Digest Logo

ნიღბების ჩამოხსნის ორი კვირა: რატომ მოითხოვს მორიელის სავსემთვარეობა ჩვენგან მხოლოდ სიმართლეს?

1777624967
ასტროლოგია

ვუახლოვდებით წლის ყველაზე ტრანსფორმაციულ სავსემთვარეს, რომლის პიკი 1-ელ მაისს, თბილისის დროით 21:24 საათზე დადგება.

როდესაც სავსე მთვარე მორიელის ნიშანშია, აქტიურდება სიკვდილისა და აღდგომის არქეტიპები. თუმცა, ნუ შეგეშინდებათ ამ სიტყვების - საქმე არა ფიზიკურ, არამედ სიმბოლურ პროცესს ეხება: ჩვენს ცხოვრებაში რაღაც უნდა დასრულდეს, რათა გზა ახალს დაეთმოს.

სავსე მთვარე დასრულებისა და შეჯამების დროა, თუმცა მორიელის ნიშანში ეს პროცესები განსაკუთრებულად მძაფრი და ინტენსიურია. ეს წლის გამორჩეული პერიოდია, როდესაც ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რომელი სფერო საჭიროებს ახალ დონეზე გადასვლას - რაზედაც ის სახლი მიგვანიშნებს, სადაც ეს სავსე მთვარე დადგება.

დასრულების პროცესი ჩვენგან მაქსიმალურ ჩაღრმავებასა და გაცნობიერებას მოითხოვს, ვინაიდან მორიელის ენერგია ყველაფერს ფუნდამენტურად გაწმენდს.

მორიელის სავსე მთვარე ამსხვრევს ყველაფერს, რაც ზედაპირული და ილუზორულია. ის ჩვენი სულის ღრმა შრეებს აშუქებს, სადაც ნამდვილი მოტივები, შიშები და სურვილები იმალება. ის პირისპირ შეგვაჯახებს ჩვენს ფსიქოლოგიურ სირთულეებსა და იმ ემოციებს, რომლებიც დღემდე ქვეცნობიერში ბუდობენ და უარყოფითად მოქმედებენ ჩვენს ყოველდღიურობაზე.

მორიელის სავსემთვარე ააქტიურებს ენერგიას, რომელსაც ზედაპირზე ამოაქვს ემოციური პრობლემები და ჭრილობები, რათა საბოლოოდ შევძლოთ მათთან გამკლავება და გათავისუფლება. ამრიგად, ეს პერიოდი ყოველთვის ღრმად ფსიქოლოგიურია - ის ჩვენი ფსიქიკის ყველაზე დაფარულ შრეებს აშიშვლებს. მთვარე მორიელში ყველაფერ დაფარულს ანათებს, მორიელის ენერგია კი გვაიძულებს, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. მთავარია, არ გავექცეთ მას და თავშესაფარი ტყუილსა თუ თვითგამართლებაში არ ვეძიოთ.

ამ სავსემთვარეობიდან მომდევნო ორი კვირა უაღრესად ინტენსიური პერიოდია - ნიღბების ჩამოხსნის პერიოდი.

მორიელი ახლა, როგორც არასდროს, ჩვენგან სიმართლეს მოითხოვს - რადგან მისი მთავარი ამოცანა გარდაქმნაა. ტრანსფორმაცია კი შეუძლებელია მანამ, სანამ ილუზიებში ვცხოვრობთ. ამიტომ ყველაფერი, რაც რეალობას არ შეესაბამება - რაც გამოვიგონეთ ან რისი ფუჭი იმედიც გვქონდა, მაგალითად, გარკვეულ ურთიერთობებში - ნგრევას დაიწყებს ან ძალას დაკარგავს. ყველაფერი, რაც სიმართლეზეა დაფუძნებული, სწორედ ახლა განმტკიცდება და მორიელის მმართველი მარსისგან, რომელიც ვერძშია და ასევე მეორე მმართველი პლუტონისგან ახალ იმპულსს მიიღებს.

სწორედ სიმართლის და გულწრფელი აღიარების გზით მოგვეცემა შესაძლებლობა, ცხოვრების ახალ საფეხურზე ავიდეთ და ახალი შანსები მოვიპოვოთ. პირველ რიგში, ეს შეიძლება რომელიმე მავნე ემოციური დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში გამოიხატოს.

მორიელის სავსე მთვარე გვიჩვენებს, სად ვფლანგავთ ენერგიას - ხომ არ არის ეს ადამიანი, რომლის მიმართ ფუჭი მოლოდინები გვაქვს, თუ ეს წარსულზე მიჯაჭვულობითა და საკუთარი შესაძლებლობების არასწორი შეფასებით გამოიხატება?

თუ დიდი ხანია ელით პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, მაგრამ ეს არ ხდება - ეს სავსე მთვარე შეიძლება იქცეს ბიძგად, რომელიც მოგცემთ გამბედაობას, მიიღოთ მკაფიო გადაწყვეტილება.

შესაძლოა, ნათელმა გაცნობიერებამ მიგახვედროთ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება - და შეძლებთ წერტილი დასვათ იქ, სადაც ადრე მხოლოდ ეჭვი იყო ან იმედი, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდებოდა.

ასე რომ, დიდი ხნის გადაუწყვეტელი სიტუაციები - იქნება ეს ურთიერთობები თუ შინაგანი კონფლიქტები - ახლა გამოსავლის პოვნას დაიწყებს. ამავდროულად, ეს სავსე მთვარე გვაძლევს შანსს, დავასრულოთ გაჭიანურებული პროცესები - პირველ რიგში ურთიერთობებში, თუმცა ასევე ფინანსებისა და რესურსების სფეროში. ეს შემთხვევითი არ არის, ვინაიდან მორიელის ნიშანი პირდაპირ უკავშირდება სხვისი ფულის, ვალების, ვალდებულებებისა და ერთობლივი რესურსების თემას.

ამიტომ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ყურადღება ფინანსურ სფეროსაც მიაქციეთ. შეიძლება გაჩნდეს შანსი ვალების დასაფარად, ან სწორედ ამ პერიოდში უფრო მკაფიოდ დაინახოთ, სად ხდება რესურსების ფლანგვა და შეაჩეროთ ეს პროცესი.

ამასთან, ამ სავსე მთვარემ შეიძლება შემოსავლის ახალ წყაროსაც გაუხსნას კარი - ძველის დასრულების გზით. აქ ყოველთვის ერთი პრინციპი მოქმედებს: ახალი კარი იხსნება მაშინ, როდესაც ძველი და უსარგებლო იხურება. ხშირად ჩვენ თვითონ უნდა დავხუროთ ნახევრად ღია კარი ბოლომდე.

თუ დიდი ხანია ეჭიდებით რომელიმე წაგებიან, დამოკიდებულებაზე დაფუძნებულ პარტნიორობას - ეს მშვენიერი დროა წერტილის დასასმელად.

შეიძლება ამ ორი კვირის განმავლობაში შექმნილი გარემოებები კრიზისულად განვითარდეს, თუმცა, სინამდვილეში, ეს რესურსების უფრო ჯანსაღ სისტემაში გადანაწილება იქნება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს სავსე მთვარე არა მხოლოდ დასრულებას, არამედ შესანიშნავ შანსებსაც გვთავაზობს.

მნიშვნელოვანი როლი აქვთ მორიელის მმართველებს: მისი ტრადიციული მმართველი - მარსი - ვერძში იმყოფება და აძლიერებს ქმედითობას, პირდაპირობასა და იმპულსს, ხოლო თანამედროვე მმართველი - პლუტონი - მერწყულშია და სავსე მთვარესთან დაძაბულ კვადრატს ქმნის. პლუტონი ამძაფრებს ზეწოლას, აჩენს კრიზისულ წერტილებს და გვაიძულებს დავინახოთ ის, რაც აქამდე დაფარული იყო. ამ პროცესის მიზანი ნგრევა არ არის - ეს არის ზრდისა და განვითარების გარდაუვალი ეტაპი.

ამ სავსე მთვარეობას იუპიტერთან მხარდამჭერი ასპექტი აქვს, რაც იმის ნიშანია, რომ სამყარო შესაძლებლობების განსაკუთრულ პორტალს გვიხსნის. იუპიტერი ხომ ასტროლოგიაში „დიდი ბედნიერების“ პლანეტად იწოდება - მას ყოველთვის ზრდა და გაფართოება მოაქვს.

როდესაც სავსემთვარეობისას დიდი კეთილმოქმედი იუპიტერი აქტიურდება, თითქოს სიუხვის ენერგია იხსნება.

მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ ამ დადებით ენერგიასთან შეერთებას.

გახსოვდეთ - ამ სავსემთვარეობის მთავარი პრინციპი ასეთია: ჯერ გაწმენდა და გათავისუფლება, შემდეგ კი - მიღება და მოპოვება. რაც უფრო ინტენსიურად გავუშვებთ დასრულების პროცესებს ჩვენს ცხოვრებაში, მით მეტ ადგილს გავათავისუფლებთ ახლისა და უკეთესის შემოსასვლელად.

წელს, მორიელის სავსემთვარეობისას, სამყარო გარდაქმნის მართლაც უნიკალურ შანსს გვაძლევს. ეს მხოლოდ იუპიტერის დამსახურება არ არის - პლუტონიც, რომელიც ამ პროცესებს მართავს, რეტროგრადულ ფაზაში გადასასვლელად ემზადება. პლუტონის შებრუნებისას ტრანსფორმაცია ყოველთვის ინტენსიურია. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ამ პერიოდში მკვეთრად ძლიერდება ინტუიცია და მგრძნობელობა ფარული პროცესებისადმი.

ჩვენ ვიწყებთ მინიშნებების უკეთ აღქმას, სხვებისა და საკუთარი ჭეშმარიტი სახის დანახვას; ვამჩნევთ იმას, რაც ადრე ჩვენს ყურადღებას სცდებოდა. გარდა ამისა, რეტროგრადული პლუტონი თითოეულ ჩვენგანში ტრანსფორმაციულ ენერგიას ააქტიურებს.

ამიტომ, ნუ შეეწინააღმდეგებით იმას, რის წინაშეც სამყარო მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დაგაყენებთ. ნუ შეგვეშინდება სიმართლის - ზოგ ურთიერთობას პერსპექტივა აღარ გააჩნია, ზოგიერთი მოლოდინი კი გადაჭარბებულია. დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების აქტიური განახლება - საკუთარი ნებით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

მაისის სტრუქტურულ პრაქტიკა სხეულისა და ქვეცნობიერისთვის, რაც ოჯახის წევრებთან მუშაობაში უნდა გამოიყენოთ! - „ვიღებ იმას, რაც იყო და ვქმნი იმას, რაც მინდა“

🎥 „ეს კვანძი კავშირშია შინაგან კრიზისთან, ტრანსფორმაციასთან, მაგიასთან, ვნებებთან..“ - მარიამ შუკაკიძე 1-ელი მაისის სავსემთვარეობაზე

⭕ 30 წელს გადაცილებული სელებრითები, რომლებიც კვლავ მოზარდებივით გამოიყურებიან