედებს ტრანზიტული პლუტონის შეერთება, კვადრატი ან ოპოზიცია მნათობებთან, ასევე პირად პლანეტებთან ან სხვა მნიშვნელოვან წერტილებთან რუკაში.მოქმედება უფრო ძლიერია და მოვლენასთან არის დაკავშირებული, თუ ეს ასპექტი ნატალურ რუკაში უკვე ჩადებულია „ნატალური პირობის“ სახით. მაგალითად, ნატალურ რუკაში მზე პირველ სახლში დგას და აქვს კვადრატი პლუტონთან მეოთხე სახლში. ანუ რუკაში დაბადებიდანვე დევს შინაგანი კონფლიქტი იდენტობის დაფიქსირებასთან დაკავშირებით; კონფლიქტი დამოუკიდებლობასა და ოჯახის გავლენას შორის.
როდესაც ტრანზიტული პლუტონი ნელი მოძრაობით ავა მეშვიდე, პარტნიორულ სახლში და გააკეთებს ოპოზიციას ნატალურ მზესთან პირველ სახლში, რასაც თან დაერთვის ტრანზიტული პლუტონის კვადრატი ნატალურ პლუტონთან მეოთხე სახლში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს შექმნის ძლიერ იდენტობის კრიზისს, რისი გამომწვევი მიზეზიც იქნება მოვლენა, დაკავშირებული პარტნიორულ ურთიერთობებთან (7 სახლი).
ეს ტრანზიტი აუცილებლად გააქტიურებს ბევრად ღრმა და შინაგანად ფესვგადგმულ თემებს, რაც დაკავშირებული იქნება 1-4 -7 სახლებთან, იდენტობა- ოჯახი-პარტნიორული ურთიერთობები და ამ მიმართულებით მოიტანს მნიშვნელოვან ცვლილებას.
♒️P R მერწყულში პლუტონის მიმდინარე ტრანზიტი განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობა მათთვის, ვისაც ფიქსირებულ ნიშნებში - მერწყულში, ლომში, კუროსა და მორიელში - ადრეულ გრადუსებზე აქვს პლანეტები ან კუთხეები. პლუტონის ტრანზიტის გავლენა პლანეტებზე და მნიშვნელოვან წერტილებზე
☀️ პლუტონი მზეზე - იდენტობის კრიზისი და ეგოს ტრანსფორმაცია ხშირად ადამიანს უბიძგებს საკუთარი თავის თავიდან განსაზღვრას. ეს შეიძლება ნიშნავდეს ცხოვრების მიმართულების შეცვლას, ახალი მიზნების ჩამოყალიბებას და უფრო ავთენტური „მე“-ს აღმოჩენას.
🌙 პლუტონი მთვარეზე - ღრმა ემოციური კრიზისი ხშირად დაკავშირებულია ბავშვობისა და დედობრივ კავშირებთან. ამ ტრანზიტს შეუძლია გამოავლინოს უსაფრთხოების და მიჯაჭვულობის თემები, მაგრამ ასევე ხშირად უკავშირდება დედობას, შვილის გაჩენას და ამ გამოცდილებით გამოწვეულ ტრანსფორმაციას. ემოციური კავშირები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ საბოლოოდ ისინი უფრო ღრმა და მდგრადი ხდება.
☿ პლუტონი მერკურზე - აკვიატებული ფიქრები და იდეით შეპყრობილობა შეიძლება გადაიქცეს ინტენსიურ კვლევასა და ცოდნის სიღრმისეულ ძიებაში. ადამიანი სწავლობს ფოკუსის ძალას და ხშირად ქმნის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს მის ცხოვრებაზე.
♀ პლუტონი ვენერაზე - ინტენსიური, კარმული ურთიერთობები შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ისინი ხშირად გარდაქმნიან სიყვარულის აღქმას. ეს ტრანზიტი შეიძლება ნიშნავდეს ურთიერთობის დასრულებას, მაგრამ ასევე ახალი, უფრო ღრმა კავშირის გაჩენას. ფინანსური საკითხებში კი ხშირად იძლევა შესაძლებლობას ძველი სტრუქტურების გარდაქმნისა და ახალი რესურსების მოზიდვისთვის.
♂ პლუტონი მარსზე - უზარმაზარი შინაგანი ძალა და ენერგიის კონცენტრაცია ადამიანს აძლევს შესაძლებლობას დიდი მიზნების მიღწევისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზი და ძალაუფლების ბრძოლები შეიძლება წარმოიშვას, სწორი მიმართულებით გამოყენებული ენერგია წარმოუდგენელ შედეგებს იძლევა.
♃ პლუტონი იუპიტერზე - გავლენისა და მასშტაბის გაფართოების სურვილი ხშირად იძლევა დიდ წარმატებას. ეს ტრანზიტი შეიძლება ნიშნავდეს ახალი შესაძლებლობების გაჩენას, სოციალური სტატუსის ზრდას და სულიერი ხედვის გაფართოებას.
• პლუტონი ასცენდენტზე - პიროვნების სრული ტრანსფორმაცია შეიძლება გამოიხატოს გარეგნობაში, ცხოვრების სტილში ან თვით სახელშიც კი. ეს არის ახალი თავგადასავლის დასაწყისი, სადაც ადამიანი სამყაროსთან ურთიერთობას სრულიად ახალ დონეზე აყალიბებს.
• პლუტონი დესცენდენტზე — ურთიერთობების რესტრუქტურიზაცია ხშირად რთულია, მაგრამ საბოლოოდ ქმნის უფრო დაბალანსებულ და ავთენტურ პარტნიორობას. ადამიანი სწავლობს ურთიერთობის ახალ ფორმებს და ძალთა ბალანსს.
• პლუტონი მედიუმ ქოელზე — კარიერისა და სოციალური სტატუსის გარდაქმნა შეიძლება იყოს გამოწვევა, მაგრამ ხშირად იწვევს პროფესიული იდენტობის განახლებას. ადამიანი პოულობს ახალ გზას, რომელიც უფრო შეესაბამება მის შინაგან მიზნებს.
• პლუტონი IC-ზე — ოჯახში და ფესვებში ცვლილებები შეიძლება რთული იყოს, მაგრამ საბოლოოდ ქმნის უფრო მყარ საფუძველს. შინაგანი უსაფრთხოების ტრანსფორმაცია ადამიანს აძლევს ახალ ძალას და სტაბილურობას.
• პლუტონი აღმავალ კვანძზე — კარმულად მნიშვნელოვანი ადამიანების ან ჯგუფების გამოჩენა ხშირად ცვლის ადამიანის მომავალ გზას. ეს ტრანზიტი შეიძლება ნიშნავდეს ახალი შესაძლებლობების გაჩენას, რომლებიც სულიერ ზრდას და განვითარების ახალ ეტაპს მოაქვს.
• პლუტონი დაღმავალ კვანძზე — წარსულიდან დაბრუნებული თემები ან ადამიანები ხშირად იძლევიან შანსს ძველი გამოცდილების ტრანსფორმაციისთვის. ეს არის შესაძლებლობა წარსულის გაკვეთილების გამოყენებით ახალი, უფრო ძლიერი საფუძვლის შექმნისთვის. პლუტონის ტრანზიტი ხშირად ტკივილის, კრიზისის, ან იძულებითი ცვლილებების გზით მიმდინარეობს.
ეს პერიოდი გვიწვევს შევეჭიდოთ საკუთარ ჩრდილს, შიშებს, შინაგან წინააღმდეგობებს, თუმცა ამავდროულად ადამიანს ეძლევა უდიდესი ძალა ამის გასამკლავებლად. საბოლოო ჯამში, ეს კრიზისული პერიოდი სულიერ ზრდასთან, თვითშემეცნებასთან, აუცილებელ ტრანსფორმაციასთან არის დაკავშირებული. ტრანზიტის ბოლოს ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები და უშრიშრები ვხდებით, ვიდრე ვიყავით.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ტორტი დედამ გამოუცხო, დებიუტია...“ - გიორგი კეკელიძის შვილი 1 წლის გახდა
🎥 „წინ ახალი მიზნებისკენ...“ - თამო ვაშალომიძე იტალიაში მოგზაურობს