ყველას გვქონია მომენტი, როცა ირგვლივ ყველაფერი ირყევა და სიტუაცია უიმედო ჩანს, თუმცა მოულოდნელად გამოჩნდება ხოლმე მაშველი რგოლი - ადამიანი ან გარემოება, რომელსაც კრიტიკული მდგომარეობიდან მშვიდობიანად და მარტივად გამოვყავართ.
სამყაროს მფარველი ძალები არასდროს გვტოვებენ მარტო. არის დღეები, როცა საჭიროა მკაფიო არჩევანის გაკეთება: საით მივდივართ და რისკენ ვისწრაფვით? რაც უფრო ხშირად გავაანალიზებთ საკუთარ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებს, მით უფრო თავდაჯერებულად ვივლით სინათლისკენ. ჩვენი სულის ბირთვი ხომ მზეა და ყველაფერი მის ირგვლივ ბრუნავს, ხოლო იმისთვის, რომ მან ჩვენთვის ანათოს, უპირველესად თავად უნდა ავირჩიოთ სინათლე.
დღეს ეს მფარველი ძალა მზე- სელენას შეერთებაა- სინათლე, რომელსაც უნდა მივყვეთ.
18 სექტემბერი, ერთი შეხედვით, ოპტიმისტური და პოზიტიური დღეა. მთვარე მშვილდოსანში მოძრაობს, ხოლო დილა მთვარისა და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტით იწყება. დღის პირველ ნახევარში, 14:25 საათამდე, მეშვიდე მთვარის დღის ენერგიებია აქტიური. ეს არის პერიოდი, როდესაც ვგრძნობთ ძალების მოზღვავებას, ენთუზიაზმს და საკუთარი თავის მტკიცე რწმენას. გამოიყენეთ ეს დრო მაქსიმალურად, დაისახეთ ამბიციური მიზნები, შთააგონეთ საკუთარი თავი და გარშემომყოფები, გადადგით ნაბიჯები ახალი დასაწყისისთვის და ღიად ისაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე. ამასთან, ყურადღებით იყავით საკუთარ ფიქრებთან, აზრებსა და სიტყვებთან, რადგან ამ პერიოდში სამყარო თითოეულ ნათქვამს განსაკუთრებულად აღიქვამს. შეინარჩუნეთ შინაგანი სიბრძნე, სისუფთავე და ხშირად წარმოთქვით სამადლობელი სიტყვები.
შუადღის 14:25 საათიდან ენერგია მკვეთრად იცვლება. მთვარე გადადის მეორე ფაზაში და იწყება მერვე მთვარის დღე. ფაზების ცვლილება ყოველთვის იწვევს გარკვეულ ემოციურ ტურბულენტობას, ხოლო მეორე ფაზის ენერგიის სიჭარბემ შესაძლოა შფოთვის, აგრესიისა თუ კონფლიქტურობის სახით იჩინოს თავი. მერვე მთვარის დღის სიმბოლო ფენიქსია, რომელიც ცეცხლის სტიქიით განწმენდასა და ახალი მე-ს დაბადებას უკავშირდება. თუმცა მშვილდოსნის მთვარე გარეთ, თავისუფლებისკენ მოგვიწოდებს, ფენიქსის ენერგია შიგნით, თვითანალიზისკენ, შეცდომების გაცნობიერებისკენ, მონანიებისა და პატიებისკენ გვიბიძგებს.
ამ დროს ეფექტურია ნებისმიერი ფუნდამენტური ცვლილება - ახალ სახლში გადასვლა, რემონტი, სამსახურის შეცვლა თუ ახალი გეგმების დასახვა, რადგან ძველის დატოვება ყველაზე ზუსტად უკავშირდება დღის ხასიათს. უმოქმედობა და პასიურობა ახლა არასასურველია, რადგან გამოუყენებელი ენერგია შესაძლოა შინაგან სტრესში გადაიზარდოს. დინამიურად იმოძრავეთ, თუმცა შეინარჩუნეთ ზომიერება და მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. გაიხსენეთ წარსულის შეცდომები, გათავისუფლდით დაგროვილი ნეგატივისგან და აპატიეთ მათ, ვინც გაწყენინათ. ამ დღის მთავარი გამწმენდი სტიქია ცეცხლია, ამიტომ სასარგებლოა სანთლის ალთან, ბუხართან ან კოცონთან ჯდომა და მედიტაცია.
დაახლოებით 20:00 საათიდან ასტროლოგიური ფონი კიდევ იცვლება, როდესაც მთვარე დაძაბულ კვადრატს ქმნის მზისა და სელენას შეერთებასთან. ეს კონფიგურაცია ქმნის შინაგან დაპირისპირებას ემოციურ იმპულსებსა და გონების ხმას შორის. პარალელურად, მთვარე უახლოვდება ლილიტს, რომელიც იალქნის კარმულ ფიგურაშია ჩართული ქირონსა და კარმულ კვანძებთან ერთად. ლილიტი ამოიტანს ფარულ შიშებსა და ეჭვებს, თუმცა ქირონისა და კვანძების მონაწილეობა მიუთითებს, რომ ეს არის დაგეგმილი გაკვეთილი წარსულის გაანალიზებისა და სულიერი განკურნებისთვის.
ამ დაძაბულობაში მთავარი საყრდენი და გამოსავალი ისევ მზე-სელენას შეერთება, ანუ სინათლის ენერგიაა. ნუ აჰყვებით პირველ ემოციურ იმპულსს. თუ იგრძნობთ შფოთვას ან კონფლიქტის სურვილს, შეჩერდით, გამოიყენეთ ქალწულის რაციონალური ენერგია, დაეყრდენით რაციონალურ გონებას და ჰკითხეთ საკუთარ თავს, შეესაბამება თუ არა თქვენი ნაბიჯი სიკეთესა და თქვენს ღირებულებებს. გახსოვდეთ, რომ იმყოფებით სულიერი დაცვის ქვეშ. თუ ირჩევთ ცნობიერებას, სიმართლეს და სინათლეს, ჩრდილოვანი მხარე კარგავს ძალას და ეს რთული ასპექტი ხდება არა პროვოკაცია, არამედ სულიერი ამაღლებისა და კარმული გათავისუფლების უძლიერესი შესაძლებლობა.
გისურვებთ სიმშვიდეს, სიბრძნეს და ბალანსს!