ასტროლოგმა თამარ აქუბარდიამ საკუთარ ვიდეომიმართვაში წყვილებს შორის არსებულ ენერგეტიკულ მიზიდულობაზე, კარმულ ასტროლოგიასა და ურთიერთობების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, როდესაც ადამიანი ვინმეთი აღფრთოვანებულია, სინამდვილეში მას იზიდავს არა უშუალოდ პიროვნება, არამედ ის ემოცია, რომელსაც ეს ადამიანი მასში იწვევს.
სელენა (მფარველი ანგელოზი) და ლილიტი (შავი მთვარე) ურთიერთობებში:
ასტროლოგის თქმით, კარმულ ასტროლოგიაში სელენა წარმოადგენს ადამიანის ყველაზე ნათელ, წმინდა ენერგიასა და სულიერ სისუფთავეს, სადაც შეცდომები არ დაშვებულა. პარტნიორული სიყვარულისას ხშირად სწორედ სელენას მიზიდულობა მოქმედებს.
„როდესაც ტოქსიკურ ურთიერთობაში შევდივართ, შეიძლება შავი მთვარის (ლილიტის) ენერგია შერჩეს ადამიანს. თუმცა, ხშირად პარტნიორში ვხედავთ იმ ენერგიას, რომელიც ჩვენს სელენასაც მიაქტიურებს და ლილიტსაც. არაცნობიერად მეორე ადამიანში შეიძლება დავინახოთ ის, ვინც გვინდა გამოვიდეთ მომავალში - ჩვენი უკეთესი ვერსია. მაგრამ თუ ამაზე არ ვმუშაობთ და უბრალოდ ვეჭიდებით მას, ურთიერთობა ტოქსიკურში გადადის.
როდის ხდება ურთიერთობა ტოქსიკური?
ტოქსიკური კავშირები რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო ყალიბდება:
როდესაც ერთი მხარე (მაგალითად, სელენა ლომის მქონე) უშურველად გაეცემა და გასცემს სიყვარულს, ხოლო მეორე მხარე მხოლოდ იღებს. ეს ურთიერთობას ცლის და საბოლოოდ ენერგეტიკულ გამოფიტვამდე მიჰყავს.
როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე იღებს პარტნიორის „ფეხზე დაყენებას“ ან გადარჩენას.
როდესაც ქალი მამაკაცს გადაჭარბებულ, „სასათბურე“ პირობებს უქმნის, მამაკაცი პატარა ბავშვის პოზიციაში ვარდება. ასეთ დროს კაცს არაცნობიერად უჩნდება აგრესია, რადგან ქალი ქვეცნობიერად ხელს უშლის მას ზრდასა და რეალურ პრობლემებთან შეჯახებაში.
კარმული ასტროლოგიის მიხედვით, როდესაც წყვილში ერთ-ერთს გაცილებით მეტი ინკარნაციული გამოცდილება და გაცნობიერების მაღალი დონე აქვს, ხოლო მეორეს - მწირი, უფრო მაღალი ცნობიერების მქონე პარტნიორი თავს ყოველთვის გაუგებრად და იგნორირებულად გრძნობს.
პლუტონის მერწყულის ზოდიაქოში გადასვლასთან ერთად, ადამიანები ნელ-ნელა უარს ამბობენ ყალბ ურთიერთობებსა და ილუზიებში ცხოვრებაზე.
ახლა იწყება ეპოქა, როდესაც საკუთარ თავში ჩახედვა და თვითრეფლექსია ხდება მთავარი. ადამიანები იწყებენ რეალობის დანახვას. ჯანსაღი ურთიერთობა მოდის მაშინ, როდესაც ორივე მხარე თვითკმარია. თვითკმარობა ნიშნავს იმას, რომ მე მყარად ვდგავარ ჩემს საძირკველზე - შენთან ვიქნები, მაგრამ თუ წახვალ, ამით ჩემი სამყარო არ დაინგრევა. სწორედ ასეთ დროს მივიზიდავთ ასევე თვითკმარ პარტნიორს“, - აცხადებს აქუბარდია.
მისი თქმით, თუ ადამიანი ხვდება ტოქსიკურ ან არათანაბარ ურთიერთობას, ეს ყოველთვის არის სიგნალი იმისა, რომ შინაგანი ტრავმები და თვითკმარობის განცდა საკუთარ თავში აქვს დასამუშავებელი.