Digest Logo

🎥 კრიზისული პიკი, 4 გეომაგნიტური დღე და საკრალური მზებუდობა: მიხეილ ცაგარელის საგანგებო გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

1781508033
მიხეილ ცაგარელი

გადაცემა „იმედის დილის“ ეთერში ცნობილმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან კოსმოსურ მოვლენებზე ისაუბრა და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დედამიწა ამჟამად უარყოფით ენერგოველშია, თუმცა წინ საკრალური და უმნიშვნელოვანესი პერიოდი გველოდება.

ასტროლოგის განმარტებით, ტყუპების ნიშანში მომხდარი ახალმთვარეობის გამო, კირჩხიბები და ტყუპები განსაკუთრებულ რისკჯგუფში არიან. კირჩხიბებისთვის ეს პერიოდი საკმაოდ მძიმეა, კრიზისის პიკი დღეს, დილის 07:00 საათზე დაფიქსირდა, თუმცა მდგომარეობა ნელ-ნელა გადაივლის.

17-დან 27 ივნისამდე - წლის საუკეთესო პერიოდია! ყველა მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება და დასრულება სწორედ ამ დღეებში უნდა მოასწროთ.

20 ივნისს - ასტეროიდი ქირონი კუროს ნიშანში გადადის, რაც სამყაროში ფინანსური სამართლიანობის პრინციპებს დაამკვიდრებს.

21 ივნისს (კვირას), 12:26 საათზე - მზე კირჩხიბის ნიშანში გადადის. ეს არის ზაფხულის მზებუდობა - საკრალური, პორტალური დღე, წლის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე. ცაგარელის რჩევით, ამ დროს უნდა ჩამოწეროთ თქვენი ოცნებები, დღეში რამდენჯერმე წარმოსახვით წაიკითხოთ, რადგან იდეების რეალიზების უდიდესი შანსი არსებობს.

გაფრთხილება! კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. აკონტროლეთ წნევა და მიიღეთ მედიკამენტები!

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეული ნიშის პროგნოზს, მიხეილ ცაგარელი განმარტავს:

ვერძი: დღეს და ხვალ ნათესავები ნერვებს გიშლიან. აკონტროლეთ სიტყვები. ოთხშაბათიდან ენერგია და საქმეები მოგემატებათ.

კურო: დღეს და ხვალ ნუ გადაიღლებით, დაივიწყეთ სიჯიუტე. 17 ივნისიდან ჩაებით დიდ პროექტებში, რაც კარგ მატერიალურ მოგებას მოგიტანთ.

ტყუპები: მიუხედავად იმისა, რომ კვირის ფავორიტები ხართ, დღეს და ხვალ უფროსებთან და ხელმძღვანელებთან ფრთხილად იყავით.

კირჩხიბი: დაბადების დღის წინა პერიოდია, მოერიდეთ პროვოკაციებს და უფროს თაობას. არაფერი სარისკო არ დაიწყოთ. ოთხშაბათიდან სიტუაცია გამოსწორდება. შემდეგი კვირიდან კი ვარსკვლავური პერიოდი გეწყებათ.

ლომი: ხართ აქტიური და ენერგიული. დღეს და ხვალ კოლეგებთან კონფლიქტის რისკია. 17 ივნისიდან იაქტიურეთ, ახალი მეგობრული წრე გელით.

ქალწული: 17-დან ჯანმრთელობა გემატებათ. თქვენი წარმატება ბევრს არ მოსწონს, ამიტომ შეცდომის დაშვებისთანავე ზურგს უკან ჭორაობას დაიწყებენ.

სასწორი: ვიღაცები თქვენი თავისუფლების შეკვეცას ცდილობენ. 17 ივნისიდან საუკეთესო დროა შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად.

მორიელი: გაქვთ განმარტოების სურვილი. მოერიდეთ საეჭვო პროექტებს. 17 ივნისიდან დაწყებული საქმეები დიდ წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი: ხართ კეთილშობილი და წარმატებული, თუმცა ბევრს ეს შურს. აკონტროლეთ ზურგს უკან ჭორები.

თხის რქა: შეცდომებისა და ფინანსური დანაკარგების რისკია. შესაძლოა კონფლიქტი ნათესავებთან. 17 ივნისიდან სიტუაცია დასტაბილურდება.

მერწყული: მთავარი პრობლემა პირადი ურთიერთობებია, რამაც შეიძლება ფსიქოლოგიურად მოგშალოთ. სხვა მხრივ, იღბლიანი და ენერგიული ხართ.

თევზები: დღეს და ხვალ რთული დღეებია, ადვილად ენდობით სხვებს და შეიძლება მოგატყუონ. ახალ ნაცნობებთან ფრთხილად იყავით. მნიშვნელოვანი საქმეები 17-დან დაიწყეთ.